როგორც უკვე გითხარით, მურა დებთან შედარებით, უფრო სერიოზული იყო, თუმცა ისიც უშვებდა შეცდომებს. მას გამორჩეულად უყვარდა ბაბუ. სადაც დაინახავდა, მაშინვე მის გვერდით გაჩნდებოდა და კუდში დასდევდა. ბაბუ მურას განსაკუთრებით ამსგავსებდა მამა ტორას, ხანდახან მის სახელსაც კი ეძახდა. ამ დროს მურა სიამაყით ივსებოდა, მოსწონდა მამის სახელი და უფრო მეტად ცდილობდა, ტორასავით მოქცეულიყო, რომ ბაბუსთვის მეტად შეეყვარებინა თავი. ეს მცდელობა ბაბუს ღიმილს ჰგვრიდა და ხშირად ეფერებოდა. აი, მაშინ უნდა გენახათ მურას გაცისკროვნებული სახე. ფეხებში გაუგორდებოდა ბაბუს და მის ფეხსაცმელებს თათებით თამაშს დაუწყებდა.
როცა ბაბუ სახლში არ იყო, მურა მოიწყენდა. დაჯდებოდა ჭიშკართან და ელოდა და ელოდა. კართან ატუზულ მურას რომ დაინახავდნენ, ოჯახის წევრები ღიმილით ჩაულაპარაკებდნენ:
– მოვა, მალე მოვა შენი ბაბუ!
მურაც უფრო მონდომებით გააგრძელებდა ლოდინს. რამდენჯერ დაუძახია გიშერას მისთვის, მაგრამ მურას ყურიც არ შეუბარტყუნებია, კარის ზღურბლს არ გასცდენია. შემოდგამდა თუ არა ბაბუ ეზოში ფეხს, გახარებული მურა კუდის ქიცინით შეახტებოდა ფეხებზე, მის ფეხსაცმელებს დაყნოსავდა და გაეთამაშებოდა. ბაბუ ალერსით ბეწვს რომ აუჩეჩავდა, მხოლოდ მაშინ ბრუნდებოდა დედასა და დებთან.
გიშერამ რომ სტუმრის წერილი იპოვა, იმ საღამოს შემდეგ ბაბუ აღარ გამოჩენილა. მის ლოდინში მურას შემოაღამდა. დაღონდა, ძალიან აინტერესებდა, რატომ აგვიანებდა ბაბუ მოსვლას, მაგრამ ოჯახის წევრები გადი-გამოდიოდნენ და არაფერს ეუბნებოდნენ. მურა ყველას ფეხებში ედებოდა, იქნებ ვინმე მიხვდეს, რა მაინტერესებს და რამე გამაგებინოსო. ბოლოს ბაბუს შვილიშვილმა, კახიმ, თავზე ხელი გადაუსვა და ნაღვლიანად უთხრა:
– ვიცი, ბაბუს ელოდები. ბაბუ ავად გახდა და საავადმყოფოში წევს, ცოტა ხანი არ მოვა. მაგრამ არ იდარდო, მალე გამოჯანმრთელდება და ისევ დაგვიბრუნდება!
მურამ ყურები ჩამოყარა და ნელი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ.
– დე, საავადმყოფო რა არის? – ჰკითხა გიშერას.
– როცა ადამიანები ავად არიან, იქ მიდიან, ექიმები უვლიან, წამლებს ასმევენ და კარგად ხდებიან. ბაბუ ცუდმა კაცმა მოატყუა, ინერვიულა და ავად გახდა. ვიცი, დარდობ, მაგრამ ნუ გეშინია, ბაბუ ძლიერი კაცია, კარგად იქნება! – ისეთი რწმენით უთხრა დედამ, მურას იმედი მიეცა.
მურა რამდენიმე დღე კართან ელოდა ბაბუს, მაგრამ ის არ ჩანდა. ისე ძალიან მოენატრა ბაბუს მოფერება და მასთან გათამაშება, რომ ჩუმად შეიპარა შემოსასვლელ ოთახში, თათითა და დრუნჩით კარადის კარი გამოაღო, ყნოსვით ბაბუს ფეხსაცმელებს მიაგნო, ერთი ცალს კბილები ჩაავლო და დაითრია. იმ ერთს მეორე გადმოჰყვა, მეორეს მესამე და რამდენიმე ფეხსაცმელი ძირს დაცვივდა. მურა დაიბნა და იმის შიშით, არ გამიბრაზდნენო, გარეთ გამოვარდა. მორბოდა და კბილებით ბაბუს ფეხსაცმელი მოჰქონდა, თან მყუდრო ადგილს ეძებდა, სადაც ვერ მიაგნებდნენ.
სახლის უკან მურას ერთი ძველისძველი, ამობრუნებული ურიკა ეგულებოდა. იქით წავიდა, ურიკას ამოეფარა, ბაბუს ცალი ფეხსაცმელი წინ დაიდო და დაყნოსა. ნაცნობმა სუნმა საყვარელი ადამიანი გაახსენა, თავი ფეხსაცმელს დაადო და თვალები მილულა. მთელი დღე არ მიუტოვებია ფეხსაცმელი, საღამოს კი ყურებჩამოყრილი, უხალისოდ გაემართა თავისი სახლისკენ.
– მთელი დღე სად იყავი? – ჰკითხა დედამ.
მურამ იცოდა, დედა საყვედურს ეტყოდა, ამიტომ ვერ გაბედა სიმართლის თქმა.
– ბაბუს ველოდებოდი.
– სად ელოდებოდი ბაბუს, კართან რომ არ იდექი?
– ბროწეულის ხესთან ვიჯექი, იქიდან კარგად ჩანს, ვინ გადის და ვინ შემოდის, – იცრუა მურამ და თავი ჩაღუნა.
გიშერა მიხვდა, მურა იტყუებოდა, მაგრამ იცოდა, ცუდს არ ჩაიდენდა და არაფერი უთხრა.
დილით მურა ისევ შემოსასვლელ კართან ჩამოჯდა. გული უტიროდა, გრძნობდა, არც დღეს შემოაღებდა ამ კარს მისი საყვარელი ბაბუ. ცოტა ხნით თავი თათებში ჩარგო და თვალები დახუჭა. მაშინვე ბაბუს თბილი, გაღიმებული სახე დაუდგა თვალწინ, თითქოს მისი ხელის შეხებაც კი იგრძნო ბეწვზე, უცებ წამოხტა და აქეთ-იქით მიმოიხედა. უცნაური სიჩუმე იგრძნო, არავინ შედიოდა სახლში და იქიდანაც არავინ გამოდიოდა. მურა ისევ შეიპარა ოთახში, ისევ გამოაღო პატარა კარადა, ყნოსვით ახლა ბაბუს საშინაო ჩუსტი მონახა, დაავლო კბილები და სამალავისკენ უკანმოუხედავად მოკურცხლა. მერე ჩარგო დრუნჩი ჩუსტში და გაირინდა.
შემდეგ დღეებში მურა უკვე აღარ უცდიდა კართან ბაბუს. დილიდანვე სამალავს მიაშურებდა, ჩაყოფდა დრუნჩს ხან ფეხსაცმელში, ხან ჩუსტში და გაირინდებოდა.
ერთ მზიან დღეს ფეხსაცმელებზე ჩათვლემილ მურას დედა წაადგა თავს.
– აქ რას აკეთებ, მურა? – გიშერას გაკვირვებულმა ხმამ მურა უცებ გამოაფხიზლა.
– არაფერს...
– როგორ თუ არაფერს? ეს ფეხსაცმელები ვისია? მოიცა, მოიცა, ვიცი, ვისიც იქნება!.. – გიშერამ დაყნოსა ფეხსაცმელები და თავი დააქნია: – ასეც ვიცოდი! ბაბუს ფეხსაცმელები მოიპარე?!..
დედის ხმაში გაკიცხვა, გაკვირვება და სამდურავი იგრძნო მურამ და შერცხვა.
– დეეე, არ გამიბრაზდე, რა! ბაბუ ძალიან მენატრება და...
– გენატრება და ამიტომ მოიპარე? მერე არ იცი, რომ მოპარვა ძალიან, ძალიან ცუდი საქციელია?!
– ვიცი, მაგრამ...
– მით უმეტეს, რომ იცი! როცა იცი და მაინც აკეთებ, ეს კიდევ უფრო ცუდია! შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ, უმცროს დებს უნდა არიგებდე ჭკუას!.. ახლავე დააბრუნე ეს ფეხსაცმელები თავის ადგილზე, თორემ თუ გაგიგებენ, აღარავინ გენდობა, განსაკუთრებით შენი საყვარელი ბაბუ!..
მურას ძალიან გაუჭირდა დათანხმება, მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდა. გიშერამ ერთხელ კიდევ შეათვალიერა შვილი გამაფრთხილებელი თვალებით და გაშორდა. მურამ კბილი ჩაავლო ერთ ფეხსაცმელს, მაგრამ ადგილზე გაშეშდა, ძალიან გაუჭირდა მათთან გამოთხოვება.
– არც ბაბუ და არც ფეხსაცმელები?! – გაიფიქრა და ფეხსაცმელი ისევ უკან დადო, თავი ისევ ჩარგო მასში და ისევ მოგონების ტკბილ ბურუსში ჩაიძირა. ცოტა ხანში ძილ-ბურანში ისევ მოეჩვენა, როგორ შემოაღო ეზოს რკინის კარი ჯოხზე დაყრდნობილმა, მომღიმარმა ბაბუმ, როგორ გაიხედ-გამოიხედა აქეთ-იქით, თითქოს მას ეძებდა, რომ ეთქვა, აი, მოვედიო!... მურა გიჟივით წამოხტა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა კარისკენ...
ჰოი, საოცრება! კართან მართლა იდგა ბაბუ და მართლა ღიმილით ათვალიერებდა ეზოს.
მურას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ხტოდა, წკმუტუნებდა, ფეხქვეშ უგორდებოდა ბაბუს, კუდის ქიცინით ფეხსაცმელებზე ეთამაშებოდა. ბაბუ დაიხარა, მურას ჩვეულებისამებრ თბილად მოუთათუნა ხელი კისერზე და გაუღიმა:
– აი, მოვედი, ჩემო მურა! როგორ გაგიხარდა!.. ასე ძალიან მოგენატრე?!.. ნუ გეშინია, ამის შემდეგ სულ ერთად ვიქნებით!..
ბაბუ ეზოში სკამზე ჩამოჯდა. ყველა მის ირგვლივ მოგროვდა. მურას უცებ რაღაც აზრმა გაუელვა თავში და სამალავისკენ გაიქცა. მალევე დაბრუნდა, თან კბილებით ბაბუს ცალი ფეხსაცმელი და ცალი ჩუსტი მოჰქონდა. მურამ ისინი ბაბუს ფეხებთან დააწყო და ყურებჩამოყრილმა დამნაშავე თვალებით ამოხედა – უხმოდ შეეხვეწა, მაპატიეო!..
მიხვდა ბაბუ, რისი თქმაც უნდოდა მურას! აი, ამიტომაც უყვარდათ ის ასე ძალიან. ბაბუმ ფეხსაცმელებს დახედა და მურას სიცილით უთხრა:
– ესენი ხომ ცალ-ცალია, მურა!.. ააა, მივხვდი, სანამ არ ვიყავი, გენატრებოდი და ფეხსაცმელებს ეთამაშებოდი, არა?!... აი, როგორი სიყვარული იციან ძაღლებმა! – გადახედა შვილიშვილებს ბაბუმ, – ამიტომ მიყვარს ისინი ასე ძალიან!
ბაბუმ ხელში აიყვანა სიყვარულით აწკმუტუნებული, თვალებგაბრწყინებული მურა და გულში ჩაიხუტა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - უთხარით, რომ ყოველთვის უყურონ ადამიანის თვალების ფერს. თვალებით კონტაქტის დამყარებით ნაკლები შანსია ბავშვი დაიჩაგროს. იგი დაეხმარება მორცხვ ბავშვს გახდეს უფრო თავდაჯერებული.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო