ბაბუს ოჯახს ხშირად სტუმრობდა ერთი კაცი, რომელიც მათი ნათესავი იყო, მაგრამ გიშერას არ მოსწონდა. რამდენჯერაც ის შემოაღებდა ჭიშკარს, გიშერა აფორიაქდებოდა და ღრენა-ღრენით წრიალებდა მის გარშემო. კაცი ხან ფეხს გაუქნევდა, ხან ემუქრებოდა, მაგრამ გიშერა თავს არ ანებებდა მანამ, სანამ ბაბუ არ გამოვიდოდა და არ სთხოვდა, რომ დაწყნარებულიყო.
ძალიან უნდოდა გიშერას, ეთქვა ბაბუსთვის, რომ გული კარგს არაფერს ეუბნებოდა ამ კაცზე, მაგრამ მას ხომ ადამიანივით ლაპარაკი არ შეეძლო! ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, მიეხვედრებინა ბაბუ, თუმცა არაფერი გამოსდიოდა.
– ეჰ, ნეტავ შემეძლოს, ვუთხრა, რომ ეს კაცი კეთილი არ არის! – ნატრობდა გიშერა, მაგრამ უძლური იყო. თუმცა არ ნებდებოდა, არც ჩუმდებოდა – დაინახავდა თუ არა ამ კაცს ეზოში შემოსულს, ისეთ ყეფას ატეხდა, მთელ ქუჩას ესმოდა.
– რა იყო, გიშერა, რატომ არ მოგწონს ლევანი? – ჰკითხა ერთ დღეს ბაბუმ მას შემდეგ, რაც სტუმარი ჭიშკარს იქით გააცილა და მასთან ჩაიმუხლა, – იქნებ შენ უფრო მეტს გრძნობ, ვიდრე მე, მაგრამ არა მგონია, ცუდი განზრახვით მოდიოდეს, ის ხომ ჩვენი ნათესავია!...
გიშერამ გაიგო, რას ეუბნებოდა ბაბუ, მაგრამ როგორ ეპასუხა? მხოლოდ წკმუტუნითა და კუდის ქიცინით აულოკა ბაბუს ხელი და ძალიან, ძალიან მეტყველი თვალებით შეაცქერდა. ბაბუმაც თვალებში ჩახედა და თავი დაუქნია:
– კარგი, ვიცი, მაფრთხილებ რაღაცას და ამიტომ მეც ფრთხილად ვიქნები!
გიშერა გაახარა ბაბუს სიტყვებმა და გულდამშვიდებული გაეშურა ლეკვებთან.
ლევანი რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. გიშერაც დამშვიდდა, მით უმეტეს, იცოდა, რომ მურა გვერდიდან არ შორდებოდა ბაბუს. ის ძალიან ყურადღებიანი იყო და თუ რაიმე საფრთხეს იგრძნობდა, მაშინვე ყეფით გააგებინებდა დედას.
ერთ ღრუბლიან და ქარიან დღეს ლევანმა ისევ შემოაბიჯა მათ ეზოში. გიშერას ნერვიულობისგან დრუნჩი აუცახცახდა და ბეწვი აეშალა. სანამ ყეფას ატეხდა, სტუმარმა სახლში შეასწრო და კარი ისე მოუჯახუნა, კინაღამ ცხვირი მოაყოლა.
გაბრაზებულმა გიშერამ კართან დიდხანს იწრიალა. მოსაღამოვდა. ქარი გაძლიერდა, აცივდა, სტუმარი კი არ ჩანდა. ბოლოს, როგორც იქნა, ბაბუ და ლევანი გამოვიდნენ გარეთ, მაგრამ ისე იყვნენ გართული საუბრით, გიშერა არც ერთს არ შეუმჩნევია.
– გვიანია, ალბათ სამარშრუტო ტაქსი აღარ იქნება, ავტობუსის გაჩერებამდე მიგაცილებ, – უთხრა ბაბუმ სტუმარს და გაჰყვა.
მურასაც უნდოდა, ადევნებოდა მოხუცს, მაგრამ გიშერამ არ გაიყოლა, დაარიგა, დებს და სახლს მიხედეო და მიმავალთ სირბილით დაეწია. ცოტა ხანი სდია, თან თვალი არ მოუშორებია ლევანისთვის. დღეს განსაკუთრებულად ცუდს უქადდა გული და დაძაბული იყო, რომ რამე არ გამორჩენოდა. ისინი გაცხარებული საუბრით მიუყვებოდნენ ქუჩას. გზაში ლევანმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, თუმცა ვერ შეამჩნია, რომ ცხვირსახოცს დაკეცილი ქაღალდი ამოჰყვა და ძირს დავარდა. სამაგიეროდ გიშერამ შეამჩნია, მაგრამ ქაღალდი ქარმა შორს გააფრიალა. გიშერამ ჯერ მიმავლებს გახედა, შემდეგ ქაღალდს, მიატოვა ისინი და ქაღალდს გაედევნა. ქარმა ძალიან გააწვალა, თათებიდან აცლიდა ქაღალდს და მიაფრიალებდა, გიშერა კი თავდაუზოგავად მისდევდა. ბოლოს, როგორც იქნა, მოიგდო კბილებში და სახლისკენ მობრუნდა. ეზოში შესული იქვე კართან ჩაჯდა, ქაღალდი წინ დაიდო და ქარს კიდევ რომ არ აეფრიალებინა, თათები დააფარა, თან კარს მიაჩერდა ბაბუს მოლოდინით. მალე მურამაც მოირბინა დედასთან.
– ბაბუ სად არის?
– მალე მოვა. შენ წადი, მე უნდა დაველოდო...
მურამ დაუჯერა დედას, კიდევ ერთხელ გახედა კარს, საიდანაც ბაბუ უნდა შემოსულიყო და დებთან წავიდა.
ბაბუმ ჭიშკარი შემოაღო თუ არა, გიშერა წამოხტა და კბილებში მოქცეული ქაღალდი ფეხებთან დაუდო მას. ბაბუს გაუკვირდა.
– ეს რა ქაღალდია, გიშერა? – ჰკითხა და რადგან ბნელოდა, სახლის წინ, მაგიდასთან ნათურა აანთო, სკამზე ჩამოჯდა და სათვალე მოიმარჯვა: – აბა, ვნახოთ, რა წერია?
სანამ ბაბუ კითხულობდა, გიშერა მის წინ ჩაცუცქულიყო და მოუთმენელი ინტერესით მიშტერებოდა. ბაბუს თანდათან ფერი ეცვალა, შუბლი შეეკრა, ბოლოს ხელი გულთან მიიტანა და გაკვირვებით წამოიძახა:
– ხედავ, შენ?!.. ეს ვინ ყოფილა, კაცო?!.. მატყუებდა თურმე!...
მოხუცი ჩაფიქრებული იჯდა მანამ, სანამ უფროსი შვილი არ გამოვიდა სახლიდან.
– აქ რას უზიხარ, მამა? არ შეგცივდეს, სახლში შევიდეთ!
– მოდი, ერთი, ნახე, რა მომიტანა გიშერამ! – ძლივს ამოიღო ხმა ბაბუმ და მხოლოდ მაშინ გაახსენდა მის წინ მჯდარი, ყურებადქცეული მეგობარი. მწარე ღიმილით დაიხარა და გიშერას თავზე ხელი გადაუსვა.
დათომ ქაღალდი გულდასმით ჩაათვალიერა და გაოცებულმა იკითხა:
– კი, მაგრამ გიშერამ სად იპოვა ეს წერილი?!
– ლევანი რომ გავაცილე, უკან გამოგვყვა. ცოტა ხანი გვდია, მაგრამ მერე აღარ დამინახავს. ვიფიქრე, სახლში გაბრუნდა-მეთქი და ყურადღება აღარც მიმიქცევია. ეტყობა, ჯიბიდან ამოუვარდა ლევანს და გიშერამ წამოიღო. საკვირველი ის არის, რომ შემოსასვლელში მელოდებოდა და შემოვედი თუ არა, მაშინვე ფეხებთან დამიდო. კაცო, რამდენი ხანია, რაღაცას მაფრთხილებდა ეს დალოცვილი და მე კი ვერ ვხვდებოდი!...
დათომ ჩაიმუხლა და თვალებაციმციმებულ, კუდაქიცინებულ გიშერას მოეფერა.
– ყოჩაღ, გიშერა!.. შენ ჩვენი ნამდვილი, ერთგული მეგობარი ყოფილხარ!
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ჯანმრთელმა ბავშვმა ინსტინქტურად იცის რამდენი ჭამოს. თუ ის უარს იტყვის საჭმლის დასრულებაზე, არ დააძალოთ ულუფის დამთავრება. ბავშვი არ მისცემს თავს უფლებას, იშიმშილოს.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო