kids.ge logo

მამელუკი

ფავორიტებში დამატება

ტაგუიამ და მისმა შვილებმა ნასადილევს ჩრდილ ქვეშ ცოტა წაიძინეს. მზე გადაიხარა თუ არა, წამოცვივდნენ, დაავლეს ხელი თოხს და მუშაობას შეუდგნენ.

სამხრობის დრომ მოაწია. მწვანე ჯეჯილით აბიბინებულ ველს მოწმენდილ-მოკრიალებული ფირუზის ფერი ცა დაჰყურებდა. არსად ერთი ბეწო ღრუბლის ბულული არ მოიძებნებოდა. თითქოს ჰაერი ერთ ალაგას გაიყინაო, არსაიდან სიო არ ჰქროდა.

- ოჰ, მეტისმეტი ცხელა, ლამის სული შემიგუბდეს. ვო შური საყვარელი, ერთი კაი ბორია ახლა ათას ქისა მარჩილად ღირს, - ინატრა უმცროსმა - მალხაზიამ.

- მაინც რა გადაცემული დღეა ეს დალოცვილი, - დაეთანხმა გიგოც.

- მართალია, ბაბაია, ცხელა, - აუჩქარებლად წარმოსთქვა მოხუცმა, - სიცხე ჩვენ გვაწუხებს, მაგრამ ჭირნახულისთვის კი დაუფასებელია. ყველასათვის სასიამოვნო იმ დალოცვილ ღმერთსაც რომ ვერ შესძლებია! ჩვენ გვასიამოვნოს, ჭირნახულს არ ესიამოვნება, ჭირნახულს ასიამოვნოს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი.

- ჰეპე, რაღა გაეწყობა! - წამოიძახა გიგომ, - გაგვიძლია, კიდევ გავუძლოთ, სხვაფრივ არ იშოვება მაგრად ჩასალუკმებელი, ჰე, ბიჭო! - გადასძახა მალხაზიას და თოხი მარჯვედ მოიქნია. მალხაზია აყვა. არც მოხუცი ჩამორჩა უკან და კვლავ გაისმა თოხის აჩქარებული ჩახა-ჩუხი.

- ეს სვე, როგორმე, ბიჭებო, და მერე ცოტა შევისვენოთ, არც მაინცდამაინც თავის გადაყოლება ვარგა, - სთქვა მოხუცმა.

სიცხეს კი გავუძლებ, რაც გინდა იყოს, სანგარო, სხვანაირადაც არ ვარ კარგად, - რაღაც მთელი ტანი დაბეჟილივით მაქვს, - ჩიოდა გიგო.

- ალბათ ბელტზე დაწოლილხარ, შვილო, უხერხულად, - მიუგო მამამ.

- არა, დილიდანვე უხასიათოდ ვარ, მთელ ტანში სიმძიმესა ვგრძნობ, ვაითუ ცივება დამიწყოს...

- სუთ, სუთ! - გააწყვეტინა მალხაზიამ. შეჩერდა, თოხის ტარს დაებჯინა და სმენად გადაიქცა.

- რა იყო, ბაბა? - დაეკითხა მამა.

- რაღაც კივილივით მომესმა.

სამივენი შეჩერდნენ და ყური დაუგდეს.

- თითქოს რაღაც მეც მესმის, - სთქვა გიგომ.

- ძაღლი ყეფს, მგონია, - შენიშნა ტაგუიამ.

- ძაღლის ყეფაც ისმის, ნამდვილია.

სხვა მომუშავენიც ველზე შეჩერდნენ და ყურს უგდებდნენ.

სოფლიდან რაღაც ხმაურობა მართლა მოისმოდა, ქალების კივილსა ჰგავდა.

- ავავაია! მოკვდა ვიღაცა, - გაუბედავად სთქვა მალხაზიამ.

- ვაი, საბრალო, თუ ქუჩუს დედა გარდაიცვალა. ხანში შესული ადამიანი იყო საცოდავი, - შენიშნა ტაგუმ, - მე რომ, ბაბაია, პატარა ბიჭი ვიყავი, იმას მაშინ ხუთი შვილი ქე ყავდა. კაცი, სანგარო, ერთი გუდა სისხლია, რა ბევრი უნდა, რომ მოკვდეს.

- არა, ქუჩუს დედა გუშინწინ ვნახე, სასიკვდილო პირი არა აქვს, - დაფიქრებით სთქვა გიგომ. - ალბათ გარეშე სოფლიდან ვინმეს სიკვდილის ამბავი თუ მოიტანეს. უეჭველია ქალების კივილია. ე! უყურე, ხმაურობა თანდათან ახლოვდება, თითქოს აქეთკენ მოდიანო.

ხმაურობამ იმატა. ახლა ქალების წივილ-კივილი ნათლად მოისმოდა. ერთი ქალი განსაკუთრებით საშინლად გაჰკიოდა.

შვილებმა იცნეს დედის ხმა.

- ეჰე, ჩვენი ცოდვა! რაღაც სახეირო არ არის ჩვენს თავზე, - წამოიძახა გიგომ, თოხი იქვე დაადგო და ქუჩურა ბჟოლასთან მიირბინა, თოფს ხელი დაავლო და სოფლისაკენ გავარდა. ტაგუია და მალხაზიაც იმას მისჰყვნენ. სხვა მომუშავეთაც დაყარეს თოხები და თოფებს მიაშურეს, ზოგი ახალუხს იცვამდა, ზოგი პერანგის ამარა თოფით გარბოდა.

მდინარის გაღმა რამდენიმე თმაგაწეწილი ქალი წივილ-კივილით მორბოდა, მათ შორის მზეხაც გულსაკლავად ღრიალებდა.

- ნანა, შვილო, ნანა, შვილო, მოგიკვდა დედაშენი, ხვიჩა, ნანა! მი... შვე... ლეთ...

- რა ამბავია, რა მოუვიდა! ჩემი ბიჭი ახლა აქ ხელში არა მყავდა? - დაიყვირა წყალგამოღმიდან საბრალო ტაგუიამ, მაგრამ მისი ხმა უცებ გაწყდა, ფეხები აუკანკალდა და იქვე ჩაიკეცა.

მუშებმა, საცა მოხვდათ, წყალში შეტოპეს და ერთი კიჟინით და ხმაურობით გაემართნენ.

ნახევარი საათის შიგნით მთელი სოფელი ფეხზე იდგა. ქალების წივილ-კივილი, ძაღლების ყეფა, მამაკაცების კიჟინა, ერთად შერეული, რაღაც გულშემზარავ ხმაურობას აყენებდა... სოფლის ბოლოდან მოისმა თოფის ხმაც. გავარდა ერთი... ორი... სამი...

მზის ჩასვლას ცოტა-ღა აკლდა. დასავლეთიდან სიო საგრილობლად უბერავდა, ცაზე აქა-იქ ღრუბელიც მოსჩანდა. ერთი პაწია სერის კალთაზე მოთავსებული ტაგუია აბედიას კარ-მიდამო ქალით და კაცით სავსე იყო.

მჭვარტლისაგან გამურულ ფიცრული სახლის დერეფანში ქალები მოგროვილიყვნენ და ერთი ტირილი და ვაება გაემართათ.

მამაკაცები, თითქმის ყველა მოხუცებული, სახლის წინ, ვაშლის ხის ქვეშ, დამსხდარიყვნენ და მოწყენილ-შეშფოთებულნი მსჯელობდნენ.

ტაგუიას ცოლი მზეხა ლოყებდაკაწრული და გასისხლიანებული ჯერ კიდევ ვერ დამშვიდებულიყო და ცხარედ გაჰკიოდა. სხვა ქალები მას ძლივ-ძლივობით იმაგრებდნენ.

- ხვიჩა, ნანა, ხვიჩა, ნანა, ჩემი ბიჭი, ჩემი საფლავის გამთხრელი... საით წავიდეს... საით გეძებოს... ვის მიმართოს... სად მოგნახოს... უბედური დედაშენი! - მწარედ მოთქვამდა გამწარებული დედა.

- მზეხა, მზეხა, ცოტა დამშვიდდი, ადამიანო! ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ამბავს მოგვიტანენ, ვისაც თოფის დაჭერა შეეძლო ჩვენს სოფელში, ყველანი დაედევნენ. გზა-გზა კიდევ რამდენი მიეშეველებოდა. ის ვიღაც უღვთო და უსჯულო, კაცია, ალბათ, ხაში ხომ ვერ ადრინდებოდა; უსათუოდ დაეწევიან და დააგდებინებენ, - ანუგეშებდა მზეხას ერთი სხვებზე უკეთ ჩაცმულ-დახურული მანდილოსანი; ეტყობოდა, ვინმე აზნაურის ცოლი უნდა ყოფილიყო.

- ხვიჩა, ბაბა! ხვიჩა, ბაბა! ჩემი მოხუცებულობის მანუგეშებელი ბაბა, - მოთქმით ლუღლუღებდა თავშიშველი და გულხელებდაკრეფილი ტაგუია და ეზოში უთავბოლოდ დადიოდა.

- ესეც შენი ქვეყნის დამშვიდება და დაწყნარება! ჩვენი საშველი არ მაინც არ ყოფილა, ქე მაინც ყველანი ერთად ამოვწყდებოდეთ, - ნაღვლიანად ამბობდა ერთი მელოტი, ჭაღარა გლეხი.

- ასეთ გაძაღლებულ ცხოვრებას, თუ სიკვდილი არ სჯობდეს, ღმერთი გამიწყრეს, - მიუგო მეორემ.

- კაცო, ქე მაინც არ გვაიმედებდნენ, - სთქვა ისევ მელოტმა. - ამას წინათ ნოქალაქევში ტაია ბატონიშვილის სასახლეში გიახელ. გერიე სახუცესი იქ ბრძანდებოდა. - რა ამბავია, უჩარდია, როგორ ცხოვრობო? - თოლი, რა ცხოვრებაა, ბატონო, ჩვენი ცხოვრება-მეთქი, ქათმებივით გვიჭერენ და ოსმალეთში გვყიდიან-მეთქი.

- ეს წინეთ იყო, ჩემო უჩარდია, თორემ ახლა ხომ მშვიდობააო. ბარეღამ ოციოდ გლეხი კი ვიყავით. ნუ გეშინიათო, გვიბრძანა გერიე სახუცესმა, კაცის სული კი არა, უსამართლოდ ერთი თიკნის ყურიც არ დაგაკლდებათო. დადიამ და მაფამ ერთი პირი შეკრეს, ჯვარზე და სახარებაზე შეფიცეს ერთმანეთს, რომ სათათრეთში ტყვე არ გაყიდონო. ყველამ პირჯვარი გადავისახეთ, ღმერთს მადლობა შევწირეთ. არხეინად იყავით, ნუ გეშინიათო, ბარემ ხუთჯერ გვითხრა...

- სულ ტყუილიც არ არის, ბატონი ნუ მომიკვდება, - ხრინწიანი ხმით სიტყვა ჩამოართვა მეორე მოხუცმა, - აგერ მეორე აღდგომა გავიდა, რომ ჩვენს სოფელს მართლაც და თიკნის ყურიც არ დაკლებია. რასაკვირველია, ძალით, აბრაგის მოტაცებით, ეს რაღაც ჯიბრის საქმე უნდა იყოს.

-  საჯიბრო ვის უნდა ჰქონდეს საწყალ ტაგუიასთან! ამისთანა გულკეთილი და მართალი კაცი მეორე არ გვირევია, - წამოიძახეს მოხუცებმა.

- ხვიჩა, ბაბა! ხვიჩა, ბაბა! ხვიჩა, ბაბა!.. - მოისმოდა ტაგუიას მწუხარე მოთქმა.

- ბატონმა იცის ნეტავ? - იკითხა ერთმა.

- როგორ არა. საშინლად ეწყინა თურმე. ეს ტაგუიას აგდება კი არა, ჩემი აგდებაა, მაგრამ მე თუ ვამეხი ვარ, მაგას არ შევარჩენო, უთქვამს და მაშინვე თავისი ვაჟი ტარიელი ცხენით დაუდევნებია, - სთქვა ერთმა ქოსა მოხუცმა.

- მაშ, ჯერ კიდევ იმედი დაკარგული არაა. ტაგუია, ბაბა, აქ მოდი, - თანაგრძნობით მიმართა მელოტმა მოხუცმა, - არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც კაცს ეგონება. ტარიელ ბატონიშვილი დასდევნებია, მთელ სოფელში რამედ რომ ვარგა ისეთი, ყველა დაედევნა. მართლაც და ქვესკნელში ხომ არ ჩაძვრება. გული დაიმშვიდე, შენ კაცო! შენ სხვა რამდენი გინუგეშებია და თვითონ ასე ჩქარა რამ მოგტეხა, შე ძაბუნო! - ხმა მაღლა დაათავა მელოტმა მოხუცმა.

- ხვიჩა, ბაბა! ხვიჩა, ბაბა! მოგიკვდეს მამაშენი, - მწარედ წარმოსთქვა ტაგუიამ და მსხვილ-მსხვილი ცრემლი გადმოყარა. - ნეტავ, ღმერთო, მომკალი, დღეს მაინც ხელში არა მყოლოდა! დიდი დოქი ღვინო მხარზე გადაედო და დედამისთან ერთად ყანაში მოგვიტანა. რომ გენახა, ის რომ ვაჟკაცურად ფეხს მიაბიჯებდა, სწორედ გაგიკვირდებოდა, - ტირილით ამბობდა ტაგუია. - მე შავ დღეში გაჩენილს, დღე და ღამ მაგის შიში მქონდა, მაგრამ რა მექნა, კაცო, რა მექნა, ქრისტიანებო?! ბავშვს ხულაში ხომ ვერ დავამწყვდევდი? ჭამა გვინდა, სმა გვინდა! რა შიმშილით მოვმკვდარვარ, რა აბრაგს მოუტაცნივარ, სანამდი უნდა ვიმალოთ... ათიოდ თხის გარეკვაში მალხაზია, ვაჟკაცი, როგორ გავაცდინო-მეთქი, ვამბობდი და ის ბაღანა ერეკებოდა და მერე რა ჭკუიანად ერეკებოდა... უი... უი... მოგიკვდეს მამაშენი... აჰ... აჰ...აჰ... აჰ... აჰ... აჰ... აჰ... დადია მე მწიწკნის, მებატონე მე მწიწკნის, ურჯულო მე მწიწკნის და რჯულიერი... სად არის ღმერთი, სად არის სამართალი! რით უნდა ვინუგეშო თავი მე უბედურმა? უკანასკნელი ყოფილა, შვილო, დღეს ჩვენი ერთმანეთის ნახვა. შეიძლება შენ კიდევ ბევრხანს იცოცხლო, გაიზარდო და ბავრიც მხიარული დღე ნახო... მე კი, სიბერეგაძაღლებული, საფლავში უნდა ჩავიდე! უი ჩემს თავს! უი ჩემს თავს! - ბღავილით ამბობდა ტაგუია და შუბლში ხელს იცემდა.

ყველას ცრემლი მოერია. სანუგეშო სიტყვას ვერავინ პოულობდა. ყველა ერთ ტაფაში იწოდა.

„ვაი, ახავაი, ჩვენი ცოდვა!“ - ისმოდა მწარედ ამოძახილი.

- ღმერთო, დიდებულო! რად მოგვიძულე ამ ზომამდე! - მაღლა ხელებაპყრობით წარმოსთქვა ერთმა ღრმად მოხუცებულმა გლეხმა, კაი ხნის მწუხარე დუმილის შემდეგ, - რა შეგცოდეთ ისეთი, შენ სახელკურთხეულო! კვირაში სამი დღე ბატონის სახლში ვმუშაობ. დანარჩენი სამი დღის ნამუშევარსაც, როცა მოესურვებათ, მაშინ წამართმევენ... ცხენს მტაცებენ, ძროხას მტაცებენ, ქათამს მტაცებენ... ჯანდაბას, რა გაეწყობა... ისე მოაწყვე ჩვენი ცხოვრება, რომ შვილი მაინც არ მოგვტაცონ და ურჯულოებში არ გაგვიყიდონ! კაცნო! - მიუბრუნდა მოხუცი გლეხებს, - ამ ხნის კაცი ვარ, ასი აღდგომა როგორ არ მეხსომება და ერთი წელი არ მახსოვს, რომ შიშიანობა არ ყოფილიყოს. ახლა სადაა, ბაბა, შიშიანობა, შიშიანობა ამ ორმოცდა-ორმოცდაათი წლის წინათ უნდა გენახა! ლოგინიდან იტაცებდნენ ხალხს. საკვირველებაა, სულ როგორ არ ამოწყდა ჩვენი საწყალი ხალხი?! მხოლოდ ე... განსვენებული მამაჩემი ცაკვაია, ისე, ზღაპარივით იტყოდა: ვაი, ახავაი, სად არის ახლა ან გიორგი ლიპარტია, ან ლევან დადიაო. იმათ დროს ვინ გაბედავდა ტყვის გაყიდვასო! მე კი, რაც გავჩნდი, სულ შიშიანობა მახსოვს.

- ხვიჩა, ბაბა! ხვიჩა, ბაბა! - მოთქვამდა ისევ მოხუცი...

- დამშვიდდი, დამშვიდდი, ტაგუია, ჯერ იმედს ნუ გადაწყვეტ, - მტკიცედ უთხრა ერთმა გრძელწვერა ჭაღარა, მაგრამ ვაჟლაკური გამომეტყველების გლეხმა, - მე, ბაბაია, პატარაობისას ბარე ორჯერ მომიტაცეს, მაგრამ, ხომ მხედავ, აქა ვარ და იმედი მაქვს ჩემი ძვლებიც ჩემ წინაპართა საძვალოში დაიმარხება...

- მართლა, სეფანე! შენ ხომ ორჯერ ხარ მონატაცები, - ცოტა არ იყოს ხალისით წამოიძახეს მოხუცებმა.

- ორჯერ, აბა, რავა გგონია! პირველად რომ მომიტაცეს, აქეთკენ წამათრიეს, აი! - ხელი გაიშვირა დასავლეთისაკენ, - ამ ეკით, საწულეისქირიოთ და თეკლათით...

- ფეხით მიყავდით? - ჰკითხა ვიღაცამ.

- ფეხით, აბა, ცხენით კი არა! კარგა მოჩიტული ბიჭი ვიყავი და ერთი კაცი, ტყუილია, ცხენზე ვერ დამიმაგრებდა. ორ კაცს ვეჭირე ხელებით იქით-აქეთ და მიმათრევდნენ, სულ ტყე-ტყე, სულ ტყე-ტყე. სად უფსკრულში რობუ და ჩქოფუში არ ჩამიყვანეს, სად მთის წვერზე არ ამათრიეს, კაცო, რომ გამახსენდება, კაცი ძაღლი ყოფილა-მეთქი, ვამბობ! ან მე როგორ გადავრჩი მაშინ ცოცხალი და ან ისინი! ისინიც რა, კაცები იყვნენ, დევები ხომ არ იყვნენ!

სეფანეს არაერთხელ ეამბნა ეს ამბავი, მაგრამ ყველანი მაინც დიდის სიამოვნებით ყურს უგდებდნენ. ტაგუიამაც თითქმის შეწყვიტა მოთქმა-გოდება და ისიც სულგანაბული ყურს უგდებდა.

- წირვის დადგომის დრო იყო, რომ მომიტაცეს და ისე დაღამდა, რომ არც ლუკმა ჩაგვსვლია პირში და არც მოგვისვენია. მივედით თეკლეთში და იქ მდინარე ცივის პირას ვიღაც მოსახლე კაცის სახლში თავი შეაფარეს. მე სხვა არაფერი მახსოვს. იქ მივედით თუ არა, სადღაც დავეგდე და მკვდარივით დამეძინა. გათენებული არ იყო, რომ გამაღვიძეს. რაღაც ორი ლუკმა მაჭამეს და, მართალი უნდა ვსთქვა, ცხენზე შემსვეს, მხოლოდ ფეხები აბჟანდებთან მიმიკრეს, სხვაფრივ, ხელები თავისუფალი მქონდა, ბურთიც ამომაცალეს პირიდან, ან რა საჭირო იყო? იქ რომ მეყვირა აბა, ვის რას გავაგონებდი.

- მოიცა, ჩვენები იყვნენ, არა? - ჰკითხა ერთმა.

- ჩვენები, კაცო, მაშ თათარი აქ ჩემს სახლში ბავშვის მოსატაცებლად მოსვლას როგორ გაბედავს? თათრები იქა სხედან ციხე-სიმაგრეებში! მეც ხერხი ვიხმარე, იცოდე, ისეთი მხიარული სახე მივიღე, ისე შევეჩვიე, რომ რიონის პირას გამოვედით თუ არა, ფეხებიდანაც მომხსნეს ბაწარი. მხოლოდ ჭალადიდში შემოგვიერთდა ორი ცხენოსანი თათარი. ეტყობოდათ, ვიღაც კაი კაცები იყვნენ. ჩემი მომტაცებლები დიდის პატივით ეპყრობოდნენ. ერთ უდაბურ ტყეში დასასვენებლად ჩამოვხტით. ჩვენიანებს მაშინვე დაეძინათ. რა გასაკვირია, კაცო, დაღლილები იყვნენ, ძლივს ქაქაბებდნენ. მეც მაშინათვე მივეგდე და ვითომ დავიძინე. ერთმა თათარმაც დაიძინა, მაგრამ იმ მეორემ, გაგონილა?! დიდი ეშმაკი უნდა ყოფილიყო მაგ სახეძაღლი! თვალებს დახუჭავს, ვითომ ძინავსო, გაჩერდება, გაჩერდება ასე, და მერე უცბად გააღებს და ჩემკენ მოიხედავს. მე კი ვწევარ გატრუნული გოჭივით და ხანდისხან ფრთხილად შევხედავ ხოლმე. იმასაც, მართლაც არ ჩაეძინა?! ისეთი ხვრინვა ამოუშვა, რომ აქედან ჯიხაფერდში გაიგონებდი. მოგეცა ღვთისწყალობა, წამოვხტი და მოვკურცხლე. ჩემ ბედზე ერთი ცხენი ცოტა მოშორებით მიებათ ხეზე. ფრთხილად მოვხსენი, ჯერ ოციოდ ნაბიჯი წინ გავუძეხი, მერე მოსართავები მოვუჭირე, შევჯექი და მოვუსვი, მარა რა მოვუსვი!

- ჰა, წიე!- სიცილით წამოიძახეს მოხუცებმა.

- მაშ ცხენიც დაინარჩუნე? - ჰკითხა ერთმა.

- ეხ! რის ცხენი! რა მეცხენებოდა! - მიუგო სეფანემ. - ცხენი ვაჭენე, სანამ ფეხის გადადგმა შეეძლო, მერე მივაგდე იქ და ტყეს შევაფარე თავი. მერე ეშმაკი ვერ დამიჭერდა.

- გამოქნილი ყოფილია, ეს მიწაში ჩასაძრომი, - გაიხუმრა ერთმა.

- მეორეჯერ როგორ იყო, სეფანე, მეორეჯერ! - მოსძახეს აქეთ-იქით.

- მეორეჯერ ბევრი არაფერი! მომიტაცეს თუ არა, ჩქარა შეუტყვეს, მთელი სოფელი დაესია და ჩემი თავიც დააგდებინეს.

- ვაი, ახვაია! დღესაც რომ დროზე შეეტყო კაცს, მაშინათვე დააგდებინებდა, - სთქვა მელოტმა მოხუცმა.

- ჩემ ბედზე ყოვლისფერი შეიკრა, - მწუხარედ სთქვა ტაგუიამ, - სანამ თხები აბნეულად არ უნახავთ ტოტიას სახლის ქვემოთ, ყურადღება არავის მიუქცევია. მერე აუტეხიათ წივილ-კივილი, მარა გვიან იყო. ჩვენ რომ შევუტყვეთ, მაშინ ის კაცი სორტას ჭალას გაცილებული იქნებოდა.

- ვაი ახვაია, ვაი, ახვაია! - მოწყენით ამბობდნენ მოხუცები.

დაღამდა. მდევრები ჯერ არ მობრუნებულიყვნენ. საქმის არც ავი და არც კარგი სოფელში არავინ იცოდა. მოხუცნი თავიანთ სახლებში წავიდნენ. ტაგუია და მზეხაც გაურკვეველ მომავლის მოლოდინში ჯერჯერობით მიწყნარდნენ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოერიდეთ საკვებზე ჩხუბს

ჯანმრთელმა ბავშვმა ინსტინქტურად იცის რამდენი ჭამოს. თუ ის უარს იტყვის საჭმლის დასრულებაზე, არ დააძალოთ ულუფის დამთავრება. ბავშვი არ მისცემს თავს უფლებას, იშიმშილოს.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024