ძველად, ძალიან დიდი ხნის წინ ერთ სახლში ცხოვრობდნენ მერცხალი, გველი და ჭიამაია. მაშინ მერცხალს მაკრატელა კი არა, სხვა ჩიტებივით გაშლილი კუდი ჰქონდა, გველს ორკაპა კი არა, ჩვეულებრივი ენა, ჭიამაია კი სულ წითელი იყო.
ერთად კი ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთისაგან ხასიათით სრულიად განსხვავდებოდნენ.
მერცხალი საოცრად მხიარული, კეთილი, ხალისიანად მოსაუბრე გახლდათ. ლაპარაკი გველსაც უყვარდა, მაგრამ მუდამ უკმაყოფილო,სხვებზე ცუდის მოლაპარაკე, ცუდ ხასიათზე მყოფი, მეტწილად სისინებდა ხოლმე. ჭიამაია კი საოცრად ჩუმი, თავმდაბალი და შრომისმოყვარე იყო.
მათ მეზობლად ,მარჯვნივ დარბაისელი ქალბატონი ცხვარი ცხოვრობდა თავისი ოთხი შვილით. ბატკნებს ბატა,ბატუ,ბატო და ბატე ერქვათ. ჯერ პატარები იყვნენ , ამიტომ დედა რომ საშოვარზე მიდიოდა, ეზოს კარს ბოქლომს ადებდა. თუ დააგვიანდებოდა, ოთხივე ერთად აბღავლდებოდნენ საწყალობლად.
მარცხნივ კი ცანცარა თხა სახლობდა. მასაც ოთხი შვილი ჰყავდა. თიკნებს თიკა, თიკო, თიკუ და თიკე ერქვათ. მათი დედაც კეტავდა ჭიშკარს და როცა მოშივდებოდათ, ოთხივე ერთად იწყებდა კიკინს.
მერცხალს ორივე ოჯახი ძალიან უყვარდა. ხალისიანად ელაპარაკებოდა ცხვარსაც და თხასაც. პატარების ტირილს რომ გაიგონებდა, მიფრინდებოდა და ცდილობდა, როგორმე გაერთო ისინი. ხან ზღაპარს უყვებოდა, ხან უმღეროდა, ხანაც ათამაშებდა დედიკოს მოსვლამდე.
ჭიამაიაც პატივს ცემდა ორივე მეზობელს, მაგრამ მათი ურთიერთობა მისალმება-მოკითხვით მთავრდებოდა.
გველი კი ვერ იტანდა მათ.განსაკუთრებით მაშინ იგესლებოდა, იწყევლებოდა ,როცა პატარები აბღავლდ-აკიკინდებოდნენ.
-რა გინდა, რას ერჩი? რა ქნან აბა პატარებმა? შიათ და ტირიან. იცი, რა საყვარლები, სასაცილოები არიან?-ეტყოდა მერცხალი.
-სსსსაყვარლები? სსსსასაცილოები კი არა სსსსაზიზღრები არიან. როგორც კი ვნახავ ეზოს გარეთ, მგელს ვეტყვი და შევაჭმევინებ მათ- სისინებდა გველი.
ერთ დღეს ცაში მონავარდე მერცხალთან აქოშინებული ჭიამაია მიიჭრა:
-ჭიკჭიკა, უშველე! ცხვარს კარი ჩაუკეტავი დარჩენია, პატარები მინდორში გავიდნენ. გველი კი მგელთან წავიდა, რომ მოიყვანოს და ბატკნები შეაჭმევინოს.
-ვაი,ჭიამაიავ, აბა ჩქარა! ჩქარა! მაჩვენე, მაპოვნინე გზა. საით წავიდა გველი?
ჭიამაია გზას უჩვენებდა და მერცხალი ზუსტად იმ დროს მიფრინდა, როცა გველი მგელს ეუბნებოდა:
-შენთვის სსსსასიხარულო ამბავი მომაქვს, ცხვრის სსსსულელი ბატკნები...
-აი, შე უგულოვ, შენა-შესძახა მერცხალმა-აბა, გააგრძელე ლაპარაკი!
გველმა სწრაფად მოაბრუნა თავი და ენით ეკალს გამოედო.სიმწრისაგან თავი გააქნია და ეკალს ენის ნაგლეჯი შერჩა.
გველის ენიდან სისხლმა იფეთქა და იქვე მიყუჟულ, შეშინებულ ჭიამაიას ტალახთან ერთად ფრთებზე შეეშხეფა. შემკრთალი ჭიამაია აფრინდა.
გაბრაზებულმა მგელმა,რომ ვერ გაიგო რას ახარებდა გველი ,მერცხლის დაჭერა სცადა, მაგრამ მხოლოდ კუდზე პირის ტაცება მოასწრო. მერცხალმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიწია და ცაში აიჭრა. მგელს კუდის შუა ნაწილიღა შერჩა პირში.
იმ დღის მერე მერცხალს მაკრატელა კუდი აქვს, ისევე ხალისიანი და ჭიკჭიკაა, ოღონდ მარტო თავისიანებთან ცხოვრობს.
გველს ორკაპა ენა შერჩა, ვეღარ ლაპარაკობს,მხოლოდ სისინებს. უფრო უხასიათო გახდა და ყველა გაურბის მასთან მეგობრობას.
ჭიამაიას სისხლი შეახმა ფრთებზე . იმ დღის სამახსოვროდ შავად დაწინწკლული დაფრინავს, ისევ კეთილია და ცდილობს, ყველას დაკარგული აპოვნინოს.
ცხვარი კი ისეა გველზე გამწარებული,სადაც წაასწრებს, ჩლიქებით თავს გაუჩეჩქავს ხოლმე.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
დიახ, მშობლობა ყველაზე რთული რამაა. დიახ, თქვენი სახლი შეიძლება იყოს არეული, სარეცხი - დაგროვილი და ძაღლი - გასასეირნებელი. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს უბრალოდ გაეცინა. ისიამოვნეთ ახლა - დრო სწრაფად გადის.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო