kids.ge logo

„ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ“ ანუ პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი

ფავორიტებში დამატება
ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული.
ეს არის თანამდეროვე ზღაპარი იმაზე, რომ ჩვენი პლანეტის ყველა მკვიდრი ერთნაირად მნიშვნელოვანია და დედამიწაზე მცხოვრებ ყველა არსებას თანაბრად აქვს უფლება ბედნიერად იარსებოს.

 

შობა ახლოვდებოდა და თაგვებს სადღესასწაულო სამზადისი მალე უნდა დაეწყოთ.  კასპერს, როგორც ყოველთვის, საუკეთესო ყველი უნდა მიეტანა საოჯახო ნადიმისთვის.

კასპერმა თავის მეზობელ ზღარბს, მეტსახელად კრისტიანს, მიაკითხა დახმარების სათხოვნელად, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა. კრისტიანმა მეგობარს დახმარება აღუთქვა და ორივე ერთად ტყის განაპირა სახლისკენ გაემართა. კრისტიანმა კარგად იცოდა ამ სახლის ყველა კუთხე-კუნჭული, რადგან ზამთარს ძილქუშში იქ ატარებდა გაზაფხულის მოსვლამდე, მაშინ, როცა იქ არავინ იყო. თანაც სახლის სხვენში ან სარდაფში გადანახული სანოვაგე ეგულებოდა. სწორედ ამ მარაგის იმედად იქითკენ გაეშურნენ. ადამიანები ხშირად ტოვებდნენ ცოტა საჭმელს, ხან ყველს, ან პურს, ზოგჯერ ხილსაც, რაც მათ აღარ სჭირდებოდათ. თაგუნას და ზღარბს თუ გაუმართლებდა, იქნებ თავიანთი სამყოფი სანოვაგე ეპოვათ წამოსაღებად.

კასპერმა და კრისტიანმა სახლს ეზოს მხრიდან შემოუარეს. უკანა კარში ძაღლისთვის ამოჭრილი იყო პატარა შესასვლელი, ადვილად რომ მოხვედრილიყო სახლში, როცა პატრონები შინ არ იყვნენ ან ეძინათ.  მეგობრებმა გადაწყვიტეს სწორედ ამით ესარგებლათ. ფრთხილად შეიპარნენ და ყველგან დაიწყეს აქეთ-იქეთ სირბილი. თაგვი და ზღარბი სულ ერთი ციცქნები იყვნენ, სახლი კი ძალიან დიდი იყო და სანამ ყველა კუთხეს მიაღწევდნენ, ამაზე დიდი დრო მიდიოდა, ამიტომ ცალკცალკე გადაწყვიტეს ძებნის გაგრძელება.

 უცბად ნაცრისფერ თაგუნა კასპერს თვალწინ გასაოცარი სანახაობა წარმოუდგა, ისეთი თვალწარმტაცი, რომ განცვიფრებისა და აღტაცებისგან ადგილზე გაშეშდა. მან დაინახა უცნობი ქათქათა თეთრი ფერის თაგუნა, რომელიც საპატარძლოს ჰგავდა. ის თითქოს თავის საქმროს ელოდა.

ქორწინების გაფიქრებაზე კასპერს გული აუჩქროლდა. არც კი იცოდა როგორ მოქცეულიყო, ან რა ეთქვა, რომ თავისი იღბალი  ხელიდან არ გაეშვა, კასპერისნაირ რუხ თაგუნას ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება ასე გამართლებოდა.

კასპერი მიხვდა, რომ საპატარძლომ ვერ დაინახა და იფიქრა თავს მოვაწონებო. როგორც დედა-თაგვი ასწავლიდა წრუწუნობის ასაკიდან, გადაწყვიტა, ჯერ შუბლზე ქოჩორი გადაეწია, რომ უფრო მიმზიდველი გამოჩენილიყო, მერე კუთხეში ჩაიცუცქა და გალამაზებას შეუდგა. თათებით ისწორებდა აჩეჩილ ბეწვს თავის პატარა სხეულზე.

მხოლოდ იმის შემდეგ, რაც კასპერს თავდაჯერებულობა შეემატა, თაგვისთვის დამახასიათებელი მოქნილობით სწრაფად გაემართა მზეთუნახავი საპატარძლოსკენ.

იგი ახლოდან უფრო მშვენიერი აღმოჩნდა, ბამბის ქულასავით ფითქინა უნაკლო ბეწვი, ნაზი ვარდისფერი თათები და ცხვირი, პატარა ყურები და ტუჩები, კუდიც კი ასეთივე ლამაზი ატმისფერი ჰქონდა.
როცა კასპერი მიუახლოვდა. მხოლოდ მაშინ შეამჩნია, რომ თეთრი თაგუნა გალიის თხელ გისოსებს მიღმა იყო ჩამწყვდეული. გაბედა და გამოელაპარაკა:
- გამარჯობა, რამე ხომ არ გიჭირს, რით შემიძლია დაგეხმარო? – ჰკითხა მან მორიდებით.
 - გამარჯობა, ვინ ხარ? აქ პირველად გხედავ, აქამდე ასეთი ფერის თაგვი არასდროს მინახავს. სადაური ხარ? – ჰკითხა თეთრმა თაგუნამ.
– მე კასპერი ვარ, აქვე ტყეში ვცხოვრობ,  – უპასუხა მან.
 – მე პიპა მქვია, გვარად ვისტარი ვარ. ამ სახლში დავიბადე, ერთმა ადამიანმა გამზარდა, საუკეთესო განათლება მომცა, ნამდვილი ლედის შესაფერისი, როგორიც ჩვენი გვარიდან არასდროს არავის მიუღია. მასწავლიდა ბაგირზე სიარულს, ლაბირინთში გზის გაკვლევას. ეხლაც ისევ ხელიდან მაჭმევს და მის მხარზე აცოცების და დაჯდომის უფლებას ყოველთვის მაძლევს.

კასპერი მოსმენილმა ამბავმა ისე გააკვირვა, რომ ხმა ვეღარ ამოიღო. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ადამიანს შეეძლო ასე კარგად მოპყრობოდა თაგვს. მან იფიქრა, რომ ალბათ იმიტომ, რომ პიპა ასეთი ლამაზი იყო მას განსაკუთრებულად ამიტომ ექცვეოდნენ, თორემ თვითონ დარწმუნებული იყო, რომ ძალიან უშნო იყო, მახინჯადაც კი მიაჩნდა თავი. კარგად ახსოვს, ერთხელ, როცა სახლის სამზარეულოში შეიპარა ყველის და პურის ნამცეცებით პირის ჩასატკბარუნებლად, დიასახლისმა დაინახა და, როგორც კასპერმა მაშინ გაიფიქრა, ზიზღისაგან ქალი დიდხანს და ხმამაღლა ყვიროდა, შველას ითხოვდა. თანაც სკამზე შეხტა, რომ პაწაწინა კასპერი მას ახლოს არც კი მიჰკარებოდა.  იგი გაიქცა ნაწყენი და შეურაცხყოფილი. კასპერმა მაშინ პირველად გაიგო, რომ ასეთი უშნო ყოფილა.

დედას კი კასპერი ისე ძალიან უყვარდა, რომ ბეწვს სულ ულოკავდა. ისე ძლიერ იხუტებდა, რომ მისი გულის თანაბარი ბაგა-ბუგი ესმოდა და ნეტარებით იძინებდა. მაგრამ დედას კიდევ ბევრი პატარა ჰყავდა, გოგოები და ბიჭები, შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც კი, მაგრამ კასპერი მაინც გამორჩეულად უყვარდა, ყოველთვის ჰქონდა მისთვის განსაკუთრებულად გადანახული თხილის გული, რომელსაც კასპერი ყველას თანაბრად უნაწილებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიზარდა და პატარა და-ძმები გაჩნდნენ, უკვე თვითონაც ეუხერხულებოდა დედის კუდზე ჩამოკიდება. სწორედ მაშინ გადაწყვიტა დამოუკიდებლად ცხოვრება. მას მოსწონდა თავისი ახალი ნაცნობ–მეგობრები, მაგრამ ოჯახი მუდამ ახსოვდა და შობის ღამეს ყოველთვის ბრუნდებოდა საუკეთესო შვეიცარული ყველის ნაჭრით ხელდამშვენებული. ადგილი საიდანაც ის მოჰქონდა დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა.  მას პატივს სცემდნენ მოხერხებულობისთვის, სიმამაცისა და გასაჭირში დახმარების უნარისთვის.

კასპერი მოგონებებისგან ძახილმა გამოაფხიზლა. თავიდან ეგონა, რომ მოეჩვენა, მაგრამ მერე გარკვევით გაიგონა კრისტიანის ხმა:
კასპერ, კასპერ! ზევით ამოდი! – კასპერს ამასობაში სულ გადაავიწყდა მეგობრები ერთმანეთს სად დაშორდნენ, თუმცა იცოდა, რომ  მას ისევ იოლად მიაგნებდა.
ჯერ პიპა ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლო, – ჩაილაპარაკა კასპერმა. გალიის კარი ადვილად გააღო და პიპაც გარეთ გამოუშვა.
მე ვიცი ზევით როგორ უნდა ავიდეთ, გამომყევი, – უთხრა პიპამ და კასპერს წინ გაუძღვა, ისიც უკან გაჰყვა.
 
პიპა ფანჯარაზე დაკიდებულ ფარდაზე მოხერხებულად შეხტა და მარდად დაიწყო აცოცება. ჭერში პატარა ადგილი ამოტეხილი იყო და იქედან შეიძლებოდა ზედა სართულზე ოთახში მოხვედრა. ორი პატარა არსება რიგრიგობით აძვრა ზევით და მათ მეორე სართულის იატაკზე ამოყვეს თავი.

კასპერს კაშკაშა სინათლემ თვალი მოსჭრა და თითქმის ვეღარაფერს ხედავდა. ის მიჩვეული იყო სიბნელეში ნადირობას, დღისით თითქმის არასდროს გამოდიოდა თავისი სოროდან.  კასპერმა თვალები მოჭუტა და კრისტიანს დაუწყო ძებნა. იქითკენ გაიქცა საიდანაც ხმა მოესმა, იცოდა, რომ ალღო არ უღალატებდა.

იქ რაც დაინახა, ამ სანახაობამ კიდევ უფრო მეტად გააოცა კასპერი. ოთახში ტყის ნაძვის ხე იდგა, მთლიანად კაშკაშა ვარსკვლავებით იყო მორთული და თვალისმომჭრელად ანათებდა. ტოტებზე ათასნაირი ნუგბარი ეკიდა, სულ ნაირფერ ბრჭყვიალა ქაღალდებში შეფუთული ტკბილეული, თხილი და ხილეული.

ხის ძირში კი პატარა მარხილი იდგა. მეგობრებმა მოაგროვეს ყველაფერი, რასაც მოერეოდნენ, კასპერმა მაგიდაზე დარჩენილი ყველის ნაჭრები აკრიფა, კრისტიანმა კი ხილი და თხილეული შეაგროვა და ყველაფერი მარხილში ჩაალაგეს.

როცა იმდენი სასუსნავი დაგროვდა, რამდენსაც მოერეოდნენ, კასპერი და კრისტანი მარხილში შეებნენ, პიპა კი შიგნით ჩახტა და გასასვლელისკენ გაემართნენ.

მეორე სართულიდან დაბლა ჩასვლა როგორ უნდა მოვახერხოთ?– ახალი საფიქრალი გაუჩნდა მათ.

ზევით კი იოლად ამოვედით, მაგრამ ქვევით როგორ უნდა ჩავიტანოთ სანოვაგით დატვირთული მარხილი? – მეგობრები  საგონებელში ჩავარდნენ.

უცბად ოთახში სწორედ ის ძაღლი შემოვარდა, რომელიც იქ ცხოვრობდა და აქეთიქით სირბილი დაიწყო. კასპერი და პიპა მარხილში დაიმალნენ, მაგრამ ძაღლმა დაინახა და პირი დაავლო. ამ დროს კრისტიანმა  გორგლად დამრგვალება მოასწრო, ძაღლს ბურთი ეგონა, თათი დაჰკრა და ეკლები რომ შეერჭო, სიმწრით დაიწკმუტუნა.

ზღარბი კიბეზე დაგორდა, ძაღლი კი  უკან გაბრაზებული გამოუდგა, თანაც მარხილი ისევ კბილებით ეჭირა. კრისტიანი ზუსტად გასასვლელის წინ დაეცა და გასაძრომიდან მარდად  ისკუპა. გარეთ ბარდნიდა,  მიწა თოვლით იყო დაფარული, ძაღლს სიცივე არ ესიამოვნა, მარხილს პირი უშვა და ისევ სახლში დაბრუნდა.

იოლად გადარჩენილმა მეგობრებმა შვებით ამოისუნთქეს და გეზი სახლისკენ აიღეს. კასპერი და კრისტიანი მარხილს ადვილად მიასრიალებდნენ თოვლზე, კოფოზე კი პიპა იყო წამოსკუპებული.

სამივეს თეთრი ფიფქებით დაეფარა სხეული. როცა თავიანთ სოროს მიაღწიეს, ნათესავები და სტუმრები სიხარულით გამოეგებნენ, მეგობრებმა ტანი შეიბერტეს და თოვლი მოიშორეს, მაგრამ,  პიპა ისევ თეთრი დარჩა, რამაც ყველა გააოცა.

კასპერის ოჯახის წევრები პიპას ბეწვს უბერტყავდნენ, თან უკვირდათ, რომ ფერი მაინც არ ეცვლებოდა.
საპატარძლო ყოფილა, – ბოლოს დაასკვნეს, – ალბათ ქორწილის გადახდას აპირებენ და სიურპრიზს გვიმზადებენ.

კასპერმა მზეთუნახავი პიპას გული მოიგო, როცა მგზნებარედ შეჰფიცა სიყვარული ფითრის გირლანდის ქვეშ, ხელი ყველას წინაშე სთხოვა და დაქორწინება შესთავაზა.
 
მეფედედოფალს გაუმარჯოს! – კასპერი და პიპა ჰაერში აიტაცეს  სასიხარული შეძახილებით და როცა გული იჯერეს, სადღესასწაულო სუფრას მხიარული ჟრიამულით მიუსხდნენ. კრისტიანი სიძის ხელისმომკიდე გახდა, პიპას კი ოჯახის ყველაზე უმცროსი წრუწუნა დაუსკუპეს გვერდით.

კასპერის დიდ ოჯახს სადღესასწაულო სუფრაზე საუკეთესო შვეიცარული ყველის მთელი თავი ჰქონდა სამყოფად თავისი ერთგული მეგობარი ზღარბის მოხერხებულობის წყალობით. 

კასპერის დედა უბედნიერესი არსება იყო მთელს სათაგვეთში, ისე ამაყობდა თავისი გონიერი და კეთილშობილი ვაჟით.

ასე იქორწინეს პიპამ და კასპერმა ახალი წლის დადგომამდე.  იმ დღის შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდნენ. მათ ბევრი შვილი ეყოლათ, რომლებიც ყველასგან გამოირჩეოდნენ. დედასავით თეთრები იყვნენ, ატმისფერი თათებით და ყურებით, ხოლო ქოჩორი მამასავით რუხი ფერის ჰქონდათ. პიპამ მათ ყველაფერთან ერთად ლაბირინთში გზის გაკვლევაც ასწავლა ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა ეს არასდროს დასჭირვებიათ.

ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ იმდენ ხანს, რომ დროც კი დაავიწყდათ. აღმოჩნდა, რომ ის, ვინც ბედნიერია, უსასრულობაში არსებობს, უსასრულობას კი არც საზღვარი აქვს და არც ბოლო.                  

დასასრული


ილუსტრაციების მხატვარი: ნინო აფციაური

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

იზრუნე გარემოზე

აჩვენეთ თქვენს შვილებს, რამდენად ადვილია გარემოზე ზრუნვა. დახარჯეთ ნაკლები, გადაამუშავეთ, ხელახლა გამოიყენეთ და შეინახეთ ნივთები თუ საკვები. ნაშუადღევს დაასუფთავეთ სამეზობლო.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024