მოთხრობები   ›   აკაკი წერეთელი   ›   მესარკე

მესარკე

ფავორიტებში დამატება

სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, ვიღაცა არის, სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაბარა ერთი დღისათვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ ქალებმა, სულ ქალებმა! ასეს რომ ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას.

ხელმწიფე თითქმის კინაღამ ნებაზე დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ იმართლა თავი და მოახსენა ხელმწიფეს:

- ბატონო! ნურც მაგ ქალების საჩივარზე გაივლით, მაგათ გარდა ერთი ორმოციდე ქალი კიდევ დარჩა ჩვენს სოფელში და თუ ისინიც შეგევედრებიან ჩემს ჩამოხრჩობას, მაშინ თანახმა გავხდები, მადლობა ღმერთსაო!

დაეთანხმა ხელმწიფე, მოაყვანინა ის დანარჩენი ორმოცი ქალიც და დაკითხა მათაც. იმათ ერთხმად უქეს ხელმწიფეს მოპასუხე და შევედრნენ მის გაბედნირებას. გაკვირვებულმა ხელმწიფემ უბრძანა მოპასუხეს: „ეს რას ნიშნავს, ამდენი მოსისხარი მტერი გყოლია და ამდენი კი გულითადი მეგობარიო?“

- დიდებულო ხელმწიფეო! ჯერ ის დაათვალირეთ, თუ იმ ათას ქალში უმახინჯო ერიოს და ამ ორმოცში ერთი მახინჯიო და მაშინ მოგახსენებთ პასუხსაცაო, - უპასუხა საწყალმა. მართლაც, დაათვალირა ხელმწიფემ და როგორც იმ ათასში უმახინჯო ვერ შენიშნა, ისე იმ ორმოცში მახინჯი, და გაკვირვებით ბრძანა: „ეს მართლა, რას ნიშნავსო?“

- რა ვიცი, რას ნიშნავს, ჩემო ხელმწიფეო! - მიგო მაშინ მოპასუხემ, - არც არაფერი ერთისთვის დამიშავებია და არც არაფერი მერისთვის გამიკეთებიო. მე ერთი საწყალი ხელოსანი კაცი ვარ, მესარკე; სარკეებს ვაკეთებ ხოლმე. ლამაზები ჩახედვენ შიგ - ლამაზად გამოჩნდებიან, და მახინჯები - მახინჯებად! მე მიტომ ვაკეთებ, რომ ლამაზმა შიგ იკეკლუცოს და მახინჯმა, გასვრილმა, სახე გაიწმინდოს და გასწორებას ეცადოს. ესენი კი თავის მახინჯობას ჩემს სარკეს აბრალებენ! ახლა რისიც ღირსი ვიყო, ის მომანიჭეთ, დიდებულო და სამართლინო ხელმწიფეო!

მოეწონა ხელმწიფეს ეს და გამოსცა ბრძანება:

- დღეის იქით აღარავინ გაბედოს საჩივარი აღარც მესარკეებზე და აღარც მწერლებზე, რადგან ორივე ერთმანეთს ემსგავსებიან მოხელობითაო!

რა ასაკის ბავშვისთვისაა ეს მოთხრობა საინტერესო?

როგორ ფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისთვის არის ეს მოთხრობა საინტერესო?


ფავორიტებში დასამატებლად უნდა შეხვიდეთ სისტემაში.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვთ გახსნილი ანგარიში kids.ge-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია