მშობიარობის შემდეგ პირველ დღეებში სარძევე ჯირკვლიდან ე.წ. უმწიფარი რძე ანუ ხსენი გამოიყოფა. ხსენის ქიმიური შემადგენლობა ძლიერ ინდივიდუალურია. მწიფე რძისგან ის განსხვავდება ცილებისა და მარილების სიჭარბით, შაქრისა და ცხიმის შედარებით ნაკლები შემცველობით. იგი მეტად ყუათიანია და ხშირი კვების დროს მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას. გამოყოფილი ხსენის რაოდენობა შეესაბამება ბავშვის კუჭის მოცულობას. ამიტომ არ არის საჭირო სითხეებისა და სხვა საკვების დამატება.
ხსენი იცავს ბავშვს სხვადასხვა ინფექციისა და ალერგიისაგან. მისი მიღება მეტად მნიშვნელოვანია ახალ გარემოსთან შეგუების პერიოდში, იგი პრაქტიკულად ახალშობილის პირველ აცრასაც წარმოადგენს.
ძუძუთი კვების დროს ბავშვი უნდა იკვებებოდეს მოთხოვნილების მიხედვით და არა საათობრივი რეჟიმით. იგი უნდა იკვებებოდეს როგორც დღისით, ასევე ღამით. ღამის კვება ხელს უწყობს რძის გამომუშავებას. კვების სიხშირე პირველი კვირის განმავლობაში დღე-ღამეში დაახლოებით 8-12-ს უნდა შეადგენდეს. 1-1.5 თვის ასაკში ყველა ბავშვი გამოიმუშავებს კვების საკუთარ რეჟიმს. კვების ხანგრძლივობას თავად ბავშვი არეგულირებს და იგი შეიძლება 5 წუთიდან 45 წუთამდე გაგრძელდეს. კვების დროს სასურველია ბავშვმა ბოლომდე დაცალოს ერთი სარძევე ჯირკვალი, ვინაიდან რძის შემადგენლობა იცვლება თვით კვების პროცესში. წოვის დასაწყისში გამოიყოფა ე.წ. წინა რძე, რომელიც მდიდარია ცილით და დამცველი ნივთიერებებით, ხოლო კვების დასასრულს კი გამოიყოფა ე.წ. უკანა – ცხიმით მდიდარი მაღალკალორიული რძე. თუ ბავშვი ვერ ცლის ბოლომდე ძუძუს, სასურველია დარჩენილი რძის გამოწველა და მისი დამატება კოვზით.
პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას. 6 თვის ასაკიდან ბავშვს აუცილებლად სჭირდება დამატებითი საკვები.
ბუნებრივი კვება სასურველია 2 წლამდე გაგრძელდეს. 1 წლის შემდეგ ქალის რძის შემადგენლობა ხსენის შემადგენლობას უახლოვდება და იცავს ბავშვს ინფექციებისაგან.
1 წლამდე ასაკის ბავშვის კვების ოპტიმალურ მეთოდს ძუძუთი კვება წარმოადგენს, რის გამოც ხელოვნური კვება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ჩვენებების არსებობისას.
ხელოვნური კვებისთვის იყენებენ ქალის რძის შემცვლელ ნარევებს, ე.წ. ხელოვნურ ფორმულას. არსებობს 2 ჯგუფის ნარევი: არაადაპტირებული და ადაპტირებული.
ადაპტირებულ ნარევებს ეკუთვნის ქარხნული წესით დამზადებული ნარევები, რომლებიც სპეციალური ტექნოლოგიური გადამუშავების საფუძველზე მაქსიმალურად მიახლოებულია ქალის რძესთან. არაადაპტირებულ საკვებ პროდუქტებს მიეკუთვნება ძროხის რძე და მაწონი თავისი განზავებებით. ქალის რძის იდენტური ხელოვნური საკვები არ არსებობს, თუმცა ქარხნული ნარევი (ე.წ. ფორმულა) შემადგენლობით უფრო მეტად მიახლოებულია მასთან, ვიდრე სახლში დამზადებული. ქარხნული წესით მომზადებული ნებისმიერი წარმოების საკვები ფორმულა შემადგენლობით იდენტურია. იგი მზადდება საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.
ხელოვნური კვება საათობრივი რეჟიმით უნდა განხორციელდეს. კვებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები, ღამით სასურველია 6-8 საათიანი შუალედი.
ხელოვნური საკვების მომზადებისას აუცილებე;ლია ჰიგიენის წესების დაცვა (საკვების დამზადების წინ ხელის დაბანა, ბოთლის და საწოვარას გასტერილება და სხვ.). ხელოვნური საკვები აუცილებლად ყოველი კვების წინ უნდა დამზადდეს. დაუშვებელია ნარჩენი საკვების შენახვა მომდევნო კვებისთვის. ქარხნული ნარევი უნდა მომზადდეს ეტიკეტზე მოცემული ინსტრუქციის ზუსტი დაცვით.
ძროხის სუფთა რძის გამოყენებამ ბავშვს შეიძლება სხვადასხვა პრობლემა შეუქმნას, რის გამოც იგი აუცილებლად საჭიროებს განზავებას (130 მლ ძროხის რძე + 70 მლ წყალი + 2 ჩ/კ შაქარი).
პირველი წლის განმავლობაში ბავშვი ინტენსიურად იზრდება. იგი იორმაგებს წონას 5-6 თვის ასაკისთვის და ისამმაგებს 1 წლისთვის. წონის მინიმალური ნამატი პირველი 6 თვის განმავლობაში არ უნდა იყოს 500გრ-ზე, ხოლო შემდეგი 6 თვის განმავლობაში 400გრ-ზე ნაკლები. სიგრძის ნამატი პირველი წლის განმავლობაში შეადგენს 25 სმ-ს. ბავშვის სიგრძისა და მასის ნამატის შესაფასებლად გამოიყენება სპეციალური ფიზიკური განვითარების მრუდები, რაც განვითარების პროცესის დინამიური შეფასების, პრობლემათა დროული გამოვლინების და მათი მართვის შესაძლებლობას იძლევა.