kids.ge logo

მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
აზა მდინარაძე
პედაგოგი, საბავშვო ავტორი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება, ე.ი. მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, ხოლო როცა ასეთივე უბრალო მიზეზით თანამშრომლებთან ჩხუბობს - მაშინ ოჯახში აქვს პრობლემა. სავსებით შესაძლებელია, ასე იქცეოდნენ ბავშვებიც - როცა მოსწავლე სკოლაში თანატოლებს აგრესიულად ექცევა, მას შინ, ან იმ ეზოში, სადაც თამაშობს ხოლმე, შეიძლება, ვინმე ჩაგრავდეს, ბავშვი კი მის მიმართ მოზღვავებულ და შეკავებულ აგრესიას (რადგან მას ვერ მოერია) სკოლაში, თანაკლასელებთან ავლენდეს.

მასწავლებლებსა და მშობლებს ისღა დაგვრჩენია, ბავშვის ნდობის მოპოვებით, მეგობრული საუბრებით დავადგინოთ აგრესიის მიზეზი და მოზარდს პრობლემის გადაჭრაში დავეხმაროთ.

ერთხელ შევამჩნიე, რომ ჩემი მოსწავლე (რომელსაც ამ სტატიაში გიგას დავარქმევ) უბრალო მიზეზის გამო თანატოლებს დაუნდობლად სცემდა. ბავშვთან საუბარში მიზეზს ვერ მივაგენი,  დედას დავუკავშირდი და ვკითხე: ოჯახში, ან მეზობლებს შორის გიგას ვინმე ზედმეტად მკაცრად ხომ არ ექცევა-მეთქი?

დედამისმა იუარა: გიგა ოჯახის ნებიერაა და უბატონოდ ხმას არავინ სცემსო.

რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვის დედამ აღელვებულმა დამირეკა და მითხრა:  „იცით, დღეს გიგა მეზობლის დიდ ბიჭთან იყო სათამაშოდ  გადასული, იქ მივაკითხე. სასტუმრო ოთახში სწორედ იმ დროს შევედი, როცა მეზობლის ქალი თავის შვილს უყვიროდა: რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ სცემ ამ პატარა ბავშვსო!  გიგა კი წყნარად იდგა.  თქვენ მართალი იყავით, მეზობლის დიდი ბიჭი თურმე ხშირად ურტყამდა ბავშვს, ის კი, რადგან ახლომახლო სხვა გამრთობი არავინ ჰყავდა, ჩვენ არაფერს გვეუბნებოდა, რადგან ეშინოდა, რომ მასთან სათამაშოდ აღარ გავუშვებდითო.“

ჩემს პრაქტიკაში ხშირად აღმოჩენილა ხოლმე, რომ სკოლაში აგრესიითა და სხვების მიმართ დაუნდობლობით ცნობილი ბავშვების ოჯახებში მათზე ძალადობდნენ - მათ სცემდნენ ძმები, მამები, დედებიც კი. ჩემი ერთ-ერთი აგრესიული მოსწავლის ქცევის კვლევისას აღმოვაჩინე, რომ თურმე დედამისს ერთი ჯოხი უკვე დაემტვრია მისი ცემის დროს და ახლა მეორეს ხმარობდა.

ხანდახან ბავშვები მძიმე ოჯახური სცენების მოწმეებიც ხდებიან - როცა ძალადობის მსხვერპლი მათი დედაა. ბავშვები მძიმედ განიცდიან საკუთარი და ოჯახის წევრის ღირსების შელახვას და მოძალადის მიმართ დაგროვილ აგრესიას თანატოლებში ავლენენ. თუ ამაზე რეაგირება მხოლოდ შეგონებებით ამოიწურა და სიტუაციის გამოსასწორებლად არაფერი გაკეთდა, დროთა განმავლობაში მოზარდი შეიძლება დამნაშავედაც ჩამოყალიბდეს.

აგრესიულ ბავშვებთან ურთიერთობა დიდ მოთმინებასა და სიყვარულზე უნდა ავაგოთ. მათ უნდა იგრძნონ, რომ ჩვენი მხრიდან დასჯა, ყვირილი, ჩხუბი და ძალადობა კი არ დაუპირისპირდებათ, არამედ მეგობრობა, ურთიერთგაგება და სიყვარული დახვდებათ.

„მე ვიცი, რომ შენ (ვინმეს) რაიმეს ტკენას არ უპირებდი, რომ ძალიან გაბრაზდი (დაიბენი, სხვა რამეზე ფიქრობდი) და ისიც ვიცი, რომ ახლა გირჩევნია, რაც ჩაიდინე, ეს არ გაგეკეთებინა“ - მსგავსი ფრაზებით შეიძლება ვაგრძნობინოთ, რომ მისი საქციელის გაგება გვინდა, რომ გვიყვარს იგი და მის მხარეს ვართ.

ხშირად ბავშვს, განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკის პატარას, ზომიერი მოფერებაც ჩვენ მიმართ დიდი ნდობით განაწყობს (რაც ფამილარობაში არ უნდა აგვერიოს). რადგან აგრესიული ბავშვების საქციელი ხშირად იმის შედეგიცაა, რომ ოჯახში მათთვის არ სცალიათ, მათ მიმართ საკმარის სითბოს არ ან ვერ გამოხატავენ და ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ (რომელიმე მშობელი საზღვარგარეთაა წასული, ან ახლადშეძენილი ძმის ან დის გამო  ბავშვს დედის ყურადღება მოაკლდა, ან მშობელი ძალიან ავადაა და მისთ.).

ასეთ შემთხვევაში უფროსის მხრიდან მეგობრული ჟესტები (მაგ. მხარზე ხელის დადება), თბილი საუბრები და მიმართვები, ხანდახან  (შედარებით პატარებთან)  გულში ჩაკვრაც კი  საოცარ შედეგს გამოიღებს. აგრესიულობა დაცხრება და ბავშვი თანდათან დაგიმეგობრდებათ.

ანდრო (სახელი შეცვლილია), ჩემს სადამრიგებლო კლასში რომ გადმოვიდა, ყოველდღე ჩხუბობდა. მოსწავლეები შემომჩიოდნენ, რომ ერთს შეაგინა, მეორეს წიხლი ამოარტყა, მესამეს გამოქანებული დაეტაკა და წააქცია და მისთ.

ანდროსთან შეგონებები არ ჭრიდა. როცა ოჯახში დავრეკე, ბავშვის მამიდამ მიპასუხა. ამიხსნა, რომ ბიჭუნას სასკოლო საქმეებს დროებით ის აკონტროლებდა, რადგან დედას ჩვილი და საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებიც ჰყავდა მოსავლელი. მოგვიანებით ანდროს დედამაც დამირეკა, შვილის საქციელით ძალიან შეწუხებული იყო. მამიდა და დედა დამპირდნენ, რომ ბავშვს დაემუქრებოდნენ, რომ თუ უკეთ არ მოიქცეოდა, ყველაფერს მამამისს ეტყოდნენ, რომლისაც ბიჭს ძალიან ეშინოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შინაურების მუქარამ ერთი-ორი დღე გაჭრა, მესამე დღეს ანდრო ისევ აირია.

ერთხელაც,  დიდ შესვენებაზე დავუძახე და ახალშობილ ძმაზე რაღაცები ვკითხე. ბავშვი ძმაზე სიყვარულით ალაპარაკდა, მაგრამ ისიც მაგრძნობინა, რომ დედა ძალიან იყო დაკავებული მისი და მისი უმცროსი დის აღზრდით. თხრობისას ბავშვმა უმცროსი და-ძმის მისამართით ისიც ახსენა, რომ „ყველა მათ ეფერებოდა“.

შემდეგი დღეების მანძილზე ანდროს დიდ დასვენებებზე ჩემთან ვეძახდი, სკამიდან არ ვდგებოდი, რომ ჩემი მზერა მის თვალებს თანაბარ სიმაღლეზე შეხვედროდა, რათა ბავშვს თავი თანასწორუფლებიან მოსაუბრედ ეგრძნო, ხშირად მხარზე ხელს ვადებდი და ვაყოლინებდი, როგორ გაატარა გუშინდელი საღამო, როგორი გახდა მისი ძამიკო.

ბავშვი სიამოვნებით ყვებოდა მართლაც საინტერესო ამბებს და უხაროდა, რომ ვუსმენდი და მაინტერესებდა მისი ცხოვრების დეტალები. ხანდახან ჩემს აზრს ან ჩემი ცხოვრებიდან მსგავს მაგალითსაც ჩავურთავდი ხოლმე და საუბარი იმდენად საინტერესო გამოგვდიოდა, სხვა მოსწავლეებიც მოდიოდნენ და გვისმენდნენ ხოლმე.

სულ მალე ანდროს აგრესია სადღაც გაქრა. დილით სკოლაში მისულს ბიჭი მხიარული შეძახილით მესალმებოდა, ხელებს გაშლიდა და ბავშვური გულწრფელობით ჩამეხუტებოდა ხოლმე. ასეთი საქციელი პატარების მასწავლებლებისთვის უცხო არაა, მაგრამ ანდროს ზნე რომ ასე რადიკალურად შეიცვალა, მე ეს მიხაროდა.

ის მოსიყვარულე და მოწესრიგებული მოსწავლე გახდა. მე კი მისი სიყვარულით სავსე ღიმილი მთელი ცხოვრების მანძილზე გამამხნევებს.


 ფსიქოლოგიააგრესია
Kids.ge-ს რჩევები

შექმენით განსაკუთრებული მოგონებები

შესაძლოა, თქვენს შვილებს არ ახსოვდეთ თქვენი დარიგებები, თუმცა, მათ ემახსოვრებათ საერთო ოჯახური ტრადიციები - ძილის დრო თუ ღამის თამაშები.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„გაზაფხული“
ნახატის ავტორი:
ნოდარი მერაბიშვილი (3 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024