სულ უფრო და უფრო ახლოვდება დრო, რომელსაც ყველა ოჯახი განსაკუთრებულად ელის - მათი „დიდი” პატარა უკვე სკოლაში მიდის... ჩნდება კითხვა რამდენად მზად არის ის ამისათვის? საერთოდ ეს თემა ძალიან ფართოა და ბევრ ნიუანს მოიცავს, ამიტომ თუ რაიმე ეჭვი არსებობს სასურველია ბავშვის მზაობის შეფასება სპეციალისტებს მიანდოთ.
ჩვენ კი ძალიან მარტივად, ელემენტარულ დონეზე ავხსნათ რას გულისხმობს სკოლისათვის მზაობა.
პირველი - ეს არის ბავშვის ინტელექტუალური ასპექტის განსაზღვრა. რა თქმა უნდა კარგია თუ სასკოლო ასაკის ბავშვმა იცის ასოების ცნობა ან მარცვლების კითხვა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ბავშვი იყოს მოტივირებული შეიმეცნოს და აითვისოს ახალი ინფორმაცია. იყოს გახსნილი ამ ინფორმაციის მისაღებად. ამ ასაკში ასევე მნიშვნელოვანია შეეძლოს ყურადღების კონცენტრაცია, ლოგიკური აზროვნება, ჰქონდეს გარე სამყაროზე წარმოდგენა, შეეძლოს საგნების ნიშან-თვისებებით განაწილება, გააჩნდეს საუბრის მოსმენის, გააზრებისა და დავალების შესრულების უნარი, საკუთარი ნააზრევის გადმოცემის უნარი. შეეძლოს თვლა და მარტივი მათემატიკური ოპერაციების შესრულება.
მეორე ასპექტი - ემოციური განვითარება - ამ ასპექტში მოიაზრება საკუთარი ემოციების ან მათი გარეგანი გამოვლინებების მართვის უნარი. ასევე ქცევის მართვის უნარი - ანუ უნარი გარკვეული დროის მანძილზე ბავშვმა აკეთოს ის „რაც საჭიროა” და არა ის რაც მას სურს მოცემულ მომენტში.
და მესამე - სოციალური ასპექტი - ბავშვმა, რომელიც საბავშვო ბაღში დადიოდა, უკვე ასე თუ ისე, გააცნობიერა, რომ გარდა მისი ოჯახისა არსებობს კიდევ სხვა სოციალური ჯგუფი, რომელიც განსხვავდება მისი ოჯახისაგან და ამ სოციალურ ჯგუფში არსებობს განსხვავებული წესები და ვალდებულებები, რომლებსაც უნდა პატივი სცეს და დაემორჩილოს ... ბავშვი კი, რომელმაც საბავშვო ბაღში არ იარა (თან თუ ასეთი ბავშვი ოჯახის ერთად - ერთი ნებიერა შვილია), სოციალიზაციას ძალიან მტკივნეულად განიცდის და ახალ ჯგუფთან შეგუება უჭირს, ეძნელება წესებისა და ვალდებულებების გაცნობიერება, უჭირს მათთან შეგუება. ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვი უნდა გრძნობდეს ოჯახის თანადგომას და ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მის საყვარელ ადამიანებს მისი ახალი როლი ძალიან მოსწონთ და ახარებთ. ამის შეგრძნება პატარას ყველა სიძნელის დაძლევაში დაეხმარება...
სამივე ასპექტი მნიშვნელოვანია, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომლითაც ბავშვი პირველ კლასში მიდის, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ეს ცოდნა უნდა იყოს ზოგადი, თამაშითა და საინტერესო მიგნებებით მიღებული, ასაკისთვის შესაბამისი და არა ბავშვის იძულებითა და მისი ასაკისათვის შეუფერებელი ცოდნით გაჯერებული...