ქვეყნის სიბრალულით გულავსებული მაცხოვარი მიბრძანდა ერთხელ ტბის პირად და მეთევზეები ნახა: ზოგი ახალ ბადესა ქსოვდა, ზოგი ძველს აკერებდა და ზოგიც მხარ-თეძოს იყო წამოწოლილი კიდეზე. გუნებაზე ვერ იყვნენ: მთელი ღამე ენადირათ და ვერა ეშოვათ რა! ხელი გადგომოდათ!.. - შეებრალა საწყლები ქრისტე-ღმერთს და ერთ მათგანს უბრძანა: „სვიმონ-პეტრე! ადე ზეზე, ეგ შენი ნავი ნაპირზე მოაყენე, ჩავჯდეთ და ტბაში შევცუროთო“. მეთევზეს გაუკვირდა და ჰკითხა: „პირველადა ვხედავთ ერთმანეთს და რა იცი, რომ მე სვიმონი მქვიაო?“ - „მაგას რა დიდი ცოდნა უნდაო?.. შენ სვიმონი გქვია და მამაშენს ივანეო... პეტრე კი მე დაგიძახე მეტსახელად, რადგანაც სიტყვა „პეტრე“ ქვას ნიშნავს და შენც ქვასავით მაგარი ხასიათის კაცი ხარო!“ შუაში რომ მივიდნენ, შეაჩერა ნავი და უბრძანა: „აბა აქ დაჰკარით ბადეო!“ - „რა ბრძანებააო, - უპასუხა მეთევზემ, - წუხელი აქ არ გახლდითო?.. გათენებამდის ჩვენ თვალს რული არ მოჰკიდებია, ბადეები დავგლიჯეთ და ეს ოხერი თევზი ისე გამწყვრალა, რომ ერთი ჭიჭყინა რა არის, ისიც ვერ ვიშოვეთო“, - „ეგ შენი საქმე არ არის!.. შენ რჩევა დამიჯერე და მაშინ ნახავ მოხვდება თუ არაო“. მართლაც ჩაუშვეს წყალში თუ არა, ბადე გაიტენა თავამდი. მეთევზე ვეღარ მოერია, რომ გამოეთრია ბადე და ამხანაგებს დაუძახა: „მიშველეთო!“ გამოიტანეს ნაპირზე სავსე ბადე და ორი ნავი აავსეს პირწმინდად ნანადირევით. - მეთევზეებს გაუკვირდათ: ეს ვიღაც სასწაულთმოქმედი უნდა იყოსო და თაყვანი სცეს. ქრისტემ გაიცინა ულვაშებში, - ვენაცვალე იმის სიცილს - და უთხრა: „რა ცოტაა, რომ გაგკვირვებიათო. წამომყევით და თევზებს კი არა, კაცებსაც ბევრს დაგაჭერინებთო“. მეთევზეებს გაეხარდათ და მიაძახეს: „გვიახლეთ, შენი ჭირიმეო“ და აედევნენ. მასუკან სადაც კი მიბრძანდებოდა მაცხოვარი, ისინიც თან დასდევდნენ. ბევრი სასწაულები ნახეს და შეუყვარდათ მოძღვარი. აღარ შორდებოდნენ!..
ვნებათა კვირა რომ დადგა, მოძღვარი მოწაფეებს გაენდო და უთხრა: „ჩემი ტანჯვის და სიკვდილის დღეც მოახლოვდაო. ერთი თქვენგანი გამყიდის - გამცემსო. მე რომ დამიჭერენ, თქვენც შეშინდებით და აქეთ-იქით გაიქცევით... გაიფანტებით, მაგრამ არაფერია, მე ამოვალ საფლავიდან და ისევე მოგიყრით თავს და შეგაერთებთო“.
პეტრემ უპასუხა: - „რას ბრძანებო, ჩვენში მაგისთანა ვინ იქნება, რომ შეშინდეს და გაიქცესო?“
„პირველი შენო!.. შენ ხომ პირდაპირი და გულმაგარი კაცი ხარ, შენც კი გადრკები და სანამ მამალი ორჯერ დაიყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო!“ - იმ ღამეს მართლა შეიპყრეს ქრისტე. პეტრემ მახვილი ამოიღო და ყური ჩამოათალა მალხაზ ურიას. ქრისტემ დაუშალა პეტრეს ჩხუბი და ისევ გაუმრთელა ურიას ყური!..
- „ძალაზე თუ მივიდა საქმე, ცა და ქვეყანაც ვერ მომერევა, ჩემს ხელთ არისო, მაგრამ აქ სულ სხვა საქმეა და უნდა დავნებდეო“, - ბრძანა მოძღვარმა. როცა შეიპყრეს და მღვდელმთავართან წაიყვანეს, მოწაფეები შეშინდნენ და გადაცვივდნენ. მხოლოდ ორი მათგანი აედევნა უკან და გაჰყვა: ივანე და პეტრე. სასახლეში რომ მივიდნენ, ივანე როგორც კაი ნაცნობი შეუშვეს სახლში, მაგრამ პეტრეს კი ბჭის კარი დაუკეტეს და გალავანს გარეთ რჩებოდა; შეეხვეწა მეკარეს: „მეც შემიშვიო“. მაშინ მეკარემ ჰკითხა: - „რა მოგარბენინებს, მაგისი მოწაფე ხომ არა ხარო?“ - „არაო!“ უთხრა პეტრემ. სანამ სასახლეში ქრისტეს ასამართლებდნენ, პეტრე ეზოში იცდიდა, ცეცხლის პირად იჯდა და თბებოდა. აქაც ვიღაცამ ჰკითხა: „შენ, როგორც გეტყობა, მისი რამე უნდა იყოო?“ - „არაო! ვერც კი ვიცნობო!“
ბოლოს, ქრისტე რომ გამოიყვანეს და მეორე მღვდელმთავართან წაიყვანეს, გაჰყვა. ერთი ურია მივიდა და ჰკითხა: „შენ ის არა ხარ, ჩემს ნათესავ კაცს მალხაზს რომ ყური ჩამოათალეო?“
შეეშინდა და უარზე დადგა. ამ დროს მამალმაც დაიყვირა: „პეტრემ - უარყოო!“ მოაგონდა საბრალოს ქრისტეს სიტყვები და შემოიკრა თავში ხელი, ეს რა მომივიდაო... დაიწყო ტირილი, გაიჭრა გიჟივით. აღარ იცოდა რა ექნა. გარბის და მამლები კი მიჰყივიან: „პეტრემ უარ-ყოო!“, „პეტრემ უარ-ყოო!“, „პეტრემ უარ-ყოო!“ - აღარ იცოდა რა ექნა. თითქმის თავის მოკვლაც უნდოდა, მაგრამ ამ დროს ყვინჩილებმაც დაიძახეს: „შე-ინა-ნაა!“, „შე-ინა-ნაა!“, „შე-ინა-ნაა!“-ო. პეტრემ ყური მოჰკრა და გამოფხიზლდა. ჩანს უპატიებია ღმერთს ჩემი შეცოდებაო!.. დაემხო პირქვე სათაყვანოდ.
მას შემდეგ ყოველ ღამ ბნელაში მამლები დღესაც კიდევ იძახიან: „პეტრემ უარ-ყოო!“ მაგრამ, როცა ყვინჩილებიც დაიძახებენ ხოლმე: „შე-ინა-ნააო“, თენდება და ქვეყანას ნათელი ეფინება.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ასე არ არის! შეეცადეთ არ თქვათ "არა" ძალიან ხშირად. ბავშვების გული მგრძნობიარეა და მათთვის ხშირი უარის თქმამ შეიძლება არასრულყოფილების გრძნობა გაუჩინოს. ხშირი „არას“ თქმით ბავშვში მეამბოხე დამოკიდებულება ვითარდება. ეცადეთ უარის თქმის დროს იყოთ ლბომიერი. ახსენით უარის მიზეზი და ბავშვი გაგიგებთ.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო