ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანის მზარდ მოთხოვნილებებს ადეკვატური პასუხი გასცა. დრო გადის და ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ იზრდება ადამიანის შესაძლებლობები. ინდივიდები აქტიურად იყენებენ ყველაზე პოპულარულ მედიასაშუალებებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, მიუხედავად მათი დადებითი და უარყოფითი ზემოქმედებისა ისინი პრაქტიკულად აღიქმება. ინტერნეტი, ტელეფონი, კომპიუტერი - ეს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჯაჭვს ქმნის, რომელიც ადამიანს სხვა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან ერთად ყოველდღიურად ესაჭიროება. ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება ამ ტექნოლოგიურ ფერხულში ჩაბმით იწყება და თითოეული ახალი გამოგონება მათთვის ახალი პოტენციალია, ახალი გზაა, რომელსაც ისინი აქტიურად იყენებენ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად.
ტექნოლოგიურ განვითარებას ყველა ქვეყანაში ერთნაირად არ შეუღწევია და მათი ჰუმანური განვითარებისა თუ სოციალურ-ეკონომიკური კუთხით დიფერენცირების საფუძველზე ჯერაც მსოფლიოს გარკვეული რეგიონებისთვის არ არსებობს მედია, როგორც საზოგადოების ინფორმაციის წყარო, ინტერნეტი და სხვა. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გასულ წლებთან შედარებით სოციალური მედიის, ინტერნეტისა და სხვა საკომუნიკაციო, შემეცნებითი თუ გასართობი ტიპის ტექნიკის გამოყენების მაჩვენებელი მოზარდებში ძალიანაა გაზრდილი. ამას აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, თუ რა უარყოფით შედეგს აძლევს მოზარდს ისეთი კომპეტენციების ადრეულ ასაკში დაუფლება, როგორებიცაა: მობილური, კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა. მოზარდები ტელევიზიით ხშირად აწყდებიან ძალადობის შემცველ ვიდეო და აუდიო მასალებს, პორნოგრაფიულ გამოსახულებებს, აგრესიის გამომწვევ სიუჟეტებსა და სერიალებს, რომლებიც პირდაპირ არასასურველად მოქმედებს, როგორც მათი კოგნიტური, ისე სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის. უმეტეს მედიასაშუალებასა თუ ინტერნეტში არ არსებობს ცენზურა, მინიშნება-რა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი ესა თუ ის მედიაპროდუქტი, გაფრთხილება, ეკრანს მოაცილონ გარკვეული მიზნობრივი ჯგუფი, რომლებზეც ფსიქოლოგიური გათვლით პროდუქტი გარკვეულ ცუდ ზემოქმედებას იქონიებს და ა.შ. მეცნიერთა და ამ საკითხით დაინტერესებულ ფსიქოლოგთა ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ვირტუალური ძალადობის, ანტისოციალური ქცევისა, თუ აგრესიის შემცველ ნებისმიერ ფილმს, ამბავს შეუძლია გავლენა მოახდინოს მოზარდის ქცევაზე და მას უბიძგოს იმავე ქცევის რეფლექსია გაითავისოს, შემდეგ კი პრაქტიკულად გამოიყენოს საკუთარ ცხოვრებაში. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ იმ ოჯახებში აღზრდილი ბავშვი, სადაც ოჯახის ნებისმიერი წევრი განიცდიდა ძალადობას ან უგულებელყოფას, თავადაც მოძალადის იმიჯით გვევლინება ზრდასრულობის პერიოდში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნახევრადპორნოგრაფიული და პორნოგრაფიული სერიალებისა თუ ფილმების გაშუქება ქართულ მედიასივრცეში ჩვეულებრივი მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება მოზარდის ცხოვრებაში ზრდის მის მიერ ძალადობის, გაუპატიურების მცდელობას, იწვევს სექსუალურ დაავადებებს, დაუგეგმავ ორსულობას და ა.შ. ბავშვები ხშირად იმეორებენ ნანახს, განაგონს, მით უმეტეს ეს მათი ცხოვრებისეული პირამიდის განუყოფელი ნაწილია. მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის სხვა საშუალებების ნეგატიური გამოვლინება აისახება განათლების დეფიციტზეც. მას შემდეგ რაც დადგა წიგნისა და კომპიუტერის თაობაზე იდეოლოგიური დაპირისპირების საკითხი, საზოგადოებამ კი არჩევანი კომპიუტერზე შეარჩია, ყოველივეს მოყვა ინტერნეტის არაკომპეტენტურად გამოყენება. მოზარდთა დიდი ნაწილი ინტერნეტს იყენებს გართობისა და სოციალური კავშირებისათვის, მათი ნაწილი კი შემეცნებითი კუთხით, რაც საბოლოო ჯამში ცუდ შედეგს იძლევა. განათლების დონეზე ასევე მოქმედებს ტელეფონსა თუ სხვა თანამედროვე ტექნიკაზე მიჯაჭვულობა, რაც იწვევს მეხსიერების დაქვეითებას.
მოზარდები ინტერნეტს ხშირად იყენებენ თავიანთი იდენტობის წარმოსაჩენად, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები შესაძლოა გაუთვალისწინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ხშირია იმიჯის შელახვა, უარყოფითი ზემოქმედების ამსახველი ნაბიჯები სხვა პოტენციური მომხმარებლებისაგან, რომელთაც ბოროტი გულისთქმა ამოძრავებთ. მედიის მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვა რისკთაგან აღსანიშნავია ონლაინ შევიწროვება, უძილობა, მედიარეკლამის გავლენით არასწორი არჩევნის გაკეთება, მშობლებისაგან გაქცევა და ნაადრევი ინდივიდუალიზმი, იდენტობის ცვლილება და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებში ჯერ კიდევ არსებობს ტრადიციულ აზროვნებას დაქვემდებარებული რიგი აკრძალვები, შვილებმა მეტი დრო დაუთმონ სწავლას და ნაკლებად იყოს დამოკიდებული კომპიუტერზე ან მედიაზე, მოდერნიზებულ ოჯახებში საპირისპირო ტენდენცია შეიმჩნევა, აღსანიშნავია, ასეთი ოჯახების მომრავლებაც. კონკრეტული მედიასაშუალებების საკუთარ დღის წესრიგში ჩაყენებას გავლენის სახე აქვს, რადგან სიახლე მუდამ იზიდავს ადამიანს. თანამედროვე ოჯახები ქსელურ ჯაჭვში არიან ჩაფლული, რომლის ყველაზე ნათელი გამოვლინება მედიისა და ინტერნეტის მოხმარების სიხშირეა.
იმ რისკებთან ერთად, რომლებიც მოზარდის ცხოვრებაში გარკვეულ პრობლემებს იწვევს, აღსანიშნავია, რომ სწორი და რაციონალური გამოყენების პირობებში მედია და ინტერნეტი მნიშვნელოვანი როლის მატარებელია საზოგადოების განვითარებისთვის. მულტიპლიკაციური ფილმებისა და სასიამოვნო შინაარსის შემცველი ვიდეო თუ აუდიო მასალები ბავშვის კოგნიტური და სოციალურ-ემოციური განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობია. ბავშვი მედიასთან სწორი რაკურსითა და ორიენტირებით ეუფლება ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა ინფორმაციის წვდომა, სხვადასხვა შინაარსისა და ჟღერადობის მქონე სანგებისა და სუბიექტების აღქმას, მათი აზრების გაგებას, შერჩევას და გამოყენებას, როგორც ცხოვრებისეული მაგალითი. ინტერნეტი მოზარდისათვის გართობის ერთერთი საშუალებაა და შემეცნების მნიშვნელოვანი წყაროა. ინტერნეტი ინახავს აურაცხელ ინფორმაციას, რომლის ცოდნა ზრდის ბავშვის ცნობიერებას და ეხმარება მას ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმასა და სირთულებზე გამკლავებაში. მშობლების მიერ შვილებთან დამყარებული ინფორმაცია სასურველია ეყრდნობოდეს ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა : მშობლის მიერ შვილის წახალისება (პირობითობის საფუძველზე, მაგ., მიეცემა შესაძლებლობა გამოიყენოს ინტერნეტი, თუკი ის წაიკითხავს წიგნს), ინფორმირება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა სოციალურ ქსელში წარმოჩენილი მისი იდენტობა, სხვა მომხმარებლების მიერ ცუდად იქნეს გამოყენებული, ზედამხედველობა და რჩევის მიცემა, თუ რომელი მედიასაშუალება ან ინტერნეტპროდუქტი მისცემს მას უფრო მეტ შესაძლებლობასა და პოზიტიურ შედეგს და სხვა. ვერსად გავექცევით კიბერტექნოლოგიებთან ურთიერთობებს, თუმცა აუცილებელია რეგულირება მობილური ტელეფონის გამოყენების სიხშირის, მედიაპროდუქტის შერჩევისა და აღქმის კუთხით, სოციალურ ქსელში რაციონალურად მოღვაწეობის და ა.შ.