kids.ge logo

ბავშვის უფლებათა კონვენცია (ადაპტირებული)

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
არასამთავრობო ორგანიზაცია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო. იგი ძალაში 1990 წლის 2 სექტემბრიდან შევიდა.

კონვენცია შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგან პირველი 42 მუხლი შეეხება ბავშვის დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს - ბავშვის უფლებებს, სახელმწიფოს ვალდებულებებს და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ადამიანების მოვალეობებს. 43-54 მუხლებში კი საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და ზრდასრულმა ადამიანებმა ერთად კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

კონვენციას მიერთებულია 193 ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებმა აიღეს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველო აღნიშნულ კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.

კონვენციის წინამდებარე საბავშვო გამოცემა ეძღვნება ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების ოცი წლისთავს.

 

მუხლი 1
ყველა ადამიანი, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი, ითვლება ბავშვად. 

მუხლი 2
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ყველა ბავშვის უფლება - რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად.

მუხლი 3
ყველა მოქმედების დროს, რომელიც ბავშვს ეხება, დაცული უნდა იყოს მისი ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის ინტერესების დაცვაზე.

მუხლი 4
სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბავშვთა უფლებების დასაცავად.

მუხლი 5
სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს.


მუხლი 6
ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე.

მუხლი 7
ბავშვს დაბადებისთანავე აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი, გვარი და მოქალაქეობა. ასევე უფლება აქვს, იზრდებოდეს მშობლების გარემოცვაში.

მუხლი 8
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და, საჭიროების შემთხვევაში, აღადგინოს ბავშვის პიროვნულობის გამომხატველი ძირითადი ნიშნები: სახელი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები.

მუხლი 9
ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და, მშობლების განცალკევების შემთხვევაში, ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, თუ ეს არ არის მისთვის საზიანო.

მუხლი 10
ბავშვსა და მის მშობლებს ყოველთვის შეუძლიათ დატოვონ და დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას, რათა ერთ ოჯახად იცხოვრონ.

მუხლი 11
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ქვეყნიდან ბავშვების არალეგალური გაყვანა.

მუხლი 12
ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომელიც მას ეხება.

მუხლი 13
ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის და გაზიარების უფლება, თუ ეს ინფორმაცია არ არის მისთვის ან სხვისთვის საზიანო.

მუხლი 14
სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვის აზრისა და რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს მას.

მუხლი 15
ბავშვს შეუძლია გაერთიანდეს ასოციაციაში ან მოაწყოს მშვიდობიანი შეკრება, თუ არ დაარღვევს სხვათა უფლებებს.

მუხლი 16
ბავშვს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

მუხლი 17
ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია მედიის საშუალებით, სახელმწიფომ კი მხარი უნდა დაუჭიროს მედიას ბავშვისთვის სასარგებლო ინფორმაციის გავრცელებაში.

მუხლი 18
მშობლები ვალდებულები არიან, ბავშვის აღზრდაზე იზრუნონ და, თუ ისინი მუშაობენ და დაკავებულები არიან, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მათ.

მუხლი 19
სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი მშობლის, მეურვის, ან ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ძალადობისაგან.

მუხლი 20
სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და შეუქმნას მათ ოჯახური გარემო.

მუხლი 21
ბავშვის გაშვილება უნდა მოხდეს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. უპირატესობა ენიჭება სამშობლოში გაშვილებას, თუმცა შესაძლებელია სხვა ქვეყანაში გაშვილებაც, თუ ეს ბავშვის ინტერესებშია.

მუხლი 22
სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს ლტოლვილ ან ლტოლვილობის სტატუსის მიღების მოსურნე ბავშვზე და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს მას მშობლების მოძებნაში.

მუხლი 23
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს, მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს ღირსეულად ცხოვრება. ასეთ ბავშვზე სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს.

მუხლი 24
ბავშვს აქვს უფლება, სარგებლობდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, სუფთა წყლით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. სახელმწიფო ვალდებულია შეამციროს ბავშვთა სიკვდილიანობა. მდიდარი ქვეყნები უნდა ეხმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს იმაში, რომ ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს.

მუხლი 25
სახელმწიფო ხშირად უნდა ამოწმებდეს იმ ბავშვის მდგომარეობას, რომელსაც მეურვე ზრდის.

მუხლი 26
სახელმწიფო უნდა დაეხმაროს იმ ბავშვებსა და ოჯახებს, რომელთაც ეს სჭირდებათ.

მუხლი 27
ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის. მშობლები ვალდებულები არიან, შეუქმნან შვილებს ცხოვრების ნორმალური დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მათ ამაში.

მუხლი 28
ბავშვს უფლება და ვალდებულება აქვს, უფასოდ მიიღოს დაწყებითი განათლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა. დისციპლინის მოთხოვნა სკოლაში უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ღირსებასა და ინტერესებს. მდიდარი ქვეყნები უნდა ეხმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს იმაში, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება.


მუხლი 29

განათლება მიმართული უნდა იყოს ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისაკენ. სკოლამ უნდა მოამზადოს ბავშვი სრულფასოვანი ცხოვრებისათვის, ასწავლოს მშობლების, თავისი და სხვა ქვეყნების კულტურისა და რელიგიის პატივისცემა.

მუხლი 30
სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს აქვთ უფლება, მშობლიურ ენაზე ილაპარაკონ და იცხოვრონ თავიანთი ტრადიციების შესაბამისად.


მუხლი 31

ბავშვს აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.

მუხლი 32
სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც მისთვის საზიანოა.

მუხლი 33
ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ნარკოტიკების მიღებისა და გავრცელებისაგან.

მუხლი 34
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი სექსუალური ძალადობისაგან.

მუხლი 35
სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბავშვის მოტაცება ან გაყიდვა.

მუხლი 36
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი ნებისმიერი იძულებითი ქმედებისაგან, რაც საზიანოა მისი განვითარებისათვის.

მუხლი 37
ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს წამებისა და უკანონო დაკავებისაგან. 18 წლამდე ასაკის მოზარდს არ შეიძლება დანაშაულისთვის შეეფარდოს სიკვდილით დასჯა და მუდმივი პატიმრობა. დაკავების შემთხვევაში ბავშვს უნდა ჰქონდეს კავშირი ოჯახთან და მას პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ.

მუხლი 38
15 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა იყვნენ სახედრო სამსახურში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ.

მუხლი 39
სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მკურნალობა, თუ იგი დაზარალდა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების, ან სასტიკი მოპყრობის დროს და იზრუნოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოების ნორმალურ წევრად.

მუხლი 40
ბავშვმა, რომელმაც კანონი დაარღვია, უნდა მიიღოს სამართლებრივი და სხვა სახის დახმარება. მისი დაპატიმრება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.

მუხლი 41
თუ სახელმწიფოში მოქმედი კანონები უკეთესად იცავს ბავშვს, ვიდრე ეს კონვენცია, მაშინ სახელმწიფოში მოქმედ კანონებს უპირატესობა ენიჭება.

მუხლი 42
სახელმწიფომ ეს კონვენცია უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს.

 


 

ტექსტის ინტერპრეტაციაზე მუშაობდნენ:

  1. ანა მესხიძე, თბილისის მე-11 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე
  2. მარიამ ბერიძე, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის მე-6კლასის მოსწავლე
  3. ნიკა ბახტაძე, ოზურგეთის მე-5 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე
  4. ბექა კარელიძე, გორის პირველი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე
  5. თამარ ხუხია, ოზურგეთი მე-2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე
  6. ბექა მეგრელიშვილი, თბილისი მე-14 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე
  7. გვანცა ვახტანგიშვილი, გორი პირველი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე

კონვენციის მუხლების ილუსტრირებაზე მუშაობდნენ:

  1. ლუკა ბურჯანაძე, მე-3 საჯარო სკოლა, მე-5 კლასი, წყალტუბო (მუხლი 2)
  2. ნათია ყარალაშვილი, გურამ ჭილაშვილის სახელობის მაწიმის საჯარო სკოლა, მე-7 კლასი, ლაგოდეხი (მუხლი 5)
  3. იესე კობალაძე, 24-ე საჯარო სკოლა, მე-8 კლასი, თბილისი (მუხლი 6)
  4. ტარიელ უტიაშვილი, მე-4 საჯარო სკოლა, მე-7 კლასი, გურჯაანი, (მუხლი 9)
  5. ნოდარ ქორთუა, პირველი საჯარო სკოლა, მე-9 კლასი, ზუგდიდი (მუხლი 11)
  6. სალომე მატარაძე, პირველი საჯარო სკოლა, მე-4 კლასი, წყალტუბო (მუხლი 1)
  7. მიხეილ გირკელიძე, მე-4 საჯარო სკოლა, მე-5 კლასი, ოზურგეთი (მუხლი 19)
  8. მარგო ჩალაჩავა, მე-4 საჯარო სკოლა, მე-8 კლასი, ზუგდიდი (მუხლი 27)
  9. ანი ჭეჭვაძე, მე-14 საჯარო სკოლა, მე-4 კლასი, თბილისი (მუხლი 2)
  10. ლიკა სადრაძე, მე-3 საჯარო სკოლა, მე-9 კლასი, ოზურგეთი (მუხლი 29)
  11. გიორგი კუხალაშვილი, მე-3 საჯარო სკოლა, მე-5 კლასი, წყალტუბო (მუხლი 31)
  12. ნიკოლოზ გარსევანიშვილი, მე-200 სკოლა-პანსიონი, მე-9 კლასი, თბილისი (მუხლი 32)
  13. მარიამ შენგელია, პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი, მე-9 კლასი, ზუგდიდი (მუხლი 33)
  14. გიორგი კუჭავა, მე-3 საჯარო სკოლა, მე-5 კლასი, წყალტუბო (მუხლი 3)
  15. ლაგოდეხის მე-3 საჯარო სკოლა, მე-6 კლასის მოსწავლეები

პროექტის კოორდინაცია განახორციელა: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა

 


 ბავშვის უფლებები
Kids.ge-ს რჩევები

არ შეზღუდოთ ბავშვის შესაძლებლობები

თქვენი პატარას მისია ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ასე რომ, როდესაც მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლება სათამაშოების მილაგება, მაგიდიდან თეფშის აღება და თავად ჩაცმა, ნება დართეთ და არ აუკრძალოთ. პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება ბავშვს ეხმარება თვითდამკვიდრებაში, ხოლო თქვენ მშვიდად ყოფნაში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დრუნჩა“
ნახატის ავტორი:
ელენიკო (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024