kids.ge logo

გრძნეული ცოლის პატრონი

ფავორიტებში დამატება

იყო ისპაანს ერთი საბრალო კაცი. და ჰყვა ცოლი ერთი, ფლიდი და გრძნეული, რომე იმისთანა არ იქმნებოდა. ქმარსა სხვა რიგად ახედებდა. მუდამისად ყურანს იკითხვიდა, დღეში ხუთს ლოცვას არ აკლებდა, ნასვამის წყლით ხელს არ დაიბანდა, სულიერობას ჩემულობდა.

თქვა მან კაცმან: რადგან ცოლი ასეთი მლოცავი მივის, მეცა ქაბას წავალ და ორნივ დაუცადებლად სამოთხეში შევალთო.

ერთს დღეს ქარავანი გადგა ბაღდადისაკენ და კაცი თან გაჰყვა. ქალაქს გარეთ ქარავანი ახლოს დადგა და მან კაცმან ესრე თქვა: რადგან ესრეთ ახლოს დგანან, ამას ღამეს შინ მივალ და დილას ადრიან ამათ მოვუსწრობო.

მის ცოლს ქმარი მისი წასული ეგონა. თავისი სატრფიალო კაცი ეწვივა და ლხინად დაჯდა. ღვინოს სმიდენ. კაცი იგი ღამე კარს მიადგა. ნახა დაფის ცემა, როკვა და სიმღერა იყო. მან კაცმან უჩუმრადვე გაიარა და ასრე წავიდა, მათ ვერა გრძნეს რა მისი მოსვლა და წასვლა, და ქარავანსავე მიეწია და წაჰყვა.

წავიდნენ ბაღდადად. და მუნ მერწყულად დადგა. დღივ და ღამივ წყალსა ზიდევდა, და მით ფულს შოობდა და იზრდებოდა. ბაღდადის ქალაქში ასეთი ქურდობა შეიქმნა, სახლი დაუთხრელი არ დარჩა. აოხრდა ქალაქი იგი. შეიქმნა ჩივილი.

იწყინა ხალიფამ და შეიპყრა ბაზრის მცველნი და უბრძანა: თუცა მპარავნი არ მიპოვნოთ, ვფიცავ თავსა ჩემსა, მუცლებს დაგიპობ ყოველთაო!

წავიდნენ კაცნი იგი და ესე ღონე მოიპოვეს: იგი ისპაანელი კაცი შეიპყრეს.

კაცმან ჰკითხა: რად შემიპყართ, რა შეგცოდეთო?

მათ უთხრეს: ამ ქალაქის განძი სრულობით მოიპარეს და შენ უნდა მოგკლათ, მპარავი შენ ხარო.

მან კაცმან ვედრება დაუწყო: ერთა კვირა მაცალეთ, თუცა ქურდი ვერ ვიპოვნო, მაშინ მომკალითო.

მათ თავდები სთხოვეს. მას ვინ უთავდებებდა? ღმერთი მისცა თავდებად და წავიდა. ორი-სამი დღე იარა. ნახა მათი სჯულის თავი, რომელსაც სადრს ეძახიან, მოვიდოდა, წინარე ორნი კაცნი მოვიდოდენ, ცოცხით გზას მოჰგვიდენ.

იკითხა მან კაცმან: ვინ არის კაცი ესე, ანუ გზას რისათვის მოჰგვიანო?

უთხრეს: ამ ქვეყნის რჯულის თავია, ესეთი ღირსი და წმიდა არის, რომ ამისის ლოცვით დგას ეს თემი და წვიმაც და მოსავალიც ამისის ლოცვით მოვაო.

თქვა მერწყულმან კაცმან: აჰა ამ ქალაქის მომთხრელი ქურდი ეს არისო. მის სადრის ჯარში აერია.

მივიდა, სადრმან ხალიფა ნახა, გამობრუნდა, სადგომს მოვიდა.

ის კაცი უცნაურად შინ შეჰყვა, ერთს სამალავს ადგილს დაიმალა.

რა დაღამდა, კაცნი დაითხოვეს და მის სახლის საფენი წამოკეცეს, კარი ახადეს. თურე მის ქვეშ სახლი აკლდამად იყო, და მის ქალაქის ქონება მუნ იდვა. მუნით ათორმეტნი ქურდნი კაცი აღმოიყვანნეს, ღვინო ოქროს სურებითა მოიტანეს და სმად დასხდნენ.

უბრძანა სადრმან: ძმანო, ახლა რას მოინადირებთო?

მათ მოახსენეს: სამის სალაროს მეტი აღარ არის და მათაც წამოვიღებთო: ერთი ხალიფასია, ერთი ვაზირისა და ერთი ნაზირისა. ამაღამ ნაზირს ვეწვევითო. მათ ქურდთა მათი საქმე იურვეს.

კაცი იგი გამოიპარა. მათ ბაზრის მცველებს ყოველივე უთხრა. მათ არ დაუჯერეს და მან კაცმან უთხრა: აჰა მე მომყევით და თვალით გაჩვენებთო!

რა სადრი გამოვიდა და ხალიფა ნახა, დაბრუნდა და მოვიდა. ორნი კაცნი თან შეჰყვნენ, მასვე სამალავში დაიმალნენ და სანათურით უმზირეს. მას ღამესაც ნახეს. ვაზირის სალარო გატეხეს.

წავიდნენ, ხალიფას აფიცეს მოუკლაობისათვის და, რა ფიცი გამოართვეს, მოახსენეს. ეწყინა ხალიფას.

მოახსენეს: ხელმწიფევ, თუცა თავს დაიმდაბლებთ და სამოსელს შეიცვლით, თვით თქვენს ბედნიერს თვალს ვაჩვენებთო.

ხალიფამ სხვა შეიმოსა და გაჰყვა მათ. მასვე ადგილს დაიმალნენ. რაც მოეხსენებინათ, ყველა მართალი იყო.

მას ღამეს ხალიფას სალარო ინადირეს. წამოვიდა ხალიფა თავის სახლსა. მეორეს დღეს სადრი მობრძანდა.

ხალიფამ უთხრა სადრს: რომ დღე ყოველ ჩემს სანახავად გაირჯები, მეც რატომ არ მაწვევ ხოლმეო?

სადრმან დაიმადლა და ხალიფა აწვია. მოვიდა, სადილი მოართვეს. ხალიფამ ღვინო ითხოვა. სადრმან შორს დაიჭირა: ჩემს სახლში ღვინო რამ გახსენებინაო?

მერმე ხალიფამ ქურდობისა უთხრა: ამისთანა მპარაობა შეიქმნა, რა უნდა ვქმნაო?

სადრმან მოახსენა: შენის უღონობით არისო.

ხალიფამ საფენი წამოაკეცინა, კარი იპოვეს და კაცნი გამოასხნეს. შერცხვა სადრსა. გამოათრივეს და, რაც ეკადრებოდა, უყვეს.

მერმე ჰკითხეს მას ისპაანელს კაცს: რით იპოვე, როგორ შეამცნივეო?

მან თავისი ცოლის ამბავი უამბო და მით გამოვიცანო, რომე ესეც მასავით ფლიდი იყო და მით ვპოვეო.

- შენც მის კაცის ცოლსავით ფლიდი ხარ და მეფეს შენს სიკეთეს აჩვენებ. აწეც არ იყოს, შენს საქმეს ბოლოდ სცნობენ.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

გლახაკი და ფლური

ერთი კაცი დია გლახაკი იყო. დღე ყოველ ღმერთს გამდიდრებას ევედრებოდა. გამოხდა ხანი, და მას კაცს მუცლის ტკივილი და ყვანა დაემართა. რა კარში გავიდის, ტკივილი დაუწყ...

მაოხრებელი მკვდარი

კლარჯეთის თემსა, სოფელსა ერთსა იყო ერთი გზირი, ანჩხლი და მტერი სოფლისა მის. შეაწუხა იგი სოფელი და სრულიად ააოხრა. მოიგონის მიზეზი, უთხრის თათართა და მრავალი ვეც...

ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღ...

კუ და მორიელი

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ. მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო! შეაჯდა ...

უსამართლო შირვან შაჰი

შირვანს შაჰ იჯდა, ერთი უსამართლო, კაცთა უწყალო და მაოხარი ქვეყანათა. სადაცა მოჩივარი, ანუ გლახაკი ნახის, წამსვე მოჰკლის. აოხრდა ყოველი სამეფო მისი. დღესა ერთსა...

ბრძენი მკურნალი

ჩემი გამწვრთნელი დიდი აქიმი იყო. ყოვლის სენის მკურნალი იყო და თვით დასნეულდა დიდად. მოვიდენ მრავალნი მკურნალნი და რომელნიცა შემოვიდის საწამლოდ, მან სნეულმან ერთ...

ორი პურით მასპინძლობა

მიველ ერთსა წყაროზე. ორნი კაცნი წყალსა სმიდენ. რა მნახეს, ჩემი ნახვა იამათ. დასხდენ ჭამად. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ რა. მეც დამსვეს. ერთი პური ერთმან დაიდვა ...

ქორი, იხვი და კაკაბი

ერთმან ქორმან ერთი იხვი შეიპყრა და ჭამა ენება. იხვი ეგრევე უვნებელი ცოცხალი ეპყრა, ზევიდამ მონადირისაგან შეშინებულმან ერთმან კაკაბმან ჩამოუარა. ქორი წაეტანა, ...

ქურდი მკერვალი

ერთი მკერვალი იყო დია ქურდი. რაც ნაქსოვი გამოსჭრის, ბევრი მოიპარის. ღამესა ერთსა ნახა სიზმარი: პირთა ხე ამოსლოდა და ყოველი ნაპარევი ნაჭერი ზედ ეკიდა რტოთა. რა ...

მეფე და სიკვდილი

ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა. რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭუ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ქემოკლიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ კითხვა

კითხვა აფართოებს ბავშვის ცოდნის სფეროს და ეხმარება მას სხვადასხვა პერსპექტივის გაგებაში.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026