kids.ge logo

ამუნია

ფავორიტებში დამატება

ჩინო არც ისე პატარა ბიჭია, თქვენ რომ გგონიათ. ამ ზაფხულში ტანიც აიყარა და გაკაჟდა. წყლით სავსე ვეფრომ ცალი ხელით მიაქვს. ორ-სამ თვეში ზაფხულიც მიიწურება და სკოლის კარს მიადგება.

ჩინო არც ისეთი პატარაა, მაგრამ დედასა და ბებიას ისევ ბალღი ჰგონიათ. ხშირად, როგორც პატარაობისას, ემუქრებიან: „ჩიტს ბუდეს თუ ჩამოუშლი, ამუნია წაგიყვანსო, საბანაოდ ნუ გაიპარები, თორემ წყალში ამუნია ჩაგითრევსო, თავის დროზე თუ არ დაიძინებ, ამუნია მოვა და ვეღარ გიშველითო“.

ბებია საბნის კალთებს უკეცავს, შუბლზე კოცნის და ეუბნება:

- დაიძინე, გეყოფა ამდენი ბურგალი, თორემ ამუნია მოვა და წაგიყვანს!

ჩინო, ვითომდა შეშინდაო, ბალიშში თავს ჩარგავს, როგორც კი ბებია პირს იბრუნებს, საბანქვეშ გაძვრება და ლოგინის მეორე ბოლოში გამოყოფს თავს.

ბებია საწოლის ჭრაჭუნზე შემობრუნდება. ჩინო საბნის ქვეშ გაილურსება და სუნთქვასაც კი შეწყვეტს. ბებია საქსოვს მიუჯედება, ბიჭი უცებ საბნიდან გამოძვრება და ყირამალას გადავა.

- არ გესმის ხომ, შე დაუდეგარო, შენა! ამუნია! ამუნია! მოდი და მომაცილე მოუსვენარი ბიჭი! წაიყვანე, სადაც გინდა!

ჩინო ისევ გადაიფარებს საბანს, ბებია ისევ გაუსწორებს სასთუმალს, საბნის კალთებს ამოუკეცავს, სიცივი არ შეიპაროსო, და იტყვის:

- ამუნია, არ მოხვიდე, ამუნია! იძინებს ჩინო-ბიჭი.

დაძინებას ისევ ბებიასთან ლაპარაკი ურჩევნია ბიჭს.

- ბებია, რანაირია ამუნია?

- ვითომ არ მითქვამს აქამდე!

- დამავიწყდა, მითხარი რა, როგორია ამუნია?

- ამუნია, ბებო, ჭინკასავით გრძელკუდა და ბანჯგვლიანია. თხასავით წვეტიანი რქები აქვს და კატასავით ბასრი კლანჭები. როცა საკბილოს ეძებს, ლაშებმორღვეულ პირიდან ყვითელ ეშვებს გადმოყრის და ვენახის სასხლავი მაკრატელივით აკაპუნებს.

- გინახავს?

- მინახავს?! მინახავს კი არა, გუშინ ღამით მუგუზალით კინაღამ დავუნაყე ი გაბუსუნებული უშნო თავ-პირი.

- გუშინ? - პირი დააღო ჩინომ.

- ჰო, გუშინ, შენ რომ დაიძინე, გვიანობამდე წინდას გიქსოვდი. ასე, ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, ჭიშკარზე ვიღაცამ დააფხაჭუნა. კარი გამოვაღე და ოთახის სინათლეზე რას ვხედავ: ამუნია არ მოგვდგომია! ჭიშკარზე კლანჭებს ილესავდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა და რაღაცა ბურდღუნებდა.

ვინა ხარ და რა გინდა, ამ უდროო დროს ჭიშკართან რომ ატუზულხარ-მეთქი?!

- ამუნია ვარო.

- მხარი ხომ არ გეცვალა, ვის დაკარგვიხარ, რას ბობღინებ ამ შუაღამისას, ბავშვებს ძილი გინდა გაუტეხო, შე წყეულო! - შევუძახე გაბრაზებულმა.

ამუნიამ ფეხი არ მოიცვალა. დგას სიბნელეში, ღოჯებს აკაპუნებს და მეკითხება:

- ჩინო აქ ცხოვრობსო?

- სწორედ აქ ცხოვრობს! მერე შენ რა გინდა? - გავუწყერი.

- ხო, ხო, ხო! სწორედ არ მოვსულვარ?

- თუ მოხვედი, რას დაგვაკლებ!

ამუნიამ ჭიშკარი აარაჯგუნა, ბანჯგვლიანი თათი შემოჰყო და საკეტს დაუწყო ძებნა.

- აი, ნახავთ, თუ ვერას დაგაკლებთ!

- ხმა ჩაიწყვიტე, შე უწმინდურო, ბიჭი არ გამომიღვიძო, თორემ მუგუზალს მოვიტან და შუბლს ორად გაგიპობ.

ამუნია, ცოტა არ იყოს, შეშინდა:

- აბა, ყოველ საღამოს რომ მიძახი, მოდი, ამუნიაო!

- ეს მაშინ, როცა ბიჭი არ მიჯერებს!

- ნამეტანი დამჯერე გყავს. საბანაოდ რომ გაგეპარა და საღამომდე გაძებნინა თავი?

- ეს იქითა კვირაში იყო. აწი უკითხავად აღარ გაიპარება.

- ჩიტებს ბუდე რომ დაუნგრია, მე ვიყავი თუ შენი ჩინო?

- ეს გუშინწინ... მეტს აღარ ჩაიდენს.

- კატას კონსერვის ცარიელი ქილა რომ გამოაბა კუდზე, ეს როგორღა მოხდაო.

- ეს გუშინ იყო, აწი აღარ გაიმეორებს.

- მკვახე მსხლები რომ დაკრიფა და ტოტებიც დალეწა, ეს არაფერია?

- არაფერი როგორაა, აწი მწიფეს დაკრეფს.

- ბებიებმა შვილიშვილების გამართლების მეტი რა იცითო.

- მერე, ბებო, რა ქნა ამუნიამ? - იკითხა ჩინომ.

- თუ მართალს ამბობ, სხვა ბჲჭებს მივადგები კარზეო.

- ბებო, მოატყუილე ამუნია?

- ამ ხნის ქალი ტყუილს ვიკადრებ, აბა, რას ამბობ.

- ხვალაც რომ გავიპარო საბანაოდ?

- დაუკითხავად არ უნდა წახვიდე.

- ჩიტის ბუდეს როგორ მივეკარები, ისე საცოდავად აბჩენდნენ ბარტყები პირს, ცრემლები გადმომცვივდა.

ჩინო მართლაც არც ისეთი პატარა ბიჭია, ამუნიასი რომ შეეშინდეს, მაგრამ გუშინ ღამით ბებოს ამუნიას თავიდან მოსაცილებლად ტყუილების თქმა უკადრებია.

ბიჭმა საბანში თავი ჩარგო და მეორე ბოლოში აღარ გამძვრალა, ჩაეძინა.

ყველაფერი ერთად დაესიზმრა: დანგრეული ჩიტის ბუდე და კუდზე ქილაგამობმული აჩხავლებული ფისო, ტოტებდალეწილი მსხლის ხე და ღოჯებგადმოყრილი ბანჯგვლიანი ამუნია, რომელსაც ბებო მუგუზალით მისდევდა და მისძახოდა:

- ამ ხნის ქალი ვარ და ტყუილის თქმას როგორ ვიკადრებ! აქედან დამეკარგე, თორემ ამ მუგუზალით ბოროტ თვალებს ამოგითუთქავო.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

არ შეზღუდოთ ბავშვის შესაძლებლობები

თქვენი პატარას მისია ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ასე რომ, როდესაც მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლება სათამაშოების მილაგება, მაგიდიდან თეფშის აღება და თავად ჩაცმა, ნება დართეთ და არ აუკრძალოთ. პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება ბავშვს ეხმარება თვითდამკვიდრებაში, ხოლო თქვენ მშვიდად ყოფნაში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024