kids.ge logo

ხარახურა

ფავორიტებში დამატება

სოფოს და თათოს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პატარებს გასართობად სათამაშოებზე მეტად შთაგონება სჭირდებათ. 

ასეთ დროს სოფლად მცხოვრებ ბავშვებს შეუზღუდავი არჩევანი აქვთ. უზარმაზარი სახლი სარდაფითა და სხვენით, ბაბუას სახელოსნოთი და საბძელით, ნალიითა და შუაცეცხლის სამზარეულოთი, რომელიც ეზოს სიღრმეში დგას და შენთვის მუდამ ღიაა. ტყე სახლთან ახლოს და მდინარის მზიანი სანაპირო. კიდევ ბევრი ადგილი, თხრობის დროს თანდათან რომ მომაგონდება.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. აღარ არსებობს მაღაზიები და გასართობი ადგილები. როგორ მოიქცევით?

მე არ ვიცი, როგორ მოიქცევით თქვენ, მაგრამ მოგიყვებით როგორ იქცეოდნენ სოფო და თათო. 

უკვე მოგახსენეთ, რომ გოგონების ეზოში ბევრი სახელდახელო ნაგებობა იდგა. ამ ფიცრულებსა და მოხურულებში ოჯახში წლების მანძილზე დაძველებულ–მოძულებული ნივთები ინახებოდა, ისეთი, გადასაგდებად რომ დაგენანება, მაგრამ ვერც იმას წარმოიდგენ, ოდესმე გამოვიყენებო. სწორედ ამ ნივთებში ძებნისას აღმოაჩინეს დებმა უძველესი ნახშირის უთო და სახლში სიხარულით მოიტანეს. გახეხებს, დაფერეს, ბუხრიდან აღებული ნაკვერჩხლებით გაავსეს და გაახურეს. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიხარა დედამ, რადგან უშუქობის გამო თვეების განმავლობაში დაგროვებულ სარეცხს ერთიანი ძალებით შეუტიეს და ცოტა ხნის შემდეგ კარადა გაივსო გაუთოებულ–გატკიცინებული თერთეულითა და ტანსაცმლით. ძველმანებშივე აღმოაჩინეს ოჯახის ძველი „სიფონი“ თავისი აირის ბალონებით, რომელიც სახლში რომ მოიტანეს, გარეცხეს და დაფერეს, გამართული და მუშა აღმოჩნა. იმ დღიდან სტუმრად მოსულ ბავშვებს საოჯახო ლიმონათი აღარ მოჰკლებიათ, თავად სოფო და თათო ამზადებდნენ უგემრიელეს ლიმონათებს ეზოს მწიფე ხილეულისაგან.

ძველმანების ფარდულშივე აღმოჩნდა ვაფლის საცხობი მოწყობილობა, რომელსაც სადენი აღარ ჰქონდა, თუმცა ეს უკანასკნელი საჭირო მაინც არ იყო, რადგან არავინ იცოდა, სოფელში როდის დაბრუნდებოდა  ცივილიზაცია–ელექტროენერგია და წყალი. გოგონებმა იფიქრეს, ბუხარშიც შეიძლება მისი ისე გახურება, რომ ვაფლი გამოცხვესო. ამიტომ სამზარეულოში მოიტანეს, გარეცხეს, დაფერეს და იმავე საღამოს გამოაცხვეს ვაფლის რამდენიმე გემრიელი ფირფიტა. 

კიდევ ბევრი ნივთი აღმოჩნდა ხარახურაში, რომელმაც გოგონების ცისფერაივნიან სახლში საოჯახო ყოფა შეცვალა. 

სოფოს და თათოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რა კარგია, როცა მეგობრებს გემრიელი ვაფლითა და ლიმონათით უმასპინძლდები და თან ეუბნები, რომ ეს ხელსაწყოები საკუთარი სახლის სხვენსა და სარაიაში იპოვე, რომ მათი არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. 

დამიჯერეთ, ამ დროს მეგობრების სახეების დანახვას არაფერი სჯობს!

არ გჯერათ? მისწერეთ სოფოს და თათოს: sofoandtato@gmail.com

 

---

მხატვარი: ეკატერინე გაგნიძე

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა
სოფოს ბლოგი - სინათლის თაობა

უცნაურია,მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ ვახერხებთ თანამედროვე თაობის გაგებას - ენერგიის ნაკლებობაა. ახალი თაობა ენერგეტიკულად იმდენად მაღალ სიხშ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021