kids.ge logo

მეშინია, ანუ პრობლემა სახელად შიში

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
ანა კუხაშვილი
ფსიქოლოგი, პედაგოგი

რთული დასაჯერებელია, რომ დედამიწაზე არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია. შიშზე  ადამიანები  მძაფრად რეაგირებენ, განსაკუთრებით მგრძნობიარენი კი ბავშვები არიან.

შიში არასასიამოვნო და შემაწუხებელი შეგრძნებაა. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს კონკრეტული საფრთხე, ან აბსტრაქტული შიში, რომელსაც არ აქვს რეალური საფუძველი. რაც შეეხება შიშის გრადაციებს, ის შეიძლება იყოს როგორც სრულიად უმნიშვნელო (მსუბუქი შფოთვა), ასევე ყოვლისმომცველი და იმდენად გამოუვალი, რომ ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

სპეციალისტები ბავშვთა შიშებს ორ ნაწილად ყოფენ - ასაკობრივი შიში და ნევროტული შიში. ასაკობრივია შიში, რომელიც გარკვეულ ასაკამდე ბუნებრივად ითვლება. ამ ტიპის შიში, როგორც წესი, ასაკთან ერთად ქრება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ვერ ხდება მათი გადალახვა. პირიქით,  შიში მძაფრდება, შედეგად კი ნევროტული შიში ყალიბდება. ნევროტული შიშის გამომწვევია ასევე ტრავმის გადატანა (ძაღლის კბენა, ბნელ ოთახში მარტო დარჩენა) და  მშობლის მიერ ბავშვის დაშინებაც (გუდიანი კაცი, დევი, ცუდი ბიძია, ბავშვთა სახლში დატოვება).

ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული შიშებია -  უცნაური ხმებისა და ზოგადად ხმაურის შიში, უცნობი ადამიანები, სიბნელე, ჩრდილები, მარტოობა, ექიმები, მწერები, ქვეწარმავლები, ასევე შესაძლოა შიშის გამომწვევი მიზეზი იყოს ერთი შეხედვით უწყინარი ობიექტი: კლოუნი, ჩიტები, სათამაშოები,  სხვადასხვა გმირის ფორმაში გადაცმული ადამიანები და ა.შ.

 

შიში და ასაკი

შეშინებული პატარა ბავშვიცხოვრების პირველი წლისათვის დამახასიათებელია დედასთან განშორების, უცხო ხალხისა და უცხო გარემოცვის შიში. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში აუცილებელია ბავშვმა მაქსიმალურად იგრძნოს დედის სიახლოვე. თუ დედამ, ამ ასაკში, ბავშვის ტირილზე შესაბამისი რეაქცია არ გამოავლინა (ბავშვის ხელში აყვანა, მოფერება, კოცნა) ბავშვს უარყოფის, უნდობლობისა და დაუცველობის შეგრძნება იპყრობს.

1-3 წლის ასაკში დამახასიათებელია სიბნელის, მარტო დარჩენის შიში, ზღაპრული, მითიური არსებების (გნომები, ელფები, ჯინი) შიში, ასევე ექიმების, ნემსის გაკეთების შიში.

3-5 წლის ასაკში ვხვდებით მარტოობის, სიბნელის, დახურული სივრცის შიშს. არის შემთხვევები, როდესაც ამ ასაკში უფრო ღრმავდება ზღაპრული, მითიური არსებების შიში.

5-7 წლის ასაკში ჩნდება სიკვდილის შიში, დასჯის შიში, ცხოველების შიში, და ასევე ხშირად გვხვდება სტიქიური უბედურებების შიში (ხანძრის, წყალდიდობის, მიწისძვრის შიში.)

უმცროს სასკოლო ასაკში (7-11 წელი) შიშის ძირითადი გამომწვევი მიზეზია სკოლა. ამ პერიოდში ბავშვებში მთავარი დაძაბულობის გამომწვევია დაბალი ქულების, შეცდომების დაშვების  შიში.

