kids.ge logo

როდესაც ჩემი შვილი სხვას ურტყამს - 5 წესი მშობლებისათვის

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
თათია გურგენიძე
ბავშვთა ფსიქოლოგი. kids.ge-ს ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის ფსიქოლოგი

ზოგჯერ ბავშვები ავლენენ აგრესიულ ქცევას. შეიძლება შეგვიმჩნევია სათამაშო მოედანზე ან  მიგვიღია საყვედური საბავშვო ბაღის აღმზრდელისაგან, რომ  ჩვენი შვილი არტყამს თანატოლს, აყენებს რაიმე ფიზიკურ ზიანს. დარტყმის მიზეზი ხშირად რაიმე გამღიზიანებელზე პასუხია, ან შესაძლოა ბავშვი ამოწმებს რა რეაქცია ექნებათ გარშემომყოფებს მის ამ ქცევაზე.

რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა? ეს სერიოზული გამოწვევაა, რადგან პირველი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში შეიძლება იყოს  მკაცრად მოქცევის სურვილი. ყვირილს, შენიშვნის მიცემას, დასჯასა და ზოგჯერ დარტყმასაც კი შესაძლოა ჰქონდეს მომენტალური ეფექტი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვმა შეწყვიტოს აგრესიული ქცევა, თუმცა, ასეთ მიდგომას არ აქვს გრძელვადიანი შედეგი, პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება.

როდესაც ბავშვი ურტყამს თანატოლს, უნდა დავფიქრდეთ რატომ. ის უბრალოდ ცუდად არ იქცევა, შესაძლოა უჭირს ურთიერთობების დამყარება, არ იცის როგორ გადაჭრას პრობლემა. მხოლოდ საყვედური და მოწოდება, რომ დარტყმა ცუდია ნაკლებ შედეგიანია, ბავშვმა ისიც უნდა იცოდეს, რა გააკეთოს სანაცვლოდ. იმისათვის რომ შევცვალოთ ბავშვის ქცევა, მას უნდა ვასწავლოთ რა გააკეთოს დარტყმის ნაცვლად.

1. შეაჩერეთ ბავშვის აგრესიული ქცევა. მოაცილეთ  სიტუაციას ან დაუკავეთ ხელები. მტკიცე ტონით უთხარით  "გაჩერდი, შეწყვიტე", თუმცა, არ გამოავლინოთ აგრესია არც სიტყვიერად და არც ქცევით.

2. გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები. როდესაც ბავშვს ვუბრაზდებით, ამით  ჩვენ თვითონვე ვაძლევთ უარყოფითი ქცევის მაგალითს. ყვირილითა და დარტყმით მას ვასწავლით, რომ გაბრაზებისას შესაძლებელია და ნორმალურია  ასე მოქცევა.

მეორე მხრივ, შესაძლებელია ბავშვი ცუდად ჩვენი ყურადღების მისაქცევად იქცევა. თუ გავუბრაზდებით, ამით მისი მიზანი შესრულდება, ისწავლის, რომ აგრესიული ქცევით ყოველთვის მიიქცევს მშობლების ყურადღებას.

3. გაარკვიეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი. აუხსენით, რატომ არის ცუდი დარტყმა. ზოგჯერ ბავშვები ურტყამენ სხვებს იმიტომ, რომ გაბრაზებულები ან იმედგაცრუებულები არიან. დაეხმარეთ ბავშვს, გაერკვეს თავის ემოციებში და შეძლოს მათი სახელდება. ასწავლეთ, რომ ნორმალურია თუ თავს გაბრაზებულად, სულელურად ან იმედგაცრუებულად გრძნობს, მაგრამ სხვისთვის დარტყმა არ არის მისაღები. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვმა გაიაზროს თუ რა გავლენას ახდენს თავისი ქცევით სხვაზე. მაგალითად: "მე არ მომეწონა, რომ შენს მეგობარს დაარტყი. ვიცი, გაბრაზდი, ეს ნორმალურია, მაგრამ დარტყმა არ არის სწორი, თუ დაარტყამ, მას ეტკინება".

4. ასწავლეთ ბავშვს როგორ მოიქცეს, მიეცით თქვენი ქცევის მოდელი.  განიხილეთ მისთვის პრობლემური სიტუაციები. აუხსენით, თამაშისას უფრო ნაზად შეეხოს თანატოლებს, ისწავლოს რაიმეს თხოვნა :"გთხოვ, მომეცი სათამაშო". აუხსენით, რომ ყოველთვის შეუძლია ითხოვოს დახმარება, ამით გარკვეულწილად ავარიდებთ იმედგაცრუების გრძნობას. ასწავლეთ, რომ ნორმალურია, თუ უარს იტყვის იმ თანატოლებთან ან უფროსებთან ურთიერთობაზე, რომლებიც აწუხებენ.

მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს საკუთარი სურვილების და ინტერესების დაცვა. ბავშვთან ერთად იფიქრეთ და ისაუბრეთ, რა შეიძლება გააკეთოთ დარტყმის ნაცვლად? ასწავლეთ ბავშვს  სიტყვიერად გამოხატოს ბრაზი, მოითხოვოს მისთვის სასურველი ან უარი თქვას იმაზე რაც არ მოსწონს. იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებს სიტუაციასთან გამკლავებას, აუცილებლად მიმართოს უფროსს დახმარებისათვის.

5.  როდესაც ბავშვი კარგად იქცევა, შეაქეთ დაუყოლებლივ. ყოველთვის შეაქეთ ბავშვი, როდესაც სწორად მოიქცევა ან ექნება ამის მცდელობა. მაგალითად, თუ ბავშვი დარტყმის ნაცვლად, გამოიყენებს სიტყვებს: "გთხოვ, მომეცი მანქანა", შეაქეთ მაშინვე. გამოხატეთ აღტაცება: "ყოჩაღ, მომეწონა, მაგარია, რომ სიტყვები გამოიყენე და სთხოვე სათამაშო შენს მეგობარს".

აღნიშნული 5 წესი დაგეხმარებათ ბავშვის ქცევის შეცვლაში. თუმცა, ზოგჯერ ბავშვის აგრესიული ქცევა გრძელდება და უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ამ შემთხვევაში აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი ჩაერთოს სწავლების პროცესში, შეთანხმდნენ წესებზე და გამოიყენონ ქცევის მართვის ერთნაირი სტრატეგიები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ ბავშვის განვითარებაზე ზრუნვას, მით უფრო ეფექტური იქნება მიღებული შედეგი.


 ფსიქოლოგიაგანვითარებააგრესია
Kids.ge-ს რჩევები

არ გააფუჭოთ ბავშვი

დაიმახსოვრეთ: ყველა ბავშვი ძვირფასია, მაგრამ არა სამყაროს ცენტრი. გაზარდეთ იგი შესაბამისად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„დათუნია“
ნახატის ავტორი:
გიორგი გვარმიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024