არც რა იყო არაფრისა, არც რა ჰქონდათ არაფრისი, ამბავ იყო ზღაპრად თქმული, ამ ცისა და ამ ბარისი. იყო ერთი ბაყაყი, სახელად ბანბაყარი. მეტად ურგები და ქვაწვია ვინმე კი იყო ეს ჩვენი ბანბაყარი. ერთი წურბელა რაა, იმასაც კი არ მიაწვდიდა გუბიდან გზადდამშეულთ. თავად, იცოცხლე, მუცელპირად იჯდა გუბეში და როგორც ამბობდნენ, თვალის ახელასაც არ აცდიდა ახლადგამოქვირითებულ ლიფსიტებსა და წურბელებს – სულ ერთიანად იყრიდა ხახაში! ეს დღისით. ღამით კი თვალი სულ ცისკენ ჰქონდა მიმზერილი და ცას, რაც კი ვარსკვლავები დასცდებოდა იმ თავის გუბეში, სულ ერთიანად სვლეპდა და სვლეპდა!
და აი, თიბათვის ერთ ღამეს ცას იმდენი ვარსკვლავი ჩაჰბნეოდა ბანბაყარის გუბეში და ბანბაყარსაც იმდენი ესვლიპა და ესვლიპა, რომ დილით ფეხებგაფშეკილი იპოვეს მეზობლებმა გუბისპირას.
ამ ამბავს საცერ-მტკაველის გარეშე არ ჩაუვლია.
ყველა სათავისოდ ცრიდა და მტკავლავდა:
– აბა, რა ეგონა, სულ ერთიანად რომ ჩამოკრიფა ციდან ვარსკვლავები! – ამბობდნენ ერთნი.
– აი, ბანბაყარი და მუცლის გვრემა მაგას! – ხელისგულებს ასირგვალებდნენ მეორენი.
– რა ბანბაყარი, რის ბანბაყარი, ნამდვილი ვარსკვლავთყლაპიაა, ეგ! – იძახდნენ მესამენი.
– ცისა არ მიკვირს, ეს დალოცვილი, ერთ კაკალ ვარსკვლავს რატომ ჩემი გუბისთვის არ იმეტებს? – ბრაზობდა ბაყაყი რობი...
მერე როდის, როდის გათქვლაფაშდნენ ბაყაყები თავთავიანთ გუბეებში და ყველა გაფაციცებით შენატროდა ცის ვარსკვლავებად ჩამოღამებას...
•
ჰო, მართლა, ბანბაყარს არაფერი დამართია.
თვალი რომ გაახილა, იმავე წამს დახედა გუბეს, მაგრამ რა, თიბათვის თაკარა მზეს სულ ბოლო წვეთამდე ამოეშრო მისი გუბე.
კიდევ კარგი...
სხვა ზღაპრები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
დაეხმარეთ ბავშვს სტრესის მართვაში
დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს სტრესის მართვა ჯანსაღი გზებით.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო