ყავის დასალევად შევიკრიბეთ მეგობრები. ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე და მათ შორის ბავშვებზე, შვილებზე, როგორები არიან ისინი, ცელქები, ჭკვიანები, ჯიუტები, თუ დამჯერები
- ჩემი შვილი ისეთი ცელქია, ზოგჯერ მგონია, რომ სპეციალურად ჯიუტდება, რომ წყობიდან გამომიყვანოს.
- როცა ტელეფონზე ვლაპარაკობ, ზუსტად მაშინ ვეღარ ყოფენ სათამაშოებს და არის ერთი ამბავი...
- იმდენი ლექსი იცის, მაგრამ კლასის თანდასწრებით, ხმას არ იღებს.
- ღამე ძლივს ვაძინებ, სწორედ ძილის წინ იწყებს ხტუნვას და ოთახებში სირბილს, ზოგჯერ ტირის ან ყვირის, ითხოვს კომპიუტერის თამაშ ან ჭამას.
ზოგჯერ, ჩვენ ბევრს ვნერვიულობთ იმაზე, რომ ყველაფერი სტანდარტებში არ ჯდება, უდაო ჭეშმარიტებას თუ არ მიუახლოვდა ბავშვის ქცევა, ვიწყებთ განსჯას, გამოსავლის ძიებას. საკითხის მოგვარების მიზნით რა ხერხს არ მივმართავთ, ძალიან გვინდა იდეალს დავამსგავსოთ. იდეალური ქცევის ჩამოყალიბების გზაზე, ზოგჯერ ჩვენ თავად ვატყუებთ ბავშვებს, მაგალითად ოღონდ ეს წვნიანი, ჭამოს ბოლომდე და რას არ ეუბნება მშობელი : „არ შეჭამ და როცა გაიზრდები ლამაზი არ იქნები“, „ჭამე თორემ, პატრული წაგიყვანს“, „ჭამე და ისეთი სათამაშო უნდა გიყიდო, არნახული“... ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ფიზიოლოგიურ განვითარებაზე არანაკლები ემოციური განვითარებაა. რა არის ემოციური განვითარება? ემოციების გამოხატვა ადამიანის თანდაყოლილი უნარია, თუმცა გარემოსა და გარშემომყოფ ადამიანებზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ სტიმულს გაუშვებენ ბავშვისკენ და საპასუხოდ რომელ ემოციას გამოიწვევენ მისგან. შესაბამისად ჩვენ სიხშირის გრაფიკიც შეგვიძლია ავაგოთ დაკვირვების საფუძველზე, რომელ ემოციებს გამოხატავს ბავშვი ყველაზე ხშირად?
მაინც რომელი ემოციების გამოვლენას ვუწყობთ ხელს მთელი დღის მანძილზე, როგორი სტიმულების მიდის ჩვენგან? დღეს ბავშვმა გამოხატა შიში, სიხარული, სევდა, თუ ბრაზი - რა იყო ამის წინაპირობა ჩვენგან, რა გავაკეთეთ ისეთი, რომ მასში სიხარული გამოვიწვიეთ, რამდენჯერ გავახარეთ დღეს ბავშვი, გავაღიმეთ, გავაცინეთ, ბედნიერება განვაცდევინეთ.
- პრობლემა: ბავშვები ზოგჯერ იქცევიან „ცუდად“ უფროსის ყურადღების მიქცევის მიზნით. შეიძლება ჩვენ გამოგვრჩა მისი შექება იმ დროს, როცა ისედაც კარგად იქცეოდა - მშვიდად აწყობდა ფაზლს, ხატავდა ან თოჯინებს აცმევდა.
რეკომენდაცია: შეაქეთ ბავშვი, თუ კმაყოფილი ხართ მისი ქცევით, ნუ ჩათვლით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მისთვის ყურადღების მიქცევა დადებით ქცევასთან დააკავშირეთ, ეს თავიდან აგარიდებთ უარყოფითი ქცევისა და ყურადღების მიქცევის თანხვედრას მის გამოცდილებაში. - პრობლემა: ბავშვი სევდიანი გეჩვენებათ, ან აქვს შიშები, სიმორცხვე? ჩაკეტილია? ან პირიქით, ძალიან მოძრავია და დაუმორჩილებელი?
რეკომენდაცია: ხშირად შეუქმენით ისეთი სიტუაციები, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, გაიღიმოს, გააცინეთ და გამოიწვიეთ მასში ბედნიერების შეგრძნება. - პრობლემა: მთელი დღე ისე გავიდა, რომ ვერ მოიცალეთ დადებითი ემოციების გამოხატვისთვის და გაზიარებისთვის?
რეკომენდაცია: არც ახლაა გვიან, უმღერეთ ძილის წინ, მოუყევით ზღაპარი, ჩაეხუტეთ, აკოცეთ და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ.
ადეკვატური და არგუმენტირებული შექება პიროვნული ფაქტორების განვითარებას უწყობს ხელს, ბავშვებში ვითარდება თვითრწმენა, რაც თვითგამოხატვაში ეხმარებათ. ხშირი დადებითი ემოციების განცდა მათ ბედნიერს ხდის, ასევე უყალიბებს პოზიტიურ დამოკიდებულებას სხვადასხვა საქმიანობის მიმართ.