21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება, მათი უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე აქცენტის გაკეთებაა.
რა არის დაუნის სინდრომი?
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა. პირველად ეს სინდრომი მე-19 საუკუნეში აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯ. დაუნმა. ამ სინდრომის მქონე ბავშვები იბადებიან დამატებითი ქრომოსომით. მათ 46-ის ნაცვლად აქვთ 47 ქრომოსომა (21-ე ქრომოსომის ტრისომია). ყოველი 1000-800 ბავშვიდან 1 დაუნის სინდრომით იბადება. არ არსებობს განსხვავება სქესის მიხედვით, იგი თანაბარი შესაძლებლობით შეიძლება აღმოაჩნდეს როგორც ბიჭს, ასევე გოგოს.
რა იწვევს დაუნის სინდრომს?
დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის. როგორც წესი, განიხილავენ დედის ასაკს, გარემოს დაბინძურებას. დედის ასაკი მართლაც წარმოადგენს რისკ ფაქტორს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად უფრო მეტია დედების რაოდენობა, რომლებიც 35 წლამდე ასაკის არიან და ჰყავთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, დედებმა არ იგრძნონ თავი დამნაშავედ ან არ გახდნენ გაკიცხვის ობიექტები გარშემომყოფების მხრიდან.
რა ახასიათებს დაუნის სინდრომს?
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნები: თვალის ირიბი ჭრილი; ცხვირის ფართო, ჩაღრმავებული ხიდი, პატარა ცხვირი; სახის ბრტყელი პროფილი; მოკლე, ფართო ხელები; პატარა პირი; პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა; თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი; კუნთების დაბალი ტონუსი.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა თან სდევდეს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა, ამ სირთულეების დაძლევა დროული ჩარევითა და მკურნალობით შესაძლებელია.
დაუნის სინდრომს ახასიათებს სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენა. ბავშვებს შედარებით გვიან უვითარდებათ ახალი უნარები, მაგალითად, გვიან იწყებენ სიარულს, თამაშს, ძნელად ითვისებენ ყოველდღიურ ჩვევებს, აქვთ მეტყველების სირთულეები.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები არიან. შესაძლოა იოლად ეწყინოთ რაიმე, თუმცა, ძალიან ადვილია მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სინდრომს გააჩნია საერთო ნიშნები, თითოეული ბავშვი განსხვავდება ერთმანეთისაგან გარეგნობით, გონებრივი შესაძლებლობით, ინტერესებითა და ხასიათის თვისებებით. ყოველ მათგანს აქვს მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიჭი და უნარები.
როგორ დავეხმაროთ განვითარებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს?
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მუშაობას ადრეული ასაკიდან იწყებენ. აუცილებელია მათი ფსიქოლოგიური შეფასება, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გამოვლენა. მნიშვნელოვანია სწავლებისათვის შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება. ეფექტური შედეგი აქვს ბავშვთან სხვადასხვა სპეციალისტის - ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის და ა.შ. მუშაობას.
მათ უმეტესობას შეუძლია დაეუფლოს რაიმე პროფესიას, ხელობას. იმუშაოს, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი, იყოს თვითაქტუალიზებული და რაც მთავარია, თავს გრძნობდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად.დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან საბავშვო ბაღში, სკოლაში, სწავლობენ, ჰყავთ მეგობრები. თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად სწავლობენ წერას, კითხვას, მეტყველებას, იძენენ დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს.
რა უნდა გააკეთოს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელმა?
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ემოციებთან გამკლავებაში მხარდაჭერა სჭირდებათ. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპეციალისტის - ექიმების, ფსიქოლოგების და ა.შ. დახმარება. აუცილებელია მშობლისათვის დაუნის სინდრომის შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება, ქვეყანაში არსებული სერვისების მოძიებაში დახმარება, ბავშვთან მუშაობის საჭიროებაში დარწმუნება. რაც უფრო ადრე შეძლებენ მშობლები ბავშვის მდგომარეობის გაცნობიერებას და მის განვითარებაზე მუშაობის დაწყებას, მით უფრო ეფექტური იქნება მიღებული შედეგი.
რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სწორ დამოკიდებულას?
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები გულკეთილები, მეგობრულები, კეთილგანწყობილები არიან. მათ გააჩნიათ განსხვავებული ემოციები, მოსწონთ მეგობრული დამოკიდებულება და სწყინთ, როდესაც უარყოფენ, აბრაზებენ ან ცუდად ექცევიან.
სინამდვილეში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს სხვადასხვა გამოწვევებთან უწევთ გამკლავება. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ აზრი არ აქვს ამ ბავშვებთან მუშაობას, სწავლებას. ოჯახისთვის ზედმეტ ტვირთად განიხილავენ და ცდილობენ მათი გარშემომყოფებთან ურთიერთობის შეზღუდვას.
მეორე მხრივ, ადამიანების ნაწილი ზედმეტ ყურადღებას იჩენს მათ მიმართ, გამოხატავს შეცოდებას და ასეთი დამოკიდებულებით ისევ ხაზს უსვამს მათ განსხვავებულობას.
ამ სირთულეების გადაჭრა შესაძლებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, იმის გააზრებით, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრები არიან და თავიანთი პოტენციალის განვითარებისათვის მხარდაჭერა და სიყვარული სჭირდებათ.