ბავშვობა სავსეა მძაფრი შეგრძნებებით. მახსოვს პირველი შეხება საწიგნესთან, რომელიც ყავისფერი იყო და ლომი ეხატა. მახსოვს ფანქრების სათლელი „რაკეტა“, რომელიც ახლაც სამუშაო მაგიდაზე მიდევს და ყოველთვის, როცა თვალს შევასწრებ, ღიმილს მგვრის. მახსოვს ეზოს ჭიშკრის მჭახე გახმაურება სტუმრის მოსვლისას. სველი სატუცავი, წინა ღამეს წვიმაში რომ დარჩენია დედას და დილით ნახევრადმძინარს ჩამიდგამს ფეხი. მახსოვს ბუხარი- გიზგიზა და საყვარელი. ბაბუას ოთახი-ათასი წვრილმანით. მეზობლის ეკლიან ღობეზე ვაშლის მოპარვისას გაკაწრული მაჯის სიმხურვალე და წვა. მამაჩემის მძიმე ხელის შეხება თმებზე, როცა მასწავლებელი მაქებდა. ჩემი დის ნემსებივით წვრილი თითები და განცდა, რომ მე ვარ „პატრონი“. ზაფხულის ღამე. ვარსკვლავების ბადე ჩემი სახლის ზემოთ (ცის თაღზე) და შხაპუნა წვიმა, ცხელი მიწის დასამშვიდებლად გამოგზავნილი ციდან. ნაჩუქარი კანფეტების გემო. მამალო, დედასთან დიდი კამათის შემდეგ ძალისძალად გადამდნარი და დამწვარი შაქრის სიმწარე ტუჩებზე. მეგობრის ბებოს ხელებზე ნანახი მთელი ცხოვრება. ქორფა მწვანილის სურნელი, რომელსაც საცაა, ლობიოს მოთუხთუხე ქოთანში ჩაუძახებენ. სევდიანი დღეები. ჩემი გულის გამალებული ცემა და ბურთი ყელში გაჩრილი მეზობლის გარდაცვალებისას.
10 000 წასვლა და დაბრუნება. ყოველ ჯერზე მშობლიური სახლის ხელახლა დასახლება ჩემში. სხვა ფერად აღქმული წიგნების თარო, რომელიც თურმე იმაზე მუქია, მე რომ მახსოვდა. ფარდა, რომელიც დედას შეუცვლია. არა, უბრალოდ სხვანაირად აუკინძავს. ცუგა, რომელიც არ იყო ამხელა, როცა მე მივდიოდი.
გაზაფხული ზამთრის შემდეგ. ბოსტანში სიმწვანე აღარ ეტევა. ბაღში ჯერ კიდევ თოვლია?! არა, ტყემლის ყვავილების ფიფქები ყოფილა, მე რომ მივდიოდი თოვდა.
ჭა. ამ ჭას როდის ჰქონდა ამხელა პირი?! მგონი სამყარო ჩაყლაპა ჩემმა ჭამ!
ეს ის ხეა, მე რომ 10 წლის წინ დავრგე?! მართალი ყოფილა ვანო ბაბუა, ნელა იზრდებაო მითხრა...
არადა, სამყარო ჩქარა ბრუნავს!
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
აჩვენეთ ბავშვს, რომ თქვენც კრიტიკულად აზროვნებთ და აფასებთ ინფორმაციას.
გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო