მოდით გავერკვეთ რას წარმოადგენს და რა საჭიროა ფონემატური სმენა.
ფონემა - [ბერძ. phōnēma] – (ლინგვ.). სამეტყველო ბგერა, როგორც ამა თუ იმ ენის ფონეტიკური სისტემის შემადგენელი ბგერითი ერთეული. ყველა ენას აქვს ფონემათა გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ერთმანეთისაგან აკუსტიკური ნიშნებით განსხვავდებიან და გამოიყენებიან სიტყვათა გასარჩევად.
ფონემატური აღქმა - სპეციალური გონებრივი მოქმედებები, ფონემათა განსხვავებისათვის და სიტყვათა სტრუქტურის დასადგენად.
ფონემატური სმენა - ფონემათა ანუ სამეტყველო ბგერათა სმენითი აღქმის უნარი.
მას დიდი მნიშვნელობა აქვს ენის ბგერითი მხარის გარკვევისა და ათვისებისათვის.
მეტყველების დაწყებისას პატარებს ჯერ კიდევ არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული ფონემატური სმენა, ამიტომ უჭირთ სწორი და არასწორი ფონემების გარკვევა სიტყვებში, ბავშვის მეტყველება არის სახალისო მოსასმენი, „საკალელი“, მაგრამ პატარა იზრდება, ვითარდება და ყველაფერთან ერთად ხდება მისი ფონემატური სმენის განვითარებაც. ეს ხდება სასურველი სამეტყველო გარემოს არსებობის პირობებში - როდესაც უფროსები, რომელთა მიბაძვითაც პატარა ლაპარაკს სწავლობს ესაუბრებიან გამართულად, მარტივად, უკითხავენ მარტივ მოთხრობებს, ზღაპრებს, ასწავლიან ასაკის შესაბამის ლექსებს. თანდათანობით პატარა ეუფლება სწორ-გამართულ მეტყველებას.
4 წლის ასაკში ბავშვი უკვე უნდა გამოთქვამდეს ყველა ბგერას გამართულად, გამონაკლისია [რ]-[ლ] ბგერები. 5 წლიდან კი ყველა ბგერა უნდა იყოს აბსოლიტურად სუფთა და სწორი. დაუშვებელია მსგავსი ფონემების არევა მაგ: ს-შ; ჟ-შ;გ-დ კ-ყ; ქ-თ და ა.შ.
ფონემატური სმენის დაქვეითება იწვევს ბგერათა წარმოთქმის სპეციფიკურ დარღვევებს. ლოგოპედიური მუშაობის დროს ბგერის მიღებისა და ჩამაგრების პროცესში აუცილებლად მიდის მუშაობა ფონემატური სმენის განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინა სასკოლო ასაკს, როდესაც ბავშვი ფონემატური სმენის დარღვევით მიდის სკოლაში ეს იწვევს სიძნელეებს წერა-კითხვის დაუფლების პროცესში, რაც გამოიხატება იმაში, რომ სიტყვების კითხვის მომენტში ურევს ბგერების სახელებს,ტოვებს ასოებს ან აკლებს სიტყვის ბოლოებს და ვერ ამჩნევს ამას, რადგან მას არ შესწევს უნარი შეაფასოს საკუთარი მეტყველება. ასეთი ბავშვები წერენ ისე, როგორც მეტყველებენ. წერა-კითხვის სწავლების პროცესი ხომ მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის უნარზე გააანალიზოს ყოველი ბგერა სიტყვაში,განასხვაოს იგი სხვა ბგერებისაგან.
თუ აღნიშნული ნაკლის აღმოჩენის მომენტშივე არ იქნა საჭირო ზომები მიღებული შესაძლებელია ლოგოპედიურ პრობლემებს დაემატოს ფსიქოლოგიური პრობლემები ( ხშირად მიღებული შენიშვნების ,მასწავლებლისაგან ”ღიმილაკების” ვერ დამსახურების ან მეგობრების დაცინვის გამო) და რამდენიმე ხნის შემდეგ პატარამ უბრალოდ განაცხადოს ”არ წავალ სკოლაში!” ამ პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია ლოგოპედთან დროული კონსულტაციის გავლით.
თქვენი შვილის ფონემატური სმენა შეგიძლიათ შეაფასოთ თქვენ თვითონვე. სთხოვეთ ბავშვს გაიმეოროს:
სა-ზა; სო-ზო; სუ-ზუ;
ცა-ძა; ცე-ძე; ცი ძი....
ბა-პა; პა-ბა; ბე-პე; პე-ბე...
კა-გა ; გა-კა; გი-კი; კუ--გუ;
სა_შა; შა-სა; შე-სე; სო-შო;
და-ტა; ტა-და; დო-ტო ტო-დო.......
ან უფრო რთული ვარიანტი
აჩვენეთ სურათები - რომელზეც არის საგნები, რომლთა სახელებიც მხოლოდ ერთი ბგერით განსხვავდებიან. მაგ:
ნაწერი ტორტის ნაჭერი
დოლი გოლი
ანუ, ფონემატური სმენა მნიშვნელოვანია სამეტყველო განვითარებისათვის, თუ გსურთ პატარამ ადვილად ისწავლოს და წარმატებებს მიაღწიოს, იყოს კომუნიკაბელური, არ ეშინოდეს ხმის ამოღების, საკუთარი აზრის გამოთქმის, მაშინ ფონემატური სმენის სისუსტის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ზომები-ეცადეთ ბავშვს სმენით გააცნობიერებინოთ ბგერების განსხვავება, შემდეგ აუხსენით რომ ამ სიტყვაში ამ ბგერის ადგილია: მაგ: „სველი“ სველია და არა - „შველი“; „შიშია“ და არა „სისი“; „ქეთია“ და არა „თეთი“; „გულია“ და არა „დული“ და. ა.შ.
თუ ამის გაკეთება ვერ შეძელით და სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეთ, მაშინ მიმართეთ ლოგოპედს, რათა გამოირიცხოს სხვა ლოგოპედიური პრობლემის არსებობა და ჩაატაროს მიზანმიმართული მუშაობა პრობლემის გადასაჭრელად.
გისურვებთ წარმატებებს!