 

შიშის მიზეზები

ფსიქოლოგებმა გამოყვეს შიშის გამომწვევი რამოდენიმე მიზეზი:

  • წაბაძვა - როდესაც ბავშვის შიშის მიზეზი უფროსის შიშია. საკმარისია, ბავშვმა შეამჩნიოს, რომ დედა აფორიაქებულია, მასაც მომენტალურად შიშის განცდა ეუფლება.
  • დაშინება (ნევროტული შიში)- როდესაც გარშემომყოფები ბავშვებისგან  სასურველი ქცევის მიღებას გუდიანების, ცუდ ბიძიების, დევების, პოლიციელების „დახმარებით“ ცდილობენ. მსგავსი მიდგომა ბავშვისათვის სერიოზული შფოთვის საბაბი შეიძლება გახდეს.
  • ჰიპერმზრუნველობა - როდესაც ზედმეტად ფრთხილი მშობელი უამრავ აკრძალვას უწესებს შვილს, საპასუხოდ, ბავშვი ზედმეტად ფრთხილი და უუნარო ხდება. საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ ბავშვს მარტივ ცხოვრებისეულ სირთულესთანაც კი უჭირს გამკლავება.
  • რეალური ტრავმა, მძაფრი ფსიქიკური განცდა (ნევროტული შიში)- ეს მდგომარეობა, საფრთხის გავლის, მწვავე სიტუაციის გადატანის შემდეგაც იჩენს თავს. შედეგად კი სახეზე გვაქვს წყლის შიში, სიბნელის შიში, დახურული სივრცის შიში, ქვეწარმავლის შიში და ა.შ.
  • ოჯახში არსებული აღზრდის სტილი და ურთიერთობები - ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დიდწილად განსაზღვრულია ოჯახური ურთიერთობებით, თუ აქტუალურია აღზრდის ე.წ. ტირანული, დესპოტური სახე, ეს ბავშვის სიღრმისეულ, ბაზისურ გრძნობებზე აისახება და შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიადაც ჩამოყალიბდეს.
  • სიკვდილის ან ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიში - როდესაც ბავშვი შეიტყობს სიცოცხლის გარდაუვალი დასრულების შესახებ, მას თითქმის ყოველთვის უჩნდება ამ ამოუცნობი და იდუმალი აქტის მიმართ შიშის შეგრძნება.

 

შიშის დაძლევა არ არის მარტივი პროცესი.  თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევები, რომელიც ბავშვების მდგომარეობას და მის განწყობებს შესამჩნევად აუმჯობესებს.  ეცადეთ, ოჯახში იყოს მშვიდი და სტაბილური სიტუაცია, ხმაურისა და დაძაბულობების გარეშე. საჭიროა, რომ ბავშვები მშობლების მხრიდან ყოველთვის გრძნობდენენ სითბოსა და მხარდაჭერას. მოერიდეთ, ბავშვებთან მუქარისა და დაშინების ტონით საუბარს, ეცადეთ მკაფიოდ აუხსნათ რას და რატომ ითხოვთ, გაეცით მის კითხვებს პასუხები და სასურველ ქცევას ბევრად მარტივად მიიღებთ.

საბოლოოდ კი, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შიში თავდაცვითი რეაქციის გამომწვევი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომლის გარეშეც უსაფრთხოების დაცვა და ჯანმრთელობის შენარჩუნება უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. 

 


 ფსიქოლოგია
Kids.ge-ს რჩევები

ქცევები გონივრულად შეაფასეთ

ბავშვები შეიძლება დაიღალონ და ვერ შეითვისონ ბევრი წესი. არ ეკამათოთ მათ პატარა თემებზე, როგორიცაა ჩაცმის სტილი და ლაპარაკის უცნაური მანერა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც მნიშვნელოვანია - ცემა, უხეში საუბარი თუ ტყუილი.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ფისუნია მუსი“
ნახატის ავტორი:
გაბრიელი (8 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024