ნებისმიერ კლასში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელიც არ ერთვება გაკვეთილის პროცესში, არ იჩენს ინიციატივას, ხშირად ჩუმად არის და თავისუფალ დროს არ ან მცირედ ეკონტაქტება თანატოლებს. მასწავლებელებს სასკოლო გარემო სერიოზულ გამოწვევებს უყენებს, ამიტომ ზოგჯერ მათ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეთ მორცხვი ბავშვი, ის არ ცელქობს და ხელს არ უშლის სასწავლო პროცესს, არ აღიქმება პრობლემურად. რეალურად კი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება.
მორცხვობა ერთ-ერთი ბუნებრივად არსებული ემოციაა. ის პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ბავშვი მუდმივად გრძნობს შიშს, დაძაბულობასა და უხერხულობას. არ არის თავდაჯერებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება მასზეა მიმართული. გაკვეთილის მოყოლისას ან თანატოლთან საუბრისას ხმადაბლა ლაპარაკობს, ზოგჯერ ხმა უკანკალებს, აქვს დაბალი აკადემიური მოსწრება, ვერ ახერხებს თანატოლებთან ურთიერთობას.
სიმორცხვე ინტელექტს არ უკავშირდება. კლასში არიან ბავშვები, რომლებმაც ყოველთვის იციან კითხვაზე პასუხი, მაგრამ არ იწევენ ხელს პასუხის გასაცემად. ისინი მაღალ ქულებს იღებენ წერით ტესტებში, თუმცა, იშვიათად ერთვებიან საკლასო დისკუსიებში.
ურთიერთობის დამყარების სირთულის გამო მორცხვი ბავშვი თანატოლებისთვის შეიძლება არამეგობრული და ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს. ეს ბავშვს თავს გარიყულად აგრძნობინებს, ზოგჯერ კი დეპრესიასაც იწვევს.
სკოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აქვს. სწორედ მას შეუძლია კლასში შექმნას ბავშვისათვის უსაფრთხო და სანდო გარემო და დაეხმაროს მას სოციალური უნარების განვითარებაში.
გთავაზობთ რამოდენიმე ხერხს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გაკვეთილის უფრო ეფექტურად დაგეგმვისათვის:
- შეეცადეთ, მოსწავლე არ აღმოჩნდეს „ჩუმი და მორცხვი ბავშვის“ როლში:
- მისი თანდასწრებით სხვა მასწავლებლებთან ან მშობლებთან ისაუბრეთ მხოლოდ ბავშვის მიღწევებზე და არ განიხილოთ სიმორცხვე.
- არ მისცეთ შენიშვნა, რადგან ჩუმად ზის და არ აქტიურობს.
- არ შეადაროთ სხვას, მაგალითად, ბავშვის თანდასწრებით ნუ აღნიშნავთ რომ მისი და, ძმა ან რომელიმე თანაკლასელი უფრო აქტიური და ყოჩაღია, ეს კი ხმასაც არ იღებს.
- წაახალისეთ ბავშვი, ჰკითხეთ რჩევა კლასთან დაკავშირებულ საკითხზე. შესაძლოა დაავალოთ ასაკის შესაბამისი რაიმე საქმე, რითაც თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებთ. მაგალითად, დაფის გაწმენდა და ა.შ.
- გაკვეთილის დაწყების წინ გააცანით ბავშვებს დღის გეგმა, გაკვეთილის შემადგენელი აქტივობები (წერა, ზეპირი გამოკითხვა, გუნდური მუშაობა და ა.შ.). ეს დაეხმარება მათ თვითკონტროლის უნარის გაზრდასა და შფოთვის შემცირებაში.
- კლასისათვის კითხვის დასმის შემდეგ შეყოვნდით 5-10 წამის განმავლობაში. ამით საშუალებას მისცემთ ბავშვებს მოიფიქრონ პასუხი და მოიკრიბონ გამბედაობა, შემდეგ კი მიეცით პასუხის გაცემის ნება.
- შესაძლებელია სთხოვოთ ბავშვებს პასუხი დაწერონ ფურცელზე. შემდეგ შესთავაზეთ თითოეულმა თავისი ვარიანტი გაუზიაროს გვერდით მჯდომს. საბოლოოდ კი პასუხი გასცენ კლასის წინაშე. ამით ბავშვებს დაეხმარებით თავდაჯერებულობის მოპოვებაში, საშუალებას მისცემთ ჯერ მხოლოდ ერთ თანატოლთან გადაამოწმონ თავიანთი მოსაზრება, დარწმუნდენენ საკუთარ შესაძლებლობებში და შემდეგ მთელი კლასის წინაშე სცადონ პასუხის გაცემა.
- ესაუბრეთ კლასს ადამიანების უნიკალურობაზე. გამოიყენეთ ასაკის შესაბამისი და ბავშვებისათვის გასაგები ტერმინები. დაეხმარეთ, გაიაზრონ, რომ თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისაგან, ზოგი უფრო აქტიურია, ადვილად ახერხებს დამეგობრებას, ზოგი უფრო მეტს ფიქრობს, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და ა.შ. ამ გზით შეძლებთ სიმორცხვე წარმოაჩინოთ, როგორც ჩვეულებრივი, ბუნებრივი მახასიათებელი.
- ყოველთვის შეაქეთ ბავშვი. დააკონკრეტეთ რისთვის აქებთ მას. მაგალითად: “ანა, შენი პასუხი ევროპის ქვეყნების შესახებ ჭკვიანური იყო, მშვენივრად შეაჯამე კლასის დისკუსია.“ შეაქეთ ბავშვი, როდესაც აქტიური იქნება, პასუხს გაგცემთ, ან სხვა ბავშვთან დაინახავთ, როცა ხელს აწევს კითხვაზე პასუხის გასაცემად. შეაქეთ სხვა ბავშვების თანდასწრებით.
- დაეხმარეთ ბავშვებს გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ინტერესები. თითოეულს სთხოვეთ, თქვას რა უყვარს, აღნიშნეთ და გამოყავით ის, რაც საერთო აქვთ. ამით დაეხმარებით, ადვილად შეძლონ დამეგობრება.
- ხშირად გამოიყენეთ ჯგუფური დავალებები. მორცხვი ბავშვი დააწყვილეთ შედარებით აქტიურ, მეგობრულ ბავშვთან. ერთად შესრულებული დავალებები დაეხმარება კომუნიკაციური უნარების განვითარებაში. პერიოდულად შეცვალეთ წყვილები, ისე რომ ბავშვს სხვადასხვა კლასელთან მოუწიოს მუშაობა.
- მეტი გაიგეთ ბავშვის ინტერესების შესახებ. შესაძლოა, ეს საუბრისა და ურთიერთობის დამყარების კარგი გზა აღმოჩნდეს. გამოავლინეთ მისდამი განსაკუთრებული კეთილგანწყობა. აგრძნობინეთ, რომ მისი გესმით. დაანახეთ, რომ სიმორცხვე და უხერხულობის გრძნობა ბუნებრივია. შესაძლოა, საკუთარი მაგალითიც მოუყვეთ.
- ითანამშრომლეთ ბავშვის მშობლებთან და სთხოვეთ დახმარება. თავად აღრიცხეთ და გაუზიარეთ ნებისმიერი, თუნდაც მცირე პროგრესი. თუ ჩათვლით, რომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო ბავშვთან, მიმართეთ ფსიქოლოგს.