kids.ge logo

პანტის ჯემი

ფავორიტებში დამატება

სისხამ დილით გაიღვიძეს ბებია და პაპა დათვებმა - კეკემ და დათიკომ, ბუნაგიდან გამოძვრნენ და შეგულებული დიდი პანტის ხისაკენ გაეშურნენ. ღიღინ-ღიღინით ჩამოკრიფეს და სავსე კალათებით დაბრუნდნენ შინ.

მამა დათვი შეშას ჭრიდა, ანცი ბელები კი ეზოში კოტრიალობდნენ.

დედამ და ბებიამ პანტა იქვე, წყაროს წყალზე, გარეცხეს, დაჭრეს და დიდი ქვაბით     შემოდგეს ცეცხლზე.

-  რას აკეთებთ?
-  რას აკეთებთ? -  ხან ერთი ბელი კითხულობდა, ხან მეორე, ხან მესამე.
-  რას და, პანტის ჯემს, - ყველას ალერსიანად პასუხობდა ბებია.
-  გემრიელია პანტის ჯემი?
- თათებს ჩაიკვნეტთ, ისეთი გემრიელია.
- მალე გაკეთდება? - ცმუკავდნენ პატარები.
- სამხარზე მოგართმევთ.
- ვაშაა! სამხარზე პანტის ჯემს მოგვართმევეეენ! - სიხარულისაგან ყირამალაზე გადავიდნენ ბელები.

მართლაც, სამხრამდე პანტის ჯემი მზად იყო. გაშალეს სუფრა: თაფლაკვერები, ცაცხვის   ჩაი, ჟოლოს მურაბა, თაფლი, შვიდი თეფში, შვიდი კოვზი, შვიდი ჭიქა შემოდგეს და მაგიდას მიუსხდნენ,

საყვარელი თალაკვერები, ჟოლოს მურაბა და თაფლი ვიღას ახსოვდა, ისე მოეწონათ ბელუკებს პანტის ჯემი.

უცებ ერთხმად შესძახეს:

- მართა ბებია მოდის!

გაცუხცუხდნენ და სტუმარს კალთაზე მიაფრინდნენ.

- ფრთხილად, ფრთხილად, დრუნჩიკოებო, ქილა არ ჩამომივარდეს!

ბელებმა უკან დაიხიეს და ჰკითხეს:

- ქილაში რა არის?
- რა და, პანტის ჯემი.
- ჩვენც გვაქვს პანტის ჯემი.

მასპინძლებმა სტუმარი სუფრასთან მიიპატიჟეს და ჯემიც შესთავაზეს. მანაც სიამოვნებით დააგემოვნა და შეაქო:

- ყოჩაღ თქვენ! ძალიან მომწონს. ჩემი ჯემი უგემრიელესი მეგონა, მაგრამ თქვენი უკეთესია.

კეკემ მართას ჯემი დააგემოვნა და თქვა: - ძნელად, ძალიან ძნელადშესამჩნევი სიმწარე გაჰკრავს.

- ნეტავ, რატომ? - შეწუხდა სტუმარი.
- ჩემი აზრით, მომზადების დროს რაღაცაზე ბრაზობდი.
- რა ვიცი, დაო, როგორც ბებიებმა გვასწავლეს, სულ ღიღინ-ღიღინით ვაკეთე. თუმცა არა! ქვადსაქცევმა მელაკუდა მანომ ჩაიარა, ჩაიქირქილა და მომაძახა, ჯემზე დაგიდგა საქმე ამხელა დათვსაო?! ყველაფერი დამავიწყდა, ისე გავმწარდი!
- ჰო და, ამიტომაც გაჰკრავს სიმწარე.
- ახლა რა ვქნა? ამდენი წვალება წყალში ჩამეყარა?

ბელებს შეეცოდათ მართა ბებია, თათები მოხვიეს და გაიტრუნნენ.

- არა მგონია. ეშველება, - დაამშვიდა კეკემ მართა. - წავიდეთ, ხარშვა გავაგრძელოთ.

წავიდნენ. გულშემატკივარი ბელებიც გაჰყვნენ.

მართას წყლით ჩაექრო ცეცხლი, ხანძარი არ გაჩნდესო. მაგრამ ხმელი ტოტებით მალევე დაანთეს და ზედ ჯერ კიდევ თბილი ჯემით სავსე ქვაბიც შემოდგეს. კეკემ ღიღინ-ღიღინით მოურია ქვაბს ხის დიდი კოვზით:

- პანტის ჯემს რას დააკლებს
მელა ქათმიპარია,
ენა რომ არ უვარგა,
ნეტავ, რისი ბრალია?!
ჩემო მართა, დამშვიდდი,
ბრაზისთვის არ გცალია!

მართამ  ჩაიხითხითა, ხასიათზე მოვიდა და კეკეს შეეშველა. რიგრიგობით ურევდნენ ქვაბს და ტკბილად ღიღინებდნენ. დროდადრო აგემოვნებდნენ ჯემს და, როგორც იქნა, დატკბა! ისე დატკბა, კეკესას არაფრით ჩამოუვარდებოდა.

მალე ქათმის მოსაპარად წასულმა ხელმოცარულმა მშიერმა მელაკუდა მანომაც ლასლასით ჩაიარა და ჩაილაპარაკა: - რა სურნელი ტრიალებს! ნეტავ, ერთხელ ამასვლეპინა, მე საცოდავს მეტი არაფერი მინდაო.

დათვებმა ყურადღება არ მიაქციეს, თითქოს მელია არც დაუნახავთ და არც არაფერი გაუგონიათო. მან კი ფეხი არ მოიცვალა, იქნებ, დამინახონ და შემიპატიჟონო. იმედი რომ გადაეწურა და წაჩანჩალდა, მართამ გასძახა:

- მეზობელო,დამაფასე, მესტუმრე! პანტის ჯემით ჩაიკოკლოზინე პირი!

მელაკუდა მანოს, რა თქმა უნდა, ხვეწნა არ დასჭირვებია. 

ერთი ფიალა ჯემი სულმოუთქმელად რომ შესვლიპა, თქვენ გახარებას, კიდევ მომართვითო. მეორე ფიალაც მიირთვა და მესამეც. კარგ ხასიათზე დადგა, და თავისი ოინების მოყოლაც დაიწყო. ერთმანეთში აურია ტყუილ-მართალი და ყველა ახითხითა.

მეოთხე და მეხუთე ფიალებიც უკვე კოვზით ნება-ნება მიირთვა, მადლობა გადაიხადა და დიდად ნასიამოვნები წავიდა.

ბინდდებოდა. ძლივს მიათრევდა გატიკნილ მუცელს. მსუნაგი, საკუთარ სოროში რომ ვერ შეეტია, ბალახებზე მიწვა. მალევე ტკბილად დაეძინა. სიზმარში სულ პანტის ჯემს მიირთმევდა. სიამოვნებისაგან იღიმოდა და კრუტუნებდა. ბუები და ჭოტები გაოცებულები დასცქეროდნენ ხის ტოტებიდან.

- ალბათ, ჩასუქებული, სიმინდზე გაზრდილი ქათმის ბარკალს „მიირთმევს“, - თქვა ერთმა.
- სწორედ ასე იქნება, - კვერი დაუკრეს დანარჩენებმა...

მანოს რიჟრაჟზე გაეღვიძა.

- გემრიელი იყო ქათმის ბარკალი?- ჩამოსძახეს ბუებმა და ჭოტებმა.
- რომელი ბარკალი? - ვერ მიხვდა მელია.
- რომელი და, წუხელ რომ გესიზმრებოდა.

მანომ თვალები მოწკურა და მელაკუდურად ჩაიცინა:

- გემრიელი კი არა,    უუუგემრიელესი იყო.

იმავე დღეს მიაკითხა მართასა და კეკეს, კალათები მათხოვეთ, პანტა უნდა დავკრიფო და ჯემი გავაკეთოო. არ დამზარეთ, ჩემო კარგებო, მომეხმარეთ, უთქვენოდ რას გავხდებიო.  ისინიც არ დაზარდნენ. სულ სიცილ-ხარხარში დაკრიფეს პანტა და უტკბილესი და უგემრიელესი ჯემიც მოამზადეს.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ სოციალური აქტივობები

დაეხმარეთ ბავშვს, მონაწილეობა მიიღოს ჯგუფურ აქტივობებში, როგორიცაა სპორტული გუნდები, კლუბები ან სკაუტები.

ეს საინტერესოა! რჩევები-ფსიქოლოგია  - რა არის ADHD ?!
ეს საინტერესოა! რჩევები-ფსიქოლოგია - რა არის ADHD ?!

რა არის ADHD ?! ADHD დიაგნოზი, რომელიც ყველაზე მეტად გვხვდება ყოველდღიურობაში და ყველაზე ცოტას ვსაბრობთ მასსზე. ეს არის დიაგნოზი, რომელსაც მშობელმა შეიძლება არ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025