kids.ge logo

დაბადების დღე

ფავორიტებში დამატება

ნუნუკას ექვსი წელი შეუსრულდა.

დედამ თქვა: - ხვალ ნუნუკას დაბადების დღეა და კარგად უნდა მოვემზადოთო.

მამამ ნუნუკას თავზე ხელი გადაუსვა: - ახალი კაბა ჩემზე იყოსო.

ბაბუამ ჭაღარა ულვაშები გადაიგრიხა: - ცეკვისა და სიმღერის მეთაური მე ვიქნებიო.

ბებიამ თქვა: - ხილითა და ტკბილეულით სუფრის მომარაგება მე მომანდეთო.

გოგონამ სიხარულით ტაში შემოჰკრა და დედა, მამა, ბაბუა და ბებია სათითაოდ გადაკოცნა.

გათენდა ნუნუკას დაბადების დღე.

ისეთი კარგი ამინდი იყო, თითქოს მზე, ყვავილები, ჩიტები, პეპლები, ბალახები, ხეები ნუნუკას დაბადების დღეს ზეიმობდნენ.

დედამ ნამცხვრები მოამზადა ბავშვებისათვის. ბებიამ თუ სადმე ხილი და ჩურჩხელები ჰქონდა, ყველა სუფრაზე დააწყო.

ნუნუკას ახალთახალი თეთრი ფეხსაცმელები და კოპლებიანი კაბა ჩააცვეს, თავზე უზარმაზარი ყვითელი ბაფთა გაუკეთეს, რომელიც ნიავის ჩამოქროლებაზე ყვავილზე მჯდომი პეპელასავით ფარფატებდა.

ნუნუკას ეზოს ბავშვები მოაწყდნენ.

ყველას მზიამ მოასწრო მოსვლა.

მზიას შემდეგ და-ძმა - მამუკა და შუქრი  მოვიდნენ და ნუნუკას ნახატებიანი წიგნი აჩუქეს.

მერე თანდილა, დათო, ქეთინო, ესმა და ზურია შემოცქრიალდნენ.

ბავშვების ჟრიამული და სიცილ-კისკისი ეზოს ავსებდა. ნუნუკას დაბადების დღეს ულოცავდნენ და თან თითებზე ითვლიდნენ, როდის იქნებოდა მათი დაბადების დღე.

ამასობაში ნუნუკას დედამ აივანზე პატარა დაბალი სუფრა გაშალა. სუფრა ნამცხვრებითა და ხილით გააწყო. მერე ბავშვები აივანზე მიიწვია. პატარებს ნამცხვრის სუნი სცემდათ და დიდი ხვეწნა აღარ დასჭირვებიათ, სუფრას ჩიტებივით შემოუსხდნენ.

- ანიკო გვაკლია! - წამოიძახა ნუნუკამ.

- ნეტავ, რატომ არ მოვიდა? - იკითხა დედამ.

- იქნებ ავად არის! - თქვა ესმამ.

ბავშვები უსიამოვნოდ შეიშმუშნენ.

- წავალ, გავიგებ! - წამოხტა ზურია.

კარგა ხანი გავიდა. ზურია იგვიანებდა. ანიკოს სახლამდე მისვლას და მოსვლას რა დიდი დრო უნდოდა?

იცადეს, იცადეს და ბოლოს თქვეს: - ანიკო ალბათ, მართლაც, ავად არისო.

- ახლავე გავიგებ! - დაფაცურდა ქეთინო.

- მალე დაბრუნდი, ზურიასავით არ დაიგვიანო! - მიადევნეს ქეთინოს.

ქეთინოსაც შეაგვიანდა.

მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ, თითქოს დევი ჩასაფრებოდათ და ნუნუკას ეზოდან გადასულ ბავშვებს დაუნდობლად ყლაპავდა.

- სად გაილალნენ? - შეწუხდა ნუნუკას დედა, - ამბავი მაინც მოეტანათ!

აივანზე ნამცხვრებითა და ხილით სავსე სუფრასთან მარტო ნუნუკა, ბებია და ბაბუა დარჩნენ.

ნუნუკა კარგა ხანს იჯდა გაბუტული. იცადა, იცადა და, რომ აღარ გამოჩნდნენ, თვითონაც ადგა და ანიკოსთან წავიდა.

ანიკოს ეზოს რომ მიუახლოვდა, სიცილ-კისკისი შემოესმა.

- ეს რა ამბავია? - გაუკვირდა ნუნუკას, - ანიკო თუ ავადაა, ამათ რა ამხიარულებთ?

ეზოში შევიდა და სახტად დარჩა.

ბავშვებს წრე შეეკრათ, შუაში კი პაწაწინა ბოჩოლა მოემწყვდიათ, მოყავისფრო ბალანი ბოჩოლას ზურგზე ახლად ამოსული ბალახივით ხასხასებდა. წკირებივით წვრილი ფეხები განზე გაეჩაჩხა. მუხლები საცოდავად უკანკალებდა, თითისხელა კუდი მაღლა აეფშიკა.

ფეხებთან ანიკო ჩაცუცქულიყო.

ნუნუკას გული მოუვიდა.

- არ გრცხვენიათ, ასე მიხდით დაბადების დღეს?!

ბავშვებმა გვიან შეამჩნიეს ნუნუკა, ხელი სტაცეს და წრეში ჩააყენეს.

- ნუნუკა, შეხედე, რა ლამაზი კუდი აქვს!

- ნუნუკა, ყურებზე დააკვირდი!

- ნუნუკა, უყურე, რა სასაცილოდ აუფშეკია კუდი!

ნუნუკა ისევ დაბღვერილი იყურებოდა, ბავშვების ლაპარაკს ყურადღება არ მიაქცია, არც ბოჩოლასაკენ გაუხედავს, ანიკოს მწყრალად უთხრა:

- ანიკო, რატომ არ მოხვედი, დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა!

- დღეს ბოჩოლას დაბადების დღეა! - თქვა ანიკომ.

- ბოჩოლასი კი არა, ჩემი დაბადების დღეა! - წარბები შეიკრა ნუნუკამ.

- ბოჩოლას დაბადების დღეა, ამ დილით დაიბადა, ბოსლიდან დღეს პირველად გამოვიყვანეთ ეზოში.

- დღეს ჩემი დაბადების დღეა! - ისევ თქვა ნუნუკამ.

- ბოჩოლას დაბადების დღეა! - არ თმობდა ანიკო.

- ჩემია! - დაიყვირა ნუნუკამ.

- ბოჩოლა ხომ ამ დილით დაიბადა, დღეს მართლაც მისი დაბადების დღეა, - დაემოწმა ანიკოს მზია.

ამ დროს ბოჩოლას მუხლები აუკანკალდა და წინა ფეხებით ჩაიკეცა, დრუნჩი მიწას დაარტყა.

ნუნუკამ ყველას მოასწრო. კისერზე მკლავები მოხვია, სხვებმა მუხლები გაუმართეს, კუდში ხელი ჩაავლეს და ბოჩოლა ფეხზე წამოაყენეს.

ნუნუკამ ნაზი დრუნჩი მაღლა აუწია ბოჩოლას, შუბლზე აკოცა, მერე თვალებში ჩახეედა და ალერსიანად უთხრა:

- ბოჩოლა, დღეს მართლა შენი დაბადების დღეა?

ბოჩოლამ ნუნუკას ხელები აულოკა და თავი დააკანტურა.

ბოჩოლასთან ალერსით რომ გული იჯერეს, ნუნუს და ბოჩოლას დაბადების დღეს ერთად გადაიხადეს ბავშვებმა.

მოთხრობა 7 ~ 11 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 7-დან ~ 11 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო კარგი ადამიანი

დაიწყეთ ეს აღზრდის პირველივე ეტაპზე: მაგალითად, როდესაც ძილის წინ უკითხავთ რაიმეს, ჰკითხეთ თქვენს პატარას, არიან თუ არა პერსონაჟები ბოროტები ან კეთილები და რატომ ჰგონია მას ასე.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024