მშობლებისთვის ადვილია იმის გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური ზრდა და განვითარება. ჩვენ აშკარად შეგვიძლია იმის შემჩნევა, თუ როგორ იზრდებიან ჩვენი შვილები სიმაღლეში და როგორ სწავლობენ სიარულს, მაგრამ მაშინ როდესაც ისინი იწყებენ ჩვენთვის რაიმეს გაზიარებას ან იძენენ ახალ მეგობრებს, მსგავსი მოვლენები ჩვენგან უგულვებელყოფილი რჩება. სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობა ამას მაშინ აღმოაჩენს,როდესაც უკვე მათ ზრდასრულ შვილებს სოციალურ-ემოციური პრობლემები ექმნებათ და ყველაფრის გამოსწორება გაცილებით რთული ხდება.
ემოციური განვითარება გულისხმობს ბავშვის უნარს გაიგოს და აკონტროლოს შინაგანი ემოციები და ამავდროულად დააბალანსოს სოციალური ურთიერთობების ოჯახის წევრებთან და დანარჩენ ხალხთან.
ჯანსაღი სოციალური და ემოციური განვითარება ბავშვს საშუალებას აძლევს, რომ განავითაროს ურთიერთობები, ჰქონდეს ინიციატივის, აღმოჩენის, თამაშის და სწავლის უნარი. იყოს შეუპოვარი და ამავდროულად ყურადღებიანი, ჰქონდეს საკუთარი ქცევის რეგულირების და კონტროლის უნარი და განივითაროს ემოციური დიაპაზონი.
ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარება უმნიშვნელოვანესია მისი ადეკვატურობის განვითარებისთვის, ცხოვრების გაგებისთვის და ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლისთვის. სოციალურ-ემოციური განვითარება ემოციურ საკითხებზე სათანადო რეაგირებით ეხმარება ბავშვს იმის განსაზღვრაში, თუ ვინ გახდება ის მომავალში.
სოციალური უნარები არის ბავშვის შესაძლებლობები, რომლითაც ის ურთიერთობას ამყარებს და თამაშობს სხვებთან, ყურადღებას აქცევს უფროსებს და მასწავლებლებს და გონივრულად გადადის ერთი საქმიანობიდან მეორეზე.
ერიკ ერიკსონმა ჩამოაყალიბა სოციალურ-ემოციური განვითარების 8 სტადია, საიდანაც ჩვენ განვიხილავთ ბავშვობაში მიმდინარე პირველ 4 სტადიას.
პირველი სტადია: იმედი (0 - 2წ.) ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ
თუ ბავშვზე ზრუნავენ და უყვართ, მას გამოუმუშავდება ნდობისა და უსაფრთხოების განცდა სამყაროს მიმართ, ხოლო ცუდად მოპყრობის შემთხვევაში ეს განცდები იცვლება უნდობლობით და უიმედობით.
მეორე სტადია: სურვილი (18თვე - 4წ) ავტონომია სირცხვილის წინააღმდეგ
კარგად განვითარებული ბავშვი ამ ეტაპზე აღმოაჩენს კონტროლის ახალ მექანიზმებს და ამით ამაყია, ნაცვლად იმისა რომ დარცხვენილი იყოს. ამ ფსიქოლოგიური კრიზისის ადრეული ნიშნებია სიჯიუტე, ნეგატივიზმი და უარყოფა, თუმცა ეს სოციალურ-ემოციური განვითარების ნიშნებია. ბავშვი ცდილობს საკუთარი სხეულის და ქცევის კონტროლის მექანიზმების გამოყენებას და მშობლებმა ამაში ხელი უნდა შეუწყონ, რომ არ განვითარდეს სირცხვილის გრძნობა.
მესამე სტადია: მიზანი (3 - 6წ) ინიციატივა დანაშაულის წინააღმდეგ
ეს ფსიქოლოგიური კრიზისი ხდება ბავშვის „თამაშის ასაკში“, როცა ის სწავლობს წარმოიდგინოს და გააფართოვოს თავისი უნარები და ფანტაზიები სხადასხვა სახის თამაშებში. როცა სწავლობს სხვებთან თანამშრომლობას, წაუძღვეს სხვებს და ამავდროულად შეეძლოს, რომ დაემორჩილოს კიდეც მათ.
ბავშვის ინიციატივებს უფროსები უფრო მიმღებლობით უნდა შეხვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჩნდება დანაშაულის განცდა,რომელიც გამოიწვევს იმას, რომ ბავშვი იქნება მუდმივად უფროსებზე და სხვებზე დამოკიდებული. მისი ინიციატივები აღარ განხორციელდება,რაც ხელს შეუშლის თამაშის უნარებისა და ფანტაზიის განვითარებას.
მეოთხე ეტაპი: კომპეტენცია (6 - 12წ) შრომისმოყვარეობა არასრულფასოვნების გრძნობის წინააღმდეგ.
ეს არის ბავშვის განვითარებაში „სკოლის ასაკი“, როდესაც ის სწავლობს სხვებთან ურთიერთობას წესების მიხედვით. თავისუფალი თამაშის წესიდან ის გადადის სტრუქტურირებულ, წესებიან თამაშებზე,რომელიც მოითხოვს ფორმალურ,გუნდურ მუშაობას.
სხვადასხვა სასკოლო საგნების სწავლასთან ერთად ბავშვი სწავლობს თვით-დისციპლინის ჩამოყალიბებას.
კარგად განვითარებული ბავშვი სამყაროს მიმართ ნდობითაა განწყობილი, დამოუკიდებელია და სავსეა ინიციატივით. ასეთი ბავშვი უფრო ადვილად გახდება შრომისმოყვარე. რაც განაპირობებს იმას, რომ იგი სხვებს აღარ ჩამორჩება წერაში, კითხვაში და შესაბამისად არ გაუჩნდება არასრულფასოვნების გრძნობა. მაშინ, როცა სირცხვილით და დანაშაულის გრძნობით სავსე ბავშვი განიცდის დამარცხებისა და არასრულფასოვნების გრძნობას, რომელიც მის შემდგომ ცხოვრებაშიც უარყოფითად აისახება.