kids.ge logo

ვის მოჰყავს გაზაფხული?

ფავორიტებში დამატება

საცაა თებერვლის თვე ჩათავდება. უკვე დროა - ვის მოჰყავს გაზაფხული?
- ვის მიჰყავს გაზაფხული? - ტყიდან ტყეებს, ველიდან ველებს გასძახის ოქროსრქებიანი ირემი, ოქროს რქებზე ოქროს ქიმიანი ვარსკვლავები დასთამაშებდნენ. ფრიალო კლდის წვერზე ამაყი ჯიხვი დგას, ლამაზად თავაღერილი სივრცეს გაჰყურებს, ოღონდ ირემივით კი არ ყვირის, თავისთვის ოცნებობს და ფიქრობს:
- ვიხ მოჰყავს გაზაფხული, ლამაზი და მშვენიერი, დიდებული და დიადი, სითბოთი და სილაღით სავსე?..
- ვის მოჰყავს?
ციყვი, კურდღელი, ზღარბი, მელა, დათუნია... მოლოდინით დაიღალნენ.
ფანჯრიდან პატარა გოგო იყურება: “ვის მოჰყავსო?” თვალებით კითხულობს.
ჩიტი კი მოუსვენრად აქეთ-იქეთ აწყდება და იძახის:
- როგორ თუ ვის მოჰყავს?! დაინახეთ, დაინახეთ, ენძელები და იები ამოსულან! პატარები რომ არიან, ამიტომ ვერ ამჩნევთ?
- მართლა? აბა, სად, სად? - გაიხარა ყველამ.
ტირიფის ხე უკმაყოფილოდ შეირხა:
- რა დროსია, ჯერ ისევ ცივია, ჯერ ისევ ცივი ქარი ქრის, ჯერ ისევ ღრუბლიანია ცა?!
- შენ კიდევ გაუთავებლად სახე ჩამოგტირის! - უსაყვედურა ჩიტმა. ტირიფი კი ისევ აწუწუნდა:
- ვაი, რაღაც ცივი დამეცა?! ჰო, აი, თოვს კიდეც! იქნებ აღარც ელოდით?!

- აბა, თოვლი? - ციყვმა, კურდღელმა, ზღარბმა, მელამ დათუნიამ... ცისკენ დაიწყეს ყურება.

- ვაიმე, თოვს, რატომ თოვს? - დაიძახა ფანჯრიდან გოგონამ.

გოგონას თავისი ლამაზი ფისო მიუჯდა გვერდით და ჰკითხა:

- შენ არ იყავი, მთელი ზამთარი იმ თეთრ ფანტელებთან რომ თამაშობდი, ახლა რას გიშავებენ?

გოგონამ შესჩივლა:

- მაშინ ზამთარი იყო, არაფერს აშავებდნენ, ახლა ენძელებს და იებს დაათოვეს.... შეხედე, როგორი კორიანტელი დადგა თოვლის, გეგონება, ბებო მატყლს პენტავს!

ფისომ თვალები ნებიერად მოჭუტა და წაიკრუტუნა:

- მერე რა, ენძელებსა და იებს თვითონ არ ეშინიათ სიცივის და თოვლის, შენ რა გაშინებს?

- რა იცი? - გაჯავრდა გოგონა.

ფისომ ისევ მოჭუტა თვალები:

- რომ ეშინოდეთ, არც ამოვიდოდნენ; იცი, რას ამბობენ? “ძალგამოლეული ზამთარი იმიტომ გვაფარებს თოვლის თეთრ საბურველს, ჩვენი დანახვა ვერ აუტანია: გაზაფხული ხომ ენძელებს და იებს მოჰყავთო”.

გოგონა მაინც ვერ მოვა გუნებაზე:

- მერე, ის აღარ იციან: როგორი პატარები და სიფრიფანები არიან?

- იციან!

- მერე?

- მერე რა, მაგაზე არც ფიქრობენ - გულადები და გამბედავები არიან: “ვიღაცამ ხომ უნდა მოიყვანოს, ვიღაცამ ხომ უნდა დასძლიოს: სიცივე, ქარი, ღრუბელიო?! და მათ მოჰყავთ გაზაფხული.

უცებ ფანჯარასთან ჩიტი მოფრინდა:

- მათ მოჰყავთ გაზაფხული - სითბოს, ფერების და მშფოთვარე ხმების ზარ-ზეიმი, მათ, შენ ხუმრობა ხომ არ გგონია?! - სწრაფად მიაძახა გოგონას ასევე სწრაფად გაქრა....

გოგონა იდგა, იდგა ჩუმად, მერე გაიცინა, ესე იგი, ფისოს და ჩიტს დაუჯერა; ფანჯარა გამოაღო, არემარეს ირემივით გასძახა:

- ჰეიი, ვის მოჰყავს გაზაფხული, კიდევ ვინ არის გულადი. ვიინ?

- მე! - წაიმღერა ვიღაცამ ნაზად.

გოგონამ და ფისომ ყურები ცქივტეს; ვინ არისო?

ფანჯარაზე სუროსავით დაეკიდნენ, გაიხედ-გამოიხედეს და კედლის ძირას ამოსული პაწია, ლამაზი ცისფერკაბა ყვავილი დაინახეს, მთლად თოვლის ფიფქების კორიანტელში გახვეული.

- ცისთავალა! - გაუხარდა ფისოს.

- ეს მთლად მოციცქნილია?! - ახალ ცისთვალაზე შეწუხდა გოგონა.

ცისთავალამ კი აღელვებისაგან თვალები დახუჭა და წაიჩურჩულა:

- იცით, იცით? გაზაფხულის მოსვლა - სილამაზის და გამბედაობის გამარჯვებაა! იცით?...

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–10

სხვა მოთხრობები

ვის მოჰყავს გაზაფხული?

საცაა თებერვლის თვე ჩათავდება. უკვე დროა - ვის მოჰყავს გაზაფხული?- ვის მიჰყავს გაზაფხული? - ტყიდან ტყეებს, ველიდან ველებს გასძახის ოქროსრქებიანი ირემი, ოქროს რქ...

ერთი დღე გაზაფხულის ცაზე

მოკრიალებულ ცაზე გაზაფხულის პატარა ღრუბელი მოცურავს და ისეთი დაღვრემილია, სულ სახე ჩამოსტირის. მოდის და სულ უფროს ღონდება და ღონდება. შემოხვდა ერთი წერო. _ ეჰე...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩაჩქანიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ისაუბრეთ ონლაინ თამაშების მავნე გავლენაზე

აუხსენით ბავშვს, როგორ შეიძლება ონლაინ თამაშებმა გამოიწვიოს დამოკიდებულება და სხვა პრობლემები.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026