ბუტას ისე უყვარდა ჭამა, სადაც საჭმელს მიაგნებდა, სანამ სულ არ მოთქვლეფდა, ვერ მოაშორებდით. მაშინ აღარაფერზე ფიქრობდა, აღარც დედასა და აღარც და-ძმაზე, ამ დროს მხოლოდ თავისი მუცელი ახსოვდა.
არ იფიქროთ, რომ ბუტას არ უყვარდა ისინი!.. ეს მხოლოდ ჭამის დროს ემართებოდა, ისე კი ძალიან, ძალიან უყვარდა და სულ ახსოვდა დედაც და და-ძმაც.
ბაბუს ბუტას ღორმუცელობა ღიმილს ჰგვრიდა, თუმცა ხანდახან საყვედურობდა:
– არ ვარგა, შე მუცელა, ამდენი ჭამა!.. ძაღლი სწრაფი და მოქნილი უნდა იყოს. რომ დაგჭირდება, ვერც გასცურავ და ვერც გადახტები, მუცელი დაგძლევს!.. – მერე ჩამრგვალებულ ლეკვს სიყვარულით თავისებურად აუჩეჩავდა ბეწვს კისერთან და შიმშილისთვის მაინც ვერ იმეტებდა, მაინც სავსე ჯამს უდგამდა წინ.
ბუტა გაბრწყინებული თვალებით ამოხედავდა ბაბუს და კრუსუნით დაიწყებდა საჭმლის თქვლეფას. ბაბუ ხელს ჩაიქნევდა, მაინც ვერაფერი გავაგებინეო და გაშორდებოდა.
იმ გაზაფხულსაც ძლიერი წვიმები დაიწყო. ერთი დღე თუ გამოიდარებდა, სამი-ოთხი დღე გადაუღებლად წვიმდა. ისევ ადიდდა მდინარე.
ერთ დილით, მზემ გაცრეცილი ღრუბლებიდან თავი გამოყო თუ არა, ბუტა ჯამებისკენ გაქანდა. გიშერა ბაბუს გაჰყოლოდა, მურა და კუდა კი ეზოში თამაშობდნენ. ბუტამ თავისი ჯამი წუთში მოაცარიელა, მერე კი დანარჩენებს მსუნაგი თვალით გადახედა. ერთი მობრუნება კი მობრუნდა, მაგრამ მაინც სულმა წასძლია, ყველა ჯამში დრუნჩი ჩაყო და ცოტ-ცოტა შეჭამა, იფიქრა, მაინც ვერ მიხვდებიანო. ისე ამოიყორა, მოძრაობა გაუჭირდა. ამასობაში მურამ და კუდამაც მოირბინეს. როგორ გამოეპარებოდათ ბუტას საქციელი, მათ ჯამებს ხომ შესამჩნევად აკლდა საჭმელი!..
– ჩვენი საჭმელიც შეჭამე, არა?! – შეუღრინა მურამ, – ღორმუცელა ხარ! ჩვენზე არ უნდა იფიქრო?!
– მოვიდეს დედა, თუ არ ვუთხრა!.. – დაემუქრა კუდა, – შენ ბუტა კი არა, მუცელა უნდა გერქვას!
– დამანებეთ თავი!.. არ მინდოდა, მაგრამ შემომეჭამა! – აწუწუნდა ბუტა, – რა მოხდა, სულ ცოტა მოვაკელი, თქვენ ესეც გეყოფათ!..
– ჩვენ ნახევარი ჯამი უნდა ვიმყოფინოთ, შენ კი ერთი ჯამიც არ გყოფნის, არა?! – ვერ მოითმინა კუდამ და თათი გაჰკრა ბუტას, – ძალიან ცუდი ლეკვი ხარ, მუცელა, შენ არავინ გიყვარს და არავისზე ფიქრობ!..
ბუტას ეწყინა და-ძმის საყვედური, დრუნჩი აიბზუა, შეტრიალდა და ჭიშკრისკენ წავიდა.
– ჰამ, ჰამ, გაიბუტე, გაიბუტე! თითქოს ჩვენ ვიყოთ დამნაშავე! – შეუყეფა მურამ.
ბუტა ხვდებოდა, რომ ისინი მართალი იყვნენ, მაგრამ იხტიბარს მაინც არ იტეხდა. ჭიშკარი ღია დარჩენოდათ, ამიტომ ქუჩაში გავიდა და თავჩაღუნული გზას დაადგა. თვითონაც არ იცოდა, სად მიდიოდა, გაბუტული და ნაწყენი იყო და-ძმაზე და მათგან გაქცევა სურდა. გაიქცეოდა კიდევაც, მაგრამ დამძიმებული მუცელი ამის საშუალებას არ აძლევდა.
უცებ ქუჩის კუთხეში დაგდებულ ძეხვის ნაჭერს მოჰკრა თვალი, მაშინვე დაავიწყდა ყველაფერი და იქით წავიდა. ნერწყვმორეულმა კბილები ჩაავლო თუ არა, მასთან ქუჩის უზარმაზარი ნაგაზი გაჩნდა. ჭუჭყიან, ბეწვგაცვენილ ნაგაზს თვალები ავად უელავდა. შეშინებულმა ბუტამ უკან დაიხია, თუმცა ძეხვი დასათმობად ვერ გაიმეტა. კბილებდაკრეჭილმა ნაგაზმა შეუღრინა. ბუტამ კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა კბილები ძეხვს და გაქცევა დააპირა, მაგრამ დამძიმებულმა მუცელმა ხელი შეუშალა. ნაგაზი მასზე სწრაფი აღმოჩნდა, წინ გადაუდგა და დუჟმორეული პირი ისე დააღო, ბუტამ მისი ყველა უზარმაზარი კბილი დაინახა. ლეკვი მიხვდა, თუ არ დათმობდა, ამ ძეხვის ნაჭერთან ერთად, მშიერ ნაგაზს შეიძლება ისიც შეეხრამუნებინა. ძალიან, ძალიან შეეშინდა, ძეხვი დააგდო და ჭიშკრისკენ ხვნეშა-ხვნეშით მოკურცხლა.
სამწუხაროდ, ჭიშკარი შიგნიდან ჩაეკეტათ. ეტყობა, ბაბუ და გიშერა დაბრუნდნენ. ბუტამ წკავწკავი და ყეფა ატეხა, მაგრამ მისი ხმა მხოლოდ ნაგაზს ესმოდა, ამიტომ იფიქრა, იმ ნაჭერს შეჭამს და მერე მე გამომედევნებაო, უფრო შეშინდა და გისოსებიანი ღობის ბოლოსკენ გაიქცა, სადაც შესაძვრომი ეგულებოდა. გულაფართხალებული შეეცადა შემძვრალიყო, მაგრამ ვაი!... გისოსებში ვეღარ შეეტია!...
– ხომ მაფრთხილებდნენ, ხომ მაფრთხილებდნენ, ამდენს ნუ ჭამოოო!.. რატომ არ დავუჯერეეე!.. – ახლა კი ინანა ბუტამ, ცრემლებიც გადმოყარა, მაგრამ უკვე გვიან იყო. თვითონ უნდა ეშველა საკუთარი თავისთვის, თუმცა როგორ?! ნაგაზს უკვე დაემთავრებინა ძეხვის ჭამა და აელვებული თვალებით მისკენ იყურებოდა.
ბუტამ ვერაფერი მოიფიქრა, ყეფა ატეხა და საშველად დედასა და და-ძმას მოუხმო.
– ჰამ, ჰამ, დეეე, მიშველეეე!.. მურააა, კუდააა, დამეხმარეეეთ!.. – ყეფდა, წკავწკავებდა ბუტა და შიშისგან ღობეს ეკვროდა.
მისმა წკავწკავმა გააღიზიანა ნაგაზი და მისკენ გამოქანდა. ბუტამ შიშისგან ათი ფეხი გამოიბა და ისე მოკურცხლა, თვითონაც გაუკვირდა. უცებ ისეთი ძლიერი წვიმა წამოვიდა, თითქოს ღრუბლებიდან ჩანჩქერი გადმოედინა. ბუტა სულ გაილუმპა, შიშით უკანაც აღარ იხედებოდა და გარბოდა და გარბოდა... უეცრად სველ მიწაზე ფეხი აუსხლტა და მდინარეში თავით გადაეშვა...
წყალში ჩავარდნილს ჯერ კინაღამ გული გაუსკდა, ეგონა, დაიხრჩობოდა, მაგრამ განსაცდელმა უეცრად გონება გაუნათა და დედასთან ლაპარაკი გაახსენდა:
„– მერე ცურვა იცოდა მამიკომ?
– იცოდა, შვილო, იცოდა! ცურვა ჩვენ ყველამ ვიცით!..“
ბუტამ ფეხები ააფართხალა და მიხვდა, თუ იბრძოლებდა, არ ჩაიძირებოდა...
არა, არ შეშინდეთ!... ბუტას ყეფა და ძახილი გაუგონიათ გიშერასა და ბაბუს და მის საშველად ყველა წამოსულიყო. რა თქმა უნდა, მალე შენიშნეს მდინარეში აფართხალებული ლეკვი, ბაბუს შვილიშვილი კახი მაშინვე გადახტა წყალში და სწორედ იმ დროს ჩაავლო ხელი, როცა ბუტას ძალა გამოეცალა, დინებას ვეღარ გაუმკლავდა და დანებდა.
ნაპირზე გამოსული, სულმთლად გალუმპული კახი და ბუტა ერთად ჩაიხუტა ბაბუმ მკერდში.
– შენი და, ნია, ბუტას მამამ გადაარჩინა, შენ კი მისი შვილი იხსენი დახრჩობისგან!.. – აუცრემლდა თვალები მოხუცს, – ასეა, ბაბუ, სიკეთე უკვალოდ არ იკარგება!..
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ბავშვი თქვენი საკუთრება არ არის, მას გარკვეული დროის განმავლობაში არ ფლობთ. თანაცხოვრების პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვი აღზარდოთ კარგ ადამიანად.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო