ალბათ ყველას გვინახავს როდესაც ბავშვი ტირის, ყვირის, წვება იატაკზე, აბაკუნებს ფეხებს, ურტყამს სხვებს ან აზიანებს საკუთარ თავს, ამ გზით ბავშვი გამოხატავს პროტესტს ან ცდილობს სასურველის მიღებას.
რთულ ქცევას სხვადასხვა მიზეზი აქვს:
- ბავშვის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობამ, შიმშილმა, წყურვილმა, ზედმეტად მკვეთრმა სინათლემ, ხმაურმა.
- ზოგჯერ ბავშვები თავს მიტოვებულად გრძნობენ, აქვთ რაიმე ემოციური სირთულე.
- შესაძლებელია ბავშვს არ აქვს ასაკის შესაბამისი თვით-კონტროლის უნარები ჩამოყალიბებული. უჭირს ისწავლოს საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა ტირილის გარეშე, არ აქვს საკმარისად განვითარებული დალოდების უნარები , ჯერ არ იცის როგორ მოითხოვოს რაიმე წყნარად, თავაზიანად. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ბავშვი თავის სურვილებს გამოხატავს ქცევით, ტირილით, ყვირილით, დარტყმით და ა.შ.
- რთული ქცევა შეიძლება იყოს რაიმე დარღვევის ნაწილი. მეტყველების სირთულის დროს ბავშვს უჭირს სხვისი გაგება და საუბარი, საკუთარი სურვილების სიტყვებით გამოხატვა, შესაბამისად მიმართავს დარტყმასა და ტირილს. ასევე, ქცევითი სირთულეები შეიძლება იყოს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის თანმდევი.
აღსანიშნავია, რომ რთულ ქცევას ყოველთვის აქვს წინაპირობა და გარკვეულ კონტექსტში ვლინდება. მაგალითად, თუ ბავშვი მხოლოდ სათამაშო მოედანზე ურტყამს სხვას, რადგან უნდა მისი სათამაშო, ეს არ იქნება რაიმე განვითარების დარღვევა, მას უბრალოდ უჭირს თავისი სურვილების გამოხატვა მისაღები ფორმით.
რთული ქცევის მიზანი
ყურადღების მიღება. როდესაც ბავშვი "ცუდად" იქცევა ამ დროს მშობელი საყვედურობს, ტუქსავს. თუ ბავშვი ზოგადად ყურადღების ნაკლებობას განიცდის, რთული ქცევა მისთვის შეიძლება მშობლის ყურადღების მიღების ერთადერთი საშუალება იყოს.
გამომწვევი ქცევა. ამ დროს ბავშვები ცდილობენ აჩვენონ მშობლებს რომ ისინი არიან "უფროსები" და შეასრულებინონ თავიანთი მოთხოვნები. ასეთი ქცევით ბავშვი ცდილობს მნივნელოვნად იგრძნოს თავი.
თავის არიდება. მშობლებისაგან ზედმეტი მზრუნველობის გამო ბავშვი შეიძლება გახდეს უინიციატივო და უმწეო, ფიქრობდეს რომ არაფერი გამოუვა, შესაბამისად რთული ქცევით ეცადოს დავალების, რაიმე აქტივობის თავიდან არიდებას. მაგალითად, სკოლაში ბავშვი შეიძლება ცუდად მოიქცეს და მასწავლებელს აიძულოს კლასიდან მისი გაშვება, ამით კი თავიდან აირიდებს ცუდ შეფასებას, იმედგაცრუებას.
როგორ ვმართოთ ბავშვის ქცევა?
- ბავშვს ადრეული პერიოდიდან უნდა შევთავაზოთ ასაკის შესაბამისი ქცევის წესები, რა არის მისაღები და რა არა. ყოველთვის უნდა შევაქოთ როდესაც კარგად იქცევა, ან ცდილობს რაიმეს შესრულებას. შექებისას მნიშვენლოვანია აღვნიშნოთ კონკრეტულად რისთვის ვაქებთ. იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არღვევს წესებს, მაგალითად, ართმევს სხვას სათამაშოს, ამ დროს უარყოფითად ვაფასებთ მის ქცევას და არა ზოგადად ბავშვს.
- მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული რეჟიმი, ჭამის, თამაშის, ბაღში წასვლის დრო. ასე მას ეცოდინება რა ელოდება დღის განმავლობაში და თავიდან ავირიდებთ მოულოდნელობებს და იმედგაცრუებებს.
- ზოგჯერ ბავშვი დაჟინებით ითხოვს რაიმეს, ტირის, ყვირის, ფეხებს აბაკუნებს და ა.შ. ამ დროს უმჯობესია დავაიგნოროთ ბავშვის ქცევა. ვწყვეტთ თვალით კონტაქტს, არ ვსაყვედურობთ, ვარცხვენთ ან ვპირდებით რაიმეს ტირილის შეწყვეტის სანაცვლოდ. ამით მას ვასწავლით, რომ ასეთი ფორმით ვერ შეძლებს სასურველის მიღებას. როდესაც ბავშვი შეწყვეტს ტირილს, ვაქებთ, ვეფერებით და ვცდილობთ სხვა რაიმეზე გადავატანინოთ ყურადღება.
- ბავშვებზე დიდი გავლენა აქვს მშობლის ქცევის მოდელს. თუ მშობელს უჭირს ბრაზთან გამკლავება და მიუღებელი ფორმით გამოხატავს ემოციას, შესაბამისად დიდი შანსია ბავშვმაც სწორედ სასეთი სახის ქცევა ისწავლოს.
- ზოგჯერ მშობლებისათვის რთულია ბავშვის ქცევასთან გამკლავება. ამ დროს უმჯობესია მიმართოთ ფსიქოლოგს. რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ ბავშვთან საჭირო მუშაობას, მით უფრო მეტად ეფექტური იქნება შედეგი.