შუაგულ ტყეში, ერთ თითქმის მიუვალ ნაპრალში, გამოქვაბულში, ისხდნენ ახალგაზრდა ბიჭები ცეცხლის წინ და მწვადებს აშიშხინებდნენ. იქვე გრძელი სუფრა ედგათ, მაგრამ ცარიელი, ზედ არც პურები ეწყო, არც ღვინო და არც შეჭამადი. გარედან ფეხის ხმა მოისმა და შემოვიდა ქალი მოზრდილი ხელკალათით.
- ოჰ, მელანო, შენა ხარ? – ჰკითხა ერთმა, რომელსაც მეთაურობა ეტყობოდა.
- მე ვარ, სანდო ვერავინ ვიშოვნე, რომ გამომეტანებინა და მეტი რაღა გზა მქონდა? მოვდიოდი, მაგრამ შიშით კი მუხლები მიკანკალებდა. მალე დამიცალეთ!.. მძინარი ბალღები მარტო დავყარე შინ! – სთქვა მელანომ და გადასცა ხელკალათი.
- ჰა, ვახშამს გავათავებთ და კიდეც გაგატანთ ვისმე სამშვიდობომდის – უთხრა, უფროსს რომ ჰგავდა, იმანვე. მელანომ წყნარად გადიარა და მიჯდა კუთხეში თავისთვის. ხელკალათიდან პურები ამოალაგეს, ხელადით ღვინო, ქოთნით შეჭამანდი, დააწყვეს სუფრაზე. - „გაუმარჯოს მეძღვნეს!“ დაიძახა ერთმა იქ მყოფთაგანმა: „სამაგიეროდ ჩვენც ჩვენი დღევანდელი ნანადირევი ვუზიაროთო!“ დასთანხმდა ყველა და დიდძალი ასო-ასოდ აქნილი შვლის ხორცი ჩაუწყვეს კალათში.
უცბად ზარნაშომ დაიკივლა; წამოცვივდნენ სუფრიდან, მოავლეს იარაღს ხელი და გავარდნას აპირებდნენ კარში, რომ ზარნაშოს ხმა არ შეწყვეტილიყო და ნაცვლად წრომს არ დაეწყო წივილი. შემობრუნდნენ ისევ. სთქვეს: „ალბათ მეთვალყურენი შესცდნენ, მაგრამ რა ხუმრობაა? ჩვენ კი გული გადაგვიტრიალდა და!“
შემოვიდა პირიმზისა და სიცილით სთქვა:
- ვაითუ შეშინდით! მეთვალყურე შეცდა, კარგად ვერ გაარჩია სიბნელეში, ჩემი ტყვე მტრად მიიღო და ნიშანი მოგცათ. კიდევ კარგი, რომ მალე გავაგებინე და სამშვიდობოზე გადავიდა.
- ტყვე? ტყვე? ტყვეო? – იკითხეს გაოცებით აქეთ-იქით.
- დიახ! მოგიყვანეთ დამორჩილებული! იარაღიც არ ამიყრია, რომ ვაჟკაცისათვის სირცხვილი არ მეჭმია. მიიღეთ, როგორც სტუმარი! საწყენი არა ჰკადროთ-რა!
ამ სიტყვაზე უცბად გავიდა გარეთ და შემოიყვანა აბდუშაჰილი.
წამოცვივდნენ სუყველა ზეზე და შეაჩერდნენ. აბდუშაჰილი შემოსასვლელშივე შეჩერდა და გაოცებით დაიძახა: „ბაში-აჩუკ!“
- დიახ! აბდუშაჰილ, ეს ბაში-აჩუკია და მე ამისი და!.. კურთხეულ იყოს თქვენი შეყრა და ფეხბედნიერი აქ შემოსვლა!
ჩამოვარდა სიჩუმე. ყველა გაოცებული უყურებდნენ ერთმანეთს. აბდუშაჰილმა ხელები ააპყრო მაღლა და სთქვა: „დაილოცა, ღმერთო, შენი უცნაური განგება! ვეძებდი, როგორც მტერი, და შევხვდი, როგორც მოყვარე“. ბაში-აჩუკმა გაიცინა და უპასუხა:
- ჩემი სათქმელიც ეგ არის!.. შენ სტუმარი და ჩვენ მასპინძელი!
მივიდა, გადახვია ხელი, წამოიყვანა და მოისვა გვერდით.
- მოულოდნელად ღვთის მოცემულო სტუმარო, ნუ დაგვიწუნებ სუფრას! ღარიბია, მაგრამ მხიარული, - უთხრა ბაში-აჩუკმა და შემოუსხდნენ სხვებიც გარს. გაიმართა ლხინი, მაგრამ სიმღერის მაგიერად საუბარი გააბეს დაბლის ხმით. გაგრძელდა ვახშამი; ბევრი რამ ითქვა, თითქმის ყველამ გამოამჟღავნა მოკლედ თავისი თავგადასავალი და ბოლოს, ჯერი რომ მიდგა, მოჰყვა აბდუშაჰილიც:
- მე ერთი უთვისტომო კაცი ვარ: არ ვიცი, ვინ ყოფილა ჩემი მამა-პაპა და საიდან მოვხვდი არდალანში? ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რაც საბრალო დედაჩემისაგან გამიგონია!.. ოდესმე, ერთ სოფელს, სადღაც ლეკები დასცემიან, აუკლიათ მთელი სოფელი, ჩვენი ოჯახიც ამოუწყვეტიათ, ასე რომ მე დავრჩენილვარ ძუძუმწოვარი და დედასთან ერთად ტყვედ წაუყვანივართ; მყოლია კიდევ ერთი უფროსი დაც, მაგრამ ის სხვა სოფელში ყოფილა გაბარებული მღვდელთან და გადარჩენილა. ამის მეტი არა ვიცი რა...
მელანო სულგანაბული უგდებდა ყურს; უცბად მიაყვირა: „ექვსი თითი ხომ არა გაქვს მარცხენა ფეხზეო?“ და, დასტური რომ მიიღო, მივარდა, გადაეხვია და დაიწყო ქვითინი: „ღმერთს არ სდომებია ჩვენი ერთმანეთისათვის დაკარგვაო“.
მაყურებლები გაოცებული პირჯვარს იწერდნენ, ღმერთს მადლობას სწირავდნენ და ულოცავდნენ ახალშეყრილებს. აბდუშაჰილმა აღარ იცოდა, რა უნდა ექნა! ჩამოვარდა სიჩუმე. პირიმზისა მიუბრუნდა და უთხრა აბდუშაჰილს:
- მეც მომილოცავს!.. ახლა, რახან ნამდვილი და გამოგიჩნდა, ჩვენი დაძმობილობა აღარაფერი საჭიროაო.
აბდუშაჰილი შეკრთა და შეშინებულმა უთხრა:
- როგორ! მაშ დღეიდან აღარაფერი ვიქნებით ერთმანეთისათვის?
- ნაცნობები, ისე, როგორც ქრისტიანი და მაჰმადიანი! – მიუგო ქალმა.
- არა! აქ მაჰმადიანი აღარ არის! ხომ გაიგონე, რომ ქრისტიანად ვყოფილვარ დაბადებული, და დღეს განგებამ მოინდომა, რომ გამოვბრუნებულიყავ! დღეიდან მეც თქვენი რჯულის აღმსარებელი და თაყვანისმცემელი ვარ. ბაში-აჩუკ! მიმიღეთ თქვენს გუნდში, რომ ამიერიდან მეც თქვენი ჭირი და ლხინი გავიზიაროო!..
ამ გულწრფელმა სიტყვებმა ყველა აღტაცებაში მოიყვანა და დიდი სიხარული შეექნათ.
- აბდუშაჰილ! – ცოტა დაფიქრების შემდეგ უთხრა ბაში-აჩუკმა. – დიდია ღმერთი და განგება მისი მიუწვდომელი! შენ შეგიძლია, რომ ჩვენს ქრისტიანობას დიდი სამსახური გაუწიო. მოვალეცა ყოფილხარ და ნუ აჩქარდები!.. ეს, რაც მოხდა, დრომდე ყველაფერი უნდა საიდუმლოდ დაიმარხო გულში, მიხვიდე ისევ შენს ჯარში და ესე დაიჭირო თავი, რომ ცვლილება არაფერი გეტყობოდეს. დაარწმუნე ყველა, რომ ბაში-აჩუკი მოვკალი-თქო; ნიშნად წაიღე ეს ჩემი ფაფანაკი და სისხლში მოსვრილი მიართვი უფროსებს; დაგიჯერებენ და, ჩვენც აღარსად გამოვჩნდებით, გულდამშვიდებული ხანი წყალობით აგავსებს. დრომდე ეს ყოველიფერი საჭიროა ჩვენი საერთო ბედნიერებისათვის. ახლა მეტს აღარას გეტყვი. დაწვრილებით მაშინ გაიგებ ყოველიფერს, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად მოვილაპარაკებთო! – მივიდა, გადაეხვია და გადაჰკოცნა ძმურად.
- ახლა ჩემი შვილებიც გებრალებოდეთ, მარტო დავყარე! – სთქვა მელანომ. – დროა ჩემი წასვლის! გამცილებელიც ხომ ღმერთმა მაშოვნინა, სხვა საჭირო აღარავინ არის, ჩემი ძმაც მიმიყვანსო! – სთქვა და ჩაჰკიდა ხელი აბდუშაჰილს. პირიმზისამ, თითქო შურით, გააყოლა თვალი, წარბშეჭმუხვნით შეხედა; მელანომ შენიშნა და ცბიერის ღიმილით უთხრა:
- ღამე მშვიდობისა, ჩემო რძალო! და ძილი ნებისა, რომ ტკბილი სიზმრები აგხდენოდესო!.. – გავიდა სიჩქარით და თან გაიყვანა აბდუშაჰილიც.
მოთხრობა 9 ~ 14 წლის ბავშვებისათვის
სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 9-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
დისციპლინა არ უნდა აგვერიოს სიმკაცრეში. სიმკაცრის გამოვლენით ბავშვები უფრო ჯიუტები ხდებიან. ასე რომ თქვენ უნდა ესაუბროთ თქვენს შვილს მეგობრულად და მოიპოვოთ მისი ნდობა, რათა მან შეძლოს თქვენთან ურთიერთობა შიშის გარეშე. ეს ასევე დაგეხმარებათ შვილთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო