kids.ge logo

პატარა დარეჯანი და დიდი მზესუმზირა

ფავორიტებში დამატება

ბებია ინდაურების საძებნელად წავიდა და პატარა დარეჯანიც თან გაიყოლა. იდაურების სოფლის ბოლოს გასულიყვნენ დანახნავს შესეოდნენ. ნახნავში კოლმეურნეებმა გუშინწინ სიმინდი დათესეს და ზემოთ დარჩენილ მარცვლებს კენკავდნენ.

- უყურე ამ პირშავებს, სად გამოსულან! - თქვა ბებიამ და წკეპლით ხელში ინდაურებისკენ გაეშურა.

დარეჯანს ბებიას კალთა ჩაებღუჯა და ნახნავებში ბარბაცით მიჰყვებოდა. დროდადრო ბებიას კალთას ხელს გაუშვებდა ხოლმე, მუჭიდან ერთ ცალ მზესუმზირას ამოიღებდა და პირში იკრავდა.

უცებ დარეჯანი გაჩერდა აქეთ-იქით ტრიალი დაიწყო, მერე ჩაცუცქდა და ნახნავებში ქექვა დაიწყო.

- რას ეძებ, შვილო, რატომ არ მოხვალ? - ჰკითხა ბებიამ.

- ყველაზე დიდი მზესუმზირა ჩამივარდა და ვერა ვპოულობ, - მიუგო დარეჯანმა.

- მაგოდენა ნახნავებში მზესუმზირას როგორ იპოვი?! - გაეცინა ბებიას.

- არა, უნდა ვიპოვო! - დაიჟინა დარეჯანმა, - სანამ არ ვიპოვი, არ წამოვალ. იცი, რა დიდი იყო.

- აბა, მაშ თუ ასეა, დავიხსომოთ ეს ადგილი, ორი კვირის შემდეგ მოვიდეთ და ვნახოთ, რას იზამს ის შენი მზესუმზირა.

- რას იზამს, ბებია? - გაეღიმა დარეჯანს.

- ამოვა და გაიზრდება.

- კარგი, იყოს და დავიხსომოთ.

ბებიამ იმ ადგილას, სადაც დარეჯანი მზესუმზირას დაეძებდა, წკეპლა ჩაურჭო და ორივენი ინდაურებისკენ წავიდნენ.

- ბებია, არ გავიდა ორი კვირა, ბებია? - ყოველდღე ეკითხებოდა დარეჯანი.

- ჯერ არ გასულა, შვილო, კვირაში შვიდი დღეა და ორ კვირაში ხომ თოთხმეტი დღე იქნება?

ორი კვირის შემდეგ ბებია და დარეჯანი დანიშნულ ადგილზე მივიდნენ და ნახეს, რომ პატარა ორყური ბალახი ამოსულიყო.

- აბა, მზესუმზირა სად არის, ბებია? - შეეკითხა დარეჯანი.

- მზესუმზირა ეს ორყური ბალახია, შვილო. ასეთი ამოდის მიწიდან.

- მოვწყვიტოთ და შინ წავიღოთ.

- რომ მოვწყვიტოთ, დაჭკნება.

- რომ არ მოვწყვიტოთ?

- მაშინ გაიზრდება და ერთი თვის შემდეგ შენოდენა გახდება.

- ერთი თვე რამდენი ხანია, ბებია?

- ერთ თვეში ოთხი კვირაა.

- უუ, დიდი ხანი ყოფილა ერთი თვე... კარგი, იყოს და ერთი თვის შემდეგ ვნახოთ.

ერთი თვე რომ გავიდა, ბებია და დარეჯანი ისევ წავიდნენ მზესუმზირის სანახავად.

იმ ადგილას, სადაც დარეჯანს ორყურა ბალახი ეგულებოდა, დარეჯანის სიმაღლე, ფართოფოთლიანი მცენარე დახვდათ.

- აბა, მზესუმზირა სად არის, ბებია? - შეეკითხა დარეჯანი.

- მზესუმზირა ეს არის, შვილო, ასეთი იზრდება.

- მოვწყვიტოთ და შინ წავიღოთ.

- რომ მოვწყვიტოთ, დაჭკნება.

- რომ არ მოვწყვიტოთ?

- მაშინ კიდევ უფრო გაიზრდება და ერთი თვის შემდეგ აყვავდება კიდეც.

- უუ, დიდი ხანია ერთი თვე... კარგი იყოს და ერთი თვის შემდეგ ვნახოთ.

ერთი თვე რომ გავიდა ბებია და დარეჯანი ისევ წავიდნენ მზესუმზირის სანახავად.

იმ ადგილას, სადაც დარეჯანს თავისი სიმაღლე მცენარე ეგულებოდა, კაცზე მაღალი ხე დახვდათ. ხეს გოგრის ფოთლისთანა ბუსუსიანი ფოთლები და მზესავით კაშკაშა ყვავილებშემოვლებული ბრტყელი თავი ჰქონდა.

- ეს არის მზესუმზირა, ბებია?

- ეს არის, შვილო, ასეთი ყვავილობა იცის... ნახე, საით იყურება?

- ვის უყურებს, ბებია?

- მზეს უყურებს. მზესუმზირას იმიტომ ეძახიან, რომ საითაც მზე მიდის, ისიც თან მიჰყვება.

- ახლა კი ნამდვილად მოვწყვიტოთ და შინ წავიღოთ. ქოთანში დავრგათ.

- აბა, მიდი, მოწყვიტე!

დარეჯანი მთელი ძალით დაებღაუჭა, მაგრამ ძვრაც კი ვერ უყო.

- მოვჭრათ, ბებია.

- რომ მოვჭრათ, დაგვიჭკნება.

- რომ არ მოვჭრათ?

- ერთი თვის შემდეგ მოვალთ და გაგვახარებს.

ერთი თვე რომ გავიდა ბებია და დარეჯანი ისევ წავიდნენ მზესუმზირის სანახავად.

იმ ადგილას, სადაც დარეჯანს ლამაზყვავილიანი ნედლი ხე ეგულებოდა, გამხმარი და ფხაჭნია ფოთლიანი ხე დახვდა. თავი ჩაეღუნა და მზეს აღარ უყურებდა.

- ბებია, რა იქნა ჩემი ლამაზი მზესუმზირა? - დაღონდა დარეჯანი.

- მზესუმზირა ეს არის, შვილო, ასეთი შემოსვლა იცის. აბა, გასინჯე! - ბებიამ მზესუმზირის თავს ერთი მარცვალი გამოფხვნა და დარეჯანს გაუწოდა.

- ჩემი მზესუმზირა, ბებია, ეს ხომ მე დამეკარგა?! - შესძახა დარეჯანმა.

- ჰო, შვილო, შენი მზესუმზირაა. ხედავ, ერთი მარცვალი დაგვეკარგა და ათასი გვაპოვნინა?!

მოთხრობა 6 წლის და უფროსი ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს $work_type საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 6-დან ~ 16 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

აღიარე შეცდომები

ამით თქვენს შვილს ასწავლით როგორ და როდის უნდა მოიხადოს ბოდიში.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024