kids.ge logo

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ფავორიტებში დამატება

XIV. თავი 14

ცოტა ხანში ქობულოელი ბავშვები წყაროსთან ისხდნენ და თათბირობდნენ.

ჩიკოსთან წასასვლელად ხუთი ბავშვი უნდა აერჩიათ, მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ, თუ ვინ  წასულიყო.   

გადაწყვიტეს, წილი ეყარათ!

ყველა ბავშვის სახელი ფურცელზე დაწერეს  და  სამუელის ქუდში ჩაყარეს.

ვისი სახელიც ამოვიდოდა, თბილისშიც ის წავიდოდა.

სწორედ ამ დროს წყაროსკენ მომავალი მურიანი აშექალა გამოჩნდა.

ბავშვებს ის უფრო  გამხდარი და ჩამოკონკილი მოეჩვენათ და ძალიან  შეეცოდათ. 

ჯოხზე დაყრდნობილი ნელი ნაბიჯით მოდიოდა.

- მოდი, ფურცლები აშექალას ამოვაღებინოთ!- წამოიძახა ლენგინამ.

- კარგი აზრია!- მოეწონა ლელიასაც და თვალებში ნაცნობი ციცინათლები უციაგდა.

-აშექალ ბებო!- დაუძახეს ბავშვებმა მოხუცს და მისკენ წავიდნენ.

მურიანმა აშექალამ ყური მოიყრუა და ნაბიჯს მოუმატა.

მას  ჩიკო კარგა ხნის მკვდარი ეგონა, რადგან ძაღლი  არც სოფელში ჩანდა და არც ჭალაში.  ამიტომ ბავშვებთან შეხვედრას  გაურბოდა.

-აშექალ ბე-ბოო! - უფრო ხმამაღლა დაუძახა ლელიამ.

მოხუცი გაჩერდა და ბავშვებს კუშტად გამოხედა.

-რაი ას?

ლელია ,,მურიან აშექალასთან“  გაღიმებული მიიჭრა და უთხრა:

-აშექალ ბებო, წილი გვინდა ვყაროთ და გთხოვთ, ამ ქუდიდან შვიდი ქაღალდი ამოიღეთ, რომელიც თქვენ გინდათ! –

აშექალა   ასეთ რამეს   არ ელოდა.

ძალისძალად  გაიღიმა და ტუჩის ზემოთ ნაოჭები გარმონივით გაეწელა. 

-რაისად ჰყრით წილს, მე არ შამახვედრებთა?- სცადა გახუმრება.

-იმათ სიას ვადგენთ, ვინც ჩიკოსთან  უნდა წავიდეს! - არ დამალა ლენგინამ.

-რაიო?- წამოიძახა ქალმა და თვალები ელდანაკრავივით დაჭყიტა.    

აშექალამ  ქუდიდან ხუთი სახელი  ამოიღო, მურიანი საქსოვი იღლიაში ამოიჩარა და მაღაზიისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.

ისე ჩქარა მიდიოდა,ბავშვებმა მადლობაც ვერ დააწიეს!

 

ერთი კვირის თავზე - ლელია , საბა, გიგია, ლენგინა და სამუელი თბილისისკენ  გაემგზავრნენ.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის თანამშრომლები  ბავშვებს დიდი  სიხარულით შეეგებნენ.

დარაჯიდან დაწყებული,  მომვლელით დამთავრებული, ყველა უღიმოდა და ერთსა და იმავეს ეკითხებოდა: ,,ბავშვებო, ხევსურეთიდან  ხართ?!“

,,დიახ!“- ბედნიერი სახეებით პასუხობდნენ პატარები და  ხამუშ-ხამუშ მიაბიჯებდნენ გაპრიალებულ იატაკზე.

ქალბატონმა ნანუკამ ბავშვებს ხელი სათითაოდ  ჩამოართვა და  ტკბილეულით გაწყობილ სუფრასთან მიიპატიჟა.

მოილაპარაკეს, რომ ჩიკო თავშესაფარშიკიდევ ერთი თვე დარჩებოდა. ხოლო მას შემდეგ ,რაც მოძლიერდებოდა და წონაში მოიმატებდა, ქობულოში  დააბრუნებდნენ.

-თქვენთვის სიურპრიზი მაქვს!- უთხრა  ბავშვებს ქალბატონმა ნანუკამ, სანამ  ჩიკოს ვოლიერთან მივიდოდნენ.

პატარები გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ კეთილ მასპინძელს და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.

-მე მინდა, ყველა თქვენგანი მიგიღოთ ჩვენს ორგანიზაციაში  და  გადმოგცეთ ამის დამადასტურებელი მოწმობები!

ბავშვებმა ტაში შემოჰკრეს და ერთმანეთს აღტაცებული სახეებით გადახედეს.

-  მოწმობებს და საჩუქრებს მოგიმზადებთ და 4 ოქტომბერს , ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს , ქობულოში გესტუმრებით!- გაუმხილა გეგმები ქალბატონმა ნანუკამ.

მერე კი გიორგი და ბავშვები  ეზოში ჩაიყვანა და ძაღლების თავშესაფრისკენ გაუძღვა.

- აი, იქ  არის ჩიკო, მიდით, ბავშვებო! - აჩვენა მწვანე ვოლიერი თავშესაფრის თანამშრომელმა.

ეს წუთი ძალიან ლამაზი  იყო ლელიას და ქობულოელი ბავშვების ცხოვრებაში.

რომ გაიზარდნენ, ამას მერე მიხვდნენ!

მაშინ კი ,მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, ჩიკოს თვალს როდის მოჰკრავდნენ.

ისე უცემდათ პატარა გულები, თითქოს გუგულები ჩასხდომოდნენ შიგ.

ყველაზე წინ ლელია მიდიოდა.

ამდენი მღელვარებისგან სახე მთლად ვარდისფერი და ოფლიანი ჰქონდა.

ჩიკო ვოლიერის კარებთან  იწვა და თვლემდა.

გოგონა  ჩაცუცქდა, კარი გამოაღო და ძაღლს  თავზე ხელი გადაუსვა:

-ჩიკო, ჩემო ძაღლო!- ჩასჩურჩულა ხმადაბლა.

ჩიკომ თვალები გაახილა და ლელიას დანახვაზე გულისწამღები ყეფა და წკმუტუნი ატეხა.

- გამარჯობა, ჩიკო !- რიგრიგობით ეფერებოდნენ  ბავშვები და გულში იკრავდნენ.

 

 

*********

 

ამის  მერე   ქობულოელი ბავშვების და ჩიკოს ცხოვრება სწორედ ისე გაგრძელდა, როგორც ზღაპრებში ხდება.

არც არის გასაკვირი!

რადგან  ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვება , ზღაპარი არ არის, ეს -სინამდვილეა!

ამაში არასოდეს დაეჭვდეთ, ჩემო პატარებო!

და თუ გინდათ, რომ იყოთ ბედნიერები და წარმატებულნი, ყველას და ყველაფერს გაუნაწილეთ თქვენი სიყვარული!

აი, სულ ეს არის,  რის თქმაც  მე და ქობულოელ ბავშვებს ამ წიგნით თქვენთვის გვინდოდა!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 7–13
ოპტიმალური ასაკი: 9–12

სხვა მოთხრობები

ჩიკო და ქობულოელი ბავშვები

ზამთარია.  დეკემბრის სუსხიანი დილა.  სულ მაღლა თუ აიხედავთ (მზის სხივებზე ოდნავ დაბლა), დათოვლილი მთის კალთა გამოჩნდება, რომელსაც უსწორმასწორო ბილიკი რუხი ბაწ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჯანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მეგობრების დაფასება

აუხსენით ბავშვს, რატომ არის მნიშვნელოვანი მეგობრების ყოლა და როგორ უნდა დააფასოს ისინი.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026