მდინარე ტეხურის პირას, სოფელ უშაფათის ბოლოს, ორ მთებ შუა, საკმაო ფართე ველია გაჭიმული. ეს ველი ნაყოფია მოუსვენარი მდინარის ათი ათასი წლობით მუშაობისა. უხსოვარი დროიდან ურეცხია მას, ნაპირების გაყოლება მარჯვნივ და მარცხნივ ამართული, ხშირი ტყით და მუდამ მწვანე დაფნის ბუჩქებით დაბურული სერები; ეს ხელისგულივით სწორი ველი გაუკეთებია, სილა-დანალექით გაუპოხიერებია და ამნაირად ადამიანისთვის მშვენიერი სახნავ-სათესი ადგილი მოუმზადებია.
ადამიანიც სარგებლობს ბუნების უხვი წყალობით; ხელისგულის ოდენა ადგილს ვერ იპოვნით ამ ველზე დაუმუშავებელს, მოუხნავ-მოუთესავს.
ამ ერთ-ნახევარი საუკუნის წინადაც ამ ველზე სამარგლავი ღომის ჯეჯილი ბიბინებდა. მკათათვე იყო. მოწმენდილ, ფირუზისფერ ცაზე თავისუფლად მისცურავდა დიდებული მნათობი და ქვეყანას უხვად უზგავნიდა მაცოცხლებელ სხივებს. ფართე ველზე აქა-იქ მოსჩანდა ზოგან ერთი, ზოგან ორი, სამი და მეტიც, პერანგისამარა, თოხიანი მომუშავე. ველს აქა-იქ საჩრდილობლად დატოვებული, ლამაზად ტოტებგაშლილი ბჟოლის, იფნის და სხვა ხეც ამშვენებდა.
ერთ ალაგას სამი კაცი მუშაობდა. ერთი მათგანი მთლად ჭაღარა იყო, მეორე დაწვერულვაშებული, ხოლო მესამეს საულვაშე ოდნავ ამწვანებოდა. პირველი მამა იყო, ორნი კი მისი შვილები.
- დაჰკათ, ვაჟებო, დაჰკათ თოხები! სადილობამდე ეს სვე როგორმე ავიტანოთ, - გადასძხა მოხუცმა ახალგაზრდებს, - ღვთის შეწევნით, არ ჰხედავთ, რა ჩინებული დარია? ისე გაუხმეს სინსილა-სახსენებელი გლეხი კაცის და საქრისტიანოს მაწუხებელს, როგორც დღევანდელ მოჭრილ ღვარძლს სამუდამოდ ძირი გაუხმეს. ო... ო... შენი გულისა, რა ალ-ცეცხლს უკიდებს მადლით მოსილი!
- მე კი ვერ გამიგია, ბაბა, - შენიშნა უფროსმა შვილმა გიგომ, - საიდან გაჩნდა ჩვენს ყანაში ამდენი ჭოჭყოტი და დოლოკეტი? მგონია, შარშან ორჯერ გავმარგლეთ, ეგ ოხერი, თითქო ღვარძლის ყური არ დაგვიტოვებია და წრეულს, შეხედე, კვალამოსაგდებ თათრის ლაშქარივით დასევია ისევ ჩვენს ყანას!
- კაი დახსომება გცოდნია, - სიტყვა მოუჭრა უმცროსმა ძმამ, მალხაზიამ, - ბიჭო, შარშან ეს კუთხე ერთხელაც არ გაგვიმარგლავს ხეირიანად. აი იქ, ქუჩურა კოპიტის გაყოლება, მართალია, ორჯერ გავმარგლეთ და კიდევაც, თუ სქლად ამოსულ ღომს დავარიგებთ, თორემ მარგვლა არც კი სჭირდება.
- მართალს ამბობ, შვილო, - დაემოწმა მამაც, - ხომ გახსოვს, ბაბაია, ვერ მოვასწარით მაშინ ამ მუხუროს გამარგვლა, არ დაგვაცალეს ღვთისა და კაცის მიერ მოძულებულებმა. მიუხედავად ჩემი ჭაღარა წვერისა და ხელფეხის სისუსტისა, მე იმერეთისკენ სალაშქროდ წავჩანჩალაკდი. ყველა წმინდა ხთიშობელო, - თვალები ზევით აღაპყრო მოხუცმა, - შენ მოუსწრაფე დღე ყველა უთავბოლო შფოთის ამტეხს, ძმათა შორის ხოცვა-ჟლეტის მოსურნეს! ღმერთო, შენ გაუმარჯვე სოლომონ იმერთა მეფეს... ხრესილთან კი გვარიან კარგა ჩაუკაკუნა იმ ურჯულოებს, ჩაუძაღლებია ის ძმათა მოღალატე ლევან აბაშიაც, ღმერთო, შენ გაუმარჯვე!
- მართალა, მომაგონდა! მაშინ მეც ხომ ორი კვირა გავცდი, სალაშქროდ წამსვლელთა უნაგირების შემკეთებელს ვეხმარებოდი, - ცოტა არ იყოს დარცხვენით სთქვა გიგომ. - ოჰ, რამდენი ვზილე მაშინ აყროლებული ღვედი! დასწყევლის მაგათ ყული და ქიაჩი! ყანა კი გაუმარგლავი მიგვირჩა და ახლა ორკეცი შრომა სჭირია.
სამთავემ მარჯვედ დაჰკრეს თოხი. სილანარევ, მსუქან ნიადაგში ბესრ რკინამ ჩახა-ჩუხი გაადინა.
- საცა წონა-სამართალია, სადილობის დროც კია, - სთქვა მალხაზიამ.
მოხუცმა შუბლზედ ხელი მიიდო და მზეს შეხედა.
- მართლაც და შუადღეს ბევრი არ უკლია, - აუჩქარებლად წარმოსთქვა მან, მუშაობა შეწყვიტა და თოხის ტარზე დაეყრდნო, - ბიჭო, ივაკია და ფილუია ხომ წავიდნენ სოფლისკენ მესადილე დედაკაცების თანამგზავრად. ალბათ, საცაა გამოჩნდებიან. ვერ მოასწრებდნენ საწყლები, ვერ მოასწრებდნენ, ბაბაია. ვაი, ახავაი! როცა ბევრთან გვაქვს საქმე, მუდამ ასეა, დროით თავს ვერ მოუყრი. ზოგს რა უჭირს და ზოგს რა. ავადმყოფობაც რომ არ გვასვენებს. ქუჩუს დედა ხომ ლოგინში მწოლიარე ავადმყოფია და წვრილფეხობით ხელფეხშეკრული მისი რძალი მაია დროით ვერ მოიცლიდა. ბიტას ცოლიც ავად გამხდარა... თორემ საბრალო დედათქვენი? სადილი რა ხანია დამზადებული ექნება, მაგრამ მარტო ხომ ვერ წამოვიდოდა. იძულებული იქნება სხვებს მოუცადოს.
- მოგშივდა, ბიჭო, ბაღანა! - გაეხუმრა გიგო მალხაზიას, - აი, გაიხარე, მოდიან.
მართლაც, მდინარე ტეხურის გაყოლება მიმავალ სასოფლო გზაზე ორი თოფით შეიარაღებული კაცი გამოჩნდა, მათ უკან თხუთმეტიოდე მხარზე კალათგადებული დედაკაცი მოსდევდა.
ქალები ველზე თავიანთ მომუშავეებისაკენ გაიფანტნენ, ჩვენი ნაცნობ მომუშავეთკენაც გამოეშურა ერთი შუახნის, გამხდარ-გამხდარი, მაგრამ მხნე და თამამი გამომეტყველების დედაკაცი, გვერდით შვიდი-რვა წლის ვაჟი მოსდევდა. ბავშვს მხარზე, თუმცა კარგა მოზრდილი დოქი ედგა, მაგრამ მაინც თამამად მოაბიჯებდა, დედის წინ თუ არ უსწრებდა, უკან არა რჩებოდა.
- ეს ვინ მოდის! ეს ვინ მოდის! ჩემი ხვიჩა, ჩემი ბაბაია, ჩემი გულის გამხარებელი? - მიეალერსა შორიდანვე ბავშვს მოხუცი. - ბაბაია, თხები ხომ არ დააბნიე, შენ შემოგევლოს ჩემი თავი?!
- არ დაიჯერა, თოლიგე, საშველი არ მომცა, ყანაში წამიყვანე და წამიყვანეო. რაც თხები მორეკა, სულ ბუზღუნით თავი მომაბეზრა. მართალი უნდა ვსთქვა, ეს დოქი სახლიდან მარტოდ-მარტო წამოიღო, - სიცილით სთქვა ქალმა, ქუჩურა ბჟოლის ძირას კალათი მოიხსნა და ჩითის ჭრელი მანდილით გაოფლიანებული პირისახის წმენდას შეუდგა.
- კარგი, ბაბაია, კარგი, ჩემო გულის გავლავ, თხები კი არ დააბნიო, შენ შემოგევლე, თორემ ყველი და მაწონი, შენ რომ გიყვარს, არ გვექნება, - კვლავ მიეალერსა ბავშვს მოხუცი, მუშაობას თავი დაანება და ქუჩურა ბჟოლისაკენ გაემართა.
ყველანი ბჟოლის ჩრდილქვეშ ჩამოსხდნენ.
დედაკაცმა კალათიდან წაბლისა და წიფლის მწვანე ჟვერი ამოალაგა და ფხვიერ მიწაზე სუფრის მაგივრად დააფინა. მაზედ, ახლად ამოღებული, ჯერ კიდევ თბილი ღომი დააწყო; ღომს შიგადაშიგ ყველის ნაჭრები ჰქონდა ჩარჭობილი, ერთი მოზრდილი ნაჭერი ცალკეც იდო.
- ჩალამკალამი არ მოიტანე? - დაეკითხა ცოლს მოხუცი. - ბეჩა, რად დაგაგვიანდა! ამ შენმა ვაჟებმა კინაღამ ყელში ბაწარი მომიჭირეს, ყმაწვილები არიან, დროზე ჭამა უნდათ, - ხუმრობით ამბობდა მოხუცი... - ჰაი, ჰაი, დედაკაცო, რაც სიბერე შემეპარა, მას აქეთ აღარაფრად მაგდებ... მაგრამ მომიფრთხილდი! ხშირ გვალვას, ხომ იცი, ჭექა-ქუხილი და ჟუჟუნა წვიმა მოსდევს!
- უი, თვალიც დაგიდგეს! რაებს ბოდავს ეს ქვესკნელში ჩასაძრომი, - ხუმრობითვე შეუტია ცოლმა და თანაც ტუჩზე მხიარულმა ღიმმა გადაურბინა, - ჩალამ-კალამს რავა არ მოვიტანდი, - ამბობდა ქალი და კალათაში რაღაცას ეძებდა. - აი ჩალამკალამი! რად დაიგვიანეო? ასეთ ყოფაში ისიც კარგია, ამ დროს მოვაწიეთ. ერთს ავადმყოფი უწევს, მეორეს ბატონის სასახლეში ღომი აქვს საცეხვავი, მესამეს იქვე შალი აქვს საქსოვი. სანამ ყველა თავს მოიყრის, დრო და ხანი გადის. ახლა შეიარაღებულ გამცილებლების მოსვლას უნდა უცადო. ღმერთო, ჩვენი ცხოვრება რა ცხოვრებაა! ვითომ მოვესწრებით ისეთ დროს, სადილი ყანაში უთოფ-უიარაღოდ მიგვქონდეს? ამ ზღვა-მდინარის გამოსვლაც ერთი ჭირია სწორედ! ვარცლის ტოლა ნავში ყველანი ერთბაშად ვერ ჩავეტიეთ. ხელმეორედ უკან დასაბრუნებელი შეიქმნა ნავი და ერთხანს დავბანდდით...
- კარგი, კარგი, თოლიგე! ნუ მიაყოლე საბაია დიაკონივით, - კვლავ გაეხუმრა ცოლს მოხუცი, - მე და შენ, ბეჩა, მოვრიგდებით! - ხვიჩა, ბაბაია, ერთი ამ ჩალამკალამში დამისხი ის ძირკურთხეულის მონასხამი. თუ ყელი არ ჩავისველე, ისე ტყუილია, ლუკმას ვერ გადავყლაპავ.
სახით ცქვიტმა, თვალებბრიალა და ნიკაპმოგრძო ბიჭმა დოქს მწვანე ფოთლებისაგან გაკეთებული თავსაცობი მოხადა და ბროწეულის ფერი ღვინო ჩალამკალამში დაასხა.
მოხუცმა სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა, სასოებით ზევით აიხედა და წამოსთქვა: ღმერთო, დიდობა მოგეხსენა, ღმერთო, შენ იყავ ჩვენი მფარველი, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა დაამყარე, მებატონეთ შორს დაუსრულებელ მტრობა-ქიშპობას ბოლო მოუღე. ურჯულო დაამარცხე, ქრისტიანობა აღამაღლე. გაუმარჯვე და კეთილად წარუმართე ყოველ საქმეში მეფე (მაფე - იგივე მეფე) სოლომონს. მაგას კი ვენაცვალე. ბრძანება გაუცია, ვაჟებო, თურმე, ვინც ოსმალეთში ტყვის გაყიდვას გაბედავს, ერი, ერი, სულერთია, თუნდ ჭყოინდარიც (ჭყოინდარი - იგივე ჭყონდიდელი) რომ იყოს, არ დავინდობ, თვალებს დავთხრიო... ო... ოხ! შენ რომ მოგისხა, იმ ბრუნდე ვაზს ვენაცვალე! - აუჩქარებლად წარმოსთქვა მოხუცმა, როცა ჩალამკალამი გამოსცალა, წვერულვაშზე ხელი მოისვა და აქა-იქ დავარდნილი ღვინის წინწკლები მოიწმინდა.
დასხდნენ სადილად მაშვრალნი და მადიანად ჭამას შეუდგნენ. პატარა ხვიჩაც გევრდში მოუკდა მამა-ძმათ და თუმცა შინ უკვე ესადილნა, მაგრამ სხვების წაბაძვით, ისე გემრიელად ილუკმებოდა, თითქოს სამი დღე ლუკმა არ გაუღეჭიაო.
- ის ვინ უნდა იყოს, ბაბაია? აბა, შვილო, გიგო, ერთი გაიხედე, იმ შარაგზაზე ცხენოსანი ვინ მოდის? ნეტავ, ვინ უნდა იყოს? ჰეპე, გუშა, სადა ხარ დროებავ! როგორ მირბის დრო, თვალსაც დამაკლდა, ეგ სანგარო! ხეზე ჩამოკიდებულ კვერცხს სამოცი ნაბიჯის მანძილზე ტყვიით შუა ვხვრეტდი, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მოხუცმა, - ახლა კი ცხენოსან კაცსაც ვერ ვარჩევ ხეირიანად.
გიგომ და მალხაზიამ ცხენით მიმავალს თვალები დააშტერეს.
- ე...ს... ვინ უნდა იყოს? მურზაყან რევიას ჰგავს, - სთქვა გიგომ.
- უეჭველად მურზაყანია, ნაბდის ტარება ზამთარ-ზაფხულ იმან იცის ხოლმე, - კვერი დაუკრა მალხაზიამ.
- მურზა რევიაო? აბა, ქალო, გაქვს თუ არა კიდევ ღომი კალათაში? ყველი გვაქვს? - საჩქაროდ დაეკითხა მოხუცი ცოლს.
- ღომი ორი ჩოგანი კიდევ მაქვს, ყველიც მაქვს, მაგრამ ასეთი მცირე რამ როგორ გაებედება, შე დამწვარო, უცხო სტუმარს. იქით! არ გადაირიო, არ მოიპატიჟო, - უშლიდა ცოლი.
- შენ რა იცი, უტვინო დედაკაცმა! აბა, ბაბაია, მურზაყანს ერთი ჩალამი ღვინო უნდა დავალევინო. შევთავაზებ, იმედი მაქვს, არ გამაწბილებს. ე... ხე... ხე ნანაია შური, დავღლილვარ, - ჩაიკვნესა მოხუცმა, მძიმე-მძიმედ ზეზე წამოდგა და გზად მიმავალ ცხენოსნის მისაგებებლად გაემართა.
ერთი ორი წუთის შიგნით ქუჩურა ბჭოლასთან ბედაურმა ცხენმა ჯირითი მოადინა.
- უკაცრავად კი ვარ, ბატონო მურზაყან, კადნიერებისათვის, - ებოდიშებოდა მოხუცი, - მაგრამ ჩვენი გაზრდილი ხარ, იმედი მაქვს, ჩვენს ძუძუ-მკერდს არ შეაფურთხებ, პატივს სცემ ჩემს ჭაღარას და ერთ ჩალამკალამ ღვინოს მიირთმევ.
- დიდის სიამოვნებით, ჩემო ტაგუია, ჩემო მორდუ, ძლიერ მოხარული ვარ, რომ მშვიდობით გხედავ შენი ძვირფას ცოლ-შვილიანად, დიდი მადლობელი ვარ, რომ დამიძახე, - სთქვა სტუმარმა და ცხენიდან ჩამოხტა; ნაბადი გადიძრო და უნაგირზე დააფარა. - ამ ოხრის დაკეცვაც დამეზარა, მუდამ ზედ ვათრევ, რას იზამ, ჩემისთანა, მუდამ მოგზაური კაცისთვის მიუცილებელი საქონელია.
- ჭკუიანი მოსაზრებაა, ჩემი ბატონის დღეგრძელობამ, ხომ გაგიგონია, ბატონო, ჩვენებური არაკი, - თუ ნაბდის ხელით წაღება დაგეზაროს, კავს მოაბი და იმით ათრიეო. მობრძანდი, ჩემო ბატონო! - მოიპატიჟა მოხუცმა.
- სალამი, ჩემო ტაგუია, - სთქვა მურზაყანმა და კოხტად გამოიჭრა. კაცი იყო ტანად მაღალი, მხარ-ბეჭა; ზურგზე განდაგან ეკიდა მშვენიერი სტამბოლის თოფი, ერთი დამბაჩა უკან ქამარში ერჭო, მეორე წინ ეკიდა. წელზე ხმალი ერტყა, სახის გამომეტყველება მამაცი და მხიარული ჰქონდა.
- შენი თავი არ მომიკვდეს იმის მეტი, - მტკიცედ მიუგო ტაგუიამ.
- შენი ჭირიმე.
- არა, შენ არ მომიკვდე.
- მე გთხოვ!
- არა, ეს სამივე ბაღანა ნუ დამეხოცება.
როგორც იყო, კაი ხნის ხვეწნა-მუდარის და ბოდიშის შემდეგ, მურზაყანი დასთანხმდა სალამის მიცემას, თოფი მოიხსნა და ბჟოლის ძირას მიაყუდა. იქვე ორი სხვა თოფი უკვე ეყუდა, ერთი ტაგუიასი, მეორე გიგოსი.
მურზაყანიც მიუჯდა მუშის სახელდახელოდ გაწყობილ სუფრას. თბილი ღომი ლამაზად მოტეხა, მშვენიერი, ახალი სულგუნის ყველი შეატანა და სხვებზე არანაკლებ მადიანად ჩაძმუძნა.
- უკაცრავად, ბატონო, ღმერთო, მომკალი... დასაპატიჟებლად არა ვღირსვართ შენ თავს და ამ გადაშთერებულმა ყაზახმა სად მომიყვანა შენი თავი, ჩემო ბატონო, - ებოდიშებოდა სტუმარს ტაგუიას ცოლი მზეხაც.
- როგორ გეკადრება, ძიძა, ამისთანა სიტყვები, ამ სუფთად გაკეთებული ბაიასფერ ღომს და თოვლი „ატატია“-სავით თეთრ ყველს მე კი არა, დადიანის შვილი არ დაიწუნებს. ღმერთმან ეს არ მოგვიშალოს და სხვას ნუღარ სწუხარ, ჩემო გამზრდელო ძიძა. ამისთანა ჭამას აქვს გემო, - ამბობდა სტუმარი და ლუკმას ლუკმაზე ანელებდა.
- რომ მცოდნოდა, ქათამს მაინც გავაკეთებდი, ნეტავ გამაქვავოს...
- ერთი შენც ახლა, დედაკაცო, ქათამი კი არა, კვერცხი არ გინდა! რაც გვაქვს, ის არის, - ამბობდა ტაგუია, - მურზაყანი ჩვენია, არ დაგვძრახავს. ღომი და ყველი კი არა, მარტო ღომის ქერქის მეტი არაფერი მქონდეს, თუ კი ეს ღვთივკურთხეული მექნება, - მიუთითა ტაგუიამ დოქზე, - კაცის დაპატიჟების არ შემრცხვება, თუ გინდ უფლისწულიც მომადგეს კარებზე.
- მართალია, მართალი, ჩემო ტაგუია, საცა ღვინოა, იქ ყოვლისფერია. ჩინებული ღვინო დაგიყენებია სწორედ. შენ ყოველთვის კარგი ღვინოს დაყენება იცოდი. წმინდა ოჯალეშია განა?
- არა, მურზაყან, როგორ მოგაყუილო, ბიძაჩემის უტასი და ბიცოლაჩემის თათიას გაზრდილი ხარ. აზნაურიშვილი ხარ, ღვინოს გამოცნობა კარგი იცი. შვილებს გეფიცები, ოჯალეში, მართალია, კი ურევია, მაგრამ დიდად მეტი წილი პანეშია.
- მამიჩემის სულს გეფიცები, ეს ღვინო ოჯალეშს არ დაუვარდება. ღვინოს, მართალს ამბობ, გვარიანად გამოვიცნობ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვინც გინდა მოიყვანე, ამ ღვინოს ოჯალეშად ჩააგდებს.
- შენი ჭირიმე, ა? მურზაყან! - გამხიარულდა მოხუცი. - წმინდა ოჯალეში სამიქელ-გაბრიო ლაგვანში (ლაგვანში იგივეა, რაც ქვევრი) მაქვს ჩასხმული. დაილოცა მისი სახელი! ამ ნამარიობებს მინდა მოვილოცო. მაშინ რომ მეღირსებოდეს შენი თავი, ის იქნება ღვთის წყალობა, თორემ ახლა რაა, მართლაც და ამ ჩვეგერე დედაკაცისა არ იყოს, დასაპატიჟებლად ვინ მაღირსებს შენს თავს და ახლა კი ამ ჟვერს მოგიჯდინე. სწორედ თავხედობაა, მაგრამ...
- სწორედ, სწორედ დიდი თავხედობაა, - გააჯავრა სტუმარმა. - კაცო, ეს აფხაზური ბოდიში სად გისწავლია! საქმე კეთილი გულია და არა ბევრი ხორცეულობა და ხის ფართე ტაბაკი. მე კი, მართალს თუ მათქმევინებ, ასეთი გემრიელი საჭმელი ერთიხანია არ მიჭამია. თქვენ გვაროვნობით მოგდევთ პურმარილიანობა. თქვენ მიერ მითავაზებული მწვანე ბოლოკიც გემრიელია... ჩემო ბაბაია, ტაგუია, - სთქვა სტუმარმა და ღვინით სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ღმერთმა და წმინდალ გიორგი ხორციელმა გიცოცხლოს ჯერ შენი თავი და მერე შენი ცოლ-შვილი ყოველგვარი ალიან-ჩალიანს აგაცდინოს... ფო... ფო... ფოო!.. ამაზე უკეთესი ნამდვილი ოჯალეშიც ღმერთმა დასწყევლოს! ან რა ფერისა დამდგარა, თითქოს გაწურული ბროწეულიაო, შენ რომ მიგისხა, იმ ვაზის ძირს ვენაცვალე, - სთქვა სტუმარმა, როცა ჩალამი დასცალა.
- სწორედ ვენაცვალე, - კვერი დაუკრა ტაგუიამ...
- მოიცა, ტაგუია, ეს პატარა ბიჭიც შენია, არა?
- დიახ, ბატონო, ეს ჩემი ბაბაია გახლავს, - მიუგო ტაგუიამ და მოალერსე თვალებით ბიჭს გადახედა.
- ერთი შეხედეთ ამ ბებრუცანას, რა ჩაუდენია ამ სიბერის დროს? - გაიხუმრა სტუმარმა...
- ეს, ბატონო, სულ ამ გლახაკი დედაკაცის ბრალია! ბებერი ხარ, ბებერი ხარო, მაყვედრიდა მუდამ და მეც ვუჩვენე ბებერი ვარ თუ არა! ჰა, ჰა, ჰა!..
- იქით დაიღუპე!.. მიწა მოსაყრელი შენი ენა, - დატუქსა ცოლმა, შეწითლდა და ბჟოლის ძირს მოეფარა.
სტუმარი იცინოდა, ვაჟებიც იცინოდნენ.
- ჯერ კიდევ დამაცადოს. ჯერ სადაა. ერთი მოვრჩე ამ სამარგლავს, - წახალისდა ტაგუია, მე შენ გიჩვენებ, ბებერი ვარ თუ არა!
- არაფერია, ძიძა, ნუ შეგრცხვებათ! ხუმრობს, თორემ მეტს ვეღარ გაბედავს, ღვთით რატიელივით ბიჭები გარს გახვევია, რამე რომ გაგიბედოს, ბადიდ-კაცს ცხვირს მოამტვრევენ. ხი, ხი, ხი!.. - ხითხითებდა სტუმარი.
- იმდენი აღდგომა მაგას გათენებია, - ბუტბუტებდა დედაკაცი.
- სხვას თავი დავანებოთ, ძიძა, პატარა ბიჭიკო დაგიფარავს, ბადიდ-კაცს ფეხზე ბაწარს მოაბამს, არა, ჯიჯი? - ალერსიანად დაეკითხა სტუმარი ხვიჩას.
ბიჭმა მოღიმარი სახით სტუმარს შეხედა, მერე მამას გრძნობით სავსე თვალებით დააცქერდა...
- ჩემი ბაბაია მე არ მიღალატებს, - მიეალერსა მოხუცი ბავშვს და თავზედ ხელი გადაუსვა.
ყველანი გამხიარულდნენ და ჭამა გააგრძელეს.
- სხვა, ბატონო მურზაყან, შენ ხომ ყველგან დადიხარ, რა ამბავია ქვეყანაზე, ვითომ ცოტა მოგვეშვა? ვითომ ღმერთმა მოგვხედა? ვენაცვალე მის სახელს, - პირჯვარი გადიწერა მოხუცმა, - ვითომ განმტკიცდა ჩვენი დადიასი და მეფის მეგობრობა?
- ასე მოგახსენებენ და საქმითაც ასე სჩანს ჯერ-ჯერობით. - საქმიანი კილოთი მიუგო სტუმარმა. - ჯერ-ჯერობით, ჩვენი ოტია დადია ერთგულად იქცევა, თუ ეშმაკი არ დააჯდა მხრებზე და არ უღალატა ფიცსა და ნათესაობას. ამ დროებით, მართალი უნდა სთქვას კაცმა, ძლიერ შველის მეფეს. გურიელიც თითქოს მოლბა, საშიში არაა. მხოლოდ საქმეს აჭირებს ის როსთოია რაჭის ერისთეე. არ ცხრება და არ ცხრება მაგ ურჯულოს თანაზიარი. თუ ისიც დაამარცხა მეფემ, მაშინ, იცოდე, ტაგუია, რომ ჩვენშიაც ისეთი მშვიდობა დამყარდება, როგორიცაა მეფე ერეკლეს სამეფოში, ქართლ-კახეთში.
- ჰო! ელეკრე მეფე? ის არ არის, რომ სიმღერაში იხსენიებენ?
- დიახ, ის არის. სხვანაირად კიდევ პატარა კახს ეძახიან, - განუმარტა მურზაყანმა.
- შენი გულის ჭირიმე! - აღტაცებით ამბობდა მოხუცი. ახალგაზრდებმა ჭამას თავი დაანებეს და სმენად გადიქცნენ.
- ელეკრე მეფე, ჩემო ტაგუ, რას ამბობ, ბაბა. - დინჯად გააგრძელა სტუმარმა, - ციდან მოვლენილი კაცია. საითკენაც ხელი გაისვა, ყველგან მუსრი გაავლო ურჯულოებს. ლეკები გუნდა, ყიზილბაშები, თუ ეს წყეული ოსმალები! ინდოეთში რა ამბები ქმნა თურმე! ამბობენ, ბედაურზე რომ შეჯდება, ქარქაშიდან ლეკურს რხიალს გაადენს, შესძახებს და შეუტევს მტერს, ცოდვილ თვალს არ დაენახვება თურმე. საარაკო რამეაო, მოგახსენებენ.
- ბიჭიც ის ყოფილა და... - წარმოსთქვეს ჯეილებმა.
- ღმერთო, შენ გაუმარჯვე, - ამოიოხრა მოხუცმა და ღვინით სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ღმერთო, შენ გაუმარჯვე ყველა ურჯულოთა მებრძოლს, ქვეყანაზე მშვიდობის დამამყარებელს, საწყალი გლეხი-კაცის გამკითხველს, ქვრივ-ობოლთა შემწეს. ყველას ერთობ, წონა-სამართლის მექონს. ღმერთო, ის დღე მაჩვენე, ისე საფლავში ნუ ჩამიყვან, რომ ყანაზედ უთოფოდ მივდიოდე, დედაკაცს სადილი მარტოდმარტო მოჰქონდეს და არაფრის შიში და რიდი არ ჰქონდეს.
- ჰაამინ, ჰაამინ, - მიუგო სტუმარმა.
ტაგუიამ ჩალამი დასცალა და სტუმარს დაულოცა.
- ბატონ მურზაყანს დაულოცავ მრავალ წელს, ღმერთმან შენი თავი მიცოცხლოს. შენ სხვა მტაცებელ-ამწიოკებლებს არა ჰგავხარ და იმიტომ სულით და გულით მიყვარხარ. ღმერთმა დიდი დღე მოგცეს.
- მადლობელი ვარ, ჩემო ტაგუია. ახლაც თუ დავაკვირდებით საქმეს, რაც იყო ამ ხუთიოდ წლის წინად, იმის შედარებით, ბაბაია, მშვიდობიანობაა. ქალს შენ თავი დაანებე, კაცო, მე თვითონ, რაც გინდა იყოს, გვარიან გამოქნილი და მარჯვე ვაჟკაცი ვარ მგონია, მაგრამ ტყუილი რა საჭიროა, უდამბაჩოდ სახლიდან ვერ გამოვდიოდი. ახლა, აქა-იქ, კანტი-კუნტად თუ მოხდა რამე, თორემ ისე შიშიანობა არაა, სასტიკი ბრძანებაა მეფისაგან ტყვეთა მომტაცებლების წინააღმდეგ!
- ამბობენ, ამბობენ, ბატონო მურზაყან, - სიხარულით წარმოსთქვა მოხუცმა.
- ტაგუია, იცოდე, თუ ჩვენმა ოტია დადიამ და იმისმა შვილმა კაციამ არ უღალატა მეფე სოლომონს და თუ გურიელიც დაუმეგობრდა, მე მითქვამს, ამ შინაურ ჩვენ წუწკებს ხომ ალაგმავს და ალაგმავს, ოსმალებსაც განდევნის აქედან. იცოდე, ქუთაისსაც დაიბრუნებს, შეიძლება ფოთიდანაც განდევნოს ურჯულოები, ღმერთმა ნათქვამი შეგვისრულოს, სთქვა სტუმარმა და ჩალამი დასცალა.
- ღმერთმა ქმნას, იოსე ქისტემ ჰაამენი შეგაწიოს, მაშინ ხომ თრევაც აღარ დამჭირდება ყანაში...
- იცოდე, ასე მოხდება, თუ ღმერთმა აცოცხლა სოლომონ მეფე. მე ვიცი, ბაბაია, როგორ არის საქმე. სამჯერ ვიყავი ლაშქრობაში...
- მურზაყან, შენი ჭირიმე, იმ შარშანდელ ხრესილის (ხრესილის ბრძოლა მოხდა 1756 წელს) ბრძოლაში იყავი? - დაეკითხა მოხუცი.
- ვიყავი. აი ეს თითი იქ დავიშავე, - მიუგო მურზაყანმა და მარცხენა ხელი უჩვენა. სალოკი თითის ალაგას რაღაც პატარა აბორცვებული მოსჩანდა.
- ნანა შვილო! - მწარედ წამოიძახა მზეხამ.
- ეს რა არის, ძიძა, ისეთ ალაგას ჩავვარდი, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი, არ მეგონა, ჩვენებმა, ღმერთს მართალი უყვარს, მაშინ სწორედ თავი ისახელეს. ოო, ბაბა ტაგუ, დიდი რამეა ერთი პირი და ერთი გული, საცა ერთი პირი და ერთი გულია, იქ ჯარი უძლეველია. კარგახანია იმერლების და მეგრელების ასეთი ერთსულ-გულოვნობა არ უნახავს კაცს და კიდევაც საშინლად დავამარცხეთ მტერი. მტერი მარა რა მტერი, ჩემო ხვანთქარო. ოსმალები ხომ თმის სისქე იყვნენ, ახლა ჩვენიანებიც, თვალდაბნელებულნი, რამდენი გინდა მათ ზურგს უმაგრებდნენ, ბედუკუღმართ ლევან აბაშიას მეთაურობით, მაგრამ, გაქვს ღვთის წყალობა, ჩვენ მაგათ სეირი ვაჩვენეთ. შინაური განხეთქილება ღუპავს, ტაგუ, ჩვენს ქვეყანას, თორემ, მე მაშინ დავრწმუნდი, გარეშე მტერი ერთზე ათიც მოვიდეს, თუ ჩვენ ერთობა გვაქვს, გავუმკლავდებით.
- მერე ვინ არის, მურზაყანის ჭირიმე, განხეთქილების მიზეზი? ისევ დადია, მისი კარიკაცები, თავადები, ჭყოინდარი და მაგისთანები, თორემ თაარ ანგილოზს გეფიცები, მე და ოკრიბელი, ჩემსავით მხვნელ-მთესველი, თავისს დღეში არ ავიშალოთ და ერთმანეთის მოსაკლავად არ მივიწიოთ. საერთო მტრის წინააღმდეგ კი ერთგვარი ხალისით გავალთ ორთავე. მე ერთი უბრალო ძროხა ყაზახი გეუბნები ამას, შფოთის და დავიდარაბის ამტეხი ყოველთვის დიდკაცობაა, თუ გინდ მიწყინე ეს სიტყვა, - ცოტა აპილპილდა ტაგუია.
- მწყინს კი არა, მიხარია, რომ მართალს ამბობ, - აღტაცებით მიუგო სტუმარმა.
- მართალს, მამიჩემის სული ნუ წამიწყდება, - წათამამდა ტაგუია. - ჩვენ, დაბალ ხალხს, არაფერი სამტრო ერთმანეთთან არა გვაქვს. ერთხელ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, მე და ცხონებული ჩვენი კოჩა დავითაია იქით, შორს, ზემომხარისკენ მოვხვდით. მივედით ერთ საწყალ კაცის სახლში. მტრობა კი არა, ისე გაუხარდა, თითქოს სათათრეთში გაყიდული და უკვალოდ დაკარგული ძმები დაბრუნებოდესო. თავს შემოგვევლო, საბრალო, რაც შეეძლო, პატივი გვცა, მეორე სოფლამდი გამოგვაცილა. მეც ახლა, თავის ქება კიტრად ღირსო, ნათქვამია, მაგრამ ჩვენი შორებული მოძმე თუ ვნახე ჩემ სახლში, ვუმტრობ კი არა, სხვამ რომ ხელი ახლოს, უსიკვდილოდ არ დავანებებ... ჰაი, მართლა რა გითხრა, ამას წინად რა მომივიდა, - მხიარულად წარმოსთქვა ტაგუიამ. - შევიხედე, კარს მომადგა ორი ცხენოსანი, ისინი სულ იქითური, ქართის (ქართი - თბილისი) მხრიდან უნდა ყოფილიყვნენ. იმათ უნაგირს, მურზაყან, უკან კომპული სული არა აქვს, ისეა თაღივით გადამრგვალებული.
- კი ვიცი, რამდენი მინახავს, - შენიშნა სტუმარმა.
- აი, მესტუმრნენ. ისეთი გამიხარდა, რომ მამა ჩემი ცაკვაია აბედია მოსულიყო საიქიოდან, ისე არ გამიხარდებოდა სწორედ; მაგრამ საქმე იმაშია, ვაჟო, რომ თურმე ისინი ღომს არა სჭამენ, სულ პურის ჭამას ჩვეული ხალხია. აი, თოლიგე, შეიძლება რამე მოაგვარო-მეთქი, ვუთხარი დედაკაცს. საბრალოს სადღაც ერთი-ორი ატარი (ატარი - ჯამი) იფქლის ფქვილი ჰქონოდა, სალოცავი კვერებისთვის შენახული. სასწრაფოდ ხაჭაპური გამოვაცხობინე. სხვა ცოტცოტა შენი და მიქამ-გარიოს წყალობა, პურით არ ვიყავი ზურგგამაგრებული, თორემ ყოვლისფერი მქონდა. ოჰ! ღმერთმა დასწყევლოს უკეთესი ტაბაკის ხალხი! ისე მოილხინეს, ისე დაგვლოცეს, ისეთი მრაალ-ჟამიერი დასძახეს, თავისებური, მაგათ გრძლად სცოდნიათ, გაჭიანურებული, რომ დიდი და პატარა გაგვამხიარულეს... ეს იმას მოვაყოლე, თორემ რა სალაპარაკოა. ჩხუბს და მტრობას დიდკაცობა სთესავს, თორემ ჩვენ, მხვნელ-მთესველი ხალხი მუდამ კეთილგანწყობილებაში ვიქნებით ერთმანეთთან. მაშ, ეს ღმერთმა შური და მტრობა მოსპოს ქვეყანაში. საერთო მტრის წინააღმდეგ ერთი პირი და ერთი გული მოგვცეს. მაშინ არც ტყვედ გაიყიდება სთამბოლში უბედური ჩვენი კაცის შვილი, - წარმოსთქვა მასპინძელმა და სავსე ჩალამი ხელში დაიჭირა. - ოხ, ღმერთმა სწორედ მიცოცხლოს შენი თავი, დღეს გული გამიმსუბუქე მოხუცებულ კაცს. ჩემო ბატონო მურზაყან, შენისთანა ერთი ასი რომ ერიოს ჩვენ თავად-აზნაურებში, მაშინ ჩვენი საქმე სულ სხვანაირად იქნებოდა.
- გმადლობ, გმადლობ, ჩემო ტაგუია.
- თაარ ანგილოზი იყოს შენი მფარველი ყოველ შარაგზაზე, - დალოცა სტუმარი მასპინძელმა და ღვინო დალია, - ოო... მართლა გვარიანი ღვინოა, ღმერთმა უკეთ იცოდეს. ბატონ მურზაყანს სიცოცხლე და გამარჯვება.
- ღმერთმა გაგიმარჯოს! ღმერთმა ეს შენი ვაჟები გიცოცხლოს, მათი წითელი გვირგვინი გიჩვენოს! იცოცხლეთ, ბიჭებო, - გადასძახა ჯეილებს.
გიგომ და მალხაზიამ მადლობა მოახსენეს.
სტუმარმა ღვინო დალია და ჩალამი გიგოს გადასცა. გიგომაც და მალხაზიამაც ხელახლა მადლობა მოახსენეს და ღვინო დალიეს.
- იმ ხრესილის ბრძოლაში, ბატონო მურზაყან, შარშან მეც გამიწვიეს. რავა გგონია? წავჩანჩალაკდი ამ ჩემი კუნტა (კუნტა - მოკლე) თოფით. ცხენისწყლამდე მივედით და ამბავიც მოვიდა, მეფეს და დადიას გაემარჯვაო, და უკანვე გამოვბრუნდით.
- ოი, შენ რომ სალაშქროდ გაგიწვია, იმას შენი მეტი ჭკუა არა ჰქონია, - შენიშნა მზეხამ...
- ჰა, შე ტვენგერე (ტვენგერე - გამოჩერჩეტებული) დედაკაცო, ერთ ტყვიას ხომ მოვიკავებდი, შეიძლება, ერთიც იქით გამესაღებინა...
- რას ამბობ, ძიძა, ტაგუია ჩინებული მსროლელია, - უთხრა სტუმარმა, - - ვო, ტაგუია, მახსოვს, მე რომ პატარა ვიყავი და თქვენს ოჯახში ვიზრდებოდი! მაშინ, აღდგომა დილით ადრე, ნაწირევს ცაცხვის ქვეშ წითელ კვერცხს რომ ჩამოკიდებდნენ და იყო ერთი ნიშანში სროლა! შენ რამდენჯერ ჩამოგიგდია...
- იმდენი, შენ არ გწყევლი, დამ ამ ჩემს ბაღნებს გაუთენდეს აღდგომა, - სთქვა მასპინძელმა.
- იმ ხრესილის ბრძოლაშიო, ამბობენ, ხუტუნია შარაშიამ ისახელა თავიო, - მორიდებით შენიშნა გიგომ.
- ჭეშმარიტია, ჭეშმარიტია! - დაადასტურა მურზაყანმა. - ხუტუნია ხომ კაცი კი არა, მდევი იყო სულგანათებული! ხომ შევარდა, ყმაწვილო, ოსმალოს ჯარში და რომ მოისვა ლეკურზე, თექვსმეტი კაცი ჭარხალივით მიათალა ერთმანეთს და თვითონაც ზვარაკად შეეწირა საერთო საქმეს.
- ღმერთმა ნათელი აღუდგინოს, - სასოებით სთქვა მოხუცმა, ჩალამკალამში ღვინო ჩაასხა, მერე ჩალამს თავი გადუწია და რამდენიმე წვეთი ღომის ნამცეცზე დააწვეთა.
ხუტუნიას შესანდობელი ყველამ ლოცვა-მოხსენებით დალია.
- ახლა კი საკმაოა, ბაბა ტაგუია, - სთქვა სტუმარმა.
- ერთი კიდევ, შენი ჭირიმე, ბატონო, ჯერ ღვინო კიდევ არის.
- ნურც გამოგილიოს ღმერთმა, მაგრამ ჩვენთვის კი მეტი რიგი არაა. ყანაში მუშაობის დროს ესეც გადავაჭარბეთ.
- ყველა წინდა ღვთიშობელი იყოს, ბაბაია, შენი და შენი ოჯახის შემწე, - წარმოსთქვა სტუმარმა, ჩალამში ცოტა ღვინო დაასხა, დალია და ზეზე წამოდგა. - დიდად გმადლობ, ბაბაია: ასეთი გემრიელი საჭმელი, მგონია, ხშირად არ მიჭამია, ნუ მოაკლოს ღმერთმა ბარაქა შენს ოჯახს.
- მომკლას ნეტავ ღმერთმან, სული ამომხადოს, მოგატყუილეთ, ბატონო, - უანგარიშო ბოდიშს მოჰყვა დიასახლისი.
სტუმარმა ერთხელ კიდევ მადლობა გადაუხადა, თოფი გადიკიდა, ცხენზედ შეჯდა და თავის გზას გაუდგა.
მზეხა და ხვიჩა სხვა მესადილე ქალებთან ერთად ისევ შეიარაღებულ მამაკაცების თანხლებით შინისკენ წავიდნენ.
- აბა, ბიჭო, ხვიჩა, შენ ჭკუიანად იყავი, - დააბარა გიგომ, - მარტო არ გარეკო თხები, არც შორს წახვიდეთ. ბეკოს ნაფუზართან მაღალი ანწლია, იქ ხუთასი თხაც რომ იყოს, გაძღება. ჭკუიანად იყავით. ჩიტის ბუდეს ნუ შლით ხოლმე.
- ჭკუიანად, ჩემო ბაბაია, ჩემი გულის გამხარებელო ბაბაია, - დააბარა მოხუცმაც.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
არ შეზღუდოთ ბავშვის შესაძლებლობები
თქვენი პატარას მისია ცხოვრებაში დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ასე რომ, როდესაც მას უკვე დამოუკიდებლად შეეძლება სათამაშოების მილაგება, მაგიდიდან თეფშის აღება და თავად ჩაცმა, ნება დართეთ და არ აუკრძალოთ. პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება ბავშვს ეხმარება თვითდამკვიდრებაში, ხოლო თქვენ მშვიდად ყოფნაში.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო