kids.ge logo

სამი ლეკვის თავგადასავალი

ფავორიტებში დამატება

კუდა სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან პოულობდა სარკის მსგავს საგანს, იქნებოდა ეს შუშის ნატეხი, ჭურჭელში დაგროვილი წყალი თუ წვიმის პატარა გუბე. პოულობდა და მანამდე აშტერდებოდა საკუთარ თავს, სანამ დედა ან მურა არ გამოაფხიზლებდნენ. სიამაყესთან ერთად ის ცნობისმოყვარეც იყო. სადაც არ ეკითხებოდნენ, იქ ყოფდა თავის პატარა დრუნჩს.

ერთ დღეს სწორედ ცნობისმოყვარეობამ ააბობღა ქვის ღობეზე, რომელიც მათ ეზოს მეზობლის ეზოსგან ყოფდა. კუდას ძალიან უნდოდა, გადაეხედა და გაეგო, რა ხდებოდა იქ. როდესაც ღობეს თავზე მოექცა, მეზობლის სახლის დიდ ფანჯარასთან ისე ახლოს აღმოჩნდა, რომ საკუთარი თავი ფანჯრის მინაში მკაფიოდ დაინახა. ეზოს დათვალიერება სულ გადაავიწყდა, ფანჯარასთან კუდის ქიცინით გაიარ-გამოიარა და ტანიც კოხტად შემართა.

კუდა ისე გაერთო საკუთარი თავით, ვერ შენიშნა იქვე, ღობეზე შემომჯდარი მეზობლის უზარმაზარი, დეზებიანი მამალი, რომელიც გაფხორილი, ამრეზით აკვირდებოდა მის მოძრაობებს. კუდას კუდის ქიცინი მამალს აღიზიანებდა და ფრთების ფართხუნით ლეკვთან საბრძოლველად ემზადებოდა. კუდა კი ვერაფერს ამჩნევდა.

გიშერა ბაბუსთან ერთად წასულიყო, მურა და ბუტა კი ღობის ძირას თამაშობდნენ. დაკვირვებულ მურას თვალში ეცა მამლის მოძრაობები და კუდას ასძახა:

– ჰამ, ჰამ, კუდა, ჩამოდი!...  ფრთხილად იყავი!

კუდას სად ეცალა ძმისთვის, ძლივს დაინახა საკუთარი გამოსახულება მთლიანად და ამ შემთხვევას ხელიდან ასე ადვილად როგორ გაუშვებდა?! ხან თათს ასწევდა, ხან ყურებს აცქვეტდა, ხანაც თავს გვერდზე მიაბრუნებდა, თან ლამაზ კუდს ამაყად აქიცინებდა...

უცებ ბუმბულაშლილი და კისერწაგრძელებული მამალი ეძგერა მას, კუდში ნისკარტი ჩაავლო და მოქაჩა. კუდამ ტკივილისაგან წკავწკავი ატეხა:

– ჰამ, ჰამ, მიშველე, დედააა!.. მურა, მიშველეეე!..

– ღირსი ხარ!.. ხომ გაფრთხილებდი! – ნიშნისმოგებით ასძახა მურამ, თუმცა მეტიჩარა და შეეცოდა, ღობეზე აძვრა და მამალს ყეფით შეუტია.

მამალი დანებებას არ აპირებდა. ის მურას ყეფას ოდნავადაც არ შეუშინებია, პირიქით, თვალებიდან ცეცხლი დაკვესა და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, კუდას ლამაზი კუდი თავისკენ დაითრია. აფართხალებულმა კუდამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ქვევით გადმოვარდა.  კუდზე ჩამოკიდებული მამალიც გადმოჰყვა.

სანამ მურა ღობიდან ჩამოძვრებოდა, დის დასახმარებლად ახლა ბუტა ეცა მამალს, მაგრამ ბუმბულით პირგამოტენილს მამლის ნისკარტი ისე მწარედ მოხვდა, ბურთივით გვერდზე გადახტა, სამაგიეროდ, მამალი კუდას კუდს ჩამოეხსნა. კუდამოძუებულმა და აწკმუტუნებულ-ატირებულმა კუდამ სახლისკენ მოკურცხლა.

ორი ლეკვის გაავებულმა ყეფამ მამალი უარესად გააბრაზა. ნისკარტისა და ბრჭყალების სიმწარემ და-ძმას უკან დაახევინა. ბოლოს, რადგან ვერაფერი გააწყვეს, შემობრუნდნენ და კუდასავით სახლს შეაფარეს თავი. მამალმა ტანი შეიფერთხა, მედიდურად გახედა გაქცეულ ლეკვებს, ისევ ღობეზე შეფრინდა და ომახიანად დაიყივლა.

– რა გინდოდა იმ ღობეზე, რას მიძვრებოდი?! ან რას მეტიჩრობდი იქ?!  – შეუტია მურამ კუდას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დაწყნარებულიყო.

– იქითა ეზოში უნდა გადამეხედააა! – აწკმუტუნდა კუდა და დასისხლიანებული კუდი გაილოკა.

– მერე, რა ჰქენი? გადაიხედე?

– არააა, ფანჯარაში ჩემი თავი დავინახე და... – შერცხვა კუდას და თავი ჩაღუნა.

– ააა, შენი თავი დაინახე? ჰოდა, მეტი რა გინდოდა?! რამდენჯერ გაგაფრთხილე, დაანებე თავი ამ მეტიჩრობას! რა შენი საქმეა სარკე?!.. ანდა, იქითა ეზოში რა უნდა დაგენახა? ჭორიკანა უნდა გახდე? იცი, რომ არავის ეყვარები ასეთი მეტიჩარა და არამკითხე  მოამბე?!

ამასობაში გიშერაც დაბრუნდა. აფორიაქებული ლეკვების დანახვაზე დედა მიხვდა, რაღაც მომხდარიყო და შეშფოთებით შეათვალიერა შვილები. კუდას გასისხლიანებული კუდი მაშინვე თვალში ეცა.

– რა იყო, რა მოხდა?! – ჰკითხა ლეკვებს გიშერამ და კუდას კუდი გაულოკა, თან დაამშვიდა: – ნუ გეშინია, დაწყნარდი, მალე მოგირჩება!

მურამ ყველაფერი უამბო დედას.

– აი, შვილო, ამის შემდეგ მაინც უნდა ისწავლო ჭკუა!.. დაანებე თავი სარკეს! ეგ ადამიანის საქმეა, ჩვენ არ შეგვეფერება მეტიჩრობა-კუდაბზიკობა... და ცხვირს იქ არ უნდა ვყოფდეთ, სადაც არ გვესაქმება, თორემ ყოველთვის კუდს წავიტეხთ, როგორც ახლა შენ დაგემართა!

შერცხვენილმა კუდამ თავი დაუქნია და თათით ცრემლი მოიწმინდა.

– აღარ, დედიკო, აღარ ვიმეტიჩრებ! – დაპირდა და კრუსუნით მის ყელში თავი ჩამალა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

მოუსმინეთ ექიმს

თუ თქვენი პედიატრი თვლის, რომ თქვენი ბავშვის ცხელება გამოწვეულია ვირუსით, ნუ აიძულებთ მას მიიღოს ანტიბიოტიკები. საუკეთესო წამალი შეიძლება იყოს დასვენება, ბევრი სითხე და ცოტა სითბოც. ანტიბიოტიკების ჭარბად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და დააქვეითოს ბავშვის რეზისტენტობა ვირუსის მიმართ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024