kids.ge logo

სამი ლეკვის თავგადასავალი

ფავორიტებში დამატება

II. მამა ტორას ამბავი

როცა ლეკვები ირგვლივ შემოუსხდნენ და ყურები აცქვიტეს, გიშერამ დაიწყო:

- ბავშვობაში მამათქვენი - ტორა ერთ ძალიან ცუდ კაცთან ცხოვრობდა. პატრონი მასზე საერთოდ არ ზრუნავდა, თავდადებასა და ერთგულ სამსახურს კი მოითხოვდა. ხანდახან ისე გადიოდა დრო, ერთ ლუკმასაც არ გადმოუგდებდა და ტორა მშიერი რჩებოდა. მაშინ იძულებული იყო, თვითონ მოეპოვებინა რამე, რომ ღონე არ გამოსცლოდა.

- ჩვენი ბაბუ კი რა კეთილია! დღეში რამდენჯერ მოაქვს ხოლმე საჭმელი ჩვენთვის! – ჩაურთო ბუტამ.

- ის რომ ასეთი კეთილი არ ყოფილიყო, შენ რა გეშველებოდა? რით ამოივსებდი მაგ გაბერილ ღიპს?! – გაკიცხა მურამ უმცროსი და.

- დედაა, უთხარი, თავი დამანებოოს! – შესჩივლა თითქმის ატირებულმა ბუტამ დედას და განზე გადგომა და გაბუტვა დააპირა, – რა ჩემი ბრალია, მიყვარს ჭამა და რა ვქნა?!

- ჰო, კარგი, დაწყნარდით! არ გავაგრძელო?

- კი, კი, გააგრძელე! – ერთხმად წამოიყვირეს ლეკვებმა.

- ტორას ერთხელ პურის ნაჭერი დაუნახავს სახლის წინ, პატარა მაგიდაზე, ისე შიებია, ვერ მოუთმენია, ამხტარა და ეს პურის ნაჭერი მაგიდაზევე გადაუსანსლავს. პატრონს თვალი შეუსწრია, ძალიან გაბრაზებულა, დაუბამს და თივის ასაღები სამკბილა ჩანგლით მისი მოკვლა დაუპირებია. ტორას ტკივილისგან ყვირილი დაუწყია...

- საწყალი მამიკოო! – გული აუჩუყდა ბუტას და ასლუკუნდა.

- მერე, დე, მერე? – მოუთმენლობისგან ადგილზე აცქმუტდა მურა.

- მერე მისი ყვირილი გაუგონია ამ ჩვენს ბაბუს, გადასულა მეზობელთან და უთხოვია, მე მომეცი ეგ ძაღლი, შენ მაინც აღარ გინდაო. წამოუყვანია, ჭრილობები შეუხვევია, მოუვლია და ფეხზე დაუყენებია.

ძალიან უყვარდა ტორას ბაბუ, ძალიან! გვერდიდან არ შორდებოდა, სულ თვალებში უყურებდა, წინასწარ გრძნობდა, როდის რა უნდოდა, როდის რას გააკეთებდა. მას შემდეგ არც საჭმელი აკლდა, არც მოვლა და ყურადღება. მაგრამ არ ასვენებდა იმის ფიქრი, რომ ბაბუსთვის სიკეთე სიკეთით გადაეხადა.

მე და მამათქვენმა იმ გაზაფხულზე გავიცანით ერთმანეთი. ტორამ აქ რომ მომიყვანა, ბაბუმ თბილად გამიღიმა, მომეფერა და აღარ გამიშვა. ჰოდა, სწორედ იმ გაზაფხულის მიწურულს ისე კოკისპირულად გაწვიმდა, სამი დღე არ გადაუღია. ის პატარა მდინარე, აი, იმ გორაკიდან რომ მოედინება, ადიდდა. ამ დროს ბაბუს შვილიშვილი, ნია, თავის მეგობართან იყო წასული. სახლისკენ გამოქცეულ გოგონას ფეხი აცურებია, თავი ვეღარ შეუმაგრებია და ადიდებულ მდინარეში გადავარდნილა.

- საწყალი! – შეეცოდა გოგონა კუდას.

- ბაბუ ნიას შესახვედრად წავიდა. ტორამ ჩემთან შემოირბინა, მალე მოვალო, დამიბარა და ბაბუს გაჰყვა. კიდევ კარგი, დროზე მისულან იმ ადგილას, სადაც გოგონა გადავარდნილა. ბავშვს ცურვა არ სცოდნია და იხრჩობოდა. მამათქვენი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე წყალში გადამხტარა...

- მერე მამიკომ იცოდა ცურვა? – შეწუხდა ბუტა.

- იცოდა, შვილო, იცოდა! ცურვა ჩვენ ყველამ ვიცით!.. – თვალებში სევდა ჩაუდგა გიშერას, – ტორას ჩაუვლია კბილები გოგონას კაბისთვის და გამოუქაჩავს, ბაბუც მიხმარებია და ნია ნაპირზე გამოუყვანიათ, მაგრამ მდინარის ტალღა მამათქვენს ისე ძლიერად დასჯახებია, უკან, ისევ მდინარეში გადაუსროლია. სანამ ბაბუ გოგონას მიხედავდა, ტორა მდინარეს ჩაუთრევია...

მურამ თავი ჩაღუნა. დები აცრემლდნენ.

- მივხვდი, რა არის ერთგულება! – წამოიძახა ცოტა ხნის შემდეგ ბუტამ.

- რა არის? – ირონიულად ჰკითხეს მურამ და კუდამ, იფიქრეს, ბუტა სისულელეს წამოაყრანტალებდა.

- ერთგულება საყვარელი ადამიანისთვის თავგანწირვაა! – თავისი პასუხით კმაყოფილმა ბუტამ თავი გიშერას მკერდში ჩამალა და ჩაიჩურჩულა: – დე, მეც მამიკოსავით მოვიქცეოდი!..

- მეც! მეც!.. – ერთხმად წამოიძახეს მურამ და კუდამ.

- ჩემი კარგი შვილები! – სევდიანად გაიღიმა გიშერამ და დრუნჩით ყელთან სამივეს ბეწვი აუჩეჩა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–10
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა მოთხრობები

სამი ლეკვის თავგადასავალი

ქალაქის გარეუბანში, ერთი სახლის ეზოში ცხოვრობდნენ დედა ძაღლი - გიშერა და მისი სამი ლეკვი: მურა, კუდა და ბუტა. დედა შავბეწვიანი იყო, ლეკვებს კი სხვადასხვა ფერის ...

ნატვრის  წყარო

რამდენიმე ათეული წლის წინ ამ პატარა გოგონას ნატოს დაუძახებდნენ, ახლა კი მას ნატალი ჰქვია. აი, ასე ცვლის დრო სახელებს, და არა მარტო სახელებს. დრო-ჟამი მხოლოდ ერთ...

სიკეთის მზე

იცით, ვინა ვარ? - ერთი პატარა ხოჭო ვარ, ხუჭია მქვია. დაბადებიდან ძალიან მშიშარა ვყოფილვარ, ერთ პატარა ხმაურზეც კი თვალებს ვხუჭავდი, ამიტომ დამარქვა დედამ ხუჭია...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნონაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ სამეცნიერო მეთოდის გამოყენება

დაეხმარეთ ბავშვს, გაიგოს სამეცნიერო მეთოდის მნიშვნელობა და მისი გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026