ერთხელ ბუზების ქალაქში
დასახლდა ჭიამაია,
სახლი შეღება, მოაწყო,
მოკაზმა ნაირნაირად.
ბუზებმა მორთეს ბზუილი:
“-ასეთი ვინ მობრძანდაო,
ჩვენთან სხვა მწერებს რა უნდათ,
აბა საიდან სადაო!”
მასზე სხვადასხვა ამბები
გამოიძიეს ბზუილით,
გაბრუვდა მთელი ქალაქი
სიმართლითა და ტყუილით.
ვერ აიტანეს სიახლე,
სტუმრებს გადაჩვეულებმა,
სასწრაფოდ ბჭობა გამართეს
ქალაქის მეთაურებმა.
“-გაიგეთ ახალ მეზობელს
რა დიდი ნიჭი ჰქონია?
თურმე პოულობს ყველაფერს,
რაც დაკარგული ჰგონიათ.
იცით, რომ თავის ქალაქში
ყველას უყვარს და პატივს სცემს?
აქაც თუ გახდა ცნობილი,
ჩვენ ეს კარგს აბა რას მოგვცემს?
თუ ყველას ნივთებს უპოვნის,
აქაც გაიჩენს მეგობრებს,
ჩვენ, აბა, ვის დავჭირდებით,
მივავიწყდებით მეზობლებს!”
მას შემდეგ შური ყოველდღე
გულებში ემატებოდათ,
მასზე გაბოროტებულებს
სალამიც ენანებოდათ.
ერთ დღესაც ჭიამაია
ქალაქში დასეირნობდა,
თავს ღიღინით და ქუჩების
თვალიერებით ირთობდა.
ჭიამაია გზად ყველას
ღიმილით ესალმებოდა,
მაგრამ პასუხად იმავეს
ამაოდ ელოდებოდა.
თურმე ბუზებმა წინასწარ
შეცვალეს გზების ნიშნები,
“-ნეტავი დაიკარგოსო,
არ ასვენებდათ ფიქრები”.
და მართლაც ჭიამაიას
სულ აერია გზა-კვალი,
მაგრამ არავინ უშველა,
არ შეეცოდათ საწყალი.
წამში დაუწყეს დაცინვა:
“- პოვნის ნიჭია ეგ ვითომ?
სხვა რამეს როგორ იპოვი,
თუ იკარგები შენ თვითონ?!”
მალე არავის ახსოვდა
მისი სახელი - მაია,
და დაკარგულა შეარქვეს
პატარა ჭიამაიას.
სადაც კი გამოჩნდებოდა
ყველა ეძახდა ამ სახელს,
ასე მოქცევით სულ მალე
ძველ სახლში გადაასახლეს.
და დაუბრუნდნენ ბუზები
ჩვეულ ცხოვრებას მაშინვე,
სხვისი წინსვლაა თურმე ის,
რაც შურიანებს აშინებთ.
სხვა ზღაპრები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
დაახვეწინეთ საკომუნიკაციო უნარები
ახალშობილთა კომუნიკაციის უნარი საყურადღებოა. რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული მათი კომუნიკაციის უნარი, მით უფრო ადვილია კომუნიკაციის დამყარება სხვა ბავშვებთან თუ მასწავლებლებთან სკოლამდელ პერიოდში
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო