kids.ge logo

ნატვრის წყარო

ფავორიტებში დამატება

რამდენიმე ათეული წლის წინ ამ პატარა გოგონას ნატოს დაუძახებდნენ, ახლა კი მას ნატალი ჰქვია. აი, ასე ცვლის დრო სახელებს, და არა მარტო სახელებს. დრო-ჟამი მხოლოდ ერთს ვერ ერევა _ სიკეთისა და ბოროტების თანაარსებობას, მათ ურთიერთბრძოლას, რომელთა შორის ხან ერთია გამარჯვებული, ხან _ მეორე.

ალბათ, არ გინდათ, რომ ბოროტება იმარჯვებდეს, ხომ? მაშინ უფრო მეტი სიკეთე უნდა ვაკეთოთ და მეტი სიყვარული გავცეთ. იცით, რა არის სიყვარულის გაცემა? სიყვარული ყველა თქვენგანის გულშია მოკალათებული და მზესავით ბრდღვიალებს. მზე ხომ ნათელსა და სითბოს ერთნაირად გვიწილადებს ყველას, ასევე თქვენი გულის მზეც უნდა უნათებდეს და ათბობდეს სხვას, მაგრამ თუ გულის კარს არ გახსნით და გზას არ მისცემთ, ჩაქრება, ძალას დაკარგავს და თქვენც ვერ გაგათბობთ.

მოკლედ, ერთ პატარა გოგონაზე გიყვებოდით, რომელსაც ნატალი ერქვა. მასაც გულით სურდა, ყველასთვის ეწილადებინა სიყვარული, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდიოდა ისე, როგორც თვითონ უნდოდა, ამიტომ სულ ნატვრაში ათენ-აღამებდა:

_ ნეტავ ყველას ვუყვარდე!.. ნეტავ სულ მეფერებოდნენ!.. ნეტავ პრინცესას ნაირფერი კაბები მქონდეს!.. ნეტავ სულ მეგობრებთან ერთად მათამაშა!.. ნეტავ სულ ჩემი საყვარელი მასწავლებლები მასწავლიდნენ!.. ნეტავ... ნეტავ...

აი, სწორედ ამიტომ შეარქვეს მას ნეტა.

_ შენ ისეთი რამ უნდა ნახო, რაც ამდენ ნატვრას შეგისრულებს, მაგალითად, ნატვრისთვალი, _ ღიმილით ეტყოდა ხოლმე ბებია და გულში თბილად ჩაიხუტებდა.

_ რას ამბობ, ბებო, ნატვრისთვალი ხომ მხოლოდ ზღაპრებშია! _ უკვე დიდი გოგო ვარ და ამდენი კი გამეგებაო, გაიკვირვებდა ნეტა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ოცნებით ჩაიჩურჩულებდა: _ ნეტავ მართლა მაპოვნინა ნატვრისთვალი!

თუკი გულით მოძებნი, აუცილებლად იპოვი! თუკი გულით ინატრებ და თან კეთილი იქნება შენი სურვილი, აუცილებლად აგიხდება, რადგან ასეთი სურვილების ასრულებაში შენი მფარველი ანგელოსი და გულში ჩაბუდებული სიყვარულის მზე გეხმარებიან!

ოღონდ მოთმინებით უნდა დაელოდო!

*       *       *

ნეტა, ბებიასთან ერთად, ყოველ ზაფხულს, ქალაქის მახლობლად მთის სოფელში ისვენებდა. მათი სახლი ტყესთან ახლოს მდებარეობდა. ამ ზაფხულსაც ნეტას ერთი სული ჰქონდა, როდის ჩავიდოდნენ სოფელში, რომ სულმოუთქმელად მოერბინა ნაცნობი ადგილები, დაეკრიფა ფერად-ფერადი მინდვრის ყვავილები, ფეხშიშველს ისე ეტოპავა ნაკადულში, გაციების არ შეშინებოდა. ბებო აქ თითქმის არაფერს უშლიდა, თავისუფლება კი საოცრად მსუბუქი იყო.

იმ ზაფხულის ერთ ლამაზ დილასაც, ნეტას მზემ თვალებში შეუჭყიტინა თუ არა, მაშინვე წამოფრინდა ლოგინიდან. საუზმის შემდეგ, სათამაშოდ გულმა ტყისკენ გაუწია და ბებოს ნებართვა სთხოვა.

_ კარგი, ოღონდ შორს არ წახვიდე, ტყეში გზა აგერევა! _ გააფრთხილა ბებომ.

სიხარულით ფრთებშესხმული ნეტა უკვე კიბეებზე ჩარბოდა. როგორც კი ჭიშკარს გასცდა, ჭრელი პეპელა შენიშნა, რომელიც ყვავილიდან ყვავილზე დაფარფატებდა. გოგონა მისმა სილამაზემ ანდამატივით მიიზიდა და უკან გამოედევნა. ამ თამაშ-ფარფატში ისინი ტყეში შევიდნენ. მალე პეპელა თვალს მიეფარა, ნეტა კი ერთ პატარა წყაროსთან აღმოჩნდა. გახარებულმა გოგონამ ფეხსაცმელები გაიხადა და ჩვეული სიკისკასით ანკარა გუბურაში შეტოპა.

უეცრად წყარო წკრიალა ხმით დაელაპარაკა მხიარულად მოხტუნავე გოგონას:

_ არა, ნეტა, მე ნაკადული არ ვარ, რომ იჭყუმპალაო, მე წყარო ვარ... და აქ იმიტომ ვარ, რომ გამვლელ-გამომვლელს წყურვილი მოვუკლა...

დამფრთხალი გოგონა მაშინვე ამოხტა გუბურიდან და გაქცევა დააპირა, მაგრამ წყაროს საამურმა ხმამ შეაჩერა:

_ არ შეგეშინდეს, მეც ვიცი შენსავით ლაპარაკი და შენთან თამაშიც მინდა!

გაოცებულმა ნეტამ ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი:

_ როგორ?! შენ ლაპარაკი შეგიძლია?! ასეთი რამ ხომ მხოლოდ ზღაპრებში ხდება?!

_ ხომ ხედავ, რომ ის, რაც ზღაპრებში ხდება, ცხოვრებაშიც შეიძლება მოხდეს! _ ჩაირაკრაკა წყარომ.

_ მართლაც... _ დაეთანხმა ნეტა და ცოტა გათამამდა, _ მაგრამ რომ არავინ დამიჯერებს?!

_ შენც ჯერ ნურაფერს იტყვი და როცა გაიზრდები, მოთხრობა დაწერე ჩემზე.

ნეტას წყაროს რჩევა მოეწონა.

_ რომ გავიზრდები, აუცილებლად დავწერ მოთხრობას მოლაპარაკე წყაროზე!...

_ მოლაპარაკე წყაროზე, რომელიც ნატვრას ასრულებს... _ გააგრძელა ნეტას სიტყვები წყარომ.

ნეტას სიხარულითა და გაკვირვებით თვალები გაუფართოვდა.

_ ნატვრის ასრულება შეგიძლია?! აუ, რა კარგიააა! ბებომ მითხრა, ისეთი რამ უნდა ნახო, რაც ამდენ ნატვრას შეგისრულებს, მაგალითად, ნატვრისთვალიო!.. მე კი ნატვრის წყარო ვნახე!.. როგორ გამართლდა მისი სიტყვები!

წყარომ მხიარულად ჩაიკისკის-ჩაირაკრაკა:

_ განა რა ნატვრა გაქვს ამდენი?! აბა, მითხარი, იქნებ შეგისრულო კიდეც!

_Yყველას შემისრულებ?!

_Yყველას არა, მხოლოდ სამს. ოღონდ კარგად დაფიქრდი, ამოირჩიე, რომელიც უკეთესია!

ნეტა დაფიქრდა. მის გონებაში თითქმის ყველა ნატვრამ გაიელვა, თუმცა ერთმა ყველას აჯობა და უცებ წამოიძახა:

_ ნეტავ თეთრი კაბა მქონდეს, პატარძლებს რომ აცვიათ ისეთი, მბზინავი მაქმანებით! _ ინატრა გოგონამ და ჯერ კიდევ ურწმუნო თვალებით დახედა წყაროს. უეცრად წყალბორბალას ვერცხლისფრად აბრჭყვიალებულმა წვეთებმა თეთრი, მბზინავი კაბით შემოსა, წყაროს წყალივით კამკამა და ელვარე მაქმანები კი შხეფებივით აეკინძა მის კალთებსა და მხრებს.

გაოცებული ნეტა თვალებს არ უჯერებდა, ზღაპრული ელვარებით შეშინებული და დაბნეული ხან კაბის კალთებს სინჯავდა, ხან წყლის ზედაპირის სარკეში აკვირდებოდა საკუთარ გამოსახულებას. მალე მოვიდა გონს, მხიარულად ჩაიკისკისა, თმის სარჭით შეკრული, გრძელი წაბლისფერი კულულები ჩამოიშალა და კაბის ცალი კალთის აზიდვით ადგილზე დაბზრიალდა.

თუმცა ეს მხიარული განწყობა მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ნეტა დაფიქრდა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი წყაროს ზედაპირის სარკეში და თავი გაიქნია:

_ არა, არა, პატარძალს პრინცესა ჯობია!... უკეთესი იქნებოდა ამ ფოთლებივით მწვანე კაბა მქონდეს, პრინცესებს რომ აცვიათ, ისეთი!

რა თქმა უნდა, ეს ნატვრაც შეუსრულა წყარომ და ფოთლების მსგავსი მაქმანებით გაწყობილი ხასხასა მწვანე კაბით შემოსა.

ნეტა სიხარულისგან ცას სწვდებოდა, კისკისებდა, დახტოდა და ზღაპრულ ფილმებში ნანახი პრინცესებივით ცეკვავდა. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მოიწყინა, დაფიქრდა, იქვე აყვავილებულ ვარდის ბუჩქს გახედა და ამოოხვრით ინატრა:

_ წითელი კაბა ყველას აჯობებდა! ნახე, რა ლამაზი წითელი ვარდებია! აი, ასეთი!..

და მისი კაბაც წითლად აენთო, ვარდის ფურცლების მსგავსი მბზინავი მაქმანები კი თვალის დახამხამებაში გარს შემოევლო.

ნეტამ გაოცებისა და აღფრთოვანებისგან შეჰყვირა:

_ რა ლამაზიაა!.. ასეთი კაბა მსოფლიოში არც ერთ პრინცესას არ ექნება!.. _ და ისევ მოხდენილად დაბზრიალდა.

წყარომ ცოტა ხანს აცალა გოგონას ლამაზი კაბების მოხდენა და გართობა, შემდეგ კი ჰკითხა:

_ რად გინდა ასეთი კაბები?

ნეტა შეჩერდა და დაფიქრდა: ,,მართლაც, რად უნდოდა ეს კაბები? ალბათ, იმიტომ, რომ მეგობარ გოგონებთან თავი მოეწონებინა.’’ რაც გაიფიქრა, იმისი შერცხვა და წყაროს ვერაფერი უთხრა. თუმცა წყარომ თვითონ უპასუხა:

_ მეგობრებთან რომ თავი მოიწონო, არა? და მეტი არაფერი?..

ნეტა მიხვდა, რა უსარგებლო იყო მისი სურვილები და წყაროს ვედრების თვალებით ჩააცქერდა.

_ მაპატიე!..

წყარომ ჩაიღიმილ-ჩაირაკრაკა:

_ საპატიებელი რა გაქვს?!. თუმცა აჯობებდა, ეს შენი სამი ნატვრა უფრო კარგად გაგეაზრებინა!... _ და უეცრად წყარომ დარცხვენილ გოგონას შესთავაზა: _ არ გინდა, ერთად ვნახოთ, სხვები რას ნატრობენ?!

_ კი, მინდა! _ ინტერესით დაუქნია თავი ნეტამ.

_ მაშინ აი, ამ ქვაზე ჩამოჯექი. იცოდე, შენ უხილავი იქნები და არაფრის შეგეშინდეს!

                       *       *       *

ნეტა ქვაზე მოკალათდა თუ არა, წყაროსთან ყვავი მოფრინდა. ნაპირთან გრილოდა, ამიტომ ყვავი დასასვენებლად ცოტა ხნით ვარდის ბუჩქთან ახლოს, ხის ტოტზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა:

_ რატომ ვარ ასეთი ყრანტალა?! რატომ არ შემიძლია მეც სხვა მომღერალი ფრინველივით საამური ჟღურტული?! ნეტავ მეც შემეძლოს გალობა!

_ შენ ხომ შარშანაც იყავი ჩემთან? _ გაახსენდა წყაროს, _ ხომ შეგისრულე მაშინდელი ნატვრა, მაგრამ შენ მაინც კლავ ცოცხალ არსებებს, ბარტყებს იტაცებ, კვერცხებს ანადგურებ, ჰაერშიც კი დაგიგლეჯია პატარა ფრინველები, ეზოებიდანაც მოგიტაცებია უმწეო წიწილები... ძალიან კარგად შეგიძლია, შენც ჭამო და შვილებიც გამოკვებო მცენარეების ნაყოფითა და თესლით, მაგრამ ამას შეგნებულად არ აკეთებ!..

_ ნამდვილად აღარ გავაკეთებ, დამიჯერე! _ დაჰპირდა ყვავი. მის ხმაში ისეთი მუდარა იგრძნობოდა, წყაროს ჩაეცინა.

_ კარგი, ამჯერადაც შეგისრულებ ნატვრას, ოღონდ ეს იქნება უკანასკნელი და თუ კვლავ დაივიწყებ პირობას, სამუდამოდ ყრანტალად დარჩები!

წყალბორბალამ ყვავი ვერცხლისფრად აელვარებული წვეთების ბადეში გახვია. მან შიშით მიიხედ-მოიხედა და ჩაიყრანტალა. თუმცა ამჯერად კი არ ჩაიყრანტალა, ტკბილად ჩაიჭიკჭიკა. გაოცდა, ყურებს არ დაუჯერა და ისევ მოიღერა ყელი. წყაროს ნაპირთან ყვავის საამური გალობა გაისმა. სხვა ფრინველები რომ ყოფილიყვნენ იქ, ამას, ალბათ, არ დაიჯერებდნენ და ყრანტალას სხვისი ხმის მოპარვას დააბრალებდნენ, თუმცა ცხადი იყო, შავი ყვავი გალობდა.

სწორედ ამ დროს ყვავმა ხიდან ჩამოვარდნილი ბარტყი დაინახა, სულ დაავიწყდა ნატვრაც, დაპირებაც და უმწეო მსხვერპლისკენ შურდულივით გაქანდა. გზად ერთ ყელმოღერებულ ვარდსაც კლანჭი გაჰკრა და ღეროში გადატეხა.

წყარომ დანანებით ჩაილაპარაკა:

_ არ გათეთრდება ყორანი!..

ცოტა ხანში წყაროსთან რუხმა კურდღელმა მოირბინა. სულს ძლივს ითქვამდა, ცოტა ხნით შეისვენა, ისე იყო მოწყენილი და ფიქრებში ჩაძირული, რომ წყლის დალევა სულ დაავიწყდა.

_ რა ვქნა, რა ვუყო ჩემს სკუპიას!.. _ ხმამაღლა ამოიკვნესა დედაკურდღელმა, _  რა გავაკეთო, რომ არ მომიკვდეს?! ნეტავ ის კარგად მყავდეს, მე თუნდაც მგელმა შემჭამოს!

_ ნუ გეშინია, არ მოგიკვდება, მე დაგეხმარები! _ დაამშვიდა წყარომ, _ მაგრამ აბა, დაფიქრდი, რამე ხომ არ დაგიშავებია ისეთი, რაც სხვებს ზიანს მიაყენებდა?

კურდღელი დაფიქრდა და გაიხსენა: ერთი ქვრივი ქალის ბოსტანში ძვრებოდა ხოლმე ჩუმ-ჩუმად სტაფილოს მოსაპარავად. როცა ერთ დიდ სტაფილოს შეარჩევდა ბაჭიებთან წასაღებად, ახლომახლო რაც კი სტაფილო იყო, ყველას გაჰკრავდა კბილს და აზიანებდა.

_ სწორედ მაგას ვგულისხმობდი. თვალი რატომ გაგირბის სხვისი ბოსტნისკენ?! _ ჰკითხა წყარომ, _ ბალახითა და ნორჩი ხის ტოტებით ხომ შეგიძლია ირჩინო თავი, რას ერჩი მოხუც ქალს, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს, რომ ცოტაოდენი ბოსტნეული მოიყვანოს?! მერედა, იცი, იმ ბოსტნეულის მოყვანას რამდენი შრომა სჭირდება?!

_ აღარასოდეს შევძვრები ბოსტანში და არ გავაფუჭებ სხვის მოსავალს!.. _ მუდარის თვალით შეხედა წყაროს კურდღელმა.

_ წადი და ნახე, შენი სკუპია სოროსთან თამაშობს!.. _ ჩაიღიმილა წყარომ და დედაკურდღელს ვერცხლისფრად აელვარებული წვეთების წყალბორბალა შემოახვია. ყურებაცახცახებულმა კურდღელმა დასამშვიდებლად წყალი მოსვა, წყაროს მადლობა გადაუხადა და სოროსკენ მოკურცხლა.

მზე კიდევ უფრო აჩახჩახდა. დაცხა.

მალე წყაროსთან პატარა თაგუნა მოცუნცულდა. შეშინებულმა ჯერ მიიხედ-მოიხედა და ფრთხილად, ცხვირის ცმაცუნით მიუახლოვდა წყალს. თუმცა დალევა ვერ მოასწრო, რადგან რაღაც ხმაური შემოესმა და აცახცახებულმა ლოდის ძირას დარჩენილ ხვრელს შეაფარა თავი. რამდენიმე წუთით გატრუნული იჯდა, მერე ხვრელიდან ჯერ ცხვირი გამოყო, შემდეგ ყურები და რომ დარწმუნდა, საფრთხე არ მემუქრებაო, წყაროსთან მისვლა გაბედა.

_ ეეჰ! _ ჩამოყარა ყურები თაგუნამ, _ რა იქნებოდა, ასეთი მშიშარა არ ვყოფილიყავი!...

_ ქურდბაცაცობის გამბედაობა ხომ გაქვს?! შენ არა ხარ, ჩუმად რომ იპარები სახლებში და ბრჭყვიალა ნივთებს სოროსკენ მიარბენინებ?!

_ არა, აღარ მოვიპარავ, პატიოსან სიტყვას გაძლევ, ოღონდ ყველაფერზე შიშით გული არ მისკდებოდეს! _ სთხოვა თაგუნამ წყაროს.

_ კარგი, რადგან პატიოსანი სიტყვა მომეცი, მჯერა!

რა თქმა უნდა, ისიც გაეხვია წყალბორბალას მოციმციმე წვეთების ბადეში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ შეშინდებოდა საცოდავი თაგუნა?! თუმცა შეხედეთ!.. შეხედეთ!... თაგუნამ უშიშრად შეისწორა მხრები, აათამაშა კუდი და კი არ გაიქცა, მშვიდად დაადგა თავისი სოროსკენ მიმავალ გზას ისე, რომ წყლის დალევა სულ დაავიწყდა.

თაგუნას მერე წყაროსთან ჭრელფრთებიანი პეპელა მოფარფატდა. იქვე, მინდვრის ყვავილზე შემოსკუპდა, პაწია ფეხები მჭიდროდ შემოხვია ნორჩ ღეროს, დანანებით შეათვალიერა ფერად-ფერადი, ყელმოღერებული ყვავილები და ამოიოხრა:

_ ასე ხანმოკლე რატომ არის ჩემი სიცოცხლე მაშინ, როცა ასეთი ლამაზია ცხოვრება?! ნეტავ დიდხანს ვცოცხლობდე!

_ ოჰ, შე კუდაბზიკა-ფარფატავ! სიამაყით აღარ იცი ხოლმე რა ქნა, როცა შენი ათასფრად აჭრელებული ფრთებით ყველას ხიბლავ. ასეთ ამპარტავნებას არა ჯობია, რაღაც სასარგებლო გააკეთო და სხვებისთვის გაისარჯო?!

_ აუცილებლად ვიფიქრებ სხვებზე და ყველას დავეხმარები!

მოციმციმე წვეთებმა ისიც შეაკრთო, ფრთები ააფრთხიალა, წვეთები ჩამოიფერთხა და გაფრინდა. პეპელამ არც კი იცოდა, რომის კიდევ დიდხანს იფარფატებდა ყვავილიდან ყვავილზე.

რამდენიმე წუთის შემდეგ წყაროს ორი კალია მიუახლოვდა. ერთს მეორისთვის მხარი შეეშველებინა და კოჭლობით მოჰყავდა. ფეხმოტეხილი კალია მეგობარს ცრემლებით სავსე მადლობა-მუდარის თვალებით შესცქეროდა. ის მეგობარმა წყაროს ნაპირთან ბალახის ღეროზე მიაწვინა, თვითონ კი წყლის ასაღებად დაიხარა, რომ ფეხმოტეხილისთვის რამდენიმე ყლუპი მიეწოდებინა, თან ჩურჩულით ინატრა:

_ ნეტავ რამე წამალი მქონდეს, რომ ხტუნვიას ფეხი მოვურჩინო! uფეხოდ რა არის ჩვენი სიცოცხლე?!..

განა კალიას არ ჰქონდა ცუდი თვისებები? რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ წყაროს მისთვის არაფერი უკითხავს, არც არაფერი გაუხსენებია, რადგან კალია თავისთვის არაფერს ნატრობდა, მას გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრის დახმარება სურდა. ამიტომ წყარომ უშურველად შესთავაზა მზრუნველ მეგობარს უებარი წყალი, კალიამაც რამდენიმე წვეთი პირში ჩაიგუბა და მეგობრისკენ ისკუპა, ცოტაოდენი მოასმევინა, ცოტა კი მტკივან ფეხზე მიასხურა.

ფეხზე მისხურებული წვეთები ბრჭყვიალა, წერტილისხელა ვარსკვლავებად გარს შემოევლო აცრემლებულ ხტუნვიას და... ჰოი, საოცრება!.. კალიას მოტეხილი ფეხი მოურჩა, მეტიც, ის წამოხტა და მეგობარს ხტუნვა-ხტუნვით მხიარულად გარს შემოურბინა. განცვიფრებული კალიები ერთმანეთს სიხარულით გადაეხვივნენ და დიდი ნახტომებით გაუდგნენ გზას.

ცოტა ხანში წყაროს ნეტას ტოლი გოგონა მიუახლოვდა, წყალი მოსვა და ჩაფიქრებით ჩამოჯდა ქვაზე.

_ აღარ მინდა ასე ცხოვრება... მამას არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ რომ არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო?! დედა მეცოდება!.. მამა დედას აიძულებს, სულ სახლში იტრიალოს, საჭმელი გაგვიკეთოს, დაალაგოს, დარეცხოს... თუ რამე ვერ მოასწრო, სულ ეჩხუბება!.. დედა კი უხმოდ თავს დახრის და არაფერს ამბობს, მაგრამ მე ხომ ვხედავ, ჩუმად როგორ იწმენდს ცრემლებს?! როგორც მე, ისე დედასაც ძალიან უყვარს მამა და იმიტომ ითმენს ალბათ! _ გოგონამ ამოიოხრა, _ მამა მეც რომ ისე მექცევა, როგორც დედას?!.. ჩემი ძმა, როცა უნდა, მაშინ მირბის სათამაშოდ... მე კი იშვიათად მიშვებს. რადგან გოგო ვარ, სულ სახლში უნდა ვიჯდე და დედას უნდა მივეხმარო. მამას მარტო ანდრია მიჰყავს საყიდლებზე, მანქანის მართვასაც კი ასწავლის... რა, მე ვერ ავარჩევ საყიდლებს?! მე ვერ ვისწავლი მართვას?! რატომ ჰგონია მამას, გოგო რომ ვარ, არაფერი შემიძლია?!.. არ მიჯერებს, თორემ მე ყველაფერში მივეხმარებოდი, ფიჩხსაც მოვაგროვებდი ტყეში, სათევზაოდაც წავყვებოდი, შეშასაც კი დავჩეხდი... კედელს რომ ლესავდა, შევეხვეწე, მეც გამაკეთებინე-მეთქი და ყვირილით გამომაგდო, ეგ რა ქალის საქმეაო!..

დღეს მე და ანდრიამ ვიჩხუბეთ, მამამ იცოდა, რომ ის იყო დამნაშავე, მაგრამ მაინც მისი მხარე დაიჭირა, ის ბიჭია და უნდა დაუთმოო! _ გოგონამ ცრემლები მოიწმინდა, _ ძალიან მეწყინა, გავბრაზდი და იმიტომ გამოვიქეცი!..

დიდი რომ გავიზრდები, ვისწავლი, როგორ დავიცვა დედაც და ჩემი თავიც!..

ახლა ჯობია, დროზე წავიდე, თორემ ალბათ მეძებენ. ვიცი, ჩემ გამო ისევ დედას ატკენს გულს!..

წყარო ჩუმად უსმენდა და ხმას არ იღებდა.

გოგონამ კიდევ მოსვა წყალი და წავიდა.

_ რატომ არ დაეხმარე? _ გაკვირვებით ჰკითხა ნეტამ წყაროს.

_ აუცილებლად დავეხმარები, მაგრამ ისე, რომ ვერ მიხვდეს. მან თვითონ უნდა იბრძოლოს, ისწავლოს დედისა და თავის დაცვა. ის შეძლებს, ის მებრძოლი ქალი გაიზრდება...

მზე გადაიწვერა, თითქოს ცოტა აგრილდა კიდეც, თუმცა ჰაერში ჯერ კიდევ იგრძნობოდა ზაფხულის მწველი სიცხე. რამდენიმე წუთი ისე გავიდა, წყაროსთან აღარავინ მოსულა.

_ ნეტა, შენი წასვლის დროა. აქ კიდევ ბევრი ნატვრის მოსმენა შეგიძლია, მაგრამ უკვე გვიანია და ბებო, ალბათ, ნერვიულობს, _ უთხრა წყარომ.

_ კარგი, _ დაეთანხმა ნეტა. მას ძალიან ეძნელებოდა წყაროსთან დაშორება, მაგრამ მიხვდა, შეპასუხება ან გაჯიუტება არ ივარგებდა და წასასვლელად მოემზადა.

უეცრად წყაროსკენ ულამაზესი მზისფერი არწივი დაეშვა, წყაროს წყალს დაეწაფა, იქვე ასწლოვანი მუხის ტოტზე შემოჯდა და გარემოს მკაცრი, მეფური მზერა მოავლო. ისე განვლო რამდენიმე წუთმა, მას არაფერი უნატრია. შემდეგ გახედა მთების თოვლიან მწვერვალებს, მძიმედ შემართა ფრთები და იქით გაფრინდა.

ნეტა გააოცა მზისფერი არწივის დიდებულმა მზერამ და გარეგნობამ, თან ძალიან დააინტერესა, რატომ არაფერი ინატრა მან და წყაროს ჰკითხა:

_ ნუთუ მზისფერ არწივს ნატვრა არ ჰქონდა?!

_ მან რაც ინატრა, შეუსრულდა, სამაგიეროდ, თავის დანაპირებს ასრულებს. ის ერთადერთია, რომელიც არც კლავს, არც იპარავს, არც შურს, არც ამპარტავნობს, არც მტრობს... ის თავისუფალია და სინათლის მომცემი, მისი მზისებრი სინათლე თვალს ჭრის ბოროტს და სითბოსა და იმედს ანიჭებს მოყვასს!

_ რა ლამაზი იყო! _ აღფრთოვანება ვერ დამალა ნეტამ.

_ ჭკვიანი გოგონა ხარ, ნეტა! შენ უკვე იცი, რომ არ უნდა მოიპარო, არ დააზიანო, არ უნდა მოკლა, იყო თავმდაბალი, კეთილი, მზრუნველი შვილი და  კარგი მეგობარი...

ნეტა დაღონდა, არ ეთმობოდა წყარო და არ უნდოდა წასვლა.

_ ვიცი, ძნელია ჩემთან დაშორება, მაგრამ უნდა წახვიდე. ნუ დაღონდები! ეს ლამაზი კაბები კი წაიღე, შენი იყოს. ოღონდ იცოდე, რაც აქ ნახე და რაც დაგარიგე, თუ ეს ყველაფერი გემახსოვრება, როცა თეთრ კაბას ჩაიცვამ, ირგვლივ რწმენას განამტკიცებ, მწვანით იმედით აავსებ ყველას, ბოლოს კი, ამ წითელი კაბით სიყვარულისა და გამარჯვების დროც მოვა.

ახლა კი დალიე ჩემი წყალი და გაიქეცი. არ დაგავიწყდეს, რომ გაიზრდები, მოთხრობა დაწერე მოლაპარაკე წყაროზე, რომელიც ყველა ნატვრას ასრულებს.

ნეტამ წყაროს წყალი მოსვა და რწმენით, იმედითა და სიყვარულით ავსებული შინისაკენ გაიქცა.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

ნუ იტყვით ხშირად „არას“

შეიძლება შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ასე არ არის! შეეცადეთ არ თქვათ "არა" ძალიან ხშირად. ბავშვების გული მგრძნობიარეა და მათთვის ხშირი უარის თქმამ შეიძლება არასრულყოფილების გრძნობა გაუჩინოს. ხშირი „არას“ თქმით ბავშვში მეამბოხე დამოკიდებულება ვითარდება. ეცადეთ უარის თქმის დროს იყოთ ლბომიერი. ახსენით უარის მიზეზი და ბავშვი გაგიგებთ.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024