kids.ge logo

სასკოლო ადაპტაციის პროგრამა 6-8 წლის ბავშვებისთვის

სასკოლო ადაპტაციის პროგრამა 6-8 წლის ბავშვებისთვის

Kids.ge-ს სასკოლო ადაპტაციის პროგრამა განკუთვნილია 6-8 წლის ბავშვებისთვის, რომლებმაც უკვე დაიწყეს სკოლაში სწავლა და სასკოლო ყოველდღიურობასთან შეგუების პროცესში მხარდაჭერა სჭირდებათ.

სკოლაში შესვლას ბავშვის ცხოვრებაში ახალი ურთიერთობები, წესები და პასუხისმგებლობები მოაქვს. მას უწევს თანატოლებთან თანამშრომლობა, საკუთარი საჭიროებების გამოხატვა, ინსტრუქციების შესრულება, დამოუკიდებლად მუშაობა და სხვადასხვა ემოციასთან გამკლავება. ამ ცვლილებებთან შეგუებას ბავშვებისთვის განსხვავებული დრო და მხარდაჭერა სჭირდება.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის სასკოლო გარემოსთან ადაპტაციას, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას, თავდაჯერებულობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას. მუშაობა მოიცავს ყურადღებას, თვითორგანიზებასა და იმ ყოველდღიურ უნარებსაც, რომლებიც ბავშვს სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობას უადვილებს.

მეცადინეობებს უძღვებიან ფსიქოლოგები. მუშაობა მიმდინარეობს თამაშების, როლური და სიტუაციური სავარჯიშოების, ჯგუფური დავალებებისა და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით. მშობლებს პერიოდულად მიეწოდებათ უკუკავშირი ბავშვის მიღწევებისა და მხარდაჭერის გზების შესახებ.

ვისთვის არის პროგრამა?

პროგრამა განკუთვნილია სკოლაში უკვე შესული ბავშვებისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც:

  • უჭირს სასკოლო გარემოსა და ახალ რუტინასთან შეგუება;
  • უჭირს თანატოლებთან ურთიერთობის დაწყება ან ჯგუფურ საქმიანობაში მონაწილეობა;
  • უჭირს საკუთარი აზრის, სურვილებისა და საჭიროებების გამოხატვა;
  • შეცდომის დაშვების ეშინია ან სირთულის შეხვედრისას ადვილად ნებდება;
  • სჭირდება დახმარება ემოციებთან გამკლავებასა და საკუთარი ქცევის რეგულაციაში;
  • უჭირს ინსტრუქციის მიყოლა, დავალების დაწყება ან დასრულება;
  • სჭირდება დამოუკიდებლობისა და თვითორგანიზების უნარების გაძლიერება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ბავშვსაც, რომელსაც სკოლასთან შეგუების გამოკვეთილი სირთულე არ აქვს, თუმცა ამ უნარების განვითარება სასკოლო ყოველდღიურობაში დაეხმარება.

პროგრამის ძირითადი მიმართულებები

  • ემოციური ინტელექტი და თვითრეგულაცია;
  • თავდაჯერებულობა და თვითშეფასება;
  • სოციალური უნარები;
  • კომუნიკაციის უნარები;
  • დამოუკიდებლობა და თვითორგანიზება;
  • ყურადღება და შემეცნებითი უნარები;
  • სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია;
  • ქცევის რეგულაცია და თვითკონტროლი.

ემოციური ინტელექტი და თვითრეგულაცია

ბავშვები სწავლობენ საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობას, დასახელებასა და გაგებას. მუშაობისას განიხილავენ მათთვის ნაცნობ სიტუაციებს: როგორ შეიძლება მოიქცნენ, როდესაც ღელავენ, ბრაზობენ, სწყინთ, რაღაც არ გამოსდით ან იმედგაცრუებას განიცდიან.

თამაშებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით ბავშვები ეცნობიან ემოციების გამოხატვისა და დამშვიდების სხვადასხვა გზას. ყურადღება ეთმობა შეცდომების მიღებას, რთულ სიტუაციაში დახმარების მოძიებასა და მოქმედების გაგრძელებას.

თავდაჯერებულობა და თვითშეფასება

მუშაობის მიზანია, ბავშვმა უკეთ გააცნობიეროს საკუთარი შესაძლებლობები, შეამჩნიოს მიღწევები და შეძლოს იმ სირთულეებზე საუბარიც, რომლებთან გამკლავებაში დახმარება სჭირდება.

აქტივობები ხელს უწყობს საკუთარი აზრის გამოხატვას, ინიციატივის გამოვლენასა და ახალი საქმიანობის მოსინჯვას. ყურადღება ეთმობა შეცდომის დაშვების შიშს და იმის გააზრებას, რომ სწავლის პროცესში ზოგჯერ განმეორებითი მცდელობა, სხვა გზის მოძიება ან დახმარების თხოვნაა საჭირო.

სოციალური უნარების განვითარება

სკოლაში ბავშვს ყოველდღიურად უწევს თანატოლებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და საერთო საქმიანობაში მონაწილეობა. პროგრამის ფარგლებში ბავშვები ამ უნარებს ჯგუფური თამაშებისა და დავალებების საშუალებით ავარჯიშებენ.

მუშაობა მოიცავს:

  • ურთიერთობის დაწყებასა და თამაშში ჩართვას;
  • თანამშრომლობასა და საერთო გადაწყვეტილების მიღებას;
  • გაზიარებას, რიგის დაცვასა და შეთანხმებული წესების გათვალისწინებას;
  • უთანხმოების დროს საუბარსა და გამოსავლის მოძიებას;
  • საკუთარი პირადი საზღვრების დაცვასა და სხვისი საზღვრების პატივისცემას.

კომუნიკაციის უნარები

ბავშვები მუშაობენ საკუთარი აზრების, სურვილებისა და საჭიროებების გასაგებად გამოხატვაზე. სწავლობენ სხვის მოსმენას, საუბარში მონაწილეობას, კითხვების დასმასა და გაუგებრობის შემთხვევაში განმარტების თხოვნას.

როლური და სიტუაციური სავარჯიშოები ეხება სასკოლო ყოველდღიურობის კონკრეტულ შემთხვევებს: როგორ სთხოვონ მასწავლებელს დახმარება, როგორ უთხრან თანატოლს, რომ რაღაც არ მოსწონთ, ან როგორ გამოხატონ განსხვავებული აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე.

დამოუკიდებლობა და თვითორგანიზება

პროგრამის ეს მიმართულება მოიცავს ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას: ინსტრუქციის მოსმენას, დავალების დაწყებას, მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვასა და დაწყებული სამუშაოს დასრულებას.

ბავშვები პრაქტიკული აქტივობებით ავარჯიშებენ:

  • სამუშაოსთვის საჭირო ნივთების მომზადებასა და მოწესრიგებას;
  • დავალების მცირე ნაბიჯებად დაყოფას;
  • ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასვლას;
  • დროის გათვალისწინებასა და მოქმედებების დაგეგმვას;
  • ასაკის შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ნივთებსა და საქმიანობაზე.

ყურადღება და შემეცნებითი უნარები

განმავითარებელი თამაშებისა და სავარჯიშოების საშუალებით ბავშვები მუშაობენ ყურადღების კონცენტრაციასა და შენარჩუნებაზე, სმენით და მხედველობით მეხსიერებაზე, ლოგიკურ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრაზე.

დავალებები მოიცავს ინსტრუქციის გააზრებასა და დამახსოვრებას, რამდენიმე ეტაპის თანმიმდევრულად შესრულებას, ინფორმაციის შედარებასა და გამოსავლის სხვადასხვა გზის მოძიებას.

ყურადღება ეთმობა მუშაობის პროცესსაც: როგორ იწყებს ბავშვი დავალებას, როგორ უბრუნდება მას ყურადღების გაფანტვის შემდეგ და რას აკეთებს სირთულის შეხვედრისას.

სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია

მეცადინეობებზე განიხილება ბავშვებისთვის ნაცნობი სასკოლო სიტუაციები: გაკვეთილში მონაწილეობა, მასწავლებლის ინსტრუქციის გაგება, თანაკლასელებთან ურთიერთობა, შესვენება, ახალი დავალება ან გაუგებარი მოთხოვნა.

ბავშვები მუშაობენ სასკოლო რუტინისა და წესების გააზრებაზე, ცვლილებებთან შეგუებასა და სირთულის დროს დახმარების თხოვნაზე. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ისაუბრონ სკოლის გამოცდილებაზე, გამოხატონ საკუთარი განცდები და პრაქტიკულად მოსინჯონ სხვადასხვა სიტუაციაში მოქმედების გზები.

მიზანია, ბავშვს სასკოლო გარემოში მონაწილეობისა და საკუთარი საჭიროებების გამოხატვის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს.

ქცევის რეგულაცია და თვითკონტროლი

თამაშებისა და ჯგუფური აქტივობების დროს ბავშვები ავარჯიშებენ ლოდინს, რიგის დაცვას, შეთანხმებული წესების გათვალისწინებასა და იმპულსური მოქმედების შეჩერებას.

მუშაობა მოიცავს სურვილის გადავადებას, ალტერნატიული მოქმედების შერჩევასა და ქცევის შედეგების გააზრებას. მაგალითად, ბავშვები განიხილავენ, როგორ შეიძლება მოიქცნენ, როდესაც სასურველი ნივთი სხვას აქვს, თამაშის შედეგი არ მოსწონთ ან საქმიანობის შეწყვეტა და სხვა დავალებაზე გადასვლა უწევთ.

როგორ მიმდინარეობს მეცადინეობები?

მეცადინეობები ეფუძნება ბავშვების აქტიურ მონაწილეობასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. მუშაობისას გამოიყენება:

  • საგანმანათლებლო და განმავითარებელი თამაშები;
  • როლური თამაშები და სასკოლო სიტუაციების გათამაშება;
  • ჯგუფური და თანამშრომლობითი დავალებები;
  • საუბარი და გამოცდილების გაზიარება;
  • შემოქმედებითი აქტივობები;
  • ყურადღების, მეხსიერებისა და თვითკონტროლის სავარჯიშოები.

აქტივობების შერჩევისას ფსიქოლოგები ითვალისწინებებნ ბავშვების ასაკს, შესაძლებლობებსა და ჯგუფში გამოვლენილ საჭიროებებს.

მშობლებთან თანამშრომლობა

მშობელთან პერიოდული უკუკავშირი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ფსიქოლოგი მშობელს უზიარებს დაკვირვებებს ბავშვის ჩართულობის, მიღწევებისა და იმ უნარების შესახებ, რომლებსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.

მშობელი იღებს რეკომენდაციებს, როგორ დაეხმაროს ბავშვს ყოველდღიურ სიტუაციებში - დამოუკიდებლობის წახალისებისას, ემოციებთან გამკლავებისას, საქმიანობის ორგანიზებისა თუ ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეების დროს.

მეცადინეობების განრიგი

მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და პარასკევს. თითოეულ დღეს ბავშვებს აქვთ ორი 45-წუთიანი შეხვედრა (გაკვეთილი) ფსიქოლოგებთან. მეცადინეობების საერთო ხანგრძლივობა დღეში საათნახევარია.

ჯგუფებში თავისუფალი ადგილებისა და განრიგის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით.

ბავშვების ასაკი

სასკოლო ადაპტაციის პროგრამაზე მიიღებიან 6-8 წლის ბავშვები, რომლებიც უკვე სწავლობენ სკოლაში.

პროგრამაზე რეგისტრაცია

პროგრამაზე ჩასაწერად გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
ან დაგვიკავშირდით: 591 42-11-00.

რეგისტრაციისთვის საჭიროა:

  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  • მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ჯგუფში ადგილის ჯავშნის საფასურის გადახდა - 25 ლარი.

დოკუმენტების ასლების გადაღება შესაძლებელია ჩვენს სასწავლო ცენტრში.

ჯგუფში ადგილის ჯავშნის საფასური შეგიძლიერთ-ერთ ანგარიშზე:

თიბისი ბანკი: GE34TB7510936020100001 

საქართველოს ბანკი: GE33BG0000000773203900

გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ ბავშვის სახელი და გვარი. გადახდის დამადასტურებელი ქვითარი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ჩვენს ფეისბუქგვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.

სწავლის საფასური

Kids.ge-ს სასკოლო ადაპტაციის პროგრამაზე სწავლის საფასურია 180 ლარი თვეში.

დედმამიშვილების შემთხვევაში მოქმედებს შეღავათიანი ფასი - 160 ლარი თვეში თითო ბავშვზე.

რა უნდა მოიტანოთ?

მეცადინეობებისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მოტანა ბავშვს არ სჭირდება - მათ ცენტრი უზრუნველყოფს და მათი ღირებულება სწავლის საფასურში შედის.

ბავშვებს ადგილზე დახვდებათ სამუშაო ფურცლები, საკანცელარიო ნივთები, განმავითარებელი თამაშები, ბარათები, ვიზუალური რესურსები და შემოქმედებითი აქტივობებისთვის საჭირო მასალები. მშობელს მათი ცალკე შეძენა არ უწევს.

Kids.ge-ს რჩევები

ისწავლეთ გულის შეტევის სიმპტომების ამოცნობა

ისწავლეთ გულის შეტევის სიმპტომების ამოცნობა და სასწრაფო დახმარების გამოძახება.

Kids.ge-ს რჩევები
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026