kids.ge logo

ცხრა ძმანი ხერხეულიძენი

ფავორიტებში დამატება

თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახლებული იყო ზემო ქართლიდან და რომელსაც ცხრა ვაჟი ჰყავდა. მამა ამ ცხრა ვაჟისა იყო ერთგული მოყვარე თავისი ქვეყნისა და მხურვალე მამულიშვილი. ცოლად მას ჰყავდა ყოვლად ღირსეული ქართველი მანდილოსანი. ამის გამო ცხრა ძმანი ერთიერთმანეთზე უკეთესი ვაჟკაცები და მამულიშვილები დადგნენ.

იმ ჟამად სპარსეთში მეფობდა შაჰი აბასი, მეტად აბეზარი მეომარი. მას ჰყავდა მრავალი ჯარი, გაწვრთნილი და გამოცდილი ლაშქრობაში. შაჰ-აბასმა დაიპყრო ბევრი ქვეყანა და ბოლოს საქართველოშიც შემოიჭრა. ქართველთა ჯარი მას გადაეღობა გზაზე თბილისის მახლობლად მარაბდის სამხრეთით. ატყდა საშინელი ბრძოლა. სამი დღის განმავლობაში სისხლი შეუწყვეტელ ნაკადულებად დიოდა. თუმცა სპარსელები ერთი-ათად მეტნი იყვნენ, მაგრამ მათ სამი დღის განმავლობაში ქართველს ჯარს ფეხი ვერ მოაცვლევინეს, რადგანაც ქართველი მეომარნი თავგანწირულად იბრძოდნენ სამშობლოს დაცვისათვის. მეტადრე საოცარ უშიშროებას, სამაგალითო ვაჟკაცობას და საარაკო თავდადებულობას იჩენდნენ ცხრა ძმანი ხერხეულიძენი, რომელნიც ერთად, მხარდამხარ ებრძოდნენ მტერსა, მათ სპარსელების არა ერთი იერიში უკუაქციეს, არა ერთხელ აქნევინეს ზურგი მტერსა, მაგრამ მეოთხე დღეს სპარსელებს ახალი ჯარი მოეშველა და დაღლილ-დაქანცულმა ქართველთა ლაშქარმა ვეღარ შეიკავა მტერი. ამ საშინელი წამის დროს ძმანი ხერხეულიძენი არამც თუ არ შედრკნენ, არამედ ლომებად გადაიქცნენ და უფრო მომეტებული თავის განწირვით იბრძოდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ: — ან გაემარჯვათ, ან ბრძოლის ველზე დახოცილიყვნენ ყველანი. და რადგანაც ქართველმა ჯარმა ვერ გაიმარჯვა, თავდადებულნი ძმანი, ერთიერთმანეთზე ზედ შეაკვდნენ მტერსა და თავისი გმირული სული დალიეს ბრძოლის ველზე.

ხალხის თქმულებით, მათი დედაც ბრძოლის ველზე იყო, ამხნევებდა მათ და როცა ერთ მის ვაჟს, სასიკვდილოდ დაჭრილს, ქართული დროშა ხელიდან გაუვარდა, დედამ აიღო დროშა და თავის მეორე შვილს მისცა ხელში.

მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვნეს ბრძოლის ველზე მკვდართა შორის, თითოეული დიდი მოწიწებით დამარხეს ცალ-ცალკე მწკრივად და დაადვეს ცხრა დიდ-დიდი საფლავის ქვა, რომელიც დღემდის დაცულია.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ ეცდებით შვილების ნამოქმედარის შესწორებას

თუკი თქვენი შვილი საწოლს თავად ასწორებს, ნუ ეცდებით მის თავიდან გასწორებას. თუკი მას სურს ჩაიცვას ზოლებიანი და წერტილებიანი ტანისამოსი, შეაქეთ მისი „ეკლექტური“ სტილი. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეუსწორეთ ბავშვს რაიმე ქმედება, ამბობს კეთი ბასი, საბავშვო ბაღის დირექტორი მორისვილში, პენსილვანიის შტატში. ბავშვს შეუძლია ეს შეამჩნიოს და ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024