შუა ზამთარი იდგა, მაგრამ ისე თბილოდა, იტყოდი, სადაცაა, ხეები გაიკვირტებაო.
ბავშვებს თოვლი ენატრებოდათ.
ერთ საღამოს ქარმა დაუბერა, აცივდა.
- ამაღამ ითოვებს, - ჩაილაპარაკა ეზოში მოფუსფუსე გიგა პაპამ.
- ითოვებს?! - ტაში შემოჰკრეს თეონამ და ლაშამ და პაპის ნათქვამი სოფელს მოსდეს.
დილით და-ძმამ ყველას დაასწრო ადგომა. ფანჯრიდან უხვად დათოვლილი და უჩვეულოდ გარინდული ტყე მოჩანდა. საკვირველია და, თეთრი სამოსელი უშნოდ ტოტებგაფარჩხულ ხეებსაც კი ძალზე შვენოდა.
მალე არემარე ბავშვების ჟივილ-ხივილმა გააყრუა. ლაშა არც გუნდაობაში ჩამორჩა თანატოლებს და არც ციგაობაში, მაგრამ როცა ბიჭებმა ხე შეარხიეს და თოვლი ზედ დაეყარა, გაბუსხული წავიდა სახლში.
საღამოს თეონამ დედას შესჩივლა:
- ძალიან მრცხვენია, ბუტია ძმა რომ მყავს.
- როგორც კი გაბუტულს დავინახავ, გული ჩხვლეტას მიწყებს, - ამოიოხრა დედამ.
- მეც ასე მემართება, - დაიჩივლა მამამაც.
ლაშა ჩაფიქრდა...იფიქრა, იფიქრა და...
- ბუტიაობას რომ გადავეჩვიო, გული აღარ დაგიწყებს ჩხვლეტას?- კრძალვით ჰკითხა მამას.
- არა, - დაბეჯითებით უპასუხა მან.
- არც შენ? - მიუბრუნდა დედას.
- არა, რა თქმა უნდა,- გაუღიმა დედამ.
- ჰოდა, მეც აღარ გავიბუტები! - რიხიანად თქვა ბიჭმა.
- სიტყვას თუ შეასრულებ, ასი წლის სიცოცხლე მომემატება! - შეაგულიანა გიგა პაპამ.
მას შემდეგ ლაშა აღარ გაბუტულა.
მართლაცდა, დედ-მამის კარგად ყოფნასა და გიგა პაპას ასი წლის სიცოცხლესთან რა სახსენებელია ბუტიაობა!
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
წაახალისეთ მოგზაურობა და ახალი გამოცდილებები
მიეცით ბავშვს საშუალება, გაეცნოს ახალ კულტურებს და ადგილებს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო