kids.ge logo

წერილი ბებიას ჩურჩხელებთან

ფავორიტებში დამატება

პირველად მრავალ მოკითვას მოგახსენებთ, ჩემო საყვარელო, ფიქრიდან და გულიდან განუშორებელო ბებიას ჩურჩხელებო!

გისურვებთ გაზრდას, დასქელებას და თაფლივით დაშაქრებას.

თუ ჩემს ამბავს იკითხავთ, მე არა მიშავს რა, მაგრამ უთქვენოდ ობოლი და მოწყენილი ვარ. მართალია, შორსა ხართ, მაგრამ არ იფიქროთ დამავიწყდით; პირიქით, მე და ჩემი დედოფალა თინია ყოველდღე თქვენ გიგონებთ. თქვენ მაგიერ ჩემს დედოფალას ჩხირებით ვაბერებ და იმ სულელსაც უხარია, მართლა ჩურჩხელა ჰგონია.

როდესაც ქალაქისაკენ გამოვემგზავრე, თქვენ ჯერ ისევ ძაფებზე ეკიდეთ და მზეზე თბებოდით.

ოჰ, ნეტავი იმ დღეს, მე თქვენ ქვეშ ტაშ-ფანდურას ვუვლიდი ხოლმე. ორ-სამს კბილებით ბოლოში ნიშანიც დაგადეთ, რომ ბებიას არ აერიოთ და სხვაგან არ ამოჰყოთ თავი. ახლაც თვალწინ მიდგია თქვენი სიმშვენიერე, საროს ტანი, ყურძნისა და თხილის მრგვალი მარცვლები, მძივებივით ერთმანეთზე ასხმული და მხრებით ერთმანეთზე მიხუტებული კაკლის ლებანი. მე სკოლისაკენ გამოვეშურე, დაგტოვეთ ბებიას ანაბარა, ვინც იცის, რამდენჯერ მოგაფრინდათ ზედ გამსუნაგებული ნაცარა ქათამი! ვინ იცის, რამდენჯერ ჩაგკრათ თავისი გამწვეტებული ნისკარტი იმ წყეულმა! რა მექნა? თქვენც კარგად იცით, ჩემო საყვარლებო, არც სკოლას დანებდებოდა თავი, მაგრამ, იმედია, მალე ვნახავთ ერთმანეთს და გავიხარებთ.

როგორც ბებიაჩემი იწერება, საზამთრო ტანისამოსი კიდეც ჩაგიცვამთ, არ გამიცივდეთ, აგრემც თავს შემოგევლეთ! სქელსა და ტკბილ თათარაში ამოვლებულხართ, დამშვენებულხართ, დათაფლებულხართ და თეთრად შეპენტილხართ.

უი, თქვენ კი გენაცვალეთ მაგ თეთრ ქათიბებში! გიგონებთ და კბილებს სულ კაწკაწი გააქვთ.

იმ საძაგელ თაგვებსაც ძლიერ უფრთხილდით: იმათთანა ჩურჩხელის ონავარი მტერი დუნიაზე არ მოიძებნება. თუ ძლიერ შეკუჭულში არა ხართ, უეჭველად გამოგძებნიან ის სასიკვდილონი!

ნეტა რა უნდათ თქვენგან? თქვენ ხომ არავის რას უშავებთ, აწევხართ ერთმანეთზე პარკუწანაში და გძინავთ თქვენთვის. მაგრამ ფიქრი ნუ გაქვთ: ჯერ ერთი, ბებიას ყუთს გარშემო რკინა არტყია, მეორეც ეს - მე რომ აქეთ მოვდიოდი, ჩვენს მელანია კატას ყველა ვაჭამე და დავავალე, ყური ეგდო თქვენთვის; მააშ! გენაცვათ, აბა, ისე უპატიოდ ხომ არ გაგიშვებდით! მაინცდამაინც მანდაურობას რომ გამოეცალოთ, ისა სჯობია. ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო! მეორეც ეს, ვიცი თქვენი გულის ამბავი, მოგწყინდებოდათ ბებიას სკივრში ძილი და ჩემი ნახვაც ძლიერ მოგინდებოდათ. ამიტომ კარგს იზამთ, ახალ წელიწადს ქალაქში ჩამოისეირნოთ თქვენს თამრიკელასთან. მგზავრობა მაინცდამაინც ძნელი არ არის. თვითონ ბებია დაგეხმარებათ. ვიცი აგრეთვე, მარტომ არ მოგიხდებათ მგზავრობა, ჩემი კარგი ბებუცი მეზობლებსაც გამოგაყოლებსთ: ვაშლს, ბროწეულს, ჩირს და, ვინ იცის, კიდევ რას არა. რა არ მოიპოვება ბებიას საკუჭნაოში!

ჰო, იმას მოგახსენებდით: მგზავრობა ძნელი არ არის-მეთქი და ქალაქის ნახვაც არ გაწყენთ. რო იცოდეთ, რა ამბავია აქა და! გაკვეთილებიც მე, თქვენ და ჩემმა თინა დედოალმა ერთად ვისწავლოთ.

მაგრამ ერთ რამეს მაინც კიდევ გირჩევთ: ჩემს ძამია ვანოს არ ჩაუვარდეთ ხელში. მის ჩურჩხელებსაც შორს მოერიდეთ და შიგ არ აერიოთ, თორემ ერთ ყოფას დაგაწევთ. ხომ იცით მისი შარიანი თავის ამბავი: თქვე ასეთებო, თქვე ისეთებო, ჩემი ჩურჩხელებისთვის გვერდები გიტკენიათ, თაფლი ჩამოგიყრევინებიათო და კბილებისაკენ კი გაგაქანებსთ. ბებიასაცა ვწერ, თქვენთვის ცალკე პარკი შეკეროს და ზედ დააწეროს ჩემი სახელი. რაღა ბევრი გავაგრძელო, აგრემც გაგრძელებულხართ და გაზრდილხართ, იმედია, მალე ვნახავთ ერთმანეთს და, რაღა თქმა უნდა, ჩემს ალერსს არ მოგაკლებთ.

მშვიდობით, ჩემო შაქარებო, გადაგკოცნით სუყველას და მოუთმენლად გელით და გელით!

გწერთ თქვენ მომლოდინე და მოსიყვარულე

თამრიკელა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

გახადეთ ბავშვი გამბედავი

არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - უთხარით, რომ ყოველთვის უყურონ ადამიანის თვალების ფერს. თვალებით კონტაქტის დამყარებით ნაკლები შანსია ბავშვი დაიჩაგროს. იგი დაეხმარება მორცხვ ბავშვს გახდეს უფრო თავდაჯერებული.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024