სამსოკოთა ერთი ბებერი მუხის ძირასაა გაშენებული. სოფელში სამად-სამი სოკო დობილი ცხოვრობს. სოკოებმა სოფელს სახელიც თავად შეარქვეს და თავადვე განაგებენ მის ავ-კარგს.
სოფელს საგანგებოდ არავინ სტუმრობს. გზას აცდენილი მწერ-ჭიანჭველა თუ ჩაუვლის სოკოების ეზო-ჭიშკარს დროდადრო.
ძალზედ კი წუხან სოკო დობილები, არავინ გვსტუმრობსო, მაგრამ რა ქნან?
დილით სოკოები ადრიანად იღვიძებენ და თავიანთი საოჯახო საქმეებით ისე არიან დაკავებულები, შუადღემდე კაცი მათ ბუსუნს ვერ გაიგონებს.
აქეთ სახლის დაგვა-დასუფთავებაო, იქით – სადილ-სარეცხიო, ცოტაოდენი დრო საკუთარ თავსაც ხომ უნდა დაუთმონ?
ასეთ ფაციფუცში მოიშუადღევებენ დღეს. ნაშუადღევს კი იცოცხლე, ისეთ ჭორჭრიჭინს გააბამენ ერთმანეთში, მუხას პირდაპირ მოსვენებას უკარგავენ.
რამდენჯერმე კი ჩამოსძახა მუხამ:
– რა დღეში ხართ, თქვენ, მანდ!
მაგრამ რა, მათაც იმდენჯერვე წაუყრუეს, ვითომცდა, არაფერიო.
და აი, ერთ დღეს მუხამაც:
– აბა, ახლა მიყურეთო! – თქვა და დაუშინა და დაუშინა რკოები ზემოდან.
აქ კი, ეტკინათ სოკო დობილებს, ეტკინათ და მორთეს ტირილი. იმდენი იტირეს, იმდენი – ლამის გულები ამოიგდეს.
... როდის, როდის გაისუსნენ. მერე ძალზე იწყინეს კიდეც, ბოლოს კი ადგნენ და სამუდამოდ გაებუტნენ მუხას.
მხოლოდ ერთხელ გადაულაპარაკეს ერთმანეთს;
– აწი აქ აღარ გვედგომება, უნდა ავიყაროთ აქედანო. ეს იყო და ეს, მას უკან ხმა აღარ გაუღიათ.
მაშინ კი დაიმორცხვა მუხამ. განაწყენდნენ რკოებიც, ეგ არ უნდა გვექნაო...
დღის ბოლოს, მზის მიმქრალობას მუხამ ფოთლებს ხელი მოხვია და სოკოებს თავზე წააფარა; დილით, ცვარიანზე არ შესცივდეთო.
არც ამჯერად გაუციათ სოკოებს ხმა, გაბუსხულები იდგნენ ღამის სიჩუმეში...
დილით სისხამზე ჩახედა მუხამ სოკოებს და ფოთლები ფრთხილად ააცალა. მაგრამ მოხდა საოცარი რამ: სოკოებს მთელი ღამე იმდენი ეტირათ, იმდენი, სულ ცრემლებად ჩაღვრილიყვნენ მიწაში.
მუხა დიდხანს იდგა დარცხვენილი... მერე ისეთი ძალით ამოიმწუხრა, რომ მთელ ხეობას მოჰფინა ყვითელი ფოთლები...
მალე ზამთარიც დადგა.
ერთ სუსხიან დილით, ტყიდან ნაჯახის ხმა მომესმა. დავინახე, როგორ დაცეს ხის მჭრელმა კაცებმა ბებერი მუხა მიწაზე, როგორ დამორეს და როგორ ამოუყვნენ ურმებით გზას სოფლისკენ.
ზამთარმა დიდხანს გასტანა. მხოლოდ აპრილის მიწურულს მომიხდა სამსოკოთასკენ გავლა.
თვალებს არ დავუჯერე; ასობით პატარა მუხის ნერგს ამოეყლორტა ბებერ ნამუხარზე.
იქვე ერთმა ბეღურა ჩიტმა მიამბო, რომ:
იმ ღამით რკოებსაც ისე ემწუხრათ და იმდენი ეცრემლათ, რომ თავადაც ცრემლად ჩაჰყოლოდნენ მიწაში სოკო-დობილებს...
ახლა კი დგანან და გაფაციცებით ელიან თავიანთი მეგობრების – სოკო-დობილების მიწიდან ამოსვლას...
ბავშვებო, სოკო რაჭაში ივნისის თვეში ამოდის, თქვენც ხომ სწორედ მაშინ გეწყებათ საზაფხულო არდადეგები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ჰოდა, ჩვენც სწორედ მაშინ ვეწვიოთ სოფელ სამსოკოთას და ვნახოთ, როგორ იტყვიან სოკო-დობილები, არავინ გვსტუმრობსო...
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
მხარი დაუჭირეთ გუნდურ მუშაობას
როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, ის დღის განმავლობაში დაახლოებით 4-5 საათს გაატარებს თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად და მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჯგუფურ აქტივობებში. მან უნდა ისწავლოს გუნდურად მუშობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესაუბრებოს სხვა ბავშვებს და ჩაერთოს კომუნიკაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში შეიძლება იყოს ყურადღების ცენტრში და მისი ყველა მოთხოვნა უმალ სრულდებოდეს, მან უნდა გაიაზროს, რომ იგივე სიტუაცია არ დახვდება სკოლაში. ბავშვის თანატოლებთან შეთავსების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მას ასწავლოთ გუნდური მუშაობა, რომლისთვისაც აუცილებელი უნარები შეგიძლიათ სახლში თამაშით განუვითაროთ
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო