kids.ge logo

როგორ გაუჩნდა ჟირაფს გრძელი კისერი და ლაქები

ფავორიტებში დამატება

 ოდესღაც დედამიწის ზედაპირზე ამჟამად ყველაზე მაღალი ცხოველი ჟირაფი ჩვეულებრივი ცხენის სიმაღლე იყო და არ ჰქონდა ლამაზი, ყავისფერი ლაქები. მისი კანი მოყვითალო ფერისა იყო. ერთხელ ჟირაფების ოჯახში საოცარი სილამაზის, განსხვავებულად გრძელკისერა გოგო ჟირაფი დაიბადა. პატარამ, როგორც ყველა მისმა მოძმემ, რამდენიმე წუთში აიდგა ფეხი, ტანი შეიფერთხა, გაიზმორა, კისერი წაიგრძელა და კეკლუცად მიიხედ-მოიხედა. დაჰყვებოდა ეს კოპწია ჟირაფიკო დედას, თან ეკეკლუცებოდა მის მოძმეთ, შემხვედრ ცხოველებს, ფრინველებს, ხეებს, ბალახებს. ძალიან უყვარდა თავზე ყვავილების დამაგრება. პატარა ბეწვებს კიკინებივით აქეთ-იქით გაიკეთებდა და ყვავილს შიგ ჩაიმაგრებდა ხოლმე. ერთ დღეს მეჩხერ ტყეში სეირნობისას ძალიან, ძალიან მაღალ, ლამაზ ხეს მოჰკრა თვალი, რომელსაც ქვედა ტოტზე ულამაზესი ყავისფერი ყვავილი ება.

 ჟირაფიკომ ხესთან მიირბინა: - რა ლამაზი ხარ! - მიესიყვარულა. - შენც ლამაზი ხარ, - გაუღიმა ხემ. - მინდა უფრო გავლამაზდე. მაჩუქე შენი ყვავილი! - სთხოვა ჟირაფმა. ხეს კი დაენანა ყვავილი მოსაწყვეტად, მაგრამ ლამაზ ჟირაფს უარი ვერ უთხრა. - კარგი, მოწყვიტე, - დაეთანხმა ხე. ჟირაფმა ყვავილი მოწყვიტა, თავზე დაიბნია, მადლობა გადაუხადა და დედისკენ გაიქცა გახარებული. ყვავილი ორიოდე დღეში დაჭკნა. ჟირაფიკოს მისი გადაგდება დაენანა და ტანზე მიიწება. შემდეგ ისევ იმ ხეს ესტუმრა. ხეს კიდევ უფრო ლამაზი ყვავილი მოესხა, ოღონდ - ზედა ტოტზე. ჟირაფიკომ ისევ სთხოვა ყვავილი. ხემ ისევ ვერ უთხრა უარი. ჟირაფმა, ყვავილს რომ მიწვდომოდა, კისერი წაიგრძელა. მალე ეს ყვავილიც დაჭკნა. ესეც ტანზე დაიმაგრა და ისევ ეწვია ხეს. მესამე ყვავილი კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა, ოღონდ უფრო მაღალ ტოტზე. ჟირაფმა მის მოსაწყვეტად კიდევ უფრო წაიგრძელა კისერი და საკოპწიოდ ისევ დაიმაგრა თავზე. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს. ყოველი ახალი ყვავილი უფრო ზედა ტოტზე ყვაოდა. უფრო და უფრო იგრძელებდა კისერს ჟირაფიკო, დამჭკნარ ყვავილებს კი ტანზე სხვადასხვა ადგილზე იწებებდა. და აი, ბოლო ყვავილი კენწეროზე გამოისხა ხემ. კიდევ ერთხელ დაჭიმა კისერი ჟირაფმა, მოწყვიტა ის ყვავილიც, ხეს ისევ მადლიერად გაუღიმა და თავმომწონედ, ამაყად, ყელმოღერებულად გასწია თავისიანებთან. კიკინებად შეკრული ის თმა, რომელზეც ყვავილს იმაგრებდა, ორ პაწაწინა, ბეწვით დაფარულ რქად იქცა, კისერი ისეთივე წაგრძელებული დარჩა, ტანზე კი ულამაზესი ყვავილები ლაქებად შემორჩა.

ჟირაფი დღესაც ყელმოღერებული დადის და იწონებს თავს. თვალებში ისევ კეთილი ღიმილი უდგას. ამიტომაა, რომ ყველას მოსწონს და უყვარს ეს უწყინარი ცხოველი, მტერი კი ნაკლებად ჰყავს, რადგან ზოგს სიმაღლით აშინებს, ზოგს კი ძლიერი და მარდი ფეხებით გაურბის.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

ასოთა სამეფო

ჩემო პატარებო, თქვენ ხომ იცით, რომ ძველად ბევრი სამეფო არსებობდა, მათ შორის ზოგიერთი, საკმაოდ უცნაური. მაგალითად: რიცხვთა სამეფო, გეომეტრიულ ფიგურათა სამეფო, კე...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: მაისურაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ აქტიური მოსმენა

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს სხვების მოსმენა და მათი გადმოცემული აზრების გაგება.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026