მოთხრობები   ›   ზურაბ კუხიანიძე   ›   ყველაზე კარგი მხატვარი

ყველაზე კარგი მხატვარი

ფავორიტებში დამატება

ის-ის იყო სამსახურიდან დავბრუნდი.

სამი წლის ზაზა მუხლებზე შემახტა და შემეხვეწა:

- მამიკო, ყვავილი დამიხატე!

ყვავილის დახატვა ადვილი გგონიათ? რომელი მხატვარი მე ვარ. მარტო სახლის დახატვას ვახერხებ, იმასაც უჯრედებიან რვეულში, ფანქარი რომ სწორად გავაყოლო.

რა ლექსი არ გავიხსენე, - არ მინდაო, „წიქარა“ წამოვიწყე, - ვიციო, „ხუთკუნჭულა“ მოვიშველიე, - არა და არა, ყვავილი დამიხატეო.

რა უნდა მექნა. ავიღე ფერადი ფანქრები, თეთრი ქაღალდი და ყვავილის ხატვას შევუდექი.

ბა, თუ მიხვდებით, რომელ ყვავილს დავხატავდი. - ვარდსო, - იტყვით. ვერაფერსაც ვერ მიხვდით. ვარდის დახატვა ადვილი გგონიათ?

არც შროშანა დამიხატავს, არც ყაყაჩო, ვერც ლურჯთვალა იის დახატვა გავბედე.

შემოვხაზე პატარა წრე და გარშემო წვრილი, მოგრძო ფურცლები შემოვაწკაპე. ყვავილის გული ყვითლად გავაფერადე. ფერები არ მომეწონა და ყვითელზე ყავისფერი ფანქარი გადავუსვი. მგონი მთლად გავაფუჭე ამდენი ხნის ნაშრომი და ნაწვალები, მაგრამ ზაზამ მეტი აღარ მაცალა, ქაღალდი ხელიდან გამომტაცა და:

- ყვავილი, ყვავილი დამიხატა მამიკომ! - მერე შემეკითხა: -  ამ ყვავილს რა ჰქვია?

- გვირილა ჰქვია-მეთქი.

- გვირილა, გვირილა დამიხატა, გვირილა!..

უცებ ზაზა გაჩუმდა და ჩემი დახატული ყვავილი ცხვირთან მიიტანა.

ზაზას პატარა მოკუპსული ცხვირი აქვს. ჰო, მიდო ნახატი ცხვირთან და... განაწყენებული თვალებით ამომხედა:

- არ ვარგა შენი დახატული ყვავილი, სუნი არა აქვს!

ვუხსენი.

- ეს ნახატია, ზაზუნა, ნახატი!..

- ყვავილია?

- ჰო, ყვავილია.

- არ არის ყვავილი, სუნი არა აქვს!

- ნახატია, ბიჭო, სუნი სადან ექნება!

- არ მინდა ასეთი გვირილა, სუნიანი ყვავილი დამიხატე! - არ ცხრებოდა ზაზა.

- ესეც შენ, - ვუთხარი ჩემს თავს, - რომელი მხატვარი შენ იყავი, თავი რომ გამოიდე.

საგონებელში ჩავვარდი. უბრალო გვირილას დახატვა ძლივს მოვახერხე და ახლა სუნიანი ნახატი სადან გავაჩინო!

ნუ გაჩენ, თუ ბიჭი ხარ!

გაჯიუტდა, მაგრამ რა გაჯიუტდა ზაზა-ბიჭი. სახლში აღარ დამედგომებოდა.

გარეთ თოვდა, ცივი ქარი უბერავდა, მაგრამ რას ვიზამდი, პალტო ჩავიცვი და ოთახიდან გამოვედი.

ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მომაგონდა: - ქალაქში ნაცნობი მხატვრები მყავს, თუ მიშველიან, ისინი მიშველიან-მეთქი.

მივედი ერთთან და ვუთხარი:

- დამეხმარე, ძმაო, ჩემმა ბიჭმა აჩემა, ყვავილი დამიხატეო. შენ ნამდვილი მხატვარი ხარ და იქნებ შესძლო, მიშველე თუ კაცი ხარ!

მხატვარმა მიპასუხა:

- ჩემო მეგობარო, რაც შემიძლია, დაგეხმარები, ყველაფერს გავაკეთებ შენი პატარა ბიჭიკოსთვის. ზაზა ჰქვია, არა? ვიცნობ იმ კუდრაჭას, აი, მოსკუპული ცხვირი რომ აქვს.

- ჰო, ზაზა ჰქვია, ცხვირიც სწორედ ეგეთი აქვს. - თან გამიკვირდა, სად გაახსენდა-მეთქი მისი ცხვირი.

- ყვავილს, რანაირსაც გსურს, იმნაირს დაგიხატავ შენი ბიჭისთვის, - დამაიმედა მხატვარმა. - თუ გინდა, ვარდს, ყვავილთა შორის ულამაზესს, ხავერდოვანს, ცვარდაყრილს. იქვე, ღეროზე, პატარა კოკორსაც მივახატავ.

- ცვარ-ნამიც კარგია, კოკორიც მისწრება იქნება, მაგრამ ყვავილი სუნიანი უნდა გამოვიდეს, ასეთი აჩემა ზაზა-ბიჭმა, - შევახსენე მხატვარს.

მხატვარმა მხრები აიჩეჩა:

- ასეთი რამ პირველად მესმის!

- მეც არ გამეგონა, მეგობარო, მაგრამ იმ ჯიუტმა ბიჭმა ასე ისურვა და სწორედ ამიტომ შეგახსენე, - ვუთხარი მხატვარს.

- ეს რა ახირებული ბიჭი ყოფილა! - გაიკვირვა.

- კი, მართლაც ახირებულია, მაგრამ, ეს მითხარი, შესძლებ თუ არა სუნიანი ყვავილის დახატვას, მეგობარო!

- ვერა, სუნიან ყვავილს ვერ დავხატავ! - ური მითხრა მხატვარმა.

ახლა მერესთან გავიქეცი.

იმ მხატვარსაც კარგად ვიცნობდი. ნიჭირი კაცის სახელი ჰქონდა მთელ ქალაქში. რასაც კი ხელს შეავლებდა, ყველაფერს აცოცხლებდა და ნახატები მშვენირი გამოუდიოდა.

შევედი მის სახელოსნოში. მხატვარი საღებავებს ირჩევდა, სახატავად ემზადებოდა.

ჩემი გასაჭირი ავუხსენი, შველა შევთხოვე: - ბიჭისთვის ყვავილი დამიხატე-მეთქი.

- აბა, რისი მხატვარი მქვია, თუ ყვავილს ვერ დავხატავ ერთი კარგი ბიჭისთვის, ისიც ჩემი მეგობრის შვილისთვის, - მითხრა მხატვარმა, - ოღონდ აირჩიე, რომელი დავხატო: მიხაკი, ისამანი, კორჩიტა, ფურისულა თუ ზიზილა.

- სულ ერთია, რომელიც იქნება, ოღონდ...

- მე ისამანს გირჩევდი. იისფერ ყვავილიან ტოტს დავხატავ თავისი მწვანე ფოთლებით. ყვავილს ფუტკრებსაც შევუსევ, თუ ინებებთ. ეს ბიჭის ხასიათს გააჩნია. ფუტკრები ისე ცოცხლად იქნება დახატული, ვაითუ ნამდვილი ეგონოს და შეშინდეს... მაშინ არ გვინდა ფუტკრები!

- ფუტკრები კი არა, კრაზანები რომ შესიო, მაინც არ შეშინდება, - ვუთხარი მხატვარს, - მთავარია, სუნი თუ ექნება.

- სუნიო! - გაუკვირდა. - ასეთი ყვავილი ჩემს სიცოცხლეში არ დამიხატავს და არც სხვისი დახატული მინახავს, - მითხრა მხატვარმა.

გული მაინც არ გავიტეხე და მესამე მხატვრის კარს მივადექი.

ჩემი ამბავი მოვახსენე:

- ყვავილის დახატვას როგორ დაგამადლი, მერე ისეთი კარგი ბიჭისთვის, ასე ძლიერ რომ ჰყვარებია ყვავილები, - კეთილი ღიმილით მითხრა მხატვარმა.

- ყვავილი უნდა დამიხატო ისეთი, რომ...

- ყვავილს ისეთს დაგიხატავ, ნამდვილისაგან ვერ გამოარჩიო.

- ახლა კი მეშველა-მეთქი და წამოვიყვირე:

- ვერც სუნით?!

- სუნით?! - გაოცდა მხატვარი, - სუნს რა საქმე აქვს მხატვრობასთან. მე ვფიქრობ, ფერი გინდოდა გეთქვა, მეგობარო!

- სუნი-მეთქი!

- ასეთი ყვავილი ჯერ არავის დახატავს და ვერც მე დაგიხატავ! - მობოდიშა მესამე მხატვარმა.

დაღონებული დავბრუნდი შინ.

ზაზას ჩემი თავგადასავალი მოვუყევი და ვუთხარი:

- რა ვქნა, ზაზა-ბიჭო, მე კი არა, ნამდვილ მხატვრებსაც კი ვერ შესძლებიათ, თურმე, სუნიანი ყვავილის დახატვა. აი, ისეთ მხატვრებს, რომელთა მიერ დახატული ტყე ისე ჰყავს ნამდვილ ტყეს, რომ შიგ შესვლა მოგინდება, ბალახი ისე ჰგავს ნამდვილ ბალახს, ზედ გაკოტრილებას იფიქრებს კაცი, მაგრამ, მერე რა! არც ფიჭვის სუნი მოდის ტყიდან და არც მინდვრის სურნელი ბალახებიდან.

სადაცაა ზამთარი გუდა-ნაბადს აიკრავს და კარზე ყველაზე კარგი მხატვარი - გაზაფხული მოგვადგება. გაზაფხული კი ისეთ ყვავილს დაგიხატავს, მათმა სურნელმა თავბრუ დაგახვიოს.

ზაზას გაღიმა, ქაღალდი აიღო, ფანქარი მომარჯვა და ყვავილის ხატვას შეუდგა.

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია