საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
ბავშვის უფლებათა კონვენცია
პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები
მიიჩნევენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დეკლარირებული პრინციპების შესაბამისად საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, თანასწორი და ხელშეუვალი უფლებების აღიარება არის დედამიწაზე თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველი, მხედველობაში იღებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხებმა წესდებაში ცხადყვეს თავიანთი ერთგულება ადამიანის ძირითადი უფლებების, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მეტი თავისუფლების პირობებში ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას,
აღიარებენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში გამოაცხადა, რომ ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დოკუმენტებში მითითებული ყველა უფლება და თავისუფლება განურჩევლად ისეთი ნიშნებისა, როგორიცაა რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსი, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობა, ქონებრივი მდგომარეობა, დაბადება თუ სხვა ვითარებანი,
ითვალისწინებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა ბავშვთა უფლება, განსაკუთრებული მზრუნველობით იყვნენ გარემოსილნი,
დარწმუნებული არიან რა, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების, ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო, აუცილებელად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი,
აღიარებენ რა, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში,
მიაჩნიათ რა, რომ ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით,
მხედველობაში იღებენ რა, რომ ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით,
მხედველობაში იღებენ რა ბავშვის უფლებათა დეკლარაციის მითითებას, რომ “ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ”,
ეყრდნობიან რა დეკლარაციის დებულებებს იმ სოციალური და სამართლებრივი პრინციპების შესახებ, რომლებიც მოიცავს ბავშვების დაცვასა და კეთილდღეობას, განსაკუთრებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბავშვთა აღსაზრდელად გადაცემისა და შვილად აყვანისას, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების გაერთიანებული ერების ორგანიზაციისეულ მინიმალურ სტანდარტულ წესებს (“პეკინის წესები&rdquo, განსაკუთრებულ ვითარებაში და შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა და ბავშვთა დაცვის შესახებ დეკლარაციას,
აღიარებენ რა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ განსაკუთრებით რთულ პირობებში და რომ ასეთი ბავშვები საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას,
სათანადოდ ითვალისწინებენ რა ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისათვის ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების მნიშვნელობას,
აღიარებენ რა ყველა ქვეყანაში, კერძოდ, განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა ცხოვრების გაუმჯობესებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.
მუხლი 2
1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
2. მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.
მუხლი 3
1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
მუხლი 4
მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. მონაწილე სახელმწიფოები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა რეალიზაციისათვის ასეთ ზომებს ღებულობენ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
მუხლი 5
მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.
მუხლი 6
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის
ხელშეუხებელი უფლება.
2. მონაწილე სახელმწიფოები შესაძლებლობისამებრ მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანსაღ განვითარებას.
მუხლი 7
1. ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე,
რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.
2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებათა განხორციელებას საკუთარი ეროვნული კანონმდებლობის შესატყვისად და თავისი მოვალეობების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი სხვაგვარად ბავშვს არ ექნება მოქალაქეობა.
მუხლი 8
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა.
2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები.
3. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
4. იმ შემთხვევაში, როცა ასეთი დაშორება გამომდინარეობს მონაწილე სახელმწიფოთა რომელიმე გადაწყვეტილებიდან, ანუ როცა საქმე ეხება, მაგალითად, ერთი ან ორივე მშობლის ან ბავშვის დაპატიმრებას, გასახლებას, დეპორტაციას ან სიკვდილს (მოცემული პირის სახელმწიფო გამგებლობაში ყოფნისას ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ჩათვლით),
მონაწილე სახელმწიფო ასეთ მშობლებს, ბავშვს ან, თუ ეს აუცილებელია, ოჯახის სხვა წევრს მათი თხოვნით აძლევს აუცილებელ ინფორმაციას ოჯახიდან წასული წევრის/წევრების ადგილსამყოფელის შესახებ, თუ ამ ინფორმაციის მიცემა ზიანს არ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნა თავისთავად არ იწვევდეს შესაბამისი პირისათვის (პირთათვის) არასასურველ შედეგებს.
მუხლი 10
1. მონაწილე სახელმწიფოთა მიერ მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით თავის თავზე აღებული ვალდებულების შესაბამისად, ბავშვის ან მისი მშობლის განცხადება ოჯახის გამთლიანების მიზნით მონაწილე სახელმწიფოში შესვლის ან იქიდან გასვლის თაობაზე მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ პოზიტიურად, ჰუმანურად და ოპერატიულად. მონაწილე სახელმწიფოები შემდგომში უზრუნველყოფენ, რომ ასეთი თხოვნის წარდგენას არ მოჰყვეს არასასურველი შედეგები განმცხადებლის ან მათი ოჯახის წევრებისათვის.
2. ბავშვს, რომლის მშობლებიც სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, უფლება გააჩნია, განსაკუთრებული ვითარების გარდა, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პატივს სცემენ ბავშვისა და მისი მშობლების უფლებას დატოვონ ნებისმიერი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნის ჩათვლით, და დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში. ნებისმიერი ქვეყნის დატოვების უფლების მიმართ მოქმედებს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის და შეთავსებადია წინამდებარე კონვენციაში აღიარებულ სხვა უფლებებთან.
მუხლი 11
1. მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ზომებს ბავშვთა უკანონოდ გადაადგილების ან საზღვარგარეთ მათი უკანონოდ დატოვების წინააღმდეგ საბრძოლველად.
2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების დადებას ან მოქმედ შეთანხმებებთან შეერთებას.
მუხლი 12
1. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან,
ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად.
2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 13
1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, საზღვრების არსებობის მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს ან გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან იდეა ზეპირი, წერილობითი თუ ბეჭდური ფორმით, ბავშვის არჩევანისამებრ.
2. ამ უფლების განხორციელება, შესაძლოა, ერთგვარად შეიზღუდოს, მაგრამ ეს შეზღუდვა კანონით გათვალისწინებული და აუცილებელი უნდა იყოს:
ა) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის;
ბ) სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც), ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვისათვის.
მუხლი 14
1. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის, სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ მშობელთა და შესაბამის შემთხვევაში კანონიერ მეურვეთა უფლებებსა და მოვალეობებს, უხელმძღვანელონ ბავშვს მისი უფლებების იმ მეთოდით განხორციელებაში, რომელიც შეესატყვისება ბავშვის განვითარებად უნარებს.
3. რელიგიური აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ იმ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ზნეობისა და ჯანმრთელობის ან სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის.
მუხლი 15
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, სარგებლობდეს ასოციაციებისა და მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლებით.
2. მოცემული უფლების განხორციელების მიმართ არ შეიძლება დაწესდეს რაიმე შეზღუდვა, გარდა შეზღუდვებისა, რომლებიც დაწესდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის (ორდრე პუბლიც) ინტერესებისათვის, ან მოსახლეობის ჯანმრთელობის ან ზნეობის, ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის.
მუხლი 16
1. არც ერთი ბავშვი
არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი.
2. ბავშვს უფლება აქვს, კანონით იყოს დაცული მსგავსი ჩარევის ან ხელყოფისაგან.
მუხლი 17
მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ ბავშვისათვის სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების მისაწვდომობას, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაციისა და მასალებისა, რომლებიც მიმართულია ბავშვის სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობისაკენ, აგრეთვე ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ხელშეწყობისაკენ. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები -
ა) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ინფორმაციისა და მასალების გავრცელების წახალისებას, რომელიც სასარგებლოა ბავშვის სოციალური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით და გამოხატავს 29-ე მუხლის სულისკვეთებას;
ბ) ახდენენ საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას სხვადასხვა კულტურული, ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მოპოვებული ამგვარი ინფორმაციისა და მასალების მომზადების, გაცვლისა და გავრცელების მიზნით;
გ) ახდენენ საბავშვო ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების წახალისებას.
დ) ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წახალისებას, რათა მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ იმ ბავშვის ენობრივ მოთხოვნილებებს, რომელიც მიეკუთვნება რომელიმე უმცირესობის ჯგუფს ან მკვიდრ მოსახლეობას;
ე) ახდენენ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისაგან ბავშვის დაცვის სათანადო პრინციპების შემუშავების წახალისებას, რომელიც საზიანოა მისი კეთილდღეობისათვის, მე-13 და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
მუხლი 18
1. მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის
შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
2. წინამდებარე კონვენციაში გამოკვეთილ უფლებათა განხორციელების გარანტიის შექმნისა და ხელშეწყობის მიზნით მონაწილე სახელმწიფოები სათანადო დახმარებას უწევენ მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს მათი მოვალეობის შესრულებაში, აღზარდონ ბავშვი და უზრუნველყოფენ საბავშვო დაწესებულებათა ქსელის განვითარებას.
3. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას ღებულობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მუშაობენ, უფლება ჰქონდეთ ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი სამსახურებითა და დაწესებულებებით, რომელთაც ბავშვთა მოვლა-პატრონობა ეკისრებათ.
მუხლი 19
1. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.
2. დაცვის ასეთი ღონისძიებები აუცილებლობის შემთხვევაში მოიცავს ეფექტურ პროცედურებს სოციალური პროგრამების შემუშავებისათვის იმ მიზნით, რათა აუცილებელი მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბავშვს და იმ პირებს, ვინც მასზე ზრუნავს, აგრეთვე ხელი შეუწყონ ბავშვთა მიმართ სასტიკი დამოკიდებულების ზემოთაღნიშნული გამოვლინებების თავიდან აცილების, წინასწარი გამომჟღავნების, შეტყობინების, განსახილველად გადაცემის, გამოძიების, მკურნალობის და სხვა ღონისძიებების განხორციელებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი - სასამართლო პროცედურის აღძვრას.
მუხლი 20
1. ბავშვს, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია ოჯახურ გარემოს, ანდა, მისივე ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება დარჩეს ასეთ გარემოში, უფლება აქვს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობითა და დახმარებით სარგებლობდეს.
2. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მიმართ მზრუნველობის ფორმის შეცვლას.
3. ასეთი მზრუნველობა შეიძლება მოიცავდეს, კერძოდ, ბავშვის აღსაზრდელად გადაცემას, მუსლიმანური სამართლის “კაფალას”, შვილად
აყვანას ან აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვთა მოვლა-პატრონობისათვის მოწოდებულ შესაბამის დაწესებულებაში მის მოთავსებას. მზრუნველობის ფორმის შეცვლის ვარიანტების განხილვისას აუცილებელია სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობის სასურველობა და მისი ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა.
მუხლი 21
მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ან თანხმდებიან შვილად აყვანის სისტემის არსებობას, უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები გათვალისწინებული იქნეს უწინარეს ყოვლისა, და ისინი:
ა) უზრუნველყოფენ, რომ ბავშვის შვილად აყვანის ნებართვას იძლეოდეს მხოლოდ კომპეტენტური ხელისუფლება, რომელიც სათანადო კანონებისა და პროცედურების შესაბამისად და საქმესთან დაკავშირებული სარწმუნო ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავს, რომ შვილად აყვანა დასაშვებია მშობლებთან, ნათესავებთან და კანონიერ მეურვეებთან მიმართებაში ბავშვის სტატუსის გათვალისწინებით და რომ, თუ ეს საჭიროა, დაინტერესებული პირები შეგნებულად დათანხმდნენ შვილად აყვანას ისეთი კონსულტაციის საფუძველზე, როგორიც შეიძლება აუცილებელი იყოს;
ბ) აღიარებენ, რომ შვილად აყვანა სხვა ქვეყანაში შეიძლება განხილული იქნეს, როგორც ბავშვის მოვლის ალტერნატიული საშუალება, თუ ბავშვი არ შეიძლება აღსაზრდელად გადაეცეს ან შეუერთდეს ოჯახს, რომელიც შეძლებდა უზრუნველეყო მისი აღზრდა ან შვილად აყვანა და თუ იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვი დაიბადა, შეუძლებელია მისი შესაფერისი რამენაირი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
გ) უზრუნველყოფენ, რომ სხვა ქვეყანაში ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში არსებობდეს ისეთივე გარანტიები და ნორმები, როგორიც არსებობს ქვეყნის შიგნით შვილად აყვანის დროს;
დ) იღებენ ყველა აუცილებელ ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა ქვეყანაში შვილად აყვანის დროს ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებს არ მიეცეთ გაუმართლებელი ფინანსური მოგების მიღების საშუალება;
ე) აუცილებელ შემთხვევაში ხელს უწყობენ წინამდებარე მუხლის მიზნების მიღწევას ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების გზით და ცდილობენ ამ საფუძველზე უზრუნველყონ, რომ ბავშვის მოწყობა სხვა ქვეყანაში ხორციელდებოდეს კომპეტენტური ხელისუფლების ან ორგანოების მიერ.
მუხლი 22
1. მონაწილე სახელმწიფოები აუცილებელ ზომებს იღებენ, რათა უზრუნველყონ, რომ ბავშვმა, რომელსაც სურს მიიღოს ლტოლვილის სტატუსი
ან რომელიც შესატყვისი საერთაშორისო ან საშინაო სამართლისა და პროცედურების ძალით ითვლება ლტოლვილად და რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს მშობლები ან ნებისმიერი სხვა პირი, ისარგებლოს სათანადო დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით წინამდებარე კონვეციაში და ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ იმ სხვა საერთაშორისო ან ჰუმანიტარულ დოკუმენტებში აღიარებული უფლებების გამოყენებისას, რომელთა მონაწილენი არიან აღნიშნული სახელმწიფოები.
2. ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოები, როცა ამას აუცილებლად მიიჩნევენ, ხელს უწყობენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და იმ სხვა კომპეტენტური სამთავრობათაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას, რომლებიც თანამშრომლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, დაიცვან ასეთი ბავშვი, დაეხმარონ მას და მოძებნონ ნებისმიერი ლტოლვილი ბავშვის მშობლები თუ ოჯახის სხვა წევრები, რათა მიიღონ მისი ოჯახთან შეერთებისათვის აუცილებელი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, როცა არ ხერხდება მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების მოძებნა, მაშინ ბავშვი, როგორც ამას ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია, უზრუნველყოფილია ისეთივე დაცვით, როგორითაც სხვა ნებისმიერი ბავშვი, რომელიც რაიმე მიზეზის გამო მუდმივად ან დროებით მოკლებულია ოჯახურ გარემოს.
მუხლი 23
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივად ან ფიზიკურად უნარშეზღუდული ბავშვი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს იმგვარ პირობებში, რომლებიც უძლიერებს მას ღირსების გრძნობას, საკუთარი თავის რწმენას და უადვილებს საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ უნარშეზღუდული ბავშვის უფლებას, სარგებლობდეს განსაკუთრებული მზრუნველობით და სათანადო რესურსების არსებობის პირობებში, ახალისებენ და უზრუნველყოფენ ამ უფლების მქონე ბავშვისათვის და მის მიმართ მზრუნველობაზე პასუხისმგებელი პირებისათვის ისეთი დახმარების გაწევას, როგორსაც ითხოვდნენ და რომელიც შეესაბამება ბავშვისა და მისი მშობლების, ან იმ სხვა პირთა მდგომარეობას, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვზე მზრუნველობას.
3. უნარშეზღუდული ბავშვის განსაკუთრებულ საჭიროებათა აღიარების ნიშნად, წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დახმარება, მშობლებისა და ბავშვზე მზრუნველობის უზრუნველმყოფი სხვა პირების ფინანსური რესურსების გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად უფასოა, და მიზნად ისახავს უნარშეზღუდულ ბავშვს მისცეს იმის ეფექტური შესაძლებლობა, რომ მან ისარგებლოს საგანმანათლებლო, სამედიცინო, ჯანმრთელობის აღმდგენი, პროფესიული და შრომითი საქმიანობისათვის
საჭირო მომსახურებით და დასვენების საშუალებებით, რაც ბავშვს მაქსიმალურად სრულად ჩართავს სოციალურ ცხოვრებაში და ხელს შეუწყობს მისი პიროვნების განვითარებას, რაც კულტურული და სულიერი თვალსაზრისით მის ზრდასაც მოიცავს.
4. მონაწილე სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით ხელს უწყობენ ინფორმაციის გავრცელებას უნარშეზღუდული ბავშვების პროფილაქტიკური ჯანდაცვისა და სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფუნქციონალური მკურნალობის დარგში, სათანადო რეაბილიტაციის, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების მეთოდებზე ინფორმაციის გავრცელების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმისათვის, რომ მონაწილე სახელმწიფოებმა გაიფართოვონ ამ დარგში თავიანთი შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.
მუხლი 24
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით.
2. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ მიაღწიონ მოცემული უფლების სრულ განხორციელებას და, კერძოდ, აუცილებელ ზომებს იღებენ:
ა) ჩვილთა სიკვდილიანობის დონისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებისათვის;
ბ) ყველა ბავშვისათვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისათვის, იმისათვის, რომ უპირატესი ყურადღება დაეთმოს პირველადი სამედიცინო სანიტარული დახმარების გაწევას;
გ) დაავადებებთან და შიმშილობასთან ბრძოლისათვის, მათ შორის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ფარგლებში, ადვილად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიისა და საკმაო სურსათითა და სასმელი წყლით მომარაგების გზით, გარემოს დაბინძურების საშიშროებისა და რისკის გათვალისწინებით;
დ) დედებისათვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურების გაწევისათვის;
ე) საზოგადოების ყველა ფენის, კერძოდ, მშობლებისა და ბავშვებისათვის ბავშვთა ჯანმრთელობისა და კვების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ძუძუთი კვების უპირატესობების გაცნობის უზრუნველყოფისათვის, ჰიგიენის, ბავშვის საცხოვრებელი გარემოს სანიტარიის დაცვისა და უბედური
შემთხვევების თავიდან აცილების, აგრეთვე მათთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და ცოდნის გამოყენებაში დახმარების გაწევისათვის;
ვ) პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების და ოჯახის დაგეგმვის სფეროში საგანმანათლებლო მუშაობის გაშლისა და მომსახურების განვითარებისათვის.
3. მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოველგვარ ეფექტურ და აუცილებელ ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.
4. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ წაახალისონ საერთაშორისო თანამშრომლობა და განავითარონ იგი მოცემულ მუხლში აღიარებული უფლების სრული განხორციელების თანდათანობით მიღწევისათვის. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.
მუხლი 25
მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ კომპეტენტური ორგანოების მიერ მოვლის მიზნით სამეურვეოდ გამწესებული ბავშვის უფლებას, იყოს დაცული და ისარგებლოს ფიზიკური თუ ფსიქიკური მკურნალობით; აღიარებენ ბავშვის უფლებას, პერიოდულად ხდებოდეს მისთვის გაწეული მკურნალობის და მის მიმართ ასეთ მეურვეობასთან დაკავშირებული სხვა პირობების შეფასება.
მუხლი 26
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ყოველი ბავშვის უფლებას, ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის ყველა სიკეთით, სოციალური დაზღვევის ჩათვლით, და აუცილებელ ზომებს იღებენ ამ უფლების სრული განხორციელებისათვის თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ეს შეღავათები ბავშვს ეძლევა აუცილებლობისამებრ, მისი და მის რჩენაზე პასუხისმგებელ პირთა რესურსებისა და შესაძლებლობების, აგრეთვე ბავშვის მიერ ან მისი სახელით ამ შეღავათების მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მოსაზრების გათვალისწინებით.
მუხლი 27
1. მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
2. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
3. მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
4. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას ახორციელებენ იმისათვის, რათა უზრუნველყონ მშობლების, ან ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელ სხვა პირთა მიერ ბავშვის რჩენის აღდგენა, როგორც მონაწილე სახელმწიფოს შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, თუ ბავშვზე ფინანსურად პასუხისმგებელი პირი და ბავშვი ცხოვრობენ სხვადასხვა სახელმწიფოში, მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეერთებას ან ასეთი ხელშეკრულებების დადებას, აგრეთვე სხვა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევას.
მუხლი 28
1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე ამ უფლების თანდათანობით განხორციელების მიზნით ისინი, კერძოდ:
ა) აწესებენ უფასო და სავალდებულო დაწყებით განათლებას;
ბ) ხელს უწყობენ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული საშუალო განათლების სხვადასხვა ფორმების განვითარებას, უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის მათ ხელმისაწვდომობას და ღებულობენ ისეთ აუცილებელ ზომებს, როგორიცაა უფასო განათლების შემოღება და აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების გაწევა;
გ) ყველა აუცილებელი საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფენ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას ყველასათვის თითოეულის უნარის შესატყვისად;
დ) უზრუნველყოფენ განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას ყველა ბავშვისათვის;
ე) ღებულობენ ზომებს სკოლებში რეგულარული დასწრების ხელშესაწყობად და სკოლიდან განთესილ მოსწავლეთა რიცხვის შესამცირებლად.
2. მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ, რათა უზრუნველყონ სასკოლო დისციპლინის დაცვა იმ მეთოდებით, რომლებიც ბავშვის ადამიანური ღირსების პატივისცემასა და წინამდებარე კონვენციას ეფუძნება.
3. მონაწილე სახელმწიფოები ახალისებენ და ავითარებენ საერთაშორისო თანამშრომლობას იმ საკითხებში, რომლებიც ეხება განათლებას, კერძოდ, მთელ მსოფლიოში უმეცრებისა და წერა-კითხვის უცოდინარობის
ლიკვიდაციისა და სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების მისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების საჭიროებებს.
ნაწილი II
მუხლი 42
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, სათანადო და ქმედითი საშუალებების გამოყენებით ფართო ინფორმაცია მიაწოდონ როგორც
მოზრდილებს, ასევე ბავშვებს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების თაობაზე.
მუხლი 43
1. მონაწილე სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული პროგრესის განხილვის მიზნით ფუძნდება ბავშვის უფლებების კომიტეტი, რომელიც ასრულებს ქვემოთ მითითებულ ფუნქციებს.
2. კომიტეტი შედგება ათი ექსპერტისაგან, რომლებსაც აქვთ მაღალი ზნეობრივი თვისებები და კომპეტენტურად არიან აღიარებულნი წინამდებარე კონვენციით მოცულ
სფეროში. კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეთა შორის და ისინი წარმოდგენილნი არიან დამოუკიდებელ პიროვნებათა სტატუსით, ამასთან, ყურადღება მახვილდება სამართლიან გეოგრაფიულ განაწილებაზე, აგრეთვე ძირითად სამართლებრივ სისტემებზე.
3. კომიტეტის წევრები აირჩევიან მონაწილე სახელმწიფოების მიერ წამოყენებულ, სიაში შეტანილ პირთაგან ფარული კენჭისყრით. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წამოაყენოს ერთი პირი თავისი მოქალაქეებიდან.
4. კომიტეტში პირველი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, შემდგომ კი - ორ წელიწადში ერთხელ. ყოველ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე მაინც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს მიმართავს წერილით და სთავაზობს მათ წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურები ორი თვის ვადაში. შემდეგ გენერალური მდივანი ანბანის რიგის მიხედვით ადგენს ამგვარად დასახელებული ყველა კანდიდატის სიას, მიუთითებს რა მონაწილე სახელმწიფოებს, რომლებმაც წამოაყენეს ეს პირები, და ამ სიას წარუდგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს.
5. არჩევნები ტარდება მონაწილე სახელმწიფოთა თათბირზე, რომელიც მოიწვევა გენერალური მდივნის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში. ამ თათბირზე, სადაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი ქმნის ქვორუმს, კომიტეტის შემადგენლობაში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ დამსწრე და ხმის მიცემაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას.
6. კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხწლიანი ვადით. მათ აქვთ უფლება, ხელახლა იქნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში. პირველ არჩევნებში არჩეული ხუთი წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება ორწლიანი პერიოდის ბოლოს; პირველი არჩევნებისთანავე ამ ხუთ წევრს წილისყრით განსაზღვრავს თათბირის თავმჯდომარე.
7. კომიტეტის რომელიმე წევრის სიკვდილის ან გადადგომის შემთხვევაში, ან თუ მას რაიმე მიზეზით აღარ შეუძლია შეასრულოს კომიტეტის წევრის მოვალეობები, ამ წევრის წამომყენებელი მონაწილე სახელმწიფო თავის მოქალაქეთაგან დარჩენილი ვადისათვის ნიშნავს სხვა ექსპერტს, კომიტეტის მიერ მისი მოწონების შემთხვევაში.
8. კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს.
9. კომიტეტი თავის თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით.
10. კომიტეტის სესიები, როგორც წესი, ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ან კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას. კომიტეტი, როგორც წესი, თავის სესიებს ატარებს ყოველწლიურად. კომიტეტის სესიების ხანგრძლივობა განისაზღვრება და აუცილებლობის შემთხვევაში იცვლება წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა თათბირზე გენერალური ასამბლეის თანხმობით.
11. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოყოფს აუცილებელ პერსონალსა და მატერიალურ საშუალებებს, რათა კომიტეტმა, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ეფექტურად განახორციელოს თავისი ფუნქციები.
12. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დაფუძნებული კომიტეტის წევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახსრებიდან ღებულობენ გენერალური ასამბლეის მიერ დაწესებულ ანაზღაურებას გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 44
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით კომიტეტს წარუდგინონ მოხსენებები მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ კონვენციით განმტკიცებულ უფლებათა დამკვიდრებისა და ამ სფეროში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით:
ა) მონაწილე სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში;
ბ) ყოველ მომდევნო ხუთ წელიწადში;
2. წინამდებარე მუხლის მიხედვით წარდგენილ მოხსენებებში მითითებულია ფაქტორები და სირთულეები, თუკი ასეთი არსებობს, რომლებიც ზემოქმედებს ამ კონვენციის ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე. მოხსენებები აგრეთვე შეიცავს საკმარის ინფორმაციას იმისათვის, რათა კომიტეტისათვის სრულიად გასაგები იყოს, როგორ მოქმედებს კონვენცია მოცემულ ქვეყანაში.
3. მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც კომიტეტს წარუდგენს ყოვლისმომცველ პირველად მოხსენებას, არ სჭირდება წინამდებარე მუხლის 1ბ პუნქტის მიხედვით წარდგენილ შემდგომ მოხსენებებში გაიმეოროს ადრე გადმოცემული ძირითადი ინფორმაცია.
4. კომიტეტს შეუძლია მონაწილე სახელმწიფოს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება წინამდებარე კონვენციის განხორციელებას.
5. მოხსენებები კომიტეტის საქმიანობის შესახებ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით ორ წელიწადში ერთხელ წარედგინება გენერალურ ასამბლეას.
6. მონაწილე სახელმწიფოები საკუთარ ქვეყნებში უზრუნველყოფენ თავიანთი მოხსენებების ფართო საჯაროობას.
მუხლი 45
კონვენციის განხორციელებისათვის ეფექტური ხელშეწყობისა და წინამდებარე კონვენციით მოცულ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით:
ა) სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს უფლება აქვთ წარმოდგენილნი იყვნენ წინამდებარე კონვენციის ისეთი დებულებების განხორციელების შესახებ საკითხთა განხილვაში, რომლებიც მათ უფლებამოსილებაში შედის. მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს შესთავაზოს, წარმოადგინონ ექსპერტთა დასკვნა კონვენციის განხორციელების თაობაზე იმ სფეროებში, რომლებიც შედის მათი შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა ორგანოებს სთხოვოს, წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის;
ბ) მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში კომიტეტი სპეციალიზებულ დაწესებულებებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნის მონაწილე სახელმწიფოების ნებისმიერ მოხსენებას, რომელიც შეიცავს თხოვნას ტექნიკური კონსულტაციის ან დახმარების შესახებ, ან მიუთითებს მის საჭიროებაზე, აგრეთვე კომიტეტის შენიშვნებსა და წინადადებებს მსგავსი თხოვნისა და მითითებების თაობაზე.
გ) კომიტეტს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გენერალურ ასამბლეას, წინადადება მისცეს გენერალურ მდივანს, რათა მან ასამბლეის სახელით ჩაატაროს კვლევა ცალკული საკითხების შესასწავლად, რომლებიც ბავშვთა უფლებებს ეხება.
დ) კომიტეტს შეუძლია წარადგინოს წინამდებარე კონვენციის 44-ე და 45-ე მუხლების შესაბამისად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები. ასეთი ზოგადი ხასიათის წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნება ნებისმიერ დაინტერესებულ
მონაწილე სახელმწიფოს და ეცნობება გენერალურ ასამბლეას მონაწილე სახელმწიფოთა შენიშვნებთან ერთად, თუკი ასეთი რამ არსებობს.
ნაწილი III
მუხლი 46.
წინამდებარე კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოს მიერ ხელმოსაწერად.
მუხლი 47
წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 48.
წინამდებარე კონვენცია ღიაა მასთან ნებისმიერი სახელმწიფოს შეერთებისათვის. დოკუმენტები შეერთების შესახებ ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
მუხლი 49.
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს ან მას შეუერთდება მეოცე
სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ასეთი სახელმწიფოს მიერ მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 50.
1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია შესწორების შეთავაზება და წარდგენა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის. ამის შემდეგ გენერალური მდივანი შესწორებას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს თხოვნით - მიუთითონ, მხარს უჭერენ თუ არა ამ წინადადების განსახილველად და კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის მოწვევას. თუ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოების თუნდაც ერთი მესამედი მაინც მხარს დაუჭერს ასეთ კონფერენციას, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. ამ კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე
სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული შესწორება დასამტკიცებლად წარედგინება გენერალურ ასამბლეას.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული შესწორება ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მისი დამტკიცებისა და მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მომცველი უმრავლესობის მიერ მისი მიღების შემდეგ.
3. შესწორება ძალაში შესვლისთანავე ხდება სავალდებულო იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის კი სავალდებულო რჩება წინამდებარე კონვენციის დებულებები და ნებისმიერი წინა შესწორება, რომელიც მათ მიერ არის მიღებული.
მუხლი 51.
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღებულობს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან შეერთების მომენტში სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შენიშვნების ტექსტს.
2. არ დაიშვება შენიშვნა, რომელიც შეუთავსებელია წინამდებარე კონვენციის მიზნებთან და ამოცანებთან.
3. შენიშვნების მოხსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელიც შემდეგ ამის თაობაზე აცნობებს ყველა სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ მისი მიღების დღიდან.
მუხლი 52.
ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის დენონსირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსირება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.
მუხლი 53.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ინიშნება წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარად.
მუხლი 54.
წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
რის დასამოწმებლადაც ქვემორე ხელისმომწერნი, თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო რწმუნებით აღჭურვილი სრულუფლებიანი წარმომადგენლები, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.