kids.ge logo

ობა გოგო, ანუ ობობა

ფავორიტებში დამატება

ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ ერთ სამეფოში ცხოვრობდა საოცრად მახინჯი გოგო, ობა. ის იმდენად მახინჯი დაიბადა, რომ მშობლებმა პირველი დღეებიდანვე ჩაკეტეს ერთ პატარა ოთახში და იქ ზრდიდნენ. მას ქონდა ოთხი ხელი, ოთხი ფეხი, რვა თვალი. წელს ზემოთ წვრილი, წელს ქვემოთ კი ბურთივით მსხვილი სხეული. მაგრამ მიუხედავად ამისა, გოგონა ძალიან შრომისმოყვარე იყო.
    დედამ მას ქსოვა ასწავლა. იჯდა თავის ოთახში და მთელი დღე ქსოვდა ულამაზეს კაბებს, შარფებს, ქუდებს. მამას მისი ნაქსოვი ბაზარში მიჰქონდა და უცებვე, საკმაოდ კარგ ფასში ჰყიდდა. ობა ისე სწრაფად და უფრო და უფრო ლამაზად ქსოვდა, რომ სულ მალე მისი მშობლები გამდიდრდნენ. ლამაზი სახლი აიშენეს, გოგონასთვის კი ცალკე, მაღალი კოშკი გააკეთეს ,რომელსაც ზემოთ ერთადერთი, დიდი ოთახი ჰქონდა ერთი პატარა სარკმლით.
    ობა ხშირად მიდიოდა სარკმელთან. დადგებოდა და უყურებდა, როგორ ამოდიოდა მზე. სხივები როგორ იშლებოდნენ ცის კაბადონზე. უნდოდა,თვითონაც ასეთი ლამაზი, უხილავი ძაფი დაერთო და უიშვიათესი ,ნატიფი ,ბადისმაგვარი თავშალი მოექსოვა.
    დღითი-დღე  იხვეწებოდა ობას ნართი,თანდათან უფრო წვრილი ხდებოდა, ნაქსოვი კი უფრო და უფრო ნატიფი. ქსოვისას რამოდენიმეჯერ ტუჩებით დაიჭირა ძაფი და შენიშნა, რომ ნერწყვით დასველებული ძაფი უფრო გამძლე და მწებვარე იყო. ამ აღმოჩენის შემდეგ ობამ გადაწყვიტა, მოექსოვა დიდი ბადე, გაეშალა თავისი სარკმლიდან და თვითონაც გადამძვრალიყო.
    დიდხანს ქსოვა ობამ ბადე. ძირითადად ნერწყვით დასველებულ, მწებვარე ძაფს იყენებდა, მაგრამ ზოგ ადგილებში ჩვეულებრივი ძაფიც გაურია, რათა გადაადგილებისას თვითონაც ზედ არ მიწებებულიყო.
    როგორც იქნა დაამთავრა თავისი უნიკალური ბადის ქსოვა. ერთ ღამეს გადმოშალა ბადე, თვითონაც წვალებით გადაძვრა და ჩაყვა მას. ბადის ერთი ბოლო კოშკთან ახლოს მდგარ ხეს მიამაგრა, თვითონ უკანვე აძვრა იმ ჩვეულებრივი ძაფებით და სარკმლიდან უთვალთვალებდა, რა მოხდებოდა.
    მთელი ღამის განმავლობაში ებმებოდნენ ბადეში ღამურები, ჭოტები, ბუები, ღამის პეპლები და რაც უფრო ფართხალებდნენ გასანთავისუფლებლად, მით უფრო ეწებებოდნენ და იხლართებოდნენ იმ უჩინარ ძაფებში.
    გამთენიისას ბადეში შავი ფერიაც გაება. მას კი, ხომ იცით ,ბოროტი გული აქვს და ხშირად იწყევლება ხოლმე. გაბრაზებულმა ახლაც დაწყევლა ბადის მომქსოვი გოგონა.
    -ობა,ობა! დაე, ისეთ არსებად იქეცი, არც მწერებმა მიგიღონ და არც ფრთოსნებმა. კიდევ უფრო მახინჯი გახდი, დაბრმავდი. დღე ვერ ჩნდებოდე და მთელ ცხოვრებას მხოლოდ ბადეების ქსოვაში ატარებდე ჩაკეტილ ოთახებში.
    იქვე ხეზე ცისფერი, კეთილი ფერიაც იჯდა. მას ისეთი ძალა არ ჰქონდა, რომ მთლიანად მოეხსნა შავი ფერიის წყევლა, მაგრამ შეარბილა განაჩენი:
    ობობა,(კარგად ვერ გაიგონა გოგონას სახელი ) დღეც შეგეძლოს გამოჩენა და ღამითაც, სიცხეშიც და სიცივეშიც. ხეებზე ძვრომაც შეგეძლოს, მიწაზე სირბილიც და წყალში ცხოვრებაც. რვავე თვალი შეგრჩეს და ზურგიც ნაირფრად მოგეხატოს. გამრავლდე და შენი მოდგმა ცალკე ოჯახად, ობობასნაირებად იქცეს.
    მართლაც, ობას ნაწილობრივ წყევლაც აუხდა და დალოცვაც. ისეთ არსებად იქცა, რომელსაც რვა ფეხი , რვა თვალი და ორად გაყოფილი სხეული აქვს. სახელად ობობა შერჩა. მის შთამომავლებს ზოგს მოლურჯო,  დაწინწკლული ზურგი აქვს, ზოგს შავი,ყვითელი ზოლებით ან წითელი ლაქებით, ზოგს მოყავისფრო, მომწვანო, რუხი.
    ყველგან შეუძლიათ ცხოვრება მიწაზეც და წყალშიც. ხეებზეც დაცოცავენ და მიწაზეც დარბიან. თავიან ულამაზეს ბადეებს ბუჩქებშიც აბამენ, ბალახებშიც , ხეებზეც  და ოთახის კუთხეებშიც. მსხვერპლს ადვილად იჭერენ მწებვარე ძაფით მოქსოვილი ბადით, თვითონ კი იმ უბრალო, არამწებვარე ძაფებით უვნებლად აღწევენ მსხვერპლამდე.
    აი, ასე გაჩნდა ობობა ამ ქვეყნად.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გადააქციე პასუხისმგებლობა თამაშად

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს რაიმეს გაკეთებაზე, სცადეთ ის თამაშად აქციოთ. „იუმორი და თამაშები ორი ეფექტური საშუალებაა, რაც ხშირად მშობლებს ავიწყდებათ“, ამბობს ზებუკერი. როდესაც საკუთარი ვაჟი სკოლამდელ დაწესებულებაში სწავლობდა, ზებუკერი შვილს ფეხზე ისე აცმევდა, თითქოს იგი ფეხსაცმლის მაღაზიის კლიენტი ყოფილიყო. „ვეუბნებოდი ხოლმე: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ-ნი დედიკოს ფეხსაცმლის მაღაზიაში, დღეს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წყვილი ფეხსაცმელი“, ამას სულელური აქცენტით ვეუბნებოდი და ძალიან ერთობოდა“.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024