ამ ხანებში არეულობა მოხდა იმერეთში და ქართლის მეფე ვახტანგი, შაჰნავაზად წოდებული, გადაიწვიეს, რომ მისი შვილი არჩილი იმერეთის მეფედ დაესვათ. იმერეთის დიდკაცობა დიდი პატივისცემით და ძღვნით დაუხვდა დიდებულ სტუმარს. სიუხვით ყველას წერეთელმა გადააჭარბა, თუმცა მეფის გული კი აბაშიძემ უფრო მოიგო და ბევრიც არა დახარჯვია რა: მხოლოდ ათი ახალგაზრდა ქალიშვილი, ერთიმეორეზე უმშვენიერესი, მიართვა: „ყეენისათვის საჩუქრად დაგჭიდებაო“. ამ მცირე ძღვნით ისე კმაყოფილი დარჩა მეფე, რომ სხვების განძი ჩალადაც აღარ ჩაუგდია. წერეთელი, როგორც მეტოქე და მოქიშპე აბაშიძისა, ყველაზე უფრო გულნატკენი დარჩა და დაღონდა. კიკო ბაქრაძემ შეურჩია დრო ბატონს და მოახსენა:
- თქვენი ქება-დიდება – თქვენი ყმების ქება-დიდებაა, თქვენი ძლევამოსილობა – ჩვენი გამარჯვებაა, და ნუ გვიზამ მისთანა საქმეს, რომ აბაშიძის საყმოს სასაცილო გავხდეთ! მეფე რომ ქართლში გადაბრძანდეს და წერეთელზე აბაშიძე უფრო დიდი პატივით მოიხსენიოს, ეს ჩვენი სიკვდილი იქნება!
- მეც მაგას ვწუხვარ, ჩემო კიკო, მაგრამ რა ვქნათ? – მიუგო ბატონმა დაღონებით. – ხარჯი არ დამიკლია, თავი არ დამიზოგავს, სალარო თითქმის დავაცალიერე და მეტი რაღა მექნა?
- ჩემო ხელმწიფევ! თუ არ გამიწყრებით, ჩემი უგუნური ჭკუით ისეთ რამეს გირჩევთ, რომ მეფის გულიც თქვენ დაირჩინოთ და აბაშიძის ძღვენიც დაავიწყოთ; ისეთი რამე მიუძღვენით, რომ მართლა გასაკვირველი და საარაკოც იყოს!
- თქმა ადვილია, მაგრამ რა გამოვძებოთ მაგისთანა?
- ღმერთი მოწყალეა! რახან ლამაზ ქალებზე მივარდა საქმე, არა გვიჭირს რა, ბედი ჩვენკენ არის! მღვიმის მონასტერში ორი დები იზრდებიან, ტყუპის ცალები, ერთი მეორისაგან არ გაირჩევა და არც მათი მსგავსი რამ ნახულა ჯერ ჩვენში.
- მერე-და ობლები არიან? უპატრონო?
- თითქმის, ჩემო ხელმწიფევ! ჩემს მეტი აღარავინა ჰყავსთ და მე ან ჩემი თავი რად მინდა და ან ისინი, თუ არ თქვენი ჭირის სანაცვლოდ? დედა იმათ არა ჰყავთ და მამა, ერთი ძმა ჰყავდათ და ისიც დაიკარგა, ამდენი ხანია მისი ასავალ-დასავალი აღარა ვიცით რა; მეც ხომ უცოლშვილოდ გადავდივარ, ეს არის, და თქვენს გარდა პატრონი და ჭირისუფალი ვინ ეყოლებათ? გამოიყვანეთ ორივე და მიუძღვენით მეფეს. ისინი სადაც უნდა იყვნენ, სასახლის კარზე, საქრისტიანოში თუ საურჯულოში, მაინც არა უშავთ რა: მათი სილამაზე და მზეთუნახაობა არც ერთს გზას არ დააკარგვინებს.
დიდხანს ყოყმანობდა წერეთელი: მისი ნაერთგულარი ბაქარას შვილები დასაკარგავად არ ემეტებოდა, მაგრამ აბაშიძის მეშურნეობამ დარია ხელი; გამოიყვანა ორივე დები და წასვლის დროს მიუძღვნა ვახტანგს. როგორც მეფე, ისე მთელი მისი ამალა გაოცებული იყვნენ ბაქრაძის ქალების სილამაზით, მით უფრო, რომ ერთს მეორისაგან ვერ არჩევდნენ. მეფემ აღარ იცოდა, როგორი მადლი გადაეხადა წერეთლისათვის და დიდძალი ყმა და მამული უბოძა ზემო-ქართლში. თვითონ კმაყოფილი დაბრუნდა ქართლისაკენ და დაიბარა, რომ როგორც ეს ორი მზეთუნახავი, ისე დანარჩენი ათი ქალიშვილიც, თორმეტივე ერთად გამოემგზავრებინათ.
მისი ნება ასრულდა, მაგრამ შიგ შუაგულ ქართლში ერთი უცნაური და უჩვეულო რამ მოხდა: მეფის ბარგს დაესხნენ თავზე ავაზაკები მოულოდნელად და თორმეტივე ქალი მოიტაცეს; ნივთეულობისათვის კი ხელი არ უხლიათ.
მეფე ვახტანგს რომ მოხსენდა ეს თავხედობა, გარისხდა, ბრძანა გზების გაკვრა, მთელი სამეფო შესძრა, იმერეთშიაც ბევრი ეძებეს, მაგრამ ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, ვერა გაიგეს რა. ხალხში ჩუმად კი ლაპარაკობდნენ აქა-იქ: „ეს ბიჭობა, კახეთში რომ გამოჩენილი ბაში-აჩუკია, მისი საქმე უნდა იყოსო“. დიდმა ხანმა გაიარა ამის შემდეგ.
ჭიდაობის შემდეგ აბდუშაჰილი თავის ქერქში აღარ იყო; გულში ჩაიდვა ბაში-აჩუკის ჯავრი და სულ მარტოდმარტო აქეთ-იქით დაეხეტებოდა მთელი დღე; უდაბურ ტყეებშიაც კი დადიოდა, რომ ეგებ სადმე წავაწყდე ჩემს მძლეველს, სამაგიერო გადავუხადო და სირცხვილიდან გამოვიდეო.
მარტო აბდუშაჰილი არა ჰფიქრობდა ბაში-აჩუკზე, სხვებსაც ბევრს ჰქონდა გატეხილი ძილი, მაგრამ მიზეზი კი სხვადასხვა იყო: პირველს ვაჟკაცური ჟინი აშფოთებდა და სხვებს კი ათასი ოქრო არ ასვენებდა. ამ უკანასკნელებში ყველაზე უფრო მეტად ჰქონდა საღერღელი აშლილი თიმსალ-მაკოს. ეს იყო თელავში მცხოვრები, ტერტერას ქვრივი, ჭკუითა და მოხერხებით განთქმული; უამისოდ არც ჭირი და არც ლხინი არ იქნებოდა, ავშიაც გამოსადეგი იყო და კარგშიაც, და მასთანაც განთქმული მაჭანკალი. ატყდებოდა თუ არა სადმე ახალგაზრდებში ტრფობის ცეცხლი, ეს მაშინვე, თითქოს ტრუსის სუნი ეცაო, იქ გაჩნდებოდა და დაატრიალებდა ჯარას; დიდსა და პატარას ყველას იცნობდა, ყველა ოჯახში შინაური იყო, ყველასათვის საჭირო და გამოსდეგი, მაგრამ არავის არ უყვარდა. გაიგო თუ არა ბაში-აჩუკის თავი ათას ოქროდ დააფასესო, ანგარებამ აიტანა და ამბობდა გუნებაში: „ხუმრობა არ არის ამდენი ფულიო! ჩემი ხერხი და ეს ერთად ქვეყანას, უნდა, წაღმა დაატრიალებენ და უნდა, უკუღმაო. ბაში-აჩუკი როგორმე მე უნდა ჩავიგდო ხელშიო... როგორ შეიძლება, რომ მისი ბინა და ვინაობა ხალხში არავინ იცოდესო? მარტო ის ხომ არ არის გავარდნილი, მასთან ერთად, ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდებიაო? როგორ დავიჯერო, რომ ერთ მათგანს მაინც ვინმე სოფლელებთან დამოკიდებულება არა ჰქონდესო?“ ეს რომ გადასწყვიტა გუნებაში, კიდეც შეუდგა საქმეს: სადაც კი მოჰკრავდა ყურს, ამა და ამ სოფელში ნაძრახი ქალი ვინმე არისო, იმდენს ეცდებოდა, რომ გასცნობოდა და დამეგობრებოდა. ზოგიერთ ოჯახებში ნათელმირონიც კი შეიტანა, მაგრამ ვერას გახდა, ვერა გაიგო რა, მხოლოდ ეს კი აიღო აზრად, რომ, თუ ვინმემ იცის მათი ამბავი, თევდორაანთ მელანომ უნდა იცოდესო და დაუხშირა იმასთან სიარულს. თევდორაანთ მელანო თელავის მახლობლად, ერთ პატარა სოფლის განაპირას, ტყის პირად ცხოვრობდა ორი პატარა შვილით; ქმარი თათრის ჯარში ჰყავდა ჩაფრად შესული, თვითონ ორ-ორ თვეობით თვალით ვერა ხედავდა. სილამაზით ნაქები იყო და, ცოტა არ იყოს, სახელიც გატეხილი ჰქონდა. თიმსალ-მაკომ ერთხელ, სტუმრად რომ მივიდა მასთან, სახეზე უსიამოვნება შეატყო და განგებ იგვიანებდა წასვლას, სანამ მოსალოდნელმა ავდარმა მართლა არ მოასწრო. შეიქნა ერთი ჭექა-ქუხილი და თავსხმა. ასე რომ სტუმარი უნდა დარჩენილიყო მელანოსთან. მასპინძელს შფოთვა თანდათან უფრო ეტყობოდა და ვახშმის მზადებას დაუჩქარა; ხელად გაშალა სუფრა, გვერდში ამოიდგა ერთი დოქი კახური და ზედიზედ უსხამდა სტუმარს, აძალებდა: „დალიე, ღმერთმა შეგარგოს, და ტკბილად დაგეძინებაო!“
თიმსალ-მაკო სიცილით ეუბნებოდა: „ჩემო ნათლიდედავ, ეგ რომ არ დავლიო, ისეც ტკბილად დამეძინებაო. მისთანა წამალს დავაყრი ხოლმე ვახშმად ჩემს საჭმელს, რომ გათენებამდის ზარბაზნებიც რომ თავზე მახალონ, მაშინაც ვერას გავიგებ; მხოლოდ ფერად-ფერადი სიზმრები, თითქო სასუფეველში ვიყო, ისე დამტრიალებს თავსაო; ერთხელ რომ სინჯო, შენც, ჩემი არ იყოს, მერე ხელს ვეღარ აიღებო“. ეს რომ სთქვა, ამოიღო ჯიბიდან პატარა გამოკრული პარკი, გაშალა და ფხვნილი შეჭამანდს მოაყარა: „ხაშხაშისაგან შეზავებული ძილის წამალიაო; შენ კი ვერ გირჩევ, ჩემო ნათლიდედავ, ბალღების პატრონი ხარ და ღამე ბევრჯერ გამოღვიძება დაგჭირდებაო; მე კი, რომ დავეგდები რუმბივით, გათენებამდე ვეღარას გავიგებ, მკვდრის ძილი წამიღებსო“. მოუკრა თავი პარკს და ჩაიდვა ისევ ჯიბეში.
ჯერ შუა ჭამამდე არ იყვნენ მისული, რომ თიმსალ-მაკოს მთქნარება დააწყებინა და თვალები მოეპრუწა; ერთი-ორი წამოილუღლუღა გაუგებრად და ჩაჰკიდა თავი... ძილი მოეკიდა; მელანომ ძლივს მიათრია კუთხისკენ, მიაწვინა ლოგინზე და საბანი გადააფარა. სტუმარი გაიშმუშნა, გადაბრუნდა კედლისკენ და ამოუშვა ხვრინი. მელანომ ღიმილით წაიჩურჩულა: „მეორედ მოსვლამდისაც ნუ გამოგღვიძებიაო“ და გამოტრიალდა სუფრისკენ, მაგრამ ალაგების ნაცვლად ხელახლა დაუწყო გაწყობა; მიდგა თაროზე, გადმოიღო იქიდან ცივად მოხარშული დამზადებული დედალი, ყველი, მრგვლად მოხარშული კვერცხები, ხელადით ღვინო, გააწყო სუფრა და ხელ-პირი დაიბანა, თმა დაივარცხნა, წითელი ბაღდადი მოიხვია თავზე და კოპწიაობა დაიწყო. რამდენჯერმე მოიხედა თიმსალ-მაკოსკენ, მაგრამ ის ვერას ხედავდა: პირშექცეული კედლისკენ ეგდო უძრავად და ხვრინავდა. მელანომ მიიტანა თავისი ძველი თავსაფარი და თავზე გადააფარა, გამობრუნდა, დაჯდა ცეცხლთან სამფეხა სკამზე და კარებისკენ იწყო ყურება. დიდხანს აღარ გაუვლია, რომ ეზოში ძაღლმა დაიყეფა და შეუტია ვიღაცას, მაგრამ მალე გაკმინდა ხმა, წუწკუნი დაიწყო; მელანო ზეზე წამოვარდა და მიაშურა კარებს გასაღებად; თავმომძინერებულ თიმსალ-მაკოს გულმა დაუწყო ძგერა. მაგრამ არ განძრეულა. სახლში შემოვიდა ჩვენი ძველი ნაცნობი – გლახა ბაქრაძე, მოიხსნა სველი ნაბადი და მიაყუდა კედელზე, მოიხადა ყაბალახი, უკან ზურგისკენ გადაიგდო ფაფანაკი, თოფი იქვე მიაყუდა, დამბაჩა, ხმალი და ხანჯალი ტანზევე გაისწორა და ღიმილით გადაეხვია მელანოს. ქალი წურბელასავით ჩამოეკიდა კისერზე; დიდხანს შეტყუბებულსავით იყვნენ თავდავიწყებული...
ახალმოსულს უცბად ხვრინი შემოესმა და შეკრთა.
- ნუ გეშინია, ჩემო სიცოცხლევ, ჩემი ნათლია არის, ტერტერას ქვრივი, ხაშხაშნაჭამია და სძინავს. შენს მტერს ნუ-რა გაუგია, მაგან ვერა გაიგოს რაო. – უამბო ყველაფერი, მაგრამ ვაჟი მაინც იჭვნეულად აქნევდა თავს. თავის სიმართლის დასამტკიცებლად მელანომ ჯინჯგალი დაუწყო მძინარს, ხან ფეხებში მოავლო ხელი, ხან თავი აუწია: ბევრი აცოდვილა, მაგრამ ვერ გამოაღვიძა. ერთხელ კი წაიჭუჭყუნა მძინარმა და ამოუშვა ისევ ხვრინი.
- დაეხსენ, ნუ აწვალებ! – მიაძახა ბაქრაძემ. – სანამ ეგ გამოიღვიძებდეს, მე აქედან შორს ვიქნებიო! – მიუჯდა სუფრას და საყვარელიც გვერდში მოისვა.
დიდხანს იჭიკჭიკეს ისე, როგორც შეყვარებულთა რიგია; სხვათა შორის, ქალმა ჰკითხა: „ბაში-აჩუკს რად გეძახიანო?“ და ვაჟმაც მიუგო: „ეს აქ დამარქვეს თათრებმაო: ფაფანაკით რომ მხედავენ, უქუდო ვგონივარ, თავმოხდილი, და მათებურად ბაში-აჩუკი თავმოხდილსა ნიშნავსო“.
ამისთანა ამბები ილაპარაკეს ვახშამზე; ბაში-აჩუკმა ერთი კვირის, როგორც თავისი, ისე თავისი ამხანაგების თავგადასავალი დაწვრილებით უამბო მეგობარს; ნავახშმევს ცოტა მოიალერსეს... მეორე მამლის ყივილზე ვაჟი გამოესალმა ქალს, უთხრა: „დღეისწორამდის ნუღარ მელიო“ და გაუდგა გზას.
ტერტერას ქვრივს ერთი სიტყვაც მათი ნალაპარაკევი არ გამოჰპარვია, მაგრამ დილას კარგაძალზე იყო ამოსული მზე, რომ გამოეღვიძა და ისე წამოდგა, თითქო წუხელი სიზმარიც არ ენახოსო, გამოეთხოვა ნათლიდედას და გაუდგა გზას.
მოთხრობა 9 ~ 14 წლის ბავშვებისათვის
სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 9-დან ~ 14 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ბავშვი თქვენი საკუთრება არ არის, მას გარკვეული დროის განმავლობაში არ ფლობთ. თანაცხოვრების პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვი აღზარდოთ კარგ ადამიანად.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო