kids.ge logo

მოძრაობა წესების დარღვევის გარეშე!

გვერდის მისამართი
ფავორიტებში დამატება
NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ჯანდაცვის ექსპერტების განმარტებით, ისეთი რეგულარული ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ფეხით სიარული, მკვეთრად ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტის, სიმსუქნის განვითრების ალბათობას. თუმცა, მეორეს მხრივ, მსოფლიოში უამრავი ადამიანის სიკვდილის და ინვალიდობის მიზეზი სწორედ რომ ფეხით სიარული ხდება.

1896 წლის 17 აგვისტო. ლონდონის ბროლის სასახლეში წარმოდგენაზე დასასწრებად შვილთან ერთად მიმავალი 44 წლის ბრიჯეტ დრისკოლი „უდიდესი სისწრაფით“ (სინამდვილეში, სულ რაღაც 12,8 კმ/სთ-ში) მიმავალმა ავტომობილმა გაიტანა. ავტოავარიის ისტორიაში მომხდარი ეს პირველი მსხვერპლი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.  „ეს აღარასოდეს უნდა განმეორდეს“ – განაცხადა გამომძიებელმა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტმა ხანმა განვლო. ავტოავარიებში დაღუპულთა რიცხვმა კი კატასტროფულად იმატა.

მსოფლიოში, ყოველწლიურად 1.24 მილიონი ადამიანი იღუპება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად. მსხვერპლთა უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის.  დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ზრდა და მათი მძიმე შედეგების თავიდან აცილების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება ცივილიზებული საზოგადოებისათვის. მითუმეტეს, რომ დაზარალებულთა 22% ქვეითად მოსიარულეები, უმეტესად  ბავშვები და მოზარდები არიან. სამწუხაროდ, საქართველოც იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია. საგზაო შემთხვევების მესამედი ქვეითად მოსიარულეებს აზარალებს, რომელთაგანაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს  ისევ და ისევ ბავშვები მიეკუთვნებიან.

რომელ ჩვენთაგანს სურს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლოს?! არავის! თუმცა, ფეხითმოსიარულეთა უმეტესი ნაწილი ნებით თუ უნებლიეთ, უყურადღებობით, ხანაც დაუდევრობით, საფრთხეს უქმნის საკუთარ და  სხვის  სიცოცხლეს. ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელებით სარგებლობა, ბევრისთვის „თავისუფალი გადაადგილების უფლების“ შელახვად, მანქანებით გადაჭედილ ტრასაზე ავტომობილებს შორის გაძვრომა კი „ნორმად“ აღიქმება. შუქნიშანის და ტროტუარის ფუნქცია კი სრულებით უგულვებელყოფილია…

მართალია, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ქვეითად მოსიარულეები ვერ აცნობიერებენ მათთან დაკავშრებულ ავტოსაგზაო საფრთხეებს, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების ცოდნის და სარისკო ქცევის გაცნობიერების დონე მეტისმეტად დაბალია. ეს განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში დაზარალებულთა მნიშვნელოვანი წილი ბავშვთა ასაკზე მოდის, როგორც უკვე აღვნიშნეთ. კვლევების მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ 5-9 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებიან. ეს ის ასაკია, როცა ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს ეზოში გასვლას სათამაშოდ, სკოლაში სიარულს, ითვისებს შორ ტერიტორიებს… აღმოჩნდა, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების მშობლები გადაჭარბებულად აფასებენ შვილების შესაძლებლობებს, დამოუკიდებლად და წარმატებულად გაართვან თავი ისეთ „მარტივ ამოცანას“, როგორიცაა გზებზე გადასვლა.  რეალურად, კი ამ ასაკის ბავშვებში ძალიან დაბალია საგზაო შემთხვევების (ავარიების) რისკის აღქმა; არაა ჩამოყალიბებული კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფად რეაგირების და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. შესაბამისად, მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევის განვითარების საშიშროება.

კვლევებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ქცევითი თავისებურებები, რომელსაც ბავშვი გარშემომყოფებისაგან ითვისებს. მაგ, უფროსები, რომლებმაც არ იციან (ან/და იციან და არ „სცნობენ“) საგზაო მოძრაობის წესები და მუდმივად არღვევენ მას,  ბავშვისთვის მიბაძვის ობიექტები ხდებიან, ხოლო მოძრაობის წესების დარღვევა კი ნორმად აღიქმება. საბოლოო ჯამში, ბავშვის მიერ ქვეითად გადაადგილების წესების არცოდნა და/ან მისი უგულვებელყოფა იმ ასაკობრივი თავისებურებების დამატებით, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, სავალალო შედეგით მთავრდება. 

დღე არ გავა,  საინფორმაციო საშუალებებით ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ არ შევიტყოთ. მიზეზი საკმაოდ მრავალფეროვანია (ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ან არაფხიზელ მდგომარეობაში სიარული; გადაჭარბებული სიჩქარე; გზაზე გადარბენა; ბავშვის სავარძლის არ გამოყენება ავტომობილში, ქუჩაზე გადასვლისას ყურადღების მოდუნება; მიწისქვეშა გადასასვლელით არ სარგებლობა…), შედეგი კი ხშირად ფატალური. არადა, უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილებისათვის სულ რამოდენიმე მარტივი წესის დაცვაც კი საკმარისია:

  • არ გადაირბინო გზაჯვარედინზე;
  • ქუჩაზე გადასვლისას არ მოადუნო ყურადღება,
  • თავი შეიკავე ყურსასმენების გამოყენებასა და ტელეფონით საუბარზე;
  • არასოდეს იყო იმის იმედად, რომ მოახლოებული მანქანის მძღოლი შეგამჩნევს და დაამუხრუჭებს;
  • დაელოდე, რომ გააჩეროს მანქანა. მხოლოდ შემდგომ გადაჭერი ქუჩა;
  • საღამოს საათებში, როცა ხილვადობა ქვეითდება, ჩაიცვი ნათელი შეფერილობის ტანსაცმელი, რათა ავტომანქანის მძღოლმა შორიდანვე შეგნიშნოს (ავარიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბალი ხილვადობისას ხდება).
  • ყველასთვის აჯობებს, ისარგებლო ფეხით მოსიარულეთათვის გამოყოფილი მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელით, ვიდრე სიცოცხლე გაწირო;

 

ნათია ქაქუთია
მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

წყარო: http://ncdcgeorgia.wordpress.com/2015/01/13/მოძრაობა-წესების-დარღვევ/


 სტატისტიკაუსაფრთხოება
Kids.ge-ს რჩევები

გახდი ისეთი მაგალითი, როგორსაც შენი ბავშვი იმსახურებს

ბავშვები ქცევებს მშობლებისგან ითვისებენ. სათანადო და თავაზიანი ქცევა ლაპარაკზე უფრო მეტად ახდენს დადებით გავლენას.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

„ჭკვიანი ჭიანჭველა“
ნახატის ავტორი:
ანა პატაშური (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სტატიები ამავე თემიდან

ვერ ნახეთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ან ისეურვებდით რამე თემაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას?

მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო თემის შესახებ, რის შესახებ წაიკითხავდით ჩვენს საიტზე კიდევ?

მოგვწერეთ კონკრეტული შეკითხვა, ან თემა რაზეც ისურვებდით ინფორმაციის მიღებას.
გთხოვთ მიუთითოთ თვენი საკონტაქტო ელ.ფოსტა, რომ თქვენი სურვილის შესახებ რაიმეს დაზუსტების მიზნით, შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.

ფორმის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ იცნობთ და ეთანხმებით ჩვენი საიტის სარგებლობის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლისს.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024