kids.ge logo

ზღაპარივით ნამდვილი ამბავი გულად ციცარზე

ფავორიტებში დამატება

თუ გიყვართ ზღაპარი "მახინჯი იხვის ჭუკი", მაშინ ესეც უეჭველად დაგაინტერესებთ. ეს ზღაპარივით ნამდვიილი ამბავი არის ერთი წიწილის შესახებ, რომელიც ქათმების ფერმაში გამოიჩეკა და გაიზარდა, მაგრამ არავის წარმოედგინა, რომ ერთ დღეს იგი მთელი ეზოს მფარველი გახდებოდა. ის საერთოდ არ არის ქათამი, როგორც ყველა ფიქრობდა, არამედ სრულიად განსხვავებული ფრინველია ... დიახ, დიახ, ასეა! გამოიცანი ან გაარკვიე ვინ უნდა იყოს?

თამარ ჩაჩიბაია

ფერმაში ყოველთვის ნახავდით ერთმანეთთან მოკინკლავე ქათმებს. მათ ასე სჩვევიათ, როცა საკენკს მიაგნებენ, მაშინვე სხვისთვის წართმევას და თავის ნისკარტში მოქცევას ცდილობენ. მედიდური მამალი კი, პირიქით, გულუხვობით, მზრუნველობითა და თავაზიანობით გამოირჩევა, როგორც კი რამეს იპოვის, მაშინვე ხმამაღლა მოუხმობს ქათმებს  და დაუნანებლად მათ უთმობს ნადავლს.

პატარა წიწილა წიკო სულ რამდენიმე დღის გამოჩეკილი იყო და  მხოლოდ ახლა სწავლობდა საქათმის ადათ-წესებს. მინდვრის თაგვები თავს არიდებდნენ ქათმებს და მამალს, ცდილობდნენ თვალში არ მოხვედროდნენ მათ, რომ ბასრი ნისკარტი არ ჩაეკრათ კინკრიხოში.  სამაგიეროდ, წიწილებს არ უფრთხოდნენ, თითქმის მათი ტოლები იყვნენ და ცხვირწინ აცლიდნენ ხორბლის მარცვლებს. წიწილები, სანამ არაფერი გაეგებოდათ, თაგუნებს თავისიანებად თვლიდნენ, მერე და მერე  ქიშპობა და შეცილებაც ისწავლეს, ერთმანეთს საკბილოს წასართმევად დასდევდნენ.

წრუწუნებსა და წიწილებს ნამდვილი შეჯიბრი ჰქონდათ გამართული. ხორბლის მარცვლით პირის ჩაკოკლოზინებაზე მეტად მისი წართმევა მოსწონდათ, ვინც უფრო სწრაფი და მოხერხებული აღმოჩნდებოდა და  მეტ სანოვაგეს მოაგროვებდა თავის მხარეს, ყველაზე ყოჩაღიც სწორედ ის იქნებოდა.

 წიწილები საქათმეში მიარბენინებდნენ ხორბლის მარცვლებს, რომლებსაც ზოგს ერთმანეთს ართმევდნენ, ზოგს კი წრუწუნებს. თუ რომელიმე წიწილას ნისკარტიდან საკენკი გაუსხლტებოდა და მიწაზე შორს გაგორდებოდა, იმავე წამს მარდი და მოხერხებული წრუწუნა პირს დაავლებდა და   საპირისპირო მხარეს, თავისი სოროსკენ მიარბენინებდა.

ეზოს შუაგულში წყლის მრგვალი თასი იდგა, რომლიდანაც ნაგაზი ლომა წყურვილს იკლავდა. თასის  აქეთ საქათმე იყო, იქით  კი თაგუნების  სოროში ჩასაძრომი.

ლომა შორიახლოს მშვიდად იწვა, თავი თათებზე ჩამოედო  და აუღელვებად ადევნებდა  თვალს   წიწილებისა და წრუწუნების ოინბაზობას, არაფერში  ერეოდა. თუმცა, როცა წამოიმართებოდა და ეზოში გაივლიდა, თაგუნები მაშინვე სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტებოდნენ, ისე გაურბოდნენ ამ უწყინარ გოლიათს.

ერთხელ  ფერმის თავზე დრონი გამოჩნდა, ქათმებს ქორი ეგონათ და დაფრთხნენ. კრუხი წიწილებს გადაეფარა და  საქათმეში შერეკა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღეს. მერე და მერე ქათმები მიეჩვივნენ დრონს,  საფრთხედ უკვე აღარ აღიქვამდნენ და მის გამოჩენაზე აღარსად  იმალებოდნენ. 

მაგრამ, ერთ დღეს, მოულოდნელად ქორი მართლა გამოჩნდა ეზოში და ელვის სისწრაფით დაეშვა წიწილებისკენ. ის-ის იყო ერთ მათგანს დაუპირა თავს დასხმოდა და მსხვერპლს სულ ახლოს ჩაუფრინა, მაგრამ   წიწილამ უცბად გეზი იცვალა და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა, წრუწუნასთვის მარცვალის წასართმევად.  ახლა ორივე სოროსკენ გარბოდა, წინ წრუწუნა, უკან კი წიწილა წიკო, რომელიც ასე გადაურჩა ქორს. დამფრთხალი წრუწუნა სამალავში ჩახტა და წიკოც  უკან მიჰყვა. ქორი ინერციით მიწას დაასკდა, კლანჭებში ვერაფერი მოიგდო და ცარიელ-ტარიელი ისევ ზევით აიჭრა.

ქათმებმა ალიაქოთი ატეხეს, კრუხებმა ფრთები გაშალეს და კაკანით წიწილებს თავი მოუყარეს საქათმეში.

ქორის თავდასხმას  გადარჩენილი  წიკო და წრუწუნა პეპო თაგვების სოროში დაიმალნენ.   წიკოს აქ ყოფნა დილამდე მოუწევდა. თაგვები გარეთ ღამით გამოდიოდნენ, ამიტომ წიკო და პეპო მარტო დარჩნენ,  სამალავში ხორბლის მარაგის რამდენიმე გროვას მიაგნეს და ორივემ კარგად მოილხინა, რამდენიც უნდოდათ, იმდენი შეჭამეს. მერე წიკომ დაიძინა და პეპო გვერდიდან არ მოშორებია ახლად შეძენილ მეგობარს, მიეხუტა და ათბობდა, რომ უსუსურ წიწილას არ შესცივნოდა.

დილას ქათმები კრიახით გამოეფინენ ეზოში და მარცვლეულის კენკვას შეუდგნენ. წიკოც გამოვიდა თაგვების სოროდან და თავისიანებს შეერია. ყველას გაუხარდა წიკოს უეცარი გამოჩენა, რადგან წინა დღეს მისი გაუჩინარება შეამჩნიეს და ეგონათ, რომ ვეღარასოდეს ნახავდნენ.

 „ქორი ჩვენს წიწილებს იტაცებს, რომლებიც საფრთხის ქვეშ იქნებიან მანამ, სანამ საკმაოდ დიდები არ გახდებიან“, - თქვა მამალმა.

„წიკო, შენ დიდი უნდა გაიზარდო და  რაც შეიძლება მალე!“-  უთხრა წრუწუნა პეპომ.

პეპომ გადაწყვიტა  წიკოს დახმარებოდა და რაც კი თაგვების სამალავში საკვების მარაგი იყო  გადანახული, სულ წიკოსთვის მიეცა, რომ  მალე გაზრდილიყო და ქორს ვეღარ გაეტაცებინა. პეპო ამ გზით ცდილობდა საფრთხისგან დაეცვა თავისი მეგობარი.

დღისით ქორი ფერმის ეზოს ზემოდან დასტრიალებდა, ის ისევ დაბრუნდა წიწილების დასაწიოკებლად და რომელიმეს მოსატაცებლად.

საჭირო იყო რაღაც სიახლის მოფიქრება   წიწილების დასაცავად, მანამ, სანამ ისინი დიდები გაიზრდებოდნენ.

„დღისით თუ  არ გამოჩნდებით ეზოში, ქორი ვერაფერს დაგაკლებთ“, -  ურჩია წრუწუნა პეპომ თავის მეგობარს.

„მზის სინათლის გარეშე სიბნელეში მაშინვე გვეძინება, ასეთია ჩვენი ბუნება,“-  აუხსნა წიკომ. 

წიწილები საქათმეში გაძლიერებულ კვებაზე გადაიყვანეს. ისინი რაც შეიძლება მალე უნდა გაზრდილიყვნენ, რომ ქორი მათ ახლოსაც არ გაჰკარებოდა.  ყველაფერი  შეიცვალა, თაგვებს, იმის მაგივრად, რომ საკენკი აეცალათ წიწილებისთვის, პირიქით, რაც კი ჰქონდათ მოგროვილი,  სულ მათთვის ეზიდებოდნენ. ისინი სხვა ეზოებში და მინდორში დაძვრებოდნენ, სადაც ხორბლისა და სიმინდის იმაზე მეტ მარცვალს აგროვებდნენ, ვიდრე თვითონ სჭირდებოდათ.

წრუწუნა პეპო ყველაზე მეტად  ირჯებოდა, რომ თავისი მეგობარი წიკო კარგად გამოეკვება, რომელიც სხვა წიწილებზე უფრო სწრაფად იზრდებოდა და მალე ყველას გაასწრო, თავის და-ძმებზე დიდი გახდა. ისე შეიცვალა, რომ კრუხიც კი ვეღარ  სცნობდა. ძალიან მოკლე ხანში თითქმის მამლის ტოლი გახდა. წიკოს უკვე შეეძლო ეზოში გამოსვლა, თავისი და-ძმებისაგან განსხვავებით, რომლებიც მას ზომით ჩამორჩებოდნენ.

წიკომ ფრთები გაშალა და  ხეზე შეფრინდა, ტოტიდან ტოტზე, მაღლა-მაღლა მიიწევდა. კენწეროზე ყოფნა ისე მოეწონა, რომ საქათმეში აღარც კი დაბრუნებულა, იქიდან ფერმის ეზო მოედანივით მოსჩანდა და კარგად აკვირდებოდა ახლომახლო რაც ხდებოდა.

ერთხელ  წიკომ დაინახა, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი სინდიოფალა ჩუმად მოიპარებოდა და მიხვდა, რომ  წიწილების მოსანადირებლად საქათმეში შეღწევას შეეცდებოდა. თუმცა, სინდიოფალას ჩანაფიქრის განხორციელება არ დასცალდა, სად იყო და  სად არა, ჰაერში  ქორი გამოჩნდა და თავს დაესხა. მათ შორის გააფთრებული ბრძოლა გაიმართა,  მაგრამ სინდიოფალამ მოახერხა ქორს კლანჭებიდან დასხლტომოდა და თავი გადაერჩინა. წიკო თვითონაც არ მოელოდა საკუთარი თავისგან, ისეთი ხმით ატეხა გამაყრუებელი ჭახჭახი. გახელებულმა ძალა მოიკრიბა, ფრთები გაშალა, მაღლა აფრინდა, ქორს შეება და ისეთი რისხვა დაატეხა, რომ მტაცებელი ფრინველი უკუიქცა.

     მომხდარმა ყველა გააოცა, ვერავინ წამოიდგენდა იმას, რაც იხილეს. საკუთარ თვალებს  არ უჯერებდნენ,  ფრენა ხომ არც ერთ ქათამს არ შეუძლია. თანაც წიკო ისე გაბედულად შეება ქორს,  ამას ვერც ერთი მამალიც კი ვერასოდეს გაბედავდა.

 „წიკოს ფრენა შეძლებია, გაიგეთ ეს ახალი ამბავი? ქორს ისეთი განრისხებული გამოენთო, რომ ის სასწრაფოდ მოშორდა აქაურობას, სადღაც შორს გადაიკარგა და უკან აღარ დაბრუნებულა,“ – ახალ ამბავს ერთმანეთს  უზიარებდნენ ფერმის დედლები.

 „არც სინდიოფალა შემოუშვა, ისიც კი დააფრთხო, ყოჩაღ წიკოს, ნამდვილი სუპერგმირი ყოფილა!“ - აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ თაგუნიებიც. 

ამის შემდეგ წიკო გუშაგივით იცავდა ფერმას, წიწილებსაც შიში გაუქრათ და უკვე თამამად დადიოდნენ ეზოში. იმ დღიდან  ქორი და სინდიოფალა ფერმას ახლოსაც არ გაჰკარებია.

ფერმა რობოტექნიკით დისტანციურად იმართებოდა და კიბერ-ოსტატი სოსო მონიტორის ეკრანს მუდმივად აკვირდებოდა. მან დრონის კამერით ყველაფერი გადაიღო,  რაც ეზოში მოხდა. მოიძია კიბერ სივრცის მსოფლიო ქსელში და გაარკვია,  რომ წიკო ციცარი ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ციცრის წყალობით ქორი და სინდიოფალა საშიშროებას აღარ წარმადგენდა შინაური ფრინველისთვის, რადგან გააფთრებული ციცარი ყველას იცავს მტაცებლებისგან.

წიკო ხის კენწეროზე დასახლდა და ფერმას იქიდან ადევნებდა თვალს. ერთხელ ქათმების სმენას მისწვდა განსხვავებული ჭახჭახი და  დაინახეს, რომ წიკო მარტო აღარ იყო. ამის შემდეგ ეს წყვილი ზოგჯერ ერთად სტუმრობდა ფერმის ეზოს.   ხანდახან ჩამოფრინდებოდნენ და მარცვალსაც კენკავდნენ, მაგრამ უმეტესად მწერებსა და ხოჭოებს ავლებდნენ მუსრს. რამდენიმე ხანში ორივე  გაფრინდა და ქათმებს ისინი აღარასოდეს უნახავთ, მათ  სამუდამოდ დატოვეს იქაურობა. ყველას ძალიან დაწყდა გული და მოიწყინეს. განსაკუთრებით ლომა დადარდიანდა, სულ  ზევით გაჰყურებდა ცას, იქნებ ისევ მოეკრა წიკოსთვის თვალი.

ამასობაში კრუხმა წიწილების გამოსაჩეკად დაიბუდა. მალე ორი კვერცხის გარდა ყველა დანარჩენიდან წიწილები გამოიჩეკა. მტკიცე ნაჭუჭის გამოსატეხად დახმარება გახდა საჭირო. კრუხი მიხვდა, რომ,  ესენი თავისი კი არა,  წიკოს შვილები უნდა ყოფილიყვნენ. წიწილა წიკოც   ხომ მან გამოჩეკა, მერე კი ისე გაზარდა, რომ საკუთარისგან არ გაურჩევია. დედამ ახალგამოჩეკილ წიწილებს წიწიკო და წიკოწიკო დაარქვა. ისინიც ფერმაში გაიზარდნენ და მალე საქათმის გუშაგები გახდნენ, ზუსტად ისევე იცავდნენ იქაურობას, როგორც თავის დროზე წიკო მფარველობდა. წიწიკო და წიკოწიკო არც ერთ სულიერს არ აჭაჭანებდა ეზოში და ქათმების თავგამოდებული ქომაგები გახდნენ.  ყველაზე კმაყოფილი კი  ნაგაზი ლომა გახლდათ, თავის საქმეში ასეთი ერთგული დამხმარეები რომ გამოუჩნდა.

დრონის კამერის ობიექტივში ხშირად ხვდებოდნენ ფერმის უდარდელი ბინადრები და მათი უწყინარი სტუმრები, ბეღურები და თაგუნები. მათ იცოდნენ, რომ სანამ ციცრები და ლომა მოსარჩლედ ეყოლებოდათ, ყოველთვის ხელშეუხებელნი იქნებოდნენ. ასე გადაიქცა რობოფერმა შინაური ფრინველების იდილიურ სავანედ.             

 

დასასრული

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს
სოფოს ბლოგი - წერილი მეგობარს

თათულის ნაირ ადამიანებზე მინდა მოგიყვეთ. ასე მგონია, სამყაროს მთავარი ძალები მათ ძარღვებში მიედინება. ისინი ქმნიან ყველაფერს ამ ქვეყნად, რადგან რეალური ქმედება ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021