ADHD - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს:
- ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, გონებაგაფანტულობა);
- იმპულსურობას (უნებლიე ქცევის შეჩერებისა და გაკონტროლების სირთულე);
- ჰიპერაქტივობას (მოტორული მოუსვენრობა, მოძრაობათა სიჭარბე), რასაც ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.
თუ ბავშვს სკოლაში აქვს სწავლისა და კლასელებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის პრობლემები, თუ იგი ვერ ახერხებს კონცენტრაციას საკლასო ოთახში, არ ასრულებს და თავს არიდებს სამუშაოს - შესაძლოა, მას ჰქონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი.
ADHD-ს სინდრომში ერთიანდება 2 ჯგუფი:
- ყურადღების დეფიციტით ჰიპერაქტივობის გარეშე (აპათიური, მეოცნებე, ინერტული, მოდუნებული, ზანტი, მორცხვი ბავშვები სწავლის პრობლემებით)
- ყურადღების დეფიციტით,ჰიპერაქტივობით და იმპულსურობით (იმპულსურები, ზედმეტად აქტიურები, მოუსვენრები აგრესიული ქცევით)
ADHD-ის სიმპტომები ადრეული ბავშვობიდან ვლინდება. ჩვილობიდანვე ისინი ძალიან ჭირვეულები არიან და ხასიათდებიან ადვილად გაღიზიანებადობით, დაძაბულობით, უკმაყოფილებით, მომთხოვნელობით და მოუსვენარი ძილით. ასეთი ბავშვი 3 წლიდან უკვე რთული სამართავია, მაგრამ ADHD როგორც წესი მთელი სიმძაფრით სკოლის პერიოდში (7 წლის ასაკში) ვლინდება.
ADHD-ის ძირითადი მახასიათებლები:
- არ ამთავრებს დაწყებულს, ერთი დაუმთავრებელი ამოცანიდან მეორეზე ხტება;
- ხშირად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სხვებს არ უსმენს;
- ადვილად ეფანტება ყურადღება;
- უჭირს კონცენტრაცია ისეთ დავალებებზე, რომლებიც მის ინტერესს არ იწვევს, მაგ. საშინაო დავალება; მაშინ როდესაც, შეუძლია საათობით უყუროს ტელევიზორს, ან ითამაშოს კომპიუტერზე;
- ვერ ახერხებს სამუშაოს ორგანიზებას;
- ხშირად იცვლის საქმიანობას;
- უჭირს მითითების შესრულება;
- საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას;
- ხშირად კარგავს ნივთებს;
- არ შეუძლია ლოდინი;
- ვერ ემორჩილება განრიგს;
- უჭირს ერთ ადგილზე ჯდომა;
- ხელებსა და ფეხებს მოუსვენრად ამოძრავებს, ცქმუტავს სკამზე;
- ბევრს დარბის, მოუსვენრობს;
- უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება;
- ყოველთვის მზადაა გასაქცევად;
- ხშირად უმიზეზოდ ტოვებს მერხს, საკლასო ოთახს;
- მოქმედებს დაუფიქრებლად;
- ერევა ლაპარაკში და იჭრება სხვა ბავშვების თამაშის პროცესში;
- ხშირად გადაჭარბებულად ბევრს ლაპარაკობს;
- ერთვება ფიზიკურად საშიშ ქმედებებში და არ ფიქრობს შედეგებზე;
- ზოგ შემთხვევაში აგრესიულია და შემტევი.
ADHD-ის სიმპტომებს ახასიათებს სიტუაციურობა, რის გამოც მისი დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია.
ჰიპერაქტივობა ვლინდება შემდეგში:
- ჩამორჩენა აკადემიურ მოსწრებაში;
- პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
- დაბალი თვითშეფასება და უპატივცემულობა საკუთარი თავის მიმართ;
- ქცევის პრობლემები;
- ნეგატიური დამოკიდებულება მშობლებთან;
- ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებლებთან;
- აგრესიულობა.
ყურადღების დეფიციტი ვლინდება:
- თანატოლებთან შედარებით ყურადღების კონცენტრაციის უნარის ხანგრძლივობის სიმცირეში;
- ყურადღების შერჩევითობისა და ფოკუსირების დარღვევაში;
- სელექციური ყურადღების სიმწირეში, სტიმულების აღქმისა და გაგების შეზღუდულ უნარში;
- ხელისშემშლელი სტიმულისადმი ზედმეტად მგრძნობიარობაში;
- ყურადღების მიზანმიმართული გადატანის უნარის დაქვეითებაში.
იმპულსურობა ვლინდება:
- დავალებაზე პასუხის გაცემისას, შეჩერების და დაფიქრების უუნარობაში;
- საკუთარი ჯერის დალოდების უუნარობაში;
- თანმიმდევრული მოქმედების დაგეგმვისა და კონტროლის პრობლემებში;
- დაუფიქრებელ მოქმედებაში.
როგორ შეიძლება დავეხმაროთ ADHD-იან ბავშვს
პირველ რიგში უნდა მოხდეს ბავშვის შეფასება და მშობლის ინფორმირება, რათა მის მიმართ ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება. სპეციალისტები ჰიპერაქტიულ ბავშვებს ასწავლიან სოციალური უნარების ფლობას, საკუთარი თავის კონტროლს და მობილიზებას.
ADHD-ის მქონე ბავშვების უმრავლესობა მიისწრაფვის სხვებისთვის მოსაწონი ქცევისაკენ, დავალების წარმატებით დასრულებისაკენ, ამიტომ წინასწარ შეთანხმებული არავერბალური სიგნალი, შეიძლება, ძალიან სასარგებლო გამოდგეს დავალებასთან დასაბრუნებლად. დავალების დამთავრებისა და მითითების შესრულების შემთხვევაში, წახალისება სასარგებლოა ამ მიღწევების განმტკიცებაში. დადებითი განმტკიცება დროული და ხშირი უნდა იყოს. ADHD-ის მქონე ბავშვები არ რეაგირებენ გადავადებულ წახალისებასაზე.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წახალისება ყოველ 5-10 წუთშია საჭირო. დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის დღეში რამდენჯერმე, მოზრდილებისთვის – დღეში ერთხელ.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მათ დასახმარებლად არსებობს სხვა ხერხებიც:
- ბავშვისთვის მხოლოდ ერთ ან ორ-ნაბიჯიანი დავალების მიცემა.
- საშინაო დავალების მცირე დავალებებად დაყოფა (თითოეული პატარა დავალება მოწმდება ახალ დავალებაზე გადასვლამდე).
- ბავშვისათვის ჩვენება, თუ რა რაოდენობის დავალებების დასრულება შეუძლია წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში.
- ბავშვისათვის დღიურის წარმოებაში დახმარების აღმოჩენა.
- საშინაო დავალების რვეულში დღის განრიგის გეგმის სახით ჩამოწერა და მისი შემოწმების სწავლება.
სასწავლო გარემოს ფიზიკური მოწყობა ADHD-იანი ბავშვისთვის
- სასურველია დახურული ტიპის საკლასო ოთახები, სადაც ნაკლებად აღწევს ხმაური და სხვა გამღიზიანებელი სტიმული.
- სასურველია ბავშვი იჯდეს პირველ მერხზე, მასწავლებელთან ახლოს, კარებისა და ფანჯრებისგან მოშორებით.
- მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ გარე ხმაური და მხედველობითი გამღიზიანებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხდება ახალი მასალის მიწოდება